„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვეტერანი ემზარ ქვარიანი დედაქალაქში ბოლო დროს დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება და ხელისუფლებას რჩევასაც აძლევს: „ - ამ დრომდე, შეგნებულად ვიკავებდი თავს განცხადებებისგან, რადგან ახლა ამის დრო არ არის. თუმცა, იძულებული ვარ, სათქმელი გითხრათ. მთავრობის წევრებო, ნუთუ იმდენი არ გესმით, რომ ვეფხვი თუ ლომი ნადირია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანზე ნაკლებად გონიერია. უნდა გესმოდეთ, რომ ნადირი, რომელსაც თავდაცვის ინსტიქტი გააჩნია, მოერიდება ქალაქსა და ხალხმრავალ ადგილს. მოგიწოდებთ ხელისუფლებასა და შესაბამის სამსახურებს - ახლა განსაცდელში თბილისის გარეუბნებია, საზოგადოებრივ დატვირთვას შედარებით მოშორებული ადგილები, ამიტომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაამკაცრეთ. თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე განალაგეთ მორიგე ჯგუფები, რომლებიც დღეღამის განმავლობაში მოსახლეობის მშვიდ გადაადგილებას უზრუნველყოფენ. გარეუბნის მაცხოვრებლები აშკარა საფრთხეში არიან და თუ ხელისუფლება ხართ, სტიქიას გადარჩენილი ადამიანები ნადირისგან მაინც დაიცავით!“ - განაცხადა „ქრონიკა+“-სთან ემზარ ქვარიანმა.