ჩემი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი ჩარგეიშვილია _ მსოფლიო ჩემპიონი ხელჩართულ ბრძოლაში, ორგზის საბჭოთა კავშირისა და ასევე ორგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს თასის მფლობელი საბრძოლო სამბოში, რამდენჯერმე საუკეთესო სპორტსმენად დასახელებული, ორმოცი ოფიციალური ორთაბრძოლიდან მოიგო ორმოცივე, მეშვიდე იყო მსოფლიო კლასიფიკაციაში... შთამბეჭდავი ჩამონათვალია, მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი. თავის დროზე სცემა მსოფლიო დონის ლეგენდა, ჩაკ ნორისი, რომელიც ქართველ გლადიატორს მეორე რაუნდში დანებდა. დღეს ბატონი გიორგი კენპო-კარატეს ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ და სპორტის საკითხების გარდა „ქრონიკა+“-სთან პოლიტიკაზეც საუბრობს. საქმე ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობის გამო ხელჩართული ბრძოლის ოსტატები პოლიტიკურ გააქტიურებას აანონსებენ.
გიორგი ჩარგეიშვილი:
_ ორი სიტყვით რომ შევაფასო დღევანდელი სიტუაცია, საქართველოში დღეს ნულოვანი მდგომარეობაა. სახელმწიფო თითსაც არ ატოკებს სპორტის ამ სახეობის განსავითარებლად. არადა, ყველა დამეთანხმება, რომ მთელ მსოფლიოში პოპულარული სპორტია და მის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ჯანმრთელი ცხოვრების წესი გახლავთ და ამ მხრივ მაინც უნდა იყოს დაინტერესებული სახელმწიფო, რომელიც დღეს მხოლოდ ოლიმპიურ სახეობებს აფინანსებს. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. როცა არ არის ოლიმპიური მიმართულება, სახელმწიფო არ ეხმარება. მე პირადად ასეთი რამ არ მახსოვს. 1997 წლიდან ოფიციალურად ვფუნქციონირებთ და ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება თუნდაც ერთი თეთრით დაგვხმარებია. ასე იყო და იქნება ყოველთვის. თუკი საერთაშორისო შეხვედრებში ვმონაწილეობთ, ეს ხდება მხოლოდ საკუთარი ხარჯებითა და პირადი ურთიერთობებით.
_ არადა, მართლაც პოპულარული სპორტია. ჯანმრთელი ცხოვრების წესის გარდა სერიოზული ფინანსებიც ტრიალებს.
_ ჩვენთან პოპულარული იქნება, თუკი სერიოზული სპეციალისტები და მართლაც საქმის პროფესიონალები იმუშავებენ, მაგალითად, ისევე როგორც ჩეჩნეთში, სადაც კადიროვმა მოიწვია ცნობილი სპეციალისტები, გაკეთდა ჯეროვანი პოპულარიზაცია და, შესაბამისად, კარგი შედეგიც მიიღეს, ანუ ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან იქ ყველანაირად ჩანს, ჩვენთან კი ასეთი სიტუაციაა: დავუშვათ, ჩავატარეთ შეჯიბრება და მოვიპოვეთ პირველი ადგილი, ჩვენმა ტელევიზიებმა შეიძლება გამოაცხადონ, რომ შეჯიბრება ჩატარდა აქა და აქ და ამით მთავრდება ყველაფერი. ვინ მოიგო, ვინ წააგო _ ვერაფერს შეიტყობ. საინტერესო ის არის, რომ BBშ-დან დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს, როდესაც შეჯიბრებებს ჩაატარებთ, ჩვენ გავაშუქებთო. ამ წინადადებისთვის მადლობა მოვახსენე, მაგრამ რატომ უნდა გააშუქონ საქართველოში უცხოელებმა რამე ღონისძიება, როცა არსებობს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, გვაქვს ასევე უამრავი ტელევიზია და გაზეთი? ამით ხომ ჩვენს სახეს ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს და ვამბობთ, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს სპორტის ეს სახეობა.
_ ასე ხომ ვერც კი განვითარდება სპორტის ეს სახეობა...
