თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან აბანოთუბნისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. „შეიქმნას ურბანული განვითარების პოლიტიკა!“ „აიკრძალოს მწვანე საფრის განადგურება!“ „არა ანტისაზოგადოებრივ გადაწყვეტილებებს!“ _ ასეთი შინაარსის ლოზუნგები გამოფინეს აქციის მონაწილეებმა. ნაწილი შეკრებაზე საყვირებით მივიდა. მათი განცხადებით, ამ ღონისძიებით აპირებენ, ხმა მიაწვდინონ თბილისის საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელობას.
როგორც „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელი, მარიამ ყანჩაველი აცხადებს, მათი ძირითადი მოთხოვნაა, შეწყდეს კერძო მშენებლობები მწვანე ნარგავებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე. მისივე თქმით, უნდა შეიქმნას ურბანული კომიტეტი, რომელიც ქალაქის განვითარებაზე იზრუნებს.
„განაშენიანების 90% მწვანე საფრისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე ხდება. გვსურს, ჩვენი ხმაურით ხმა მივაწვდინოთ მერიასა და საკრებულოს, რომ ქალაქის ასეთი განვითარება არ შეიძლება“, _ აღნიშნა მარიამ ყანჩაველმა.
„ქრონიკა+“ ესაუბრება აქციის კიდევ ერთ მონაწილე „პარტიზან მებაღეს“, ნატა ფერაძეს:
_ სახეზეა არასწორი ურბანული პოლიტიკა, ქალაქგეგმარების ინსტიტუტს არანაირად არ ვითვალისწინებთ. თბილისის ქალაქგეგმარებით გამართულ გენერალურ გეგმაზე საუბარიც ზედმეტია. ეს გეგმა არსებობს, მაგრამ დაშვებული გამონაკლისები იმის კეთების `კანონიერ~ უფლებას გვაძლევს, რაც დღეს ხდება: შესაძლებელია საჭირო კოეფიციენტების ყიდვა, სარეკრეაციო ზონების გაუქმება და საცხოვრებელ ზონებად გადაკეთება. ერთიანი ხედვით ქალაქის დაგეგმვა არ ხდება, რაც ძირითად პრობლემას წარმოადგენს.
ამ კანონზე გერმანული დაფინანსებით (იქაურ სპეციალისტებთან ერთად) იმუშავა ქალაქგეგმარებელმა პარტიზანმა მებაღემ, ზურაბ ბაქრაძემ. ეს გამართული კანონი არსებობს, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო არ ითვალისწინებს და არ შემოაქვს, რადგან მერე კვალიფიციურად აშენება მოუწევს და ძველ უბანში ასეთი პროექტების განხორციელება შეეზღუდებათ.
_ რა მოსაზრებებით დაუშვეს გამონაკლისები?
_ ამას აკეთებს ახალმოსული მთავრობა და პროცესს არც ძველი აკლებდა. ყველას ქალაქის ისტორიულ ცენტრში აშენება უნდა. ჰგონიათ, რომ ეს პროცესი ეკონომიკურად შეიძლება მომგებიანი იყოს. თუმცა პირიქითაა.
ამ დღეებში სწორედ ბრიტანელი ქალაქგეგმარებლის ლექცია გვაქვს, რომელიც ამ ყველაფრის ეკონომიკურ კოლაფსზე მოგვიყვება. თუ ქალაქი თავის სიძველეებს არ უფრთხილდება, ის ქალაქი ეკონომიკურადაც წამგებიანი ხდება. ეს პროექტები ხანმოკლე მოგებაზე არის გათვლილი, თორემ გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქის სრულ გაუფასურებას მოგვიტანს.
ჩვენ ვცდილობდით სწორედ ეს აგვეხსნა, რომ ინვესტირების წინააღმდეგი არ ვართ. რასაკვირველია, ქალაქი უნდა განვითარდეს, აშენდეს ახალი შენობები და ინვესტირება უნდა იყოს, მაგრამ გააზრებულად და დაგეგმილად უნდა ხდებოდეს _ დიდი ინვესტიციის შემოტანამ შეიძლება როგორც არგოს, ასევე ავნოს ქალაქს.
