QronikaPlus
წელს სასკოლო სახელმძღვანელოები მცირე ოდენობით დაიბეჭდება

წელს სასკოლო სახელმძღვანელოები მცირე ოდენობით დაიბეჭდება

2015-06-28 07:17:09

განათლების სამინისტროს გამოცხადებული კონკურსის მიხედვით, 500 ათასი მოსწავლისთვის ჯამში 42 ათასი სახელმძღვანელო დაიბეჭდება. სტამბებისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში პირველი კლასის მოსწავლეებისთვის მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოა, თუმცა ეს დედა ენა არ არის. სამინისტროს დასარიგებელი სახელმძღვანელოების რაოდენობის მასშტაბური შემცირება, 16 მილიონის ნაცვლად, 2 მილიონი ლარი დაუჯდება. განათლების მინისტრი სახელმძღვანელოების ხარჯზე სახსრების დაზოგვას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ შარშან დაბეჭდილი წიგნების მაღალი ხარისხის გამო მიიღო. თამარ სანიკიძის განმარტებით, უკვე გამოყენებული სახელმძღვანელოები მეორადი გამოყენებისთვის ვარგისია: „თუ გავითვალისწინებთ, რომ შემდეგი წლიდან პირველი-მეექვსე კლასის სახელმძღვანელოები ქსელიდან მთლიანად ამოგვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ არსებული ვარგისი მარაგი. აქედან გამომდინარე, წელს დასაბეჭდი სახელმძღვანელოების რაოდენობა შემცირდება, მაგრამ მომავალ წელს გარკვეულ კლასებში უკვე ახალი სახელმძღვანელოები იქნება“. სანიკიძის განმარტებით, ჩატარდა წიგნების ინვენტარიზაცია და, ფაქტობრივად, ყველა წიგნი ფიზიკურად შემოწმდა: `ხარისხი შენარჩუნებულია იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ქაღალდისა და წიგნის ხარისხი, 2013 წლიდან მოყოლებული, ბევრად გაუმჯობესდა~. მინისტრი აცხადებს, რომ გაისად პირველ და მეექვსე კლასს ახალი სახელმძღვანელოები დაურიგდება, წლევანდელი ეკონომია კი ხარისხს მოხმარდება. ცნობისთვის: 2015-2016 სასწავლო წელს სახელმძღვანელოებისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 2 ლარია გამოყოფილი. ეს მაშინ, როდესაც 2013 წელს წიგნებისთვის 16 მილიონი გამოიყო, ხოლო შარშან _ 9 მილიონი ლარი. „ქრონიკა+“ არსებულ პრობლემებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ა/ო „საგანმანათლებლო ალიანსის“ დამფუძნებელს, მარიამ რამინაშვილს ესაუბრება: _ უფასო სახელმძღვანელოების პროექტი პირველად 2009-10 სასწავლო წელს დაიწყო და პროექტის ბენეფიციარი გახლდათ მოსწავლეთა ის ნაწილი, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 50000-ს არ აღემატებოდა. საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ისე უშუალოდ სკოლებისთვის, რომელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადამწყვეტ როლს ასრულებდა პროექტის წარმატებით განხორციელებაში. აღნიშნული ქმედება, თითქმის 20-წლიანი ჩავარდნის შემდეგ, პირველად ხორციელდებოდა. ამიტომ ჩართულმა მხარეებმა _ სკოლებმა და განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტროებმა სრული დატვირთვით იმუშავეს და შედეგიც წარმატებული იყო _ საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ოჯახების შვილებმა სახელმძღვანელოები უფასოდ მიიღეს. 2010-11 სასწავლო წლისთვის პროექტმა გააფართოვა ბენეფიციართა წრე და აღნიშნული უკვე გავრცელდა იმ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70000-მდე იყო. რა თქმა უნდა, არც ამ პროცესს ჩაუვლია დიდი ძალისხმევისა და შრომის გარეშე; თუმცა სახელმწიფომ წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას და უკვე 2010-11 სასწავლო წლისათვის,  პროექტის ბენეფიტით მოსარგებლეთა რიცხვი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. 