ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმური ბრიფინგი თელავში კვერცხების სროლითა და ცოცხების ფრიალით დასრულდა...
თუმცა მეამბოხე „ქოცები“ ძირითადად იყვნენ საჯარო მოხელეები, ლექსო თამაზაშვილის ძმაკაცები და რეგიონში ცნობილი ლევან კოჭლოშვილი...
წინასაარჩევნოდ კოჭლოშვილი თელავის თემის გამგებელს, ალექსანდრე შათირიშვილს აგიტატორად დაჰყვებოდა. მაშინდელი შრომა ხელისუფლებამ კოჭლოშვილს არ დაუვიწყა და წლის ბოლოს არაერთ ადგილზე დააწინაურა.
ლევან კოჭლოშვილის როლი და დამსახურებები კახეთში!
მას შემდეგ, რაც შარშან კოჭლოშვილმა შეძლო და საჯარო მოხელეებისა და ლექსო თამაზაშვილის ნასამართლები მეგობრების მობილიზაცია მოახერხა, ქალაქში უკვე ყველამ იცის, რომ ვინც ხმას ამოიღებს, კოჭლოშვილი თავისი „ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღით“ მზად არის, ყვირილითა და დესტაბილიზაციით მოაგვაროს ნებისმიერი საქმე.
ლევან კოჭლოშვილი 2012 წელს კახეთში „ქართული ოცნების“ აქტივისტთა რიგებში ირიცხებოდა, თუმცა, მოგვიანებით, კოჭლოშვილის უშუალო ზედამხედველსა და მფარველს, ირაკლი სესიაშვილს, კოალიციამ თელავში უნდობლობა გამოუცხადა. მათ ოფისში მისვლაც კი აეკრძალათ. მიზეზი ის გახლდათ, რომ კოჭლოშვილს ერთგულმა „ოცნების“ „ტიპებმა“ გამყიდველობა დასწამეს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულეს და მისგან თავი შორს დაიჭირეს.
გარკვეული პერიოდი კოჭლოშვილი არასამთავრობო მოძრაობა „ივერიელს“ დაუბრუნდა, თუმცა გასული წლის გაზაფხულიდან კვლავ რაიონის წამყვან პოზიციებზე გამოჩნდა.
დღეს კი... თელავში ცნობილია, რომ კოჭლოშვილი ინფორმაციებს აგროვებს და ასე დატვირთული ახლა ორ მისამართზე მიემგზავრება. კერძოდ, ორი ბატონის _ კახი კალაძისა და ირაკლი სესიაშვილის მსახურად ქცეული კოჭლოშვილი კახეთის გუბერნატორზე ეძებს კომპრომატებს, პარალელურად თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგებელს კულუარული საუბრების დროს ჰპირდება, რომ მალე ციხეში გაუშვებს და „პერედაჩებს“ საკუთარი ხელით აახლებს!
შავი სია, რომლითაც კალაძემ დიდი განკითხვის საღამო მოაწყო, სავარაუდოდ, კოჭლოშვილმა შეადგინა.
სწორედ ამ სიის მიხედვით დღის წესრიგში დადგა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ თელავის ვიცე-მერი, თენგო მთვარელიშვილი, რადგან 2012 წლამდე სურსათის უვნებლობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსად მუშაობდა. ამავე სიაში იყო თელავის მერის მოადგილე, აკა საჩიშვილი, რომლის ბრალეულობაც ის აღმოჩნდა, რომ გასულ წლებში ძალოვან სისტემაში მუშაობდა... ამავე სიაში აღმოჩნდა გიორგი ქოქიაშვილი, რომელიც გუბერნიაში ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2010 წლის მერე დღემდე მუშაობს. შავ სიაშივე იყო ლევან ბერძენაშვილი, რომელიც იურიდიული სამსახურის უფროსია თელავის თემის მუნიციპალიტეტში, მისი დანაშაული კი ისაა, რომ იყალთოს სკოლის დირექტორის შვილია, რადგან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ სოფლის სკოლის დირექტორს ეახლა სტუმრად 2011 წელს!
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, კოჭლოშვილი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სულ მალე ვიცე-გუბერნატორი გახდება და თავად დაიწყებს წმენდას.
ცოდვა გამხელილი სჯობია
თავად ლევან კოჭლოშვილმა ერთადერთხელ მომმართა თხოვნით, იქნებ, გუბერნატორსა და გამგებელ ალექსანდრე შათირიშვილზე კომპრომატები მისთვის მიმეცა, რათა მას პოლიტსაბჭოზე წარედგინა.
აგე, ბატონო ლევან, „ქრონიკა+“ და იკითხეთ და წაიღეთ, სადაც გინდათ, ყველაფერი აქ წერია. მთავარია, გულით წაიკითხოთ.
თუმცა 2015 წელს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა _ კოჭლოშვილი თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური გახდაო. მალე მეორე სამსახურიც შეუთავსეს და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში რექტორის კონსულტანტად დანიშნეს. ბუნებრივია, ისმის კითხვა, _ ვინ არის და რა სპეციალობის კაცია კოჭლოშვილი, რომელსაც ამხელა ნდობა გამოუცხადა ცოდნის ტაძარმა და თვითმმართველობამ?!
მთავარი და საინტერესო კი ისაა, რომ კოჭლოშვილს არც დიპლომი აქვს და არც შესაბამისი კვალიფიკაცია, პრესსამსახური იყოს, ან უარესი _ რექტორის კონსულტანტი, მაგრამ ამ ყველაფერს ვინ ჩივის?! _ კაცი მალე კახეთის ვიცე-გუბერნატორი ხდება და როგორც სამეგობროში საუბრობს, კალაძის დავალებით თამაზაშვილებისა და ღარიბაშვილების კლანისგან უნდა გაათავისუფლოს რეგიონი.
P. S. ასე რომ, კახეთს ახალი მხსნელი ჰყავს, რომელსაც კახელი „რესპუბლიკელები“ „ოცნების“ „შავ პიარს“ ეძახიან! შემოდგომით თელავის გამგებლის დაჭერას გვპირდება, ამ ეტაპზე კი ლევან კოჭლოშვილს მობილური გამორთული აქვს!
დაბოლოს, კანონმდებლობა გვავალდებულებს: პირს, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს, არ აქვს უფლება, დამატებით პოზიცია დაიკავოს სხვა საჯარო სამსახურში! თუნდაც, კონსულტანტად! ბატონი ლევან კოჭლოშვილი კი, ამ დროისათვის, თელავის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსულტანტად ირიცხება, საიდანაც, ჯამში, 1500 ლარამდე ხელფასი აქვს.
ასეა, ხან ცოცხის ფრიალი და ხანაც კვერცხის სროლა დასაფასებელია!
მაკა მოსიაშვილი