QronikaPlus
„წვიმის დროს სახლებში ქოლგებით დავდივართ, მეტი როგორ უნდა გაგვიჭირდეს?“

„წვიმის დროს სახლებში ქოლგებით დავდივართ, მეტი როგორ უნდა გაგვიჭირდეს?“

2015-08-07 07:17:55

თბლისში ბევრი უბანია, სადაც იქაურ მცხოვრებლებს ჭერი თავზე ენგრევათ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რედაქციაში ჩვენი კოლეგა, ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრები, რევაზ ფახურიძე გვესტუმრა, რომელიც მერიას ინვესტორის შერჩევაში დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, მათ ქუჩაზე სახლები ინგრევა და გამოსავალი ინვესტორის მოძიება, ახალი სახლების აშენებაა, რაშიც დედაქალაქის მთავრობამ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. „ქრონიკა+“ პროფესიით ჟურნალისტს, რევაზ ფახურიძეს ესაუბრება: _ ჩუღურეთის რაიონში სვანეთის უბანი დანგრეული და გაუბედურებულია, მათ შორის, ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩაზე სახლები საცხოვრებლად აღარ ვარგა. ადგილზე მცხოვრებ მოსახლეებს მისი დანგრევა და ინვესტორთან ერთად ახალი სახლების, კორპუსების აშენება გვინდა. სხვა შემთხვევაში ჭერი თვზე ბოლომდე ჩამოგვექცევა. მივმართეთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, რომ ჩვენ მიმართ თანადგომა გამოეჩინა. მათ ვკითხეთ, _ ხომ გაქვთ თბილისის განვითარების ფონდი, რომელიც ოცი მილიონით ფინანსდება და რომ სახელმწიფო რთულ მდგომარეობაში მცხოვრებ ადამიანებს უნდა დაეხმაროს, ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნას? სწორედ ინვესტორს, მერიას, გამგეობას ერთად ძალუძს ამ საქმეში ჩვენთვის თანადგომა. დედაქალაქის საკრებულოში, პირველ რიგში, თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილს ვესაუბრე. მიპასუხა, რომ სახელმწიფო ამ საქმეში ვერ ჩაერევა, _ არ გვაქვს უფლება, რომ თანხები კერძო საკუთრებას გადავცეთო. ვუთხარი, _ თქვე კაი დედმამიშვილებო, თუ ჩვენი კერძო საქმეა, სტადიონი `დინამო არენა~ ასეთივე კერძო არ არის-მეთქი? `დინამოს~ სტადიონის მეპატრონე ფიფიას 6 მილიონი ხომ გადაურიცხეთ-მეთქი? ალიბეგაშვილმა მიპასუხა, რომ თქვენ შეგიძლიათ კერძო სახლი მემკვიდრეობით გადასცეთ შვილებს, შვილიშვილებს, ხოლო სტადიონის კერძო მესაკუთრეს კი ამის უფლება არ აქვსო... მაგრამ ეს ხომ ბლეფია?! _ სტადიონი პრივატიზებულია და იჯარით არ აუღია-მეთქი. ასე რომ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ფონდმა „ქართუმ“ ოცი მილიონი ლარი გადაურიცხა, მაგრამ `ქართუ~ კერძო ორგანიზაციაა და მასთან პრეტენზია არ მაქვს. მანამდე კი მერიაში ერთ თანამშრომელს გავესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ქუჩის მცხოვრებთა მოთხოვნები ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას გადასცეს და თუ შეთავაზებული პირობებით დაინტერესდებიან, მოილაპარაკებთო. _ კი ბატონო, თუ ისინი თქვენთან არ გამოჩნდებიან, ჩვენ გვყავს სამშენებლო კომპანია, რომელიც ერთ კვადრატულ მეტრ თეთრ კარკასს 350 დოლარად აგვიშენებს, მივუტანე მერიას აღნიშნული კომპანიის რეკვიზიტები და და საცხოვრებელ ბინას ამ ფასში აკეთებს-მეთქი. თუ ვინმე უფრო ნაკლებად გააკეთებს, კი ბატონო. ამის შემდეგ მერიისგან პასუხი აღარ მიმიღია. არ მაქვს პრობლემა, ისევ მივიდე და შევახსენო. მინდა, რომ მერის მოადგილეებს, ქუმსიშვილსა და ლექვინაძეს შევხვდე, რადგან სხვებს ვერც გავაგებინებ რამეს. ზოგიერთმა იქ წერა-კითხვა ნორმალურად არც იცის და მათ ვერც ავუხსნი საქმის რეალურ არსს. მე