2011-12 წელს ოჯახის შეფასების ქულით პროექტის გაგრძელება აზრს კარგავდა, ამიტომ მას ბენეფიციართა ახალი სეგმენტი დაემატა. კერძოდ, სასკოლო სახელმძღვანელოებს სახელმწიფო ასევე უფასოდ გადასცემდა იმ ოჯახებს, რომელთაც სამი და მეტი შვილი ჰყავდათ; აქვე, ამ ოჯახების წლიური შემოსავალი 40000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ამ კრიტერიუმით შეფასება ლოგიკური გახლდათ, რადგან სწორედ ასეთი ოჯახებისთვის სახელმწიფოს დახმარება რეალური ხელშეწყობა იქნებოდა მშობელთათვის, განსაკუთრებით სასწავლო წლის დასაწყისში. ამჯერზე პროექტში კიდევ ორი სახელმწიფო უწყება _ შემოსავლების სამსახური და საჯარო რეესტრი ჩაერთო. სკოლების დიდი შრომისა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებების პროფესიონალური და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებების გამო, ეს წელიც ამ პროექტმა წარმატებულად, მინიმალური დანახარჯებით და მაქსიმალური დახმარების გაწევით, მშვიდობიანად ჩაამთავრა. ასე იყო 2012-13 სასწავლო წელს. დაიწყო 2013-14 სასწავლო წელი. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა მოსწავლე აღეჭურვა სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაცემული წიგნით, ერთწლიანი მოხმარების ფარგლებში; ანუ მოსწავლეს წლის ბოლოს უნდა ჩაებარებინა სახელმძღვანელო, რომელმაც მრავალჯერადი გამოყენების დატვირთვა მიიღო. პირველ წელს ყველაზე დიდი პრობლემა (მოთხოვნიდან გამომდინარე) სკოლებისთვის სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი და მერე სკოლების მიერ აღნიშნული სახელმძღვანელოების გაცემის ეტაპი გახდა. უფრო კონკრეტულად, სკოლებს სხვადასხვა სახელმძღვანელო ჰქონდათ არჩეული და სასტამბო თუ საექსპლუატაციო თვალსაზრისით, პროცესს ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია; თუმცა მშობელს არაფერი უთქვამს 1, 2 ან 3 სახელმძღვანელოს შეძენა რომ მოუწია, რადგან უმრავლესობა საჩუქრად გადასცეს. საზოგადოებაც კმაყოფილი იყო, რადგან ინიციატივის პირველი წელი გახლდათ და ქსელში მხოლოდ ახალი სახელმძღვანელოები დარიგდა. ჰო, ამ წლის კურიოზი გახლდათ სამინისტროს გადაწყვეტილება _ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისათვის მათთვის განკუთვნილ ქსელში არსებული ძველი სახელმძღვანელოები დაერიგებინათ. სკოლის ადმინისტრაციამ თავადვე უზრუნველყო, ასეთი დისკრიმინაცია არ ყოფილიყო და მაქსიმალურად ეცადა, ყველა მოსწავლეს ესარგებლა ახალი ინიციატივით. აღნიშნული პროექტის განხორციელება სახელმწიფოს 19 მლნ 83 ათასი ლარი დაუჯდა, თუმცა იმ ვარაუდით, რომ ყოველ წელს ეს თანხა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, რადგან, ასევე სამინისტროს მიერ მოწოდებული კრიტერიუმებით, ჩაბარებული სახელმძღვანელოები მრავალჯერად გამოყენებას დაექვემდებარებოდა. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროექტის მესვეურთ გალის რაიონში არსებული 31 სკოლა გამორჩათ, რამაც საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნა და ამ რეგიონში ქართული ენის სწავლების პრობლემა, ნაწილობრივ, ამ უპასუხისმგებლობამაც გამოიწვია... თუმცა ეს საკითხი უფრო დეტალურად განხილვას მოითხოვს და ამაზე მეტს აღარ შევჩერდები. _ ამ სფეროში დღეს რა ხდება? _ 2014-15 სასწავლო წლის განათლების სამინისტროს ბიუჯეტში სახელმძღვანელოების დასაბეჭდი თანხები, როგორც ნავარაუდევი იყო, მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. სახელმწიფომ 9 მლნ ლარი კვლავ გამოყო ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურიც იყო, რადგან სასკოლო სახელმძღვანელო, საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, თავისი სპეციფიკითა და აუცილებლობით საჭიროებს წიგნში მუშაობას, ამის გარეშე კი ის კარგავს საგანმანათლებლო რესურსის ფუნქციას და მხოლოდ ფორმალური დატვირთვის ხდება. თუმცა ამის შესახებ ინიციატივის განხორციელების პროცესში არავის უფიქრია და სასკოლო სახელმძღვანელომ საზოგადოებისთვის სოციალური ბენეფიტის ფუნქცია შეიძინა, რის გამოც დასცილდა (რომ არ ვთქვა დაკარგა) თავის ძირითად ფუნქციას. 