თბილისში, ისნის რაიონში, მოსკოვის პროსპექტისკენ მიმავალს, აუცილებლად შეგხვდებათ მწვანე კარვებით გაშლილი ტერიტორია, რომელიც მავთულის ღობითაა შემოკავებული. იქ პოლიციისა და სამედიცინო დახმარების მანქანები მუდმივად დგანან. ეს ის ადგილია, სადაც 200-მდე მიუსაფარი ადამიანი ყოველდღიურად თავშესაფარსა და საკვებს იღებს. ისინი მოდიან, რჩებიან და სურვილისამებრ ტოვებენ თავშესაფარს. ასე გრძელდება, უკვე, 2 წელიწადია.
რას წარმოადგენს რეალურად თავშესაფარი და რას სთავაზობს იგი ბენეფიციარებს?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება მერიის წარმომადგენელი, ადმინისტრატორი ზურაბ ისაკაძე:
_ ეს გახლავთ 2013 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებადი კარვის ტიპის საცხოვრისი, რომელიც 2014 წლის ოქტომბრიდან მერიის დაქვემდებარებაშია და მიუსაფარ, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების თავშესაფარს წარმოადგენს. აქ გვაქვს 21 მოქმედი კარავი, სადაც ადამიანები რეგულარულად, ან დროდადრო ცხოვრობენ.
_ როგორ ხვდებიან ბენეფიციარები თქვენთან?
_ ძირითადად, საპატრულო პოლიციას მოჰყავს, რომ არ გაიყინონ, ან სხვა მიზეზების გამო, მაგრამ თვითდინებითაც მოდიან. თუმცა ყველას არ ვიღებთ, რამდენიმე კრიტერიუმით ვარჩევთ: არ უნდა იყვნენ ძებნილები, არ ატარებდნენ გადამდებ ინფექციურ დაავადებას, რომ აქ მყოფებს არ შეექმნათ საფრთხე. ხშირად მათ არ აქვთ საბუთები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მაგრამ სახელითა და გვარით, ფოტოს დახმარებით, ჩვენ მათ იდენტიფიცირებას ვახდენთ, შემდეგ ვშუამდგომლობთ იუსტიციის სახლთან და ვუმზადებთ დროებით პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს. ეს თავშესაფარიც დროებითად მიიჩნევა, რადგან სოფელ დიდი ლილოს ტერიტორიაზე შენდება 240 ბენეფიციარზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ამ ზაფხულს ჩაბარდება.
_ რა სერვისებს სთავაზობთ აქ მოსულ ადამიანებს და ვინ გეხმარებათ?
_ ჩვენ გვაქვს აბანო, კვება, სამედიცინო მომსახურება, ვურიგებთ ჰიგიენურ საშუალებებს, რომელსაც ზოგი ადგილზე იყენებს, დროდადრო მიმსვლელ-მომსვლელები კი რამე ნივთზე ცვლიან, ან ყიდიან, მაგრამ ჩვენ ამას ვერ დავუშლით.
რაც შეეხება დახმარებას, აქ გვყავს საპატრულო პოლიცია, სამედიცინო დახმარება „ქურთა“, მერია, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ადგილზე დგანან; ჩვენთან არიან „კათარზისის“ წარმომადგენლები.
_ თითოეულ კარავში რამდენი ადამიანია მოთავსებული და როგორ ანაწილებთ მათ?
_ კარავი გათვლილია 12 ადამიანზე, მაგრამ რეალურად 8-9 ადამიანი ცხოვრობს. ჩვენთან მუდმივად მცხოვრები სულ 170 ადამიანია, მაგრამ იმ ბენეფიციარების გათვალისწინებით, რომლებიც საკუთარი სურვილისამებრ მიდი-მოდიან, მათი რიცხვი 200-ს აღწევს. მათ სურვილისამებრ ვანაწილებთ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ იმ კარავში, სადაც სისუფთავეს დიდ ყურადღებას უთმობენ, საცხოვრებლად არ შევიდეს ადამიანი, რომელსაც დაბანის სურვილი არ გააჩნია; ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი არ შევიდეს მშვიდ ადამიანებთან კონფლიქტის არიდების მიზნით.
_ სად მიდიან ის ადამიანები, რომლებიც საპატრულო პოლიციას მოჰყავს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვების გამო არ იღებთ?
_ ჩვენ ვუმარტავთ, რის გამო ვერ ვიღებთ კონკრეტულ პიროვნებას, ეს ყველაფერი ოქმში იწერება და შემდეგ პარტული ამისამართებს მათ, შესაძლებელია, საავადმყოფოში, ან შესაბამის დაწესებულებაში.
„კათარზისის“ წარმომადგენელი, კოორდინატორი:
_ ჩვენი სამუშაო დღე 08:00-ზე იწყება და 22:00-ზე სრულდება, ვისვენებთ კვირას. ძირითადად გვევალება ბენეფიციარების კვება, ეტლით მოსარგებლეების დაბანა, ტანსაცმლის ჩაცმევა და მსგავსი აქტივობები. ზოგჯერ არასამთავრობოებიც გვეხმარებიან დღესასწაულებზე, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინათაც მოიტანეს 50 ცალი გადასაფარებელი. ვისაც საკუთარი ნივთები არ გააჩნია, იმათ გადავცემთ.
ლალი მჭედლიძე, შპს „ქურთას“ ექიმი:
_ ობიექტზე მომუშავე 8 ექიმი და ამდენივე ექთანი პირველად სამედიცინო დახმარებას ვუწევთ ბენეფიციარებს, მაგალითად, ქირურგიული ჩარევის შემდომი დახმარება თუ არის საჭირო: ძაფის ამოღება, ჭრილობის დამუშავება. ჰყავთ მძღოლებიც, რომელთაც აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტები გადაჰყავთ საავადმყოფოში.
ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც კარავთან შორიახლოს წინდას ქსოვდა, მაყვალა გულისაშვილი აღმოჩნდა: „უკვე 1 წელი და 6 თვეა, კარავში ვცხოვრობ, მომწონს აქ, მაგრამ წვიმის დროს წყალი შემოდის, რასაც ვერავის დავაბრალებ. მადლობელი ვარ მათი. ეს ჩვენი ხალხია ცუდი, რომ ლოთობენ და უბედურები არიან“.
18 წლის დათოც კარავში ცხოვრობს: „3 თვეა, აქ ვარ, მამასთან კონფლიქტის გამო მომიწია აქ მოსვლა. მაინცდამაინც არ მომწონს აქ ცხოვრება. ხან მეგობართან ვრჩები. მე ორ ხანდაზმულ ქალბატონთან ვცხოვრობ კარავში და ვფიქრობ, ჩემი ასაკისთვის ცოტა უმოქმედოდ ვარ. დღის მანძილზე არაფერს ვაკეთებთ, სხვა გზა არ მაქვს, აქ მიწევს ყოფნა“.
„კარვების ქალაქი“ მალე „აიყრება“ და ბენეფიციარები სოფელ ლილოს ტერიტორიაზე მუდმივ საცხოვრებელში გადავლენ, მანამდე კი მწვანე კარავი და ქვის იატაკი მათი ცხოვრების ერთადერთ არეალს წარმოადგენს, სადაც 18 წლის დათოსა და 80 წლის მერი ბებოს დღეების გატარება უწევთ.
ნინო ტაბაღუა