შპს „ვარკეთილი 96“-ის რამდენიმე დამფუძნებელი, რომელთა საერთო წილი შპს-ში 35%-ს შეადგენს, მთავარ პროკურატურას ულტიმატუმს უყენებს და მათი საქმის გამოძიების დასრულებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრება. შპს-ს მეწილეებს პრეტენზიები აქვთ ყოფილ და ახლანდელ დირექტორებთან, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებენ, უმცირესობაში მყოფ აქციონერებს კი არც დივიდენდებს უხდიან და არც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რთავენ. როგორც უმცირესობაში მყოფი მეწილეები აცხადებენ, მათ მოწინააღმდეგეებს ხელისუფლებაში მფარველები ჰყავთ, რომელთა შორის არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნები და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც პროკურატურაში დღესაც საქმეებს „აგვარებს“.
ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს შპს „ვარკეთილი 96“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზანდა მსხვილიძე ესაუბრა:
_ მე გახლავართ შპს „ვარკეთილი 96“-ის 10%-იანი წილის მფლობელი. ეს არის ვარკეთილის ბაზრობა, რომელსაც უზარმაზარი შემოსავლები აქვს და დასაქმებულია 600 კაცზე მეტი. 2009 წელს შპს-ს დირექციასა და მცირე აქციონერებს შორის, კონკრეტულად, 40%-ის მფლობელებს შორის, დავა დაიწყო. შემდეგ 5%-იანი წილის ერთ-ერთი მფლობელი გარდაიცვალა და მისმა ქალიშვილმა აქცია უმრავლესობაში მყოფ მეწილეს მიჰყიდა. შპს-ს 4 მეწილეს _ მე, ზანდა მსხვილიძეს, იათამზე ქავთარაძეს, ნესტან თოდუასა და ნუგზარ კახიძეს, რომელთა საერთო წილი შპს-ში 35%-ს შეადგენს, პრეტენზიები გვაქვს შპს-ს ყოფილ დირექტორებთან: გურამ ქაცანაშვილთან, პაატა ნუცუბიძესთან და დღევანდელ დირექტორთან, ოთარ პირველთან. როგორც გითხარით, დავა 2009 წელს წარმოიშვა. მხოლოდ საუბრებით, შეთანხმებებითა თუ კრების ოქმებით ჩვენი პრობლემები არ წყდებოდა. გვქონდა ეჭვები, რომ დირექტორები თანხებს უმალავდნენ როგორც ბიუჯეტს, ასევე დამფუძნებლებს. უმრავლესობაში მყოფი მეწილეები ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებენ, უმცირესობაში მყოფ აქციონერებს კი არც დივიდენდებს გვიხდიან და არც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გვრთავენ. აქედან გამომდინარე, მივმართეთ ფინანსურ პოლიციას. როდესაც ფინანსური პოლიცია შემოვიდა, ბიუჯეტთან მიმართებით აღმოაჩინა დარღვევები, ასევე პარტნიორებს შორის უამრავი გაყალბებული დოკუმენტია ჩვენზე გაწერილი. ფინანსურმა პოლიციამ მოგვცა პასუხი, რომ გამოავლინა ორი დამნაშავე დირექტორი _ პაატა ნუცუბიძე, გურამ ქაცანაშვილი და დააწერა 254 000 ლარის ჯარიმა. ეს ჯარიმა ახალმა დირექტორმა გადაიხადა, რომელსაც ამის არანაირი უფლება არ ჰქონდა. ეს თანხა გადახდილია შპს-ს დივიდენდებიდან და მის მიერ აღებული კრედიტიდან. ეს დარღვევაა, კანონს ეწინააღმდეგება, როდესაც ახალი დირექტორი ძველის ვალს ჩვენი ჯიბიდან იხდის, სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა მათ მიმართ იმდროინდელი ხელისუფლება და პროკურატურა ძალიან ლოიალური იყო, მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა. ჩვენი დავა სამოქალაქო კუთხით დღემდე მიმდინარეობს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორი _ 218-ე და 220-ე მუხლებით, ვითხოვთ პროკურატურის რეაგირებას გაყალბებულ დივიდენდებზე, შემოსავლების სამსახურში ჩვენზე გაწერილ მიუღებელ თანხებზე, მაგრამ 2009 წლიდან დღემდე, ამ მიმართულებით, ნაბიჯი არ გადადგმულა.
_ რატომ არ ისჯებიან ეს ადამიანები და ვინ მფარველობს მათ?
_ 2009 წელს, როდესაც პროკურატურა და ფინანსური პოლიცია იძიებდა ამ საქმეს და მხოლოდ ჯარიმა გადაიხადეს, დამფუძნებლებმა მოიწვიეს კრება, სადაც განაცხადეს, რომ ამ ყველაფრის მოგვარება მილიონი ლარი დაგვიჯდა და თქვენ დივიდენდებს ვეღარ მიიღებთო. სამწუხაროდ, აგვისრულეს! თქვენთვის გასანაწილებელი დივიდენდების ხარჯზე ჩვენს მფარველებს გადავუხდით საქმის მოგვარებისთვისო. იმ დროს ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა ოთარ ფარცხალაძე, ლერი ბარნაბიშვილი იყო ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, გიორგი თარგამაძე გახლდათ ჩვენი გამომძიებელი. სამწუხაროდ, გამოძიებამ მაშინ ერთი ნაბიჯიც არ გადადგა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ოთარ ფარცხალაძე უკვე მთავარ პროკურორად ვიხილეთ, ლერი ბარნაბიშვილი ფინანსური პოლიციის უფროსად, ხოლო კრიმინალი გამომძიებელი, გიორგი თეთრაძე _ პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე. დღემდე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს და ამას ადასტურებენ უმრავლესობაში მყოფი კრიმინალი დირექტორები, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ჰყავთ მფარველები. საუბარია ასევე მათი და თამაზ მეჭიაურის ახლობლობაზე, რაც, ფაქტობრივად, დირექტორებმა ტელეეთერის მეშვეობით დაადასტურეს. მეჭიაური პარლამენტის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ, ნასამართლევია ქრთამის აღებაზე... კულუარულადაც საუბრობენ და უამრავი მასალაც გამოქვეყნდა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქვეყანაში დღეს ბევრ რამეს „აგვარებს“, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობიდან გადადგა. ყველამ იცის, რომ „ლუკოილში“ მუშაობს, დღის ერთ ნახევარს იქ ატარებს, ხოლო მეორე ნახევარს _ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ იმ დროს, როცა ეს საქმე მოგვარდა, დიდი თანხა გადაიხადეს და ვინც მაშინ მფარველობდა, ახლაც ის აფარებს ხელს! იმ პერიოდში, როცა 16 ლარის გამო შეეძლოთ ადამიანი დაეჭირათ, ასეთ საქმეებზე ხალხს რას უშვრებოდნენ, ქონებას ართმევდნენ და რას აღარ კადრულობდნენ, ესენი შეიფარეს და დღემდე მფარველობენ! ვინც დავასახელე, ყველა მათგანს პირდაპირი შეხება ჰქონდა ამ საქმესთან. საქმეში დევს ფინანსური პოლიციის დასკვნები, რითაც დასტურდება, რომ შპს-ს დირექტორებმა დოკუმენტები გააყალბეს. არ შეცვლილა გამომძიებელი, რევიზიის თანამშრომლები, ფინანსური პოლიციის უფროსი, ისევ ის ხალხია, ვინც მათივე საწინააღმდეგო ოქმები დადო. ე. ი. საკუთარ თავზე უნდა განახორციელონ ბრალის წაყენება!..
2009 წელს, როცა ამ ხალხმა დანაშაული ჩაიდინა, პასუხი არ მოსთხოვეს, ამიტომ პირდაპირ გადავიდნენ ჩვენი ქონების წართმევაზე. 2009 წლიდან წილი მაქვს შპს-ში, დარეგისტრირებული ვარ როგორც შპს-ს ერთ-ერთი მფლობელი, მეწილე. ფაქტობრივად, ვერ ვიღებ ერთ ლარსაც, როცა დირექტორს აქვს ხელფასი 15 000 ლარი, დანარჩენი დამნაშავე დირექტორები (ამას მე არ ვუწოდებ, გამოძიებამ დაადგინა) არიან ისევ ფინანსური დირექტორები და აქვთ 12000-13000 ლარი. ჩვენი საქმე თაროზეა შემოდებული და მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ვერ ბედავენ დახურვას. დირექტორი და დამნაშავე უმრავლესობა მეუბნება, ჩვენს მფარველებს თვეში 50 000 ლარი მისდითო, ის, რაც თქვენ უნდა მიგეღოთო! რამდენი საქმეა გაუხსნელი, მარტო ჩვენ ხომ არ ვართ?! დიდი ამბავი, თუ შპს `ვარკეთილი 96~-ს დამფუძნებლები იყვირებენ!.. უმცირესობაში ვინც ვართ, დივიდენდებს ვერ ვიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურში ფიქსირდება. თვეში 50 000 ლარი წლიდან წლამდე დათვალეთ, ნახევარ მილიონ ლარზე მეტია! ამ თანხას რომ ღებულობ, შემოსავლების სამსახურში ავსებ დეკლარაციას, მე ეს თანხა არ შემაქვს, ვერ ვაფიქსირებ, რომ თანხა მერიცხება, არადა, ამის გამო შემოსავლების სამსახურმა შესაძლებელია, დამაჯარიმოს. აქედან გამომდინარე, შევიტანე განცხადება: ეს თანხა, რომელიც ვითომ მერიცხება, არ იფიქროთ, გიმალავთ-მეთქი. წარვადგინე დოკუმენტები, რომ ვერ ვიღებ თანხას და დეკლარაციას არ ვავსებ. ერთი სიტყვით, დირექციისთვის მთავარია, რომ ჩვენთვის მოსაცემი დივიდენდი საგადასახოში `გააპრავონ~, ჩვენთვის მოსაცემი თანხა კი, რეალურად, ვის ჯიბეში მიდის, არავინ იცის! ჩვენ რომ არ ვიღებთ, ეს ფაქტია!
_ უმცირესობაში მყოფმა მეწილეებმა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, პროკურატურის შენობაში შიმშილობის აქცია დაიწყეთ, თუმცა იმავე დღეს შეწყვიტეთ. რა გახდა ამის მიზეზი და როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას?
_ დიახ, შიმშილობა გამოვაცხადეთ, არ ვაპირებდით აქციის შეწყვეტას, სანამ შედეგი არ დადგებოდა. მთავარი პროკურატურიდან ჩამოვიდნენ და გვთხოვეს, ორშაბათამდე დაგვაცადეთო, ამიტომ შევწყვიტეთ შიმშილობა. თუმცა მათი იმედი არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, არაფერი შეიცვლება! შესაბამისად, აქცია განახლდება! ჩემი აზრით, პროკურატურას შეეშინდა, რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდებოდა, ოპოზიციური პარტიებიდან მოდიოდნენ, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა მოგვინახულეს... ერთი სიტყვით, ჩვენც გავუწიეთ ანგარიში, მხოლოდ ორშაბათამდე! გვითხრეს, რომ შეგვახვედრებენ ირაკლი შოთაძეს და გავესაუბრებით. ერთია ის, რომ 2009 წლიდან ქონება, ფაქტობრივად, წართმეული გვაქვს, მეორე _ ის კოლოსალური თანხები, რომელიც მიდის სასამართლოში, ექსპერტიზაში, ადვოკატის მომსახურებაში, თან აქ საუბარია დიდ ქონებაზე, აქედან გამომდინარე, ყველგან მაქსიმალურ თანხას ვიხდით. მე არ ვმუშაობ, ჩემი ძმა წინა ხელისუფლების გამო დევნილია, რადგან მამა ოპოზიციაში იყო. ჩემი მეუღლე არ მუშაობს, მშობლები პენსიონერები არიან, სახლში გვყავს 5 მცირეწლოვანი ბავშვი. ასევე ჩემს პარტნიორებს სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ და ამ ყველაფრის ხარჯებს მე ვიღებ, ამ ხალხს ვერ მივატოვებ. სახლი დავაგირავე იმის მოლოდიში, რომ სამართლიანობა აღდგებოდა და ჩემს თანხას დავიბრუნებდი. იმის გამო, რომ სამართალი ვერ ვიპოვეთ, სახლიდანაც უნდა გამომასახლონ?! ძალიან მძიმეა ამის მოსმენა, თითქოს შენი ქვეყნის ღალატია, მაგრამ როცა ამისკენ გიბიძგებენ და სხვა გზა არ გაქვს, იძულებული ხარ, შენი ქვეყნის გარედან დაიწყო ბრძოლა. თუ ჩვენ მიმართ სამართლიანობა არ აღდგება, ოჯახის 11 წევრი, რომელთა შორისაა 5 არასწრულწლოვანი და ერთი ხანდაზმული პოლიციისა და იუსტიციის გენერალი, დავტოვებთ ქვეყანას და სტრასბურგში ვიჩივლებთ!
„ქრონიკა+“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, მაგრამ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ასევე დავუკავშირდით პარლამენტარ თამაზ მეჭიაურს, რომელმაც გვიპასუხა, რომ თათბირზე იმყოფებოდა. მან არც მოგვიანებით უპასუხა „ქრონიკა+“-ის სატელეფონო ზარებს.
თამარ ბატიაშვილი