2015 წლის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტში სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის განისაზღვრა 15 მლნ 800 ათასი ლარი, რომელსაც ამ კუთხით სკოლების 2015-16 სასწავლო წლის მოთხოვნა უნდა უზრუნველეყო. როგორც ვხედავთ, პროექტის თავდაპირველი დადებითი ეფექტი არ გამართლდა და საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის სახელმძღვანელოებისთვის გამოყოფილი თანხა წლების მიხედვით არათუ მნიშვნელოვნად, საერთოდაც არ შემცირებულა (ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები მოხმარდა ახალი საგნებისთვის საჭირო სახელმძღვანელოების დაბეჭდვას. სულ ახლახან, მინისტრის განმარტებით, ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო სახელმძღვანელოების დასაბეჭდად (მიუხედავად დამტკიცებული ბიუჯეტისა) მხოლოდ 1 მლნ 500 ათასი ლარის გამოყენებას აპირებს და გადაწყვეტილებას აბსოლუტურად არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო არგუმენტით ხსნის _ 2016-17 სასწავლო წელს ახალი სახელმძღვანელოები შემოვა ქსელში, ასახელებს გრიფირების წესს და ერთი წელი სრულიად საქართველოს მასშტაბით არ აპირებს ახალი სახელმძღვანელოების დაბეჭდვას, მათ შორის, პირველკლასელთათვის განკუთვნილი „დედა ენაც“ იგულისხმება. _ რატომ არის ეს გადაწყვეტილება არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო? _ პირველი: გრიფირების წესი უკვე ათი წელია, არსებობს და 2012 წლიდანვე ცნობილი იყო, რომ ბოლო გრიფირებით არსებული სახელმძღვანელოები სასკოლო ქსელში უკანასკნელად 2015-16 სასწავლო წელს იქნებოდა; ხოლო, თავის მხრივ, 2015-16 წელი ახალი სახელმძღვანელოების გრიფირებას დაეთმობოდა. შესაბამისად, ამავე ძალით ეს არგუმენტი მას შეიძლებოდა გამოეყენებინა ბიუჯეტის დაგეგმვის დროსაც, რაც არ გაუკეთებია და მეტიც, საკმაოდ სოლიდური თანხა გაითვალისწინა ამ აქტივობის განსახორციელებლად; მეორე _ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდის გასდის გრიფირებას ვადა, ქსელში კანონით გათვალისწინებული სახელმძღვანელოები იქნება 2015-16 სასწავლო წელსაც და ამ წლის პირველკლასელი (ან რა მნიშვნელობა აქვს, რომელკლასელი) უფლებამოსილია, სარგებლობდეს იმავე ბენეფიტით, რითაც წინა ან შემდეგ წელს დაბადებული; მესამე _ იქამდე, ვიდრე არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი საჭირო არ გახდა, განათლების მინისტრს აზრადაც არ მოსვლია, ცვლილება განეხორციელებინა სამინისტროს ბიუჯეტში. თუმცა განმარტების დროს სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული პრობლემები არ უხსენებია; მეოთხე _ არგუმენტი, თითქოს სამინისტრომ იცის, რომ აღარ საჭიროებს ახალ სახელმძღვანელოებს, რადგან მან ჩაატარა არა მხოლოდ ინვენტარიზაცია, არამედ ცვეთის ხარისხი დაადგინა _ არის წმინდა წყლის სიცრუე და, ამასთანავე, უაზრობა. ცვეთა ბუღალტრული ტერმინია მაღალფასიანი საქონლის თანხის განსასაზღვრად წლიდან წლამდე და სახელმძღვანელოებთან მიმარეთებით არაფერ შუაშია; მეორეც, ინვენტარიზაციას მხოლოდ იმიტომ ვერ ჩაატარებდა, რომ სასწავლო წელი დამთავრებული არ ყოფილა და სამინისტროს მიერვე გამოცემული ბრძანებით, სკოლებს ვალდებულება სახელმძღვანელოების მდგომარეობის ანგარიშის წარსადგენად სასწავლო წლის დამთავრებიდან 2 კვირის განმავლობაში აქვთ, როცა რეალურად ჩაბარდება ყველა სახელმძღვანელო და შესაძლებელი იქნება ფაქტობრივად შემოწმდეს ყველა წიგნი. მეხუთე _ თუ სამინისტროს ბიუჯეტით ვიმსჯელებთ, პირველ წელს დაიბეჭდა 100%, მეორე წელს გამოყოფილი თანხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თითქმის 52% შეიცვალა; ანუ ქსელში 2015-16 სასწავლო წლისთვის მესამეწლიანი გამოყენებისთვის 48% დარჩა, ხოლო მეორეწლიანი გამოყენებისათვის 52% სახელმძღვანელოების რაოდენობისა. შესაბამისად, თუ მეორე წელს ნახევარზე მეტი