_ რა შედეგები მიიღო დედაქალაქმა ასეთი გაუაზრებელი პოლიტიკით?
_ ძალიან მძიმე შედეგი მიიღო და სპეციალისტის თვალის გარეშეც მარტივად დასანახია. ქალაქის ძველ უბნებში ინფრასტრუქტურულად ცხოვრება უკვე რთული გახდა: პარკირებას, გადაადგილებას, ჰაერს, სუნთქვას რაც შეეხება, ეს აღარ არის ადამიანზე მორგებული ქალაქი, არამედ ინვესტორზე და მანქანაზეა მორგებული. თბილისში ცხოვრება უკვე ძალიან არაკომფორტულია.
ევროპული სტანდარტებით, ყოველ ათ წუთში უნდა გხვდებოდეს მწვანე ტერიტორია და ეს არა მარტო ფილტვებისთვის და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ასევე აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც, რადგან ასეთი ჩახერგილი ქალაქი ადამიანის ფსიქიკის ნევროტულ ფონს იწვევს. ესეც მეცნიერულად დამტკიცებული და სტატისტიკურად გამოანგარიშებულია.
დიდწილად დღევანდელი თბილისელების სტრესული მდგომარეობა ამ არქიტექტურული ვანდალიზმის შედეგია.
_ ქალაქის ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას არ ესმის ეს სიტუაცია?
_ ზუსტად ვიცი, რომ არ ესმის. გუშინ ძალიან მძიმე შემთხვევა გვქონდა: ჭავჭავაძის გამზირზე, დავით აღმაშენებლის (სდასუ) უნივერსიტეტის ეზოში, ისევ ბიძინა გიორგობიანის ხელმოწერით, სამი უზარმაზარი ხე მოიჭრა: ორი კედარი და ერთი ფიჭვი. თვითონ უნივერსიტეტმა მიმართა გიორგობიანს, რომ ეს ხეები მოჭრილიყო, რადგან სტუდენტებმა მიიჩნიეს, რომ ისინი ავარიულია. გიორგობიანმა ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე მჭრელები გააგზავნა და ხეები მოიჭრა.
მათ არ ესმით დღევანდელი ხის ფასეულობა. არის ელემენტარული ფორმულა, თუ რატომ არის საჭირო ხე ქალაქში. თუ ამას გუმანით და ინტუიციით ვერ გრძნობ, ამისთვის გაწერილი კანონები არსებობს. გარდა ჰაერისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა, კომუნალურ ხარჯებს გვიმცირებს სახლთან სწორად დარგული ხეები. ზამთარში ქარის ნაკადებს აკავებს და ზაფხულში _ სიცხეს. ამას ისინი ვერ იაზრებენ. ეს არის ხეებისადმი და მცენარეებისადმი მტრულად განწყობილი მთავრობა. სიცხეები დაიწყო და თვალში საცემია, რომ მათი დარგული ხეების 80% უკვე გამხმარია, რაზეც გიორგობიანი პასუხობს, რომ არა უშავს, ის ამას ჩაანაცვლებს. თუმცა როდემდე და რის ხარჯზე უნდა ვანაცვლოთ? ტემპერატურამ უკვე აიწია, გამწვანების სამსახურმა არა, მაგრამ რამდენიმე კერძო ფირმამ მრიცხველი დააყენა, რომელიც ჰაერის სისუფთავეს ზომავს. მტვრის რაოდენობა ნორმას 8-ჯერ, 9-ჯერ, ზოგ უბნებში 20-ჯერაც კი აღემატება. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ვიმეორებ: მერია და გამწვანების სამსახური ამას კატეგორიულად ვერ იაზრებს!
ამ დღეებში დანიშნულია კიდევ ორი მიტინგი _ ერთი პეკინის ქუჩაზე, მეორე ავლაბარში. ისევ სკვერის ადგილას მერია ორივეგან კორპუსის ჩადგმას გეგმავს. ერთგან სულაც საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც დიდი სკვერი აქვს. მეორე ადგილზეც მწვანე ზოლი იყო და იქაც კორპუსს დგამენ. აქამდე მოსახლეობა პასიურობდა და ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რამაც დაუშვა ეს ყველაