საქართველოს კონსტიტუცია თითქმის ყოველი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ერთგვარ, საჯილდაო ქვად იქცევა ხოლმე და ყველა ხელისუფალი მას საკუთარ თარგზე ჭრის!..
როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს კონსტიტუცია იმიტომაც ხდება ხელისუფალთა მთავარი სამიზნე, რომ მასში, პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, „საკუთარი დაცულობას“ გარანტირებულად ხედავდეს და კითხულობდეს. იმაზე მეტი მიიღოს კონსტიტუციისგან, ვიდრე ჩვენ, რიგითმა მოკვდავებმა!..
ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, 1996 წლის ბოლოს, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდო 70 000 ლარი კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილისთვის ბინის შესაძენად. არადა, ამ დროს ბატონ დემეტრაშვილს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საკუთარი სახლი ჰქონდა 700 კვ.მ მიწის ფართობზე, სადაც იგი დედასთან ერთად ცხოვრობდა. სახლის ფართი იყო 150 კვ.მ და ეზოში დამატებით იდგა სახლი სამი ოთახით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სახელმწიფომ დემეტრაშვილს უსასყიდლოდ მაინც გამოუყო ვაკეში 650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც სახელმწიფოს ხარჯზე ააშენა 4-სართულიანი სახლი!!!
ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია იმისა, თუ როგორ სასათბურე პირობებს უქმნიდნენ ხელისუფალნი მათთვის მისაღებ კონსტიტუციონალისტებს, რომელთაც, თურმე, სხვაზე უკეთ სცოდნიათ, როგორი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია...
2000 წელს ავთანდილ დემეტრაშვილი დანიშნეს იუსტიციის საბჭოს წევრად, რა დროსაც მის მეუღლეს, მ. ლაზარიშვილს (რომელიც მას დანიშნული ჰყავდა საკონსტიტუციო სასამართლოში საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილებაში) ჩააბარებინა სამოსამართლეო გამოცდები წინასწარი ტესტებით, რადგან როგორც იუსტიციის საბჭოს წევრისთვის, მისთვის ცნობილი იყო ტესტების სამივე ვარიანტი. ამის შემდეგ საკუთარი მეუღლე ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა იუსტიციის მინისტრის ნოტარიუსად დაანიშნინა.
იუსტიციის საბჭოს წევრობის შემდეგ ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი სააკაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა, რომლის წყალობითაც სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუცია საკუთარ თავზე ისევე მოირგო, როგორც მთლიანად საქართველო... სხვათა შორის, სწორედ ამ ურთიერთშეთანხმებული და ურთიერთკეთილგანწყობილი კონსტიტუციის შედეგებია ის, რომ ყოველ ჯერზე იჩეხება და იწყობა საქართველოს კანონთა უმთავრესი წიგნი, რომლის შედეგებს დღესაც ვიმკით. სხვათა შორის, ავთანდილ დემეტრაშვილისეული კონსტიტუციის წყალობით მოხდა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი დამატებითი წელი გაატარა პრეზიდენტის პოსტზე, რის სანაცვლოდაც სააკაშვილმა მას პერსონალურად შეუქმნა საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე სპეციალური სამსახური, რომლესაც დაერქვა „კონსტიტუციონალიზმის ცენტრი“ და სადაც ავთო დემეტრაშვილმა თავი მოუყარა მის სანათესავოსა და სამეგობროს ოჯახის წევრებს.
იმავდროულად, ამგვარი კონსტიტუციის დაწერისთვის მიხეილ სააკაშვილმა ავთანდილ დემეტრაშვილს ქალაქ ბათუმში სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად აჩუქა სამსართულიანი კერძო სახლი თავისი მიწის ნაკვეთით, რომელიც ეკუთვნოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილეს _ დავით ბაკურიძეს!..
აღნიშნული სახლი სააკაშვილის ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამოართვა მფლობელს, თუმცაღა 2012 წლის არჩევნების შედეგების შემდეგ ავთანდილ დემეტრაშვილმა 1 ლარად სააკაშვილისგან ნაჩუქარი სამსართულიანი სახლი 150000 დოლარად გაყიდა, რის გამოც სახლის კანონიერი მეპატრონე ამჟამადაც უჩივის ბატონ დემეტრაშვილს!!! თუ კარგად დააკვირდებით, ზემოთ აღნიშნული ფაქტები სუფთა კორუფციული გარიგებაა სააკაშვილსა და დემეტრაშვილს შორის კონსტიტუციაში მისთვის მისაღები დამატებებისა და ჩასწორებული ჩანაწერების სანაცვლოდ. ამასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა ავთანდილ დემეტრაშვილს ვაკეში თავისი სახლის გასწვრივ დაუკანონა 550 კვ.მ მიწის ნაკვეთი ლეგალიზაციის წესით. ასევე დაუწესა 5000-ლარიანი ხელფასი, ავტოფარეხი და ძვირადღირებული ჯიპი; იმავდროულად, ავთანდილ დემეტრაშვილი დამატებით პრემიას იღებდა და ხელფასზე დანამატს; ასევე სახელმწიფო კომპენსაციას საკონსტიტუციო სასამართლოდან 1200 ლარს ყოველთვიურად, _ რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც საჯარო მოხელე, იღებდა ხელფასს _ 5000 ლარს.
ძვირფასო მკითხველო, განა, შეიძლება, სახელმწიფო მოხელეს ორჯერ აჩუქო საცხოვრებელი სახლი?!. ხომ საინტერესოა, რისთვის და რის სანაცვლოდ?!. მაგრამ ეგ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი! გადავხედეთ რა ავთანდილ დემეტრაშვილის დეკლარაციას _ 2004 წლიდან მას დეკლარაცია შევსებული არ აქვს და რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ის ქონებაც არსად არის აღრიცხული!!! საინტერესოა ის გარემოებაც, რომ საქართველოში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ავთანდილ დემეტრაშვილის გარდა კონსტიტუციის დამწერი ვერავინ მონახა საქართველოს ხელისუფლებამ... არადა, თურმე, ამ ყველაფრის გამოაშკარავების ფონზე როგორ იწერებოდა საქართველოს კონსტიტუცია?!.
მშვენიერია, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე და, იმავდროულად, სააკაშვილის მიერ პირველკონსტიტუციონალისტად აღიარებული ავთანდილ დემეტრაშვილი, როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ჯერ მილიონერების სიაში არ გახლავთ, მაგრამ სულ მალე შევაო!.. თუკი ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი იმ ბრალდებებში, რაშიც ჩვენმა ინკოგნიტო წყარომ იგი დაადანაშაულა, სიმართლის მარცვალს ვერ აღმოაჩენს, დაუკავშირდეს „ქრონიკა+“-ს და განმარტებები გააკეთოს ყველა ამ ბრალდებაზე, რაც უკვე ჩამოვთვალეთ!
გაგრძელება იქნება
ირინა გოგოსაშვილი