წიგნის შეცვლის აუცილებლობა დადგა, საინტერესოა, რისი ცვეთა დაითვალა მინისტრმა, ან როგორ აღმოჩნდა მესამე წელს გამოყენებისთვის ვარგისი წიგნების თითქმის 48%? მოკლედ რომ შევაჯამოთ, სახელმძღვანელოებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავიდან გათვალისწინებული თანხის მხოლოდ 9,8% დატოვა. „დედა ენა“ წლევანდელ დასაბეჭდ წიგნებში არ მოხვდა, ანუ ქსელში მესამე და მეორეწლიანი რესურსი დარიგდება. ამ ყოველივეს ფონზე კი ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი ყველაზე მეტად ბავშვებზე აისახა. _ მთლიანობაში, რა ტიპის გამოწვევები ახლავს სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ საქმიანობას? _ პირველი: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში დასახული მიზნების მისაღწევ მექანიზმებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სკოლებში სახელმძღვანელოების არჩევითობის პრინციპის დანერგვას და გრიფირების წესის ამუშავებას. საბჭოთა განათლების პრაქტიკის ფონზე ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულად წარიმართა, თუმცა მისი განხორციელების მეორე ეტაპზე საკმაოდ დაიხვეწა და მესამე ეტაპისთვის, სავარაუდოდ, მინიმალური ხარვეზებით უნდა ჩაიაროს. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, „უფასო სახელმძღვანელოების“ პროექტის პრობლემებს შორის, სტამბური და საექსპლუატაციო კუთხით, სწორედ ეს მრავალფეროვნებაც სახელდება. ამიტომ, ახალი გრიფირების პროცესში, სავარაუდოდ, ასარჩევ სახელმძღვანელოთა ვიწრო სპექტრი აღმოჩნდება, რაც გააადვილებს სამინისტროსთვის სასკოლო წიგნების ბეჭდვისა და შემდგომი ექსპლუატაციის პროცესს. თუმცა ზოგადი განათლების მიზნების მიღწევის ერთ-ერთი შემაფერხებელი წინაპირობა გახდება. მეორე _ სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსი და ფორმა, საბჭოთა განათლებისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა. პოლიგრაფიული ხარისხის ამაღლებამ და, შესაბამისად, წიგნების მაღალი ხარისხის ფურცელზე ბეჭდვამ, გამოიწვია მისი მოცულობის გაზრდა, რაც გარკვეულ საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევდა მშობლებსა და პედაგოგებში. ამიტომ პირველივე ეტაპზე იყო მოლაპარაკება და თხოვნა გამომცემლობებთან, მოენახათ გამოსავალი, რადგან ადვილი მოსახმარი გამხდარიყო ისინი მოსწავლეთათვის. 2013 წლიდან, ერთი მხრივ, ეს პრობლემა მართლაც მოგვარდა, სახელმძღვანელოების მოცულობა და წონა შემცირდა, თუმცა ეს წიგნების ხარისხზე აისახა, რადგან ყოველივე მხოლოდ სახელმძღვანელოების ფურცლის ხარისხის დაწევით განხორციელდა, რამაც გააუარესა წიგნის მოხმარება, მით უმეტეს, მისი მრავალწლიანი გამოყენებისთვის და წიგნების პოლიგრაფიული დონე დააგდო. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს მხრიდან ამ ქმედების განხორციელების მთავარი მიზანი წიგნის ფასის შემცირება იყო და არა თავდაპირველი პრობლემის მოგვარება. მესამე _ გამომცემლობებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლების ჩამორთმევამ პრობლემა შექმნა ბაზარზე, რამაც რამდენიმე გამომცემლობის დახურვა გამოიწვია. ასევე,  გამომცემლობების მიერ მთარგმნელობით საქმიანობებს, ახალი ავტორებისათვის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელებას, პრობლემები შეუქმნა, მხატვრულ თუ სამეცნიერო ლიტერატურაზე ფასის კლების ტენდენცია შეაჩერა. ყოველივე ზემოთქმულის თვალნათელი მაგალითი იყო წელვანდელი თბილისის წიგნის ფესტივალი, როგორც ახალი წიგნების მრავალფეროვნების სიმცირის, ასევე გასაყიდად გამოტანილი წიგნების ფასის მიხედვით (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დახურული თუ შემცირებული საქმიანობების გამო, გამომცემლობებში დასაქმებულთა რაოდენობამ და დარჩენილთა სახელფასო ანაზღაურებამ იკლო). _ რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? _ 2015-16 წელს სახელმწიფომ და, შესაბამისად, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ არ დაიბეჭდება ახალი სახელმძღვანელოები. ამიტომ მათ, ვისაც ფინანსურად ამის შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ შვილებს მესამე ჯერის მომხმარებლებს არ გახდიან, თუნდაც ჰიგიენის გამო. სკოლებში არსებული რესურსით ისარგებლებენ კვლავ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის მოსწავლეები, რომელთათვისაც ძნელი იქნება სახელმძღვანელოების შესყიდვა, თან სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით. ფასების კონტროლის გარეშე დარჩენილი ბაზარი (უნდა გაგახსენოთ, რომ 2010, 11, 12 წლებში ასეთი რამ არსებობდა. კერძოდ, გამომცემელს არ შეეძლო სასკოლო სახელმძღვანელოზე 10 ლარზე მეტი ფასი განესაზღვრა) ისარგებლებს სიტუაციით და გამომცემლობებში თუ ქსელში დარჩენილ ნაშთზე საოცარ ფასებს განსაზღვრავს (არაა გამორიცხული, ქსელში სასკოლო სახელმძღვანელოების რაოდენობის სიმცირის გამო ამოქმედდეს გადამყიდველის ინსტიტუტიც, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის საფასურს). ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების გამო შეიქმნება აბსურდული სიტუაცია _ სახელმწიფოში ერთდროულად იარსებებს: „ქართული ოცნების“ თეორიული პროგრამა _ „უფასო სახელმძღვანელოები“ და, პრაქტიკულად, სახელმძღვანელოების ფასი იქნება იმდენად მაღალი, როგორიც არასდროს ყოფილა. დაბოლოს, სკოლებში დარჩება ბევრი გამოუყენებელი წიგნი _ სამი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დახარჯული 30 მლნ-ად შეფასებული მაკულატურა, რომელიც ცვეთით ნულ ლარს გაუტოლდება. რეალურად, სასკოლო ბიბლიოთეკის მომხმარებელი კი დარჩება მხოლოდ ის, ვინც სიხარულით სარგებლობდა 2010, 2011, 2012 წლებში და, რომლისთვისაც პროგრამა „უფასო სახელმძღვანელოები“ 2009 წლის სექტემბერში დაიწყო. _ რა შეიძლება იყოს გამოსავალი არსებული რეალობიდან? _ თუ გავიხსენებთ ამ პროგრამის დაანონსებისას მაშინდელი განათლების მინისტრის კომენტარს: „მე მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვიღებ…(09.04.13.)“, ნათელი ხდება, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა (და, ჩვენდა სამწუხაროდ, არა ერთადერთმა) პოლიტიკურმა დაპირებამ კრახი განიცადა და ამაში საზოგადოებაც დარწმუნდა. ამიტომ აუცილებელია, დროულად მოხდეს სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული პროგრამა თავის სასტარტო აპოლიტიკურ შინაარსს დაუბრუნდეს. სასკოლო წიგნები სახელმწიფომ შეიძინოს გამომცემლობებიდან მხოლოდ მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული საგამომცემლო საქმიანობის განვითარების რეჟიმში დაბრუნებას და, მეორე მხრივ, სახელმწიფოსგან გაღებულ ხარჯს ექნება რეალური და არა პოპულისტური დატვირთვა. ამავე დროს, აღარ იარსებებს საფრთხე შემცირდეს გრიფირებული სახელმძღვანელოების სპექტრი, გაუმჯობესდება სასკოლო წიგნების ხარისხი, გამომცემლობების კონკურენცია დააბალანსებს წიგნების ფასს ბაზარზე და ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აისახება განათლების ხარისხზე. ამავე თემაზე კომენტარს აკეთებს „საგანმანათლებლო ალიანსის“ კიდევ ერთ წარმომადგენელი, დავით ლაგვილავა: _ სამწუხაროდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარს ვერ ამბობს პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე. სამაგიეროდ, ბიუჯეტი ბავშვების ხარჯზე მცირდება! უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა დასაწყისშივე პოპულისტური და ტყუილზე აგებული იყო. შესაბამისად, განწირული გახლდათ კრახისთვის და შედეგიც სახეზეა.  

                                                                                                            გელა მამულაშვილი

   

გაზიარება