QronikaPlus
როგორ გაიცვალა 5-მილიონიანი მიწა 10 000-ლარიან მიწაზე?!

როგორ გაიცვალა 5-მილიონიანი მიწა 10 000-ლარიან მიწაზე?!

2015-06-27 08:28:59

ქობულეთში ცეკვაურის ტერიტორიაზე (ქალაქის #6 საჯარო სკოლის გვერდით) 10 ჰა მიწას ლაზიშვილების გვარი ოდითგანვე ფლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწა მათ კომუნისტებმა ჩამოართვეს, მისით მაინც სარგებლობდნენ და იქ სიმინდის ყანები ჰქონდათ. 2008 წელს მათ შეაგროვეს სათანადო საბუთები და საკუთრების აღიარების კომისიას მიმართეს მიწის დაკანონებისთვის, მაგრამ უარი მიიღეს, ხოლო კომისიის მაშინდელმა ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ ბაჯელიძემ, მათ განუცხადა, რომ ამ მიწით ლევან ვარშალომიძეა დაინტერესებული და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვისაა საჭიროო. საბუთების არასწორად შედგენის მოტივით კანონიერ მესაკუთრეებს უარი უთხრეს. არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანა ლაზიშვილებს. ხელისუფლების ცვლილების მერე კი, 2013 წელს, მოულოდნელად გაიგეს, რომ ეს მიწა ქობულეთის საკრებულოს წინა მოწვევის „ნაციონალ“ დეპუტატ ნუგზარ მეგრელიძესა და მის პარტნიორ ილია ხაჯის, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, სოფელ გვარაში მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთში გაუცვალეს იმ მოტივით, რომ თურმე გვარაში შეძენილი მიწა მაღალი ძაბვის სადენების ქვეშ გადიოდა და ამის გამო არ შეიძლებოდა ინვესტიციის განხორციელება. ადგილმონაცვლეობისთვის იქვე მდებარე მიწები კი არა, ქალაქის ცენტრალური ნაწილი ისურვეს. მათ 10 ათას ლარად ნაყიდი მიწის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტროსგან ადგილმონაცვლეობით მიიღეს მიწა, რომლის ნომინალური ფასი 5 მილიონი ლარია, საბაზრო კი _ გაცილებით მეტი. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მერი ლაზიშვილი: _ ცეკვაურის მიწები ოდითგანვე ჩვენს გვარს ეკუთვნოდა. კოლექტივიზაციის პერიოდში ჩვენი წინაპარი ამ მიწებით შევიდა კოლექტივში და მაშინდელი ხელისუფლებისგანაც კი მისი დამუშავების უფლება ჩვენ გვქონდა. 80-იან წლებში, როცა იჯარა შემოვიდა, ეს მიწები იჯარით ავიღეთ და დღემდე ამ მიწის მეიჯარეებად ვითვლებით. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამის ვაუჩერები დღემდე მოგვდის სწორედ ამ მიწის სარგებლობისთვის. 2007 წელს, როცა სააკაშვილს პოლიტიკურად ძალიან გაუჭირდა, გახსოვთ, საკუთრების აღიარების კომისიები შექმნა და მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონება დაიწყო. შესაბამისი საბუთები მოვამზადეთ ჩვენც, მივიტანეთ, ჩავაბარეთ, მაგრამ ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. გვითხრეს, რომ ქალაქის განვითარებისთვის ეს ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ამიტომ ვერ დაგვიკანონებდნენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია ერთი ერთზე გაუცვალეს მეგრელიძეს და ვინმე ხაჯის, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა! სრულიად აბსურდული არგუმენტით, _ მაღალი ძაბვის ქვეშ სათბურების მოყვანა არ შეიძლებაო. იმ ტერიტორიაზე ადრე ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული და მაღალი ძაბვის გადამცემი ანძებიც ყოველთვის იქ იდგა, მაგრამ იქ ჩაიც იკრიფებოდა, ტრაქტორებიც მუშაობდნენ და თუ მაშინ არავის არაფერი მოსვლია, კიტრსა და პომიდორს რა მოუვიდოდა? სოფელში 5 თეთრად შენაძენი მიწა შეიძლება გონიერმა ხელისუფალმა ქალაქის ცენტში ერთი ერთზე გადაუცვალოს ვინმეს? ხომ მისცეს მათ 5 თეთრად? თუ გაყიდვაა, მოეყიდათ ჩვენთვის და 1 ლარს გადავიხდიდით კვადრატულ მეტრში. თანაც, ვისაც გადაუცვალეს, ისინი აცხადებდნენ, რომ სამი წლის შემდეგ 20 კაცს დაასაქმებდნენ. ჩვენ კი გაცილებით მეტი ვიყავით დასაქმებული. _ ქალბატონო მერი, ზურაბ ნოღაიდელი (საქართველოს ყოფილი პრემიერი, მერი ლაზიშვილის სიძეა) როცა პრემიერ-მინისტრი იყო, ვერ დაიკანონეთ ეს მიწები? _ ზურაბ ნოღაიდელს გაცილებით დიდი საქმეები ჰქონდა. თან ამას კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს და არა თანამდებობის პირები. რახან ერთს მისცეს, ჩვენზე მოცემაც შეიძლებოდა, მაგრამ შეგნებულად არ გააკეთეს, რაც საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ ამ საქმეში გარეულებს დაინტერესება ჰქონდათ. მიგვაჩნია, რომ ამაში ლომის წვლილი მიუძღვის თამაზ ხაბაძეს, მის გარეშე მსგავსი რამეები არ კეთდება და დავით ბალაძე მხოლოდ პაიკია მის ხელში. ენვერ ლაზიშვილი: _ თავის დროზე გვითხრეს, რომ ამ ტერიტორიაზე აპირებდნენ სტადიონის მშენებლობას და, ზოგადად, ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ლოგიკურად, მეტი თავისუფალი ადგილი არც არის. თუ ქალაქისთვის საჭიროა, არ გამოვთქვამთ პრეტენზიას, მაგრამ თუ სხვა ვინმეს უნდა გადაეცეს, გადმოგვეცეს ჩვენ. მით უმეტეს, რომ მათ მიერ დაპირებული სამმილიონიანი ინვესტიციიდან მხოლოდ ინერტული მასალების გროვაა აქ. ჩვენი ინფორმაციით, მათ ეს ტერიტორია სამ წელიწადში უნდა აეთვისებინათ, უკვე ორი წელი გავიდა, მაგრამ პირობების დარღვევისათვის ეკონომიკის სამინისტროს არავითარი სანქცია არ გაუტარებია. გამოდის, რომ მართლა ვიღაცის ინტერესებს ეწირება ჩვენი საკუთრება! ჩალის ფასად ხელში ჩაგდებულ მიწას, ქალაქის განვითარების შემთხვევაში, ახალი მეპატრონე მამასისხლად მიჰყიდის სახელმწიფოს. ჩვენ ბრალს ვდებთ საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს, ელგუჯა ბაგრატიონს, რომლის მითითებით საკრებულომ მხარი დაუჭირა ამ მიწის საკუთრების ფორმის შეცვლას. მუნიციპალური საკუთრებიდან მიწა მიზანმიმართულად გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში და თან განგვიცხადა, ეს გაკეთდა ხადურის დავალებითო. ხადურს მეტი საქმე არ ჰქონდა, ვინმე მეგრელიძისა და ხაჯის პროტეჟეობისთვის მოეცალა. უბრალოდ, იცოდნენ, რომ ვერ გადავამოწმებდით ამ ინფორმაციას და თავი იმართლეს. ელგუჯა ბაგრატიონს, რომელიც „ნაციონალების“ საკრებულოს თავმჯდომარე იყო ქობულეთში და კოჰაბიტაციის წყალობით არჩევნებამდე შემორჩა, სხვა არაფერი დაუჯერებია ამ მთავრობისთვის და რაღა ასეთ რამეებში ემორჩილებოდა? მაგრამ მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებებით ისინი შეგნებულ საბოტაჟს ეწეოდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ საკითხზე წაყრუებაც დღემდე საბოტაჟის გაგრძელებაა. ელგუჯა ბაგრატიონი _ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: _ ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია. იმის მიუხედავად, რომ მე და მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებელი სასტიკი წინააღმდეგი ვიყავით, მაინც მოგვიწია ამის გაკეთება. _ სხვა არაფერი დაგიჯერებიათ „ოცნებისთვის“ და რაღა, მაინცდამაინც, ეს დაუჯერეთ? _ ეს მიწა მუნიციპალიტეტის საკუთრება არ ყოფილა, სახელმწიფო საკუთრება იყო და მხოლოდ დარეგისტრირება მოგვთხოვეს. დავარეგისტრირეთ… განკარგვით კი ეკონომიკის სამინისტრომ განკარგა. „ქრონიკა+“-მა ნუგზარ მეგრელიძესთან დაკავშირებაც სცადა, მაგრამ ავტომოპასუხემ გვამცნო, რომ ნომერი დროებით გამორთულია ქსელიდანო. ეს არის საქმე, რომელიც ბევრ კითხვას აჩენს და ლეგიტიმურ ეჭვებსაც აღძრავს. ლაზიშვილების პოზიცია ნათელია: „თუ ქალაქს სჭირდება, კი ბატონო, აღარაფერს ვამბობთ, მაგრამ თუ კერძო საკუთრებაში უნდა გაიცეს მიწა, რატომ არ უნდა გადმოგვეცეს ჩვენ და რატომ უნდა მიეცეს სხვას?“ მით უმეტეს, თუ ისინი ამაში 100-ჯერ მეტის გადახდას აპირებენ? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ  აღნიშნული ტერიტორიის გასხვისებასთან მათ არავითარი კავშირი არ აქვთ და რახან ქონება სახელმწიფო საკუთრება იყო, მისი განკარგვა მხოლოდ ზემდგომს შეეძლო. ეს ზემდგომი კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა, ხოლო იმათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რას ასხვისებდნენ, თუმცა ეს უფრო ამძაფრებს მათ პასუხისმგებლობას განუხორციელებელ ინვესტიციაზე. ასე გაუთვლელად და ზეპირად შეიძლება სახელმწიფო ქონების განიავება იმისგან, ვინც უნდა უფრთხილდებოდეს მას? საგულისხმოა, რომ შესაბამისი უწყებები არც საინვესტიციო პირობების შესრულებით დაინტერესებულან, რადგან ხელშეკრულებით სამ წელიწადში უნდა განხორციელებულიყო 3 მილიონის ხარჯვა. აქ კი მხოლოდ ინერტული მასალაა დაყრილი და ორი გამოუყენებელი წელი. ვინ დაიჯერებს, რომ ერთ წელიწადში მოესწრება ყველაფრის გაკეთება? ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო... არც ინვესტიციის განმხორციელებელია ვინმე და ის მიწებიც მოუვლელობით უვარგისი გახდა. იმედია, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აქვს სათანადო არგუმენტები და მას საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს.

                                                                                                                 ნატო ქათამაძე

       

გაზიარება