_ დიახ და ამიტომაც არის, რომ ქვეყნიდან გარბიან სპორტსმენები. მე მყავს გურამ მესტვირიშვილი, სხვათა შორის, მამამისი მოჭიდავე კაცია და ინდოეთის ნაკრებს ავარჯიშებს თავისუფალ ჭიდაობაში. აქ რომ ვეღარ ჩავატარეთ შეჯიბრებები, ამიტომ იძულებული გახდა, წასულიყო და გერმანიის სახელით ებრძოლა. ასეთები ბევრია. სხვათა შორის, ხუთი თვის შემდეგ გერმანიაში წასასვლელად ვემზადები მსოფლიო ჩემპიონატზე. მთელ შემადგენლობას ჩავიყვან და აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ აქ რომ სპეციალისტი გავზარდოთ, ოთხი-ხუთი წელი სჭირდება. ჩვენთან კი ხდება ისე, რომ როდესაც სპორტსმენი პატარა შეჯიბრებას მოიგებს, თავს ანებებს, რადგან ფიქრობს, რომ უკვე მიაღწია თავისას. გვარს არ დავასახელებ და ერთმა ჩვენმა სპორტსმენმა ამ ცოტა ხნის წინათ მოიგო შეჯიბრება. უკვე შევამჩნიე, რომ ისეთი აღარ არის, როგორც ადრე იყო. მონდომება დააკლდა. მანამდე თავს იკლავდა ვარჯიშით და როგორც კი მოიგო საერთაშორისო ტურნირი, მიიჩნია, რომ ყველაფერი გააკეთა. ასე იკარგება საქართველოში კარგი სპორტსმენი, ან აქ არსებული უპერსპექტივობის გამო უცხოეთში მიდიან და ამ ქვეყნების სახელით გამოდიან. მაგალითად, ჩვენს სახეობაში ბევრი ქართველი გამოდის უკრაინის სახელით და ეს ძალიან სამწუხაროა. სხვა სახეობები ავიღოთ: ჯარჯი ზვიადაურმა, ან კახი კახიაშვილმა ვის მოუტანეს ოლიმპიური ოქროს მედლები? წავიდნენ და სხვა ქვეყნას შეჰმატეს დიდება. თანაც ისინი ოლიმპიური სახეობების წარმომადგენლები არიან. ანდა ამათ ფეხბურთს ვერ მიხედეს და ორთაბრძოლებს მიხედავენ? არაოლიმპიურ სახეობებს კი არანაირი ყურადღება არ ექცევა და, რასაკვირველია, სპორტსმენების გადინება მოხდება. პირადად მეც რამდენიმე ხნის წინათ გახლდით მოსკოვში, სადაც შემომთავაზეს თვეში 25 000 დოლარი, თუკი რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ჩავუდგებოდი სათავეში და მოვამზადებდი. თუმცა იქ იყო ჩადებული ისეთი მუხლები, რის გამოც ვერ შევთანხმდით.
_ რას ითხოვდნენ?
_ იყო რამდენიმე საჩოთირო საკითხი. მაგალითად, ქართველები არ ავარჯიშო, ამაში ერთ კაპიკსაც არ გადავიხდითო, ოსები და აფხაზები რამდენიც გინდაო. ოსები და აფხაზები ჩვენი ძმები არიან, მაგრამ ასეთ წინადადებას არასოდეს დავთანხმდებოდი.
_ ჩაკ ნორისთან ჩატარებულ ორთაბრძოლაზეც მინდა გკითხოთ, ბევრი ვერ დაიკვეხნის ასეთი კაცის ცემას.
_ ეს შეხვედრა შედგა გერმანიაში, სადაც ჩაკ ნორისი ჩამოვიდა, როგორც მსოფლიო ჩემპიონი და ჩვენს სექციაში დაიწყო ვარჯიში, პედაგოგი გვყავდა ძალიან სერიოზული კაცი და მასთან უნდოდა გარკვეული კონსულტაციების გავლა. მძიმეწონოსანთან შეხვედრა მოინდომა. მაშინ 105 კილოს ვიწონიდი და ვინაიდან გამოცდილებაც სხვებთან შედარებით მეტი მქონდა, ჩემი თავი შესთავაზეს. ცხადია, ნორისი ჩემზე გამოცდილი იყო და სპარინგი შემოგვთავაზა. ვიფიქრეთ, რომ სპარინგი გათვალისწინებული იყო ახსნა-განმარტებისთვის, გაკვეთილი ჩატარდებოდა და არა სერიოზული ბრძოლა. მაშინ მე 21 წლის ვიყავი და ის, ალბათ, 35 წლამდე იქნებოდა. მან მოითხოვა სამი 3-წუთიანი რაუნდი 1-წუთიანი შესვენებებით. პირველი სამი წუთის მსვლელობისას მივხვდი, რომ ის სერიოზულად მებრძოდა და არ აპირებდა რამის სწავლებასა, თუ დემონსტრირებას. რამდენიმე ისეთი ძლიერი დარტყმა მომაყენა, მეორე რაუნდში ძალიან გამიჭირდებოდა ასეთი სერიოზული დარტყმების ატანა. ხუმრობა საქმე ხომ არ არის _ ჩაკ ნორისმა ექვსჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ამიტომ მეორე რაუნდში გადაწყვეტილება მივიღე, რომ გდება გამეკეთებინა. სხვანაირად აუცილებლად მცემდა. მოკლედ, სხვა გამოსავალი აღარ იყო და რინგის კუთხეში მორიგი დარტყმა რომ განახორციელა, ფეხში შევედი და გდება გავუკეთე, იქიდან უკვე აღარ გავუშვი. ძალიან მძიმედ ვცემე. იდაყვი ვურტყი სახეში, თვალი ჩამოვუღე და ამის მერე მტკივნეულ ილეთზე გადავიყვანე. იძულებული გახდა, დანებებულიყო. გაგიჟებული იყო, _ ეს რა მომივიდაო?! რაც კი ორთაბრძოლები ჩაუტარებია, ყველგან მოიგო და გასაგებიც არის მისი რეაქცია ჩემთან მარცხზე.
_ ცხადია, ამის მერე პოპულარული გახდებოდით, თვითონ ამერიკელები არ გეპატიჟებიან?
_ როგორ არა. ამერიკელები მეხვეწებიან, რომ ჩავიდე და გუნდი ჩავიყვანო. ორმოცდაათკაციანი დელეგაციით ვაპირებდი ჩასვლს, მაგრამ არავინ დაგვაფინანსა. არადა, დარწმუნებული ვარ, იქ გამართულ ტურნირში რომ მიგვეღო მონაწილეობა, აუცილებლად კარგი შედეგებით დავბრუნდებოდით. სხვათა შორის, ასევე მთხოვეს კენპო-კარატეს ამერიკის დირექტორთა საბჭოს წევრობა, თუმცა ვერ გავწევრიანდი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერ მოვახერხეთ ამერიკაში ჩასვლა.
_ ანუ ისევ მივდივართ სახელმწიფოს მხრიდან სპორტის ამ სახეობის უგულებელყოფამდე.
_ მე არ ვაპირებ, ამ საკითხზე დახმარებისთვის ხელისუფლებაში ვინმეს მივმართო, იმიტომ რომ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას მიჩვეული არ ვართ. ახლაც, როცა გერმანიაში წასვლას ვგეგმავთ, იმედი მაქვს, ამას მხოლოდ საკუთარი ფინანსებით მოვახერხებთ. არ ვაპირებ თავის დამცირებას და რიგში დგომას ფინანსების გამოყოფის მოთხოვნით. მით უმეტეს ვიცი, რომ რიგში დგომაც არაფერს მოიტანს.
_ რის რიგში დგომაზე საუბრობთ?
_ არსებობს აღმოსავლური ორთაბრძოლების საბჭო, რომელიც განიხილავს განცხადებებს შეჯიბრების თაობაზე. ჩვენ რომ დავწეროთ ეს განცხადება, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ხელისმომწერი არ მიიჩნევს საჭიროდ ასეთი ღონისძიების დაფინანსებას. ჩვენი ორთაბრძოლისთვის სახელმწიფო არ გამოყოფს ფულს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი სპორტსმენი ხალხი იძულებულები ვართ, პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ.
_ რა პოლიტიკური განცხადების გაკეთება გსურთ?
_ ივანიშვილმა ხალხს იმედები გაუცრუა. ყველა კარგად ვხედავთ, რომ ქვეყანაში სიდუხჭირეა გაბატონებული. გაღიმებული სახე გინახავთ სადმე? რა სპორტზე და ფიზიკურ აღზრდაზეა საუბარი, როდესაც კვების პრობლემა მთელი სიცხადით დგას ქვეყანაში? ის რაციონი, რაც ჩემს სპორტსმენს სჭირდება, იმდენად დიდია, რომ მისი მიღების საშუალება არავის აქვს. დღეში ათი ბანანი სჭირდება ჩემთან მოვარჯიშე კაცს, კილონახევრიდან ორ კილომდე ხორცი, ხაჭო-არაჟანზე ზედმეტია საუბარი, ათი კვერცხი უნდა და წარმოგიდგენიათ, რა თანხებს უკავშირდება ყოველდღიური რაციონი? მინიმუმ, 30 ლარი უნდა სპორტსმენს საკუთარ თავზე, სხვანაირად ვერ ივარჯიშებს სრული დატვირთვით, ისე კი შედეგიც არ იქნება. ამიტომ როცა უცხოეთში ჩადიხარ და ხვდები დაფინანსებულ გუნდს, იმასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. იმის გარდა, რომ კვების პრობლემა არ აქვთ, თავისი მასაჟისტები და ფსიქოლოგებიც ჰყავთ. ჩვენ კი მარტო გუნდი თუ ჩავიყვანეთ, ესეც წარმატებაა. მასაჟისტებიც ჩვენ ვართ და ფსიქოლოგები. მსაჯებიც კი ვერ მიგვყავს.
რაც შეეხება პოლიტიკას, ხომ გვპირდებოდნენ, რომ დაიწევდა სამარშრუტოების სამგზავრო ფასები, ტარიფები შემცირდებოდა და უამრავი სხვა, არაფერი არ შეასრულეს. გეკითხებით, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? პრემიები მოიხსნეს? აღარ იდებენ სახელფასო დანამატებს ჯიბეში? რაიმე ღირებულს ქმნიან? ახლა რომ გამოდიან და მარიხუანის ლეგალიზაციაზე ლაპარაკობენ, საქმე გამოელიათ? რა ლეგალიზება უნდა მოხდეს?! ამის შემდეგ ხომ ადვილად გადავალთ უფრო მძიმე ნარკოტიკებზე. „პლანი“ გვაკლია, თურმე, და დანარჩენი ყველაფერში აწყობილი გვაქვს საქმე.
_ მარიხუანის ლეგალიზებას არც არავინ აპირებს.
_ უბრალოდ, ხელისუფლების პრიორიტეტებზე ვსაუბრობ. რაც ნამდვილად გასაკეთებელია, ხელისუფლება არაფერს აკეთებს. სამართლიანობის აღდგენას რომ გვპირდებოდნენ, გვაჩვენონ აღდგენილი სამართლიანობა. მოკლედ, თავზესაყრელი პრობლემებია ქვეყანაში. ფაქტია, რომ ვერ ვცხოვრობთ კარგად და ჩვენი ქვეყანა სულ უფრო უკან მიდის. რა სპორტზეა საუბარი, გინდა ოლიმპიური იყოს და გინდაც _ არაოლიმპიური.
_ ხელისუფლებაში ვინმეს ესაუბრეთ ამ თემაზე?
_ გარკვეულ წრეებს. მათი ერთადერთი ინტერესია: „კარგი იქნება, თუ ჩვენი სახე გახდებით“. ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. ვერავის პარტიული სახე ვერ ვიქნებით. არადა, სწორედ ეს უნდოდათ „ნაციონალებსაც“ და ზუსტად იგივე სურს „ოცნებასაც“. არც ჩვენ ვაპირებთ, ამ განუკითხაობას გულარხეინად ვუყუროთ და გარკვეულ ნაბიჯებს აუცილებლად გადავდგამთ.
_ რის გაკეთებას აპირებთ?
_ ფაქტობრივად, პოლიტიკაში ჩართვას ვგეგმავთ. წინასწარ არ დავასახელებ, მაგრამ არსებობს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელთანაც მისვლას და გვერდში დგომას ვაპირებთ. გამოვითვალეთ და ოთხი ათას კაცამდე შეგვიძლია ამომრჩევლის მობილიზება, რაც ურიგო რაოდენობა სულაც არ არის ნებისმიერი პარტიისთვის. ერთი სიტყვით, ამ პარტიის ლიდერებთან ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უფრო კონკრეტულად სამომავლოდ მოგახსენებთ.
_ ხელჩართულის ოსტატები პოლიტიკაშიც ხელჩართულ ბრძოლას გეგმავთ?
_ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, რადგან არაფერი გაკეთდა, რასაც ეს ხელისუფლება დაგვპირდა. საბედნიეროდ ახლანდელი ხელისუფლება არ გვთავაზობს ვინმეს დარბევას, მაგრამ „ნაციონალებს“ კი ჰქონდათ ამის სურვილი. პირადად მე მთხოვა ვანო მერაბიშვილმა, რომ ჩემი ბიჭები გამომეყვანა მიტინგების დასაშლელად. ჩემგან უარი რომ მიიღო, სხვები გამოიყვანეს და ბურჯანაძის პარტიის დარბევაში მიაღებინეს მონაწილეობა. საბედნიეროდ, გიორგი ჩარგეიშვილის ხალხს არასოდეს მიუღია მონაწილეობა ასეთ დარბევებში. მე არ ვზრდი ქუჩის მოჩხუბრებს, ვზრდი მებრძოლებს და მათ ღირსებას არ შეეფერება მსგავს დარბევაში მონაწილეობა.
რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთვნელობასა და 25-ათასიან ანაზღაურებაზე იმიტომ არ მითქვამს უარი, რომ თბილისის ქუჩებში ქართველები მეცემა. პირიქით, პროფესიონალიზმი და ადამიანობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა გამოადგე. სწორედ ამ განზრახვით ვიწყებთ გუნდურ მოძრაობას და ყველას გვერდში დავუდგებით, სადაც დავინახავთ, რომ ეროვნულ ინტერესებზე მართლაც ზრუნავენ.
დავით დევიძე