ეკონომიკურ საკითხებზე ვესაუბრები და ისინი ზღაპრებს მიყვებიან. მაგალითისთვის, ასეთივე ზღაპრებს ეკონომიკის სამინისტროში ყვებიან `აწარმოე საქართველოს~ პროგრამასთან დაკავშირებით. ჯერ გეუბნებიან, მინიმუმ 150 ათასი უნდა გაიტანოო და მერე ამისთვის ბანკში გიშვებენ. ბანკის მისამართი ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ბანკს სხვა პირობები აქვს, ხოლო სახელმწიფოს სხვა პირობები უნდა ჰქონდეს. ანუ გაურკვეველი მდგომარეობაა და რეალურად არავის არაფრის გაკეთება არ უნდა რიგითი მოქალაქისთვის. მოკლედ, მერიას მივმართეთ კონკრეტული თხოვნით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დანგრეულ სახლებში, სადაც თავზე გვაწვიმს; გვაქვს მიწა და იქნებ, სახლების აშენებაში დაგვეხმაროთ, იმოქმედეთ, რისი საშუალებაც არის-მეთქი. თუ, ვთქვათ, ჩვენ ორი სართული დაგვჭირდება, დანარჩენი სართულები მშვიდობაში მოიხმარონ, ეს ხომ ბიზნესია? მე არ მაინტერესებს, მას 350 დოლარი დაუჯდება კვადრატი თუ 500, თუ მოგებას ნახავს, შეთანხმება შედგება და საქმე გაკეთდება. არაო, კერძო საკუთრებაში თანხას ვერ გადავრიცხავო და მერე უკვე ამ 6-მილიონიანი გადარიცხვის ამბავი წამოვწიეთ. თუ იმ პრივატიზებულ ობიექტს ამხელა თანხა მისცეს, რატომ არ შეიძლება ათი, თუნდაც ასი კაცი დაკმაყოფილდეს? როცა ხალხს სახლები ექნება და ინვესტორიც ბიუჯეტს შეივსებს? ამიტომ 22 ივნისს სტადიონისთვის ამ გადარიცხვის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შევიტანე. გამოიძიონ ეს საქმე, თუ ჩვენნაირ კერძო საკუთრებაში თანხის გადარიცხვა არ შეიძლება, იქ რატომ შეიძლებოდა, ესეც ხომ კერძო საკუთრებაა, აქ დიდი განსხვავება რა არის? სტადიონს, დაახლოებით, 6 თვის წინათ გადაურიცხეს. _ თუ შედეგი არ იქნება, რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ ეს დაფინანსება მიიღოთ და სახლები ააშენოთ? _ მათ თუ დავუჯერეთ, მუდმივად ასეთ დანგრეულ, გაუბედურებულ მდგომარეობაში ვიქნებით. კატეგორიული უარის პირობებში არანაირი სხვა საშუალება ჩვენ აღარ გვრჩება. ვიქნებით ასე უდღეურებივით. მე უკვე თავზე დამენგრა სახლი, სხვებიც ამ მდგომარეობაში არიან და გამოსავალი არ ჩანს. როგორც გარეთ წვიმს, ასევე შიგნით, ძველი კერძო სახლებია ტალახით აშენებული. ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩის ნომერი პირველი, მესამე და ა. შ. სახლებია. _ მეზობლები რა მდგომარეობაში არიან? _ არანაირი განსხვავება არ არის. როცა წვიმს, მეზობელი სახლში ქოლგის ქვეშ ზის ხოლმე. _ სხვაგან თუ არის შემთხვევები, როცა კერძო მცხოვრებლებმა მერიას სთხოვეს და მისგან დაფინანსება მიიღეს მშენებლობაზე? _ ასეთი შემთხვევა არ მინახავს, მაგრამ რახან მითხრეს, რომ არის ვიღაც მშენებელი, რომელსაც სურს სახლი ააშენოს და თავისთვისაც იხეიროს, ე. ი. მერიისგან სხვა ამ ტიპის მთხოვნელებიც არიან. თვითონ მერიას რომ უშუალოდ თანხა ჰქონდეს ამისთვის გამოყოფილი, არ მსმენია. _ და ვინ არის ინვესტორი, ვინც ასეთ ადგილებში მშენებლობის სურვილს გამოთქვამს? _ ვინაობას არ ამხელენ. ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, ალბათ, ამიტომ. ვიმეორებ: მე გამოვძებნე კომპანია, რომელიც 350 დოლარად მშენებლობის სურვილს გამოთქვამს. ჩემი ამ განაცხადის მიმართ დაინტერესება უნდა გამოეჩინათ, რადგან მათთან ვინც მოლაპარაკებას აწარმოებს, შეიძლება 400-ს ითხოვდეს. ა, ბატონო, აქეთ 350 დოლარია, იქით _ 400, ბოლოს და ბოლოს, ტენდერი გამოაცხადეთ და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეთ. იქნებ, ამ 350 დოლარმაც დაიკლოს. ორივე კომპანიამ გააკეთოს ეს საქმე, როდესაც დედაქალაქში ამდენი სახლი დანგრევის პირას არის მისული. საქმე მარტო ჩუღურეთის რაიონში კი არა, სხვაგანაც გაკეთდება და ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსება. ამასთან, ჩვენი წინადადებები მერიას წერილობით შევთავაზეთ, მაგრამ არც ერთ და არც მეორე ვარიანტზე პასუხი არ მიმიღია. სწორედ ჩვენეულ წინადადებაზე ქუმსიშვილთან და ლექვინაძესთან შეხვედრა მოვითხოვე, რადგან სხვები არ მაინტერესებს. ლამის კვირა გავიდა და, ჯერჯერობით, არავინ გამომხმაურებია. სტადიონისთვის თანხის გადარიცხვაზე წერილი მერიის ეკონომიკის სამსახურში შევიტანე, მათ კი კეთილმოწყობის სამსახურს გადასცეს. კეთილმოწყობის სამსახური ამასთან რა შუაშია? ასევე განცხადება პროკურატურაში 22 ივლისს შევიტანე. _ თქვენი აზრით, რის საფუძველზე გადაურიცხეს სტადიონს ეს თანხა? _ ალბათ, ვინმეს დაინტერესებაა, შეიძლება აქ კორუფციული გარიგებაც იყოს... პარალელურად, ველოდებით მერიის გადაწყვეტილებას. _ არ გაქვთ შესაძლებლობა, პირდაპირ ინვესტორთან, სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკებაზე გახვიდეთ და მშენებლობა დაიწყოთ? _ ინვესტორთან მივედი, შევთავაზე, მაგრამ მას საქმის დასაწყებად გვერდში დგომა, რაღაც თანხა სჭირდება, ამის საშუალება არ გვაქვს. რახან მერია სხვა კომპანიას ესაუბრებოდა, იმედი მოგვეცა, რომ რაღაც კონკურსი ჩატარდებოდა, არჩევანი გაკეთდებოდა და ჩვენც გვეშველებოდა. გამარჯვებულ კომპანიას კი მერია უნდა დაეხმაროს აუცილებლად, რადგან ეს თბილისია და მათი სამოქმედო სივრცეა. ამასთან, სამეწარმეო ფონდი აქვთ შექმნილი მარღიშვილის ხელმძღვანელობით და აქამდე რა გაუკეთებიათ? ჩაატარონ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტენდერი და ფასები დაწიონ. ამისთვის მინდა ქუმსიშვილთან და ლექვინაძესთან შეხვედრა. ავუხსნი მთელ რეალობას და დაველოდები, რას მეტყვიან. სიმართლე გითხრათ, ქუმსიშვილის დიდი იმედი არ მაქვს, რადგან `აწარმოე საქათველოში~ მისი პროექტია. _ რა ალტერნატიული გზა გრჩებათ? _ მაშინ პროკურატურის გზა მაქვს. რაკი იქ ექვსმილიონიანი გადარიცხვაა, შეიძლება მოიძიონ თანხები და ჩვენს სახლებსაც საშველი დაადგეს. ეს საქმე ირიბად იმოქმედებს ჩვენს სავალალო მდგომარეობაზე. მანამდე კი ძალიან ცუდ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. თან ჩვენთან მატარებლის ლიანდაგი გადის. მისი გადატანა აქამდე დამთავრებული უნდა ყოფილიყო. სამი წელია, გაჩერებულია, თითქოს დააკონსერვეს, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ყოფილა. აქამდე ერთმანეთში ჭიდაობდნენ და ახლა საქმიანობის აღდგენას აპირებენ. მთავრობის დადგენილება მაქვს, რომ 26 სექტემბერს უნდა დაიწყოს რკინიგზის გადატანა და ახალი გზის მშენებლობა. 2017 წელს ეს გადატანა უნდა დასრულდეს. შემოვლითი რკინიგზა კი ჩვენთვის წამალივითაა. ფაქტობრივად, ჩვენი ტერიტორია კომერციული ფართი ხდება და, შესაბამისად, ღირებულება მოიმატებს _ ჩვენც, მერიაც და მშენებელიც კმაყოფილი დავრჩებით. ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა მერიამ ან თავისი ინვესტორი მოიყვანოს, ან ჩვენსას დასთანხმდეს, პროცესს ხელი შეუწყოს, ტენდერი ჩაატაროს, გამარჯვებული შეარჩიოს და მშენებლობა წარმართოს.  

                                                                                                       გელა მამულაშვილი

 

გაზიარება