QronikaPlus
გიგი უგულავას სარჩელის განხილვა უკვე დაიწყო!

გიგი უგულავას სარჩელის განხილვა უკვე დაიწყო!

2015-06-18 09:34:05

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს, 10 ივნისიდან მორიგი, ახალი და ხმაურიანი სარჩელის განხილვას შეუდგა. ამჟამად, საქმე ეხება თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც დავის საგანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმები, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესში არეგულირებს აღკვეთის ღონისძიებების, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების წესებს. თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები შესაძლებლობას იძლევა, პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ განმეორებით გამოიყენონ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტს, რის თანახმადაც, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. რა გადაწყვეტილებას გამოიტანს გიორგი პაპუაშვილის სასამართლო, უცნობია, თუმცა `ახალგაზრდა ადვოკატები~ ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, 2012 წლის შემდგომ, პოლიტიკური კონტექსტითაა ნაკარნახევი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოქმედი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, გიორგი პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, კიდევ სხვა გამოწვევებსაც უნდა ელოდოს. „ქრონიკა+“ ორგანიზაციის განცხადებით დაინტერესდა, რომლის მეშვეობითაც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან „მოსმენების შესახებ“ კანონის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების საშიშროებაბზე გააფრთხილეს. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი _ არჩილ კაიკაციშვილი: _ არჩილ, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გააკეთეთ სპეციალური განცხადება და აღნიშნეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „მოსმენების შესახებ“ კანონის განხილვა ეროვნულ ინტერესებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უნდა მიუსადაგოს. რა გახდა ასეთი შეფასების მიზეზი და რა ინფორმაციას ფლობს ორგანიზაცია სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ? _ ჩვენი ორგანიზაციის შეფასებები ეყრდნობა იმ ტენდენციებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ცალკეულ გადაწყვეტილებებში იკითხება. საზოგადოება ახლა მსჯელობს მოქმედი საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მის ავკარგიანობაზე, გიგი უგულავას 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის უკანონობაზე თუ სამართლებრივ დაუსაბუთებლობაზე, თუმცა ყველას ავიწყდება, რომ აღნიშნული საქმეების განხილვამდე საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო სხვა გადაწყვეტილებები: მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თემაზე და არხზე შექმნილ „ორხელისუფლებიანობის“ საკითხზე. ამჟამად, საკონსტიტუციო სასამართლო მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის დარჩენილი უფლებამოსილების ვადაში საზოგადოებას კიდევ ერთ ახალ გადაწყვეტილებას გააცნობს. მართალია, ჯერ განხილვა არ დაწყებულა, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, აგვისტო-სექტემბერში უნდა დაიწყოს `მოსმენების კანონის~ შესახებ შეტანილი სარჩელის განხილვა, სადაც ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობა საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლებთან წინააღმდეგობაშია, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების უფლების დაცულობას. ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად მაღალია ალბათობა, აღნიშნული კანონი საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოს, რაც სერიოზული დარტყმა იქნება ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამიტომაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვისკენ მოვუწოდეთ. _ რას გულისხმობთ, თუკი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „მოსმენების შესახებ“ კანონს ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს? რა შეიცვლება ასეთი შედეგით და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, როდესაც საუბრობთ შესაბამისი საჭირო მოქმედებების დაგეგმვაზე? _ რასაკვირველია, შესაბამისი საჭირო მოქმედებების დაგეგმვა არ ნიშნავს, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. ვფიქრობთ, ხალხი ამას აღარ დაუშვებს. ამ მანკიერ პრაქტიკას საზოგადოებამ, 2012 წლის ოქტომბერში, ერთხელ უკვე უთხრა უარი. მჯერა, რომ თბილისიდან აღარ ისმის კარნახი, რომელმა მოსამართლემ რომელ საქმეში რა გადაწყვეტილება მიიღოს. ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი. თავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ეროვნული ინტერსების შესატყვისი გადაწყვეტილება მიიღოს. წინა გადაწყვეტლებები, ამ მიმართულებით, უფრო ანტისახელისუფლებოა, ვიდრე ანტიკონსტიტუციური. შესაბამისად, არ არსებობს მაღალი მოლოდინი, რომ გიორგი პაპუაშვილის სასამართლოს შემადგენლობა „მოსმენების კანონის“ განხილვას ეროვნულ ინტერესებს მიუსადაგებს. ამიტომაც ხელისუფლებას მართლაც აქვს თავსატეხი, შემდეგ რა ხდება, თუკი სასამართლო იტყვის, რომ „მოსმენების კანონის“ ცალკეული დებულებები ანტიკონსტიტუციურია? შეუძლებელია, იგნორირებული დარჩეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემები. საზოგადოება უნდა ფლობდეს ინფორმაციას, თუ რა მოხდება, თუკი მოქმედი „ორგასაღებიანი“ სისტემის შემთხვევაში სახელმწიფო დაკარგავს ერთი გასაღების ფლობის შესაძლებლობას, ან ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა აღმოჩნდება კერძო უცხოური კომპანიების მფლობელობაში? შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მაღალი სტანდარტით დასაბუთება მართებს, რათა გასაჩივრებული კანონის განმარტება არ დაუქვემდებაროს არც პოლიტიკურ კონტექსტს და არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს. „მოსმენების კანონი“ დაბალანსებულია და პასუხობს ორივე ფუნდამენტურ ინტერესს _ დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და, ამავე დროს, უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოება და სახელმწიფო ინტერესები. საქართველოს გამოწვევების გათვალისწინებით, მისაღები ვერ იქნება, ქვეყანაში სამძებრო-ოპერატიული საქმიანობა განახორციელოს კერძო კომპანიებმა. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს ოპერატიული საქმიანობის განხორციელების ანალოგიური სისტემა. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი, სახელმწიფოებრივი არსიდან გამომდინარე, ყველგან თავად სახელმწიფოა, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისი უწყებების მეშვეობით. ისეთი სფეროები, როგორიცაა გამოძიება, ოპერატიული საქმიანობა და დაზვერვა, თავისი არსით სპეციფიკურია და, შესაბამისად, ამ სივრცეებზე წვდომა, მთელ რიგ ევროპულ სახელმწიფოებში, არის ყველაზე დაცული, კონფიდენციალური და გასაიდუმლოებული. სფერო პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უშიშროებასთან. ამიტომაც ნებისმიერი სახის აქტიური შემხებლობა კერძო კომპანიების მხრიდან, მით უმეტეს, როდესაც ეს კომპანიები წარმოადგენენ უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებს, რეალური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის უშიშროებას და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. _ როგორ შეაფასებდით საჩივრის ავტორთა პოზიციებს, მათაც აქვთ არგუმენტები. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თუ არა პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლებლობა, თუკი ეს ოპერატიულ-სამძებრო საკითხმა მოიტანა? _ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხს არ აფასებს იმ კუთხით, რომ სახელმწიფოს შეუზღუდავი უფლებები უნდა ჰქონდეს ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებისას და მან არ დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულებები ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში, მათ შორის, სადავოდ გამხდარი პირადი ცხოვრების, პიროვნების თავისუფალი განვითარების, ადამიანის კერძო საკითხებთან არსებული ინფორმაციის დაცვის უფლება. ჩვენი შეფასებით, არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ უწყებას არ უნდა ჰქონდეს კანონის ფარგლებს გარეთ მოქმედებისა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევის შესაძლებლობა. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა, თუკი იგი მოხდება, თუნდაც, მოქმედი „მოსმენების კანონის“ „ორგასაღებიანი“ სისტემის ფუნქციონირებისას, უნდა გამოვლინდეს და მკაცრად დაისაჯოს. სამოქალაქო სექტორის ერთი ჯგუფის განცხადება, რომ „მოსმენების კანონი“ უკანონო მოსმენების პრაქტიკას აგრძელებს, არც ერთი ფაქტით არ საბუთდება. შესაბამისად, კამპანია „ისევ გვისმენენ“ სახელმწიფო ინტერესების რეალური გათვალისწინების გარეშეა, საჭიროებს თემაზე ჯანსაღ დისკუსიას და მოსახლეობის ინფორმირებას კანონის, კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რეალურ მიზნებზე. როგორც ვიცით, ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა, რაც „გასაღების“ დატოვებით შეინარჩუნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიცემული მეორე „გასაღები“ კი მხოლოდ ფარული სატელეფონო მოსმენებისას იმუშავებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გასაჩივრებული კანონის შეფასებისას განაცხადა: „სასამართლო თავის სიტყვას იტყვის, როგორც ყოველთვის, ობიექტურად და კანონზე დაყრდნობით“, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი მიდგომებიდან გამომდინარე, შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ `მოსმენების შესახებ~ კანონი ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდება. მან ასეთივე შეფასება დააფიქსირა საარჩევნო კოდექსის შესახებ გასაჩივრების ფაქტზეც. სულ ცოტა ხნის წინათ კი, როდესაც საუბარი ეხებოდა საქართველოს მხრიდან ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 მუხლის რატიფიცირებას, განაცხადა, რომ ევროსასამართლოსთან თანამშრომლობა ურთიერთწინააღმდეგობის რეჟიმში არ უნდა მიმდინარეობდეს. გიორგი პაპუაშვილს მოქმედი პოლიტიკური გუნდისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს სამართლიანობის აღდგენასა თუ ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზეც. ეს კარგია თუ ცუდი, არ ვიცი, მაგრამ ყველა განსხვავებულ აზრში რაციონალური ინტერესი უნდა იკითხებოდეს. პაპუაშვილი 2006 წლის 14 ივლისს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშნა, ხოლო შემდგომ  საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ აირჩიეს სასამართლოს თავმჯდომარედ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას სიმბოლურ ფასად _ 1000 ლარად გადასცა ჩამორთმეული ქონება, რომელიც ახლა სადავოა და თუკი დღეს ხელისუფლებასაც უკვირს, რატომ განსხვავდება გიორგი პაპუაშვილის ხედვები სახელმწიფო ინტერესებისგან, პასუხები ბიოგრაფიებში მოძებნოს. _ რა შეხედულება გაქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოქმედი საარჩევნო სისტემის დისკრიმინაციულობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე? თქვენ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შემოღება და საარჩევნო რეფორმაზე საზოგადოებასთან დისკუსია მოითხოვეთ... _ უნდა შეიქმნას მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები და პოლიტიკური შეთანხმებების გამო არ დაირღვეს ადგილობრივ ამომრჩეველთა თანასწორუფლებიანობა, საარჩევნო უფლებები. საარჩევნო სისტემის რეფორმა არ უნდა გახდეს პოლიტიკური გარიგებების, მათ შორის,  შესაძლო ფარული შეთანხმებების შემადგენელი ნაწილი. პროპორციულ სისტემაზე გადასვლამდე საჭიროა რეფორმების სწორი გააზრება და კანონმდებლობის შეცვლა ქვეყნის დღევანდელ რეალობასთან მიმართებით. სწორია პრინციპი, როცა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა მიიღონ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა, შეძლებისდაგვარად, უნდა მიმართონ თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, მაგრამ საარჩევნო რეფორმის შემდგომი განვითარება აჩენს რისკებს, რომ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები ან ამომრჩეველთა მცირე რაოდენობის მუნიციპალიტეტები, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, წარმომადგენლის გარეშე დარჩეს. შესაბამისად, ორგანიზაცია მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შემოღების აუცილებლობაზე მიუთითებს. მაჟორიტარის ინსტიტუტის სრულ გაუქმებამდე საჭიროა ახალი რეგულაციები, რომელიც მაჟორიტარების ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულებას გაზრდის. რიგ შემთხვევაში დარღვეულია კავშირი მაჟორიტარ კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შორს, რაც გამოიხატება მაჟორიტარების მოსახლეობასთან ნაკლები შეხვედრებით. იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას კომუნიკაციის ნაკლებობა და მაჟორიტარები გახდნენ ქმედითები, საჭიროა შემუშავდეს დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც დააკონკრეტებს მაჟორიტარი დეპუტატების უფლებამოსილებებს და კანონში მკაფიოდ იქნება გაწერილი მაჟორიტარების ვალებულებები: მათი როლი ადგილობრივ დონეზე საკითხების გადაწყვეტის პროცესში, ურთიერთობის საკითხი თვითმმართველობის ორგანოებთან და სხვ. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ბუნდოვანია მაჟორიტარი დეპუტატების ვალდებულებები. კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ ამომწურავად არ პასუხობს პრაქტიკულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების ნაცვლად უნდა გამოსწორდეს აღნიშნული საარჩევნო სისტემის ხარვეზები და მაჟორიტარების საქმიანობა უნდა გახდეს უფრო ეფექტური.  

                                                                                                თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება