QronikaPlus
ცემა-ტყეპა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ცემა-ტყეპა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

2015-06-20 08:00:01

სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობებში ურთიერთობების გარკვევა მუშტებით, ალბათ, იმ საოცარი დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, რითაც ევროპის აღფრთოვანებას ვაპირებთ. ევროპის არ ვიცი, მაგრამ მთელ რეგიონში დღემდე კარგად ახსოვთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში გამართული ცემა-ტყეპა, როცა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბადრი დიასამიძემ, საკუთარ კაბინეტში შპს „სწრაფი პროექტირების“ არქიტექტორი, გიორგი ჩანტლაძე სცემა. მიზეზი კი სულაც არ იყო ბანალური. ბადრი დიასამიძე 2011 წლიდან მუშაობდა ამ თანამდებობაზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ქობულეთში „ქართულ ოცნებას“ მოედანზე სცენის დადგმის ნებართვა არ მისცა და მხოლოდ აქტივისტების (სხვათა შორის, მათი უმეტესობა დღესაც სახლში ზის) ძალისხმევის შედეგად მოხერხდა იმ დღეს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა, ამის მიუხედავად, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მისთვის წარბი არავის შეუხრია _ ის ჯერ მოვალეობის შემსრულებლად დატოვეს, თვითმმართველობის არჩევნების მერე კი იმავე სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. ასე რომ, მისი განთავისუფლების პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია. ბადრი დიასამიძეს მიაჩნია, რომ ის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ირაკლი ცეცხლაძის ინტერესებს შეეწირა. სწორედ მასთან დაახლოებული პირები ფლობენ იმ ფირმას, რომელიც აზომვით ნახაზებს აკეთებს, ხოლო პროექტებს გიორგი ჩანტლაძეს უკვეთენ, ის კი არასათანადო პროექტებს აკეთებს, რითაც შემოსავლებს მალავენ და გადასახადებს არ იხდიან. შემდეგ ცდილობენ, პროექტსა და რეალურ მშენებლობას შორის სხვაობაზე ზედამხედველობის სამსახურს თვალი დაახუჭინონ. სწორედ ამ ფირმების ბუღალტერია ირაკლი ცეცხლაძის ძმა, ბესიკ ცეცხლაძე. საინტერესო ფიგურაა თავად ირაკლი ცეცხლაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ფაქტობრივად, გამგებელი, არჩილ ხაბაძის თვალი და ყური ქობულეთში. ამბობენ, რომ 2012 წლის არჩევნებისას, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის დღევანდელი ხელმძღვანელობის უმეტესობა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო და ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისას ექიმების ორგანიზება მან მოაწყოო (მაშინ საავადმყოფოს ფინანსური მენეჯერი გახლდათ). ალბათ, ეს ღვაწლი არ დაუკარგა კოჰაბიტაციამ და ის „ქართული ოცნების“ კვოტით გამგებლის მოადგილედ დანიშნეს. სხვათა შორის, ირაკლი ცეცხლაძის მეუღლე არჩილ ხაბაძის თანაშემწეა. ბადრი დიასამიძე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი: _ ჩემი სამსახური ამოწმებს მშენებლობების კანონიერებასა და მის შესაბამისობას პროექტებთან. მორიგი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ოთხ ობიექტზე პროექტსა და რეალურ მშენებლობას შორის დიდი სხვაობა იყო. ოთხივე ობიექტი ამ ფირმამ დააპროექტა. გიორგი ჩანტლაძე რამდენჯერმე ეცადა საქმის ისე მოწესრიგებას, მერე კი ჩემი დაინტერესება სცადა. მივხვდი, რომ მოგზავნილი იყო. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას კი მიიღო ის, რასაც იმსახურებდა. _ რა დარღვევები იყო ისეთი, რომელთა გამოსწორებაც არ შეიძლებოდა? _ სიმპტომური იყო ოთხივე პროექტისა და რეალობის სხვაობა, რამაც გააჩინა რეალური ეჭვი, რომ ეს შეგნებულად კეთდებოდა, იმიტომ, რომ გადასახადები დაემალათ. ფინანსებს კი ამ საპროექტოში ირაკლი ცეცხლაძის ძმა განაგებდა. ალბათ იფიქრეს, მისი მფარველობა საკმარისი იქნებოდა და რახან ჩემგან წინააღმდეგობას წააწყდნენ, მომიცილეს სამსახურიდან. ყოველთვის ვგრძნობდი, რაღაც საკითხის განხილვისას, ჩემი პოზიციის გამო, ჩემ მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებას. _ ირაკლი ცეცხლაძე იმ გავლენის მქონედ მიგაჩნიათ, რომ ამის გაკეთება შეეძლო? _ ფაქტი სახეზეა. ამ სამსახურის ხელმძღვანელად ხელმეორედ დანიშვნიდან ძალიან მალე გამგებელმა სულხან ევგენიძემ განცხადების დაწერა და სამსახურის დატოვება არაერთხელ მომთხოვა. მიზეზი ვკითხე და პასუხი არ მიმიღია. ე. ი. ჩემი განთავისუფლების იურიდიული საფუძველი არ არსებობდა. შემდეგ მოხდა ეს ინციდენტიც და სამსახურიდან გამიშვეს. სხვათა შორის, ბრძანება განთავისუფლების შესახებ ხელმოწერილია 30 იანვარს, მაშინ, როცა გამგებელი ბაკურიანში იყო. და კიდევ ერთი: ახალი წლის დღეებში შვილი ცუდად გამიხდა და ბავშვთა და დედათა ცენტრში გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ. იქ არასწორი კოდი მიანიჭეს, ვერც დიაგნოზი დაუსვეს, ორ დღეში კი 500 ლარი გადამახდევინეს. ეს ამბავი მამაჩემმა გაასაჯაროა, როგორც ჩანს, მოიკითხეს, ვინ ვიყავი და ერთ დღეს გამგებელი მეუნება, რომ მას უსაყვედურეს ამის გამო, _ საჯარო მოხელე ასე არ უნდა იქცეოდესო. მოკლედ, ფაქტები დაემთხვა ერთმანეთს და დღეს სახლში ვზივარ. „ქრონიკა+“ გიორგი ჩანტლაძეს ოფისში ეწვია. ის რაღაც ახალ პროექტზე მუშაობდა: _ ბატონო გიორგი, ბადრი დიასამიძესთან კონფლიქტზე მინდა შეგეკითხოთ. _ დაახლოებით ერთი კვირის წინ მე და ბადრი შევხვდით ერთმანეთს, დავილაპარაკეთ და კონფლიქტი ჩვენ შორის ამოიწურა. რაც მოხდა, არ იყო სასიამოვნო, მაგრამ, სამწუხაროდ, გამომიყენეს. ის კონფლიქტიც გამოიყენეს და მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ ერთმანეთთან პრეტენზიები არ გაგვაჩნია. _ ბესიკ ცეცხლაძეს რა ურთიერთობა აქვს თქვენთან? _ ის ჩემი ბუღალტერია. მინდა, საქმეები წესრიგში მქონდეს და მას ვენდობი. _ რა კავშირი აქვს თქვენს საქმიანობასთან ირაკლი ცეცხლაძეს? _ არაფერი. „ქრონიკა+“ ტელეფონით დაუკავშირდა ბესიკ ცეცხლაძეს: _ ბატონო ბესიკ, ბადრი დიასამიძემ „ქრონიკა+“-თან განაცხადა, რომ მისი განთავისუფლება თქვენსა და თქვენი ძმის ინტერესებში შედიოდა. რას იტყვით ამის თაობაზე? _ არაფერს არ ვიტყვი, სისულელეს მეკითხებით! _ და ტელეფონი გათიშა. არადა, მისთვის ისიც უნდა გვეკითხა, რა წვლილი მიუძღოდა კოოპერატივ `ქაქუთის~ პრობლემებთან მიმართებით, სადაც ასევე ფიგურირებს მისი სახელი, მაგრამ ვინ დაგაცალა? იმედია, მისი გულდიდობა ძმისა და რძლის თანამდებობებით არ არის გამოწვეული. ბადრი დიასამიძემ სასამართლოს მიმართა და პასუხად იგივე მიიღო, რაც ჩვენმა წინა რესპონდენტმა, _ განთავისუფლების საფუძველი არ იყო, ძლიერთა ამა ქვეყნისათა ხუშტურია და რა ვქნათ, ძმაო, ასეთია კანონიო. მაინც ვიტოვებთ რწმენას, რომ ოდესმე სამართალი მართლაც შეჭამს პურს.  

                                                                                                                    ნატო ქათამაძე

 

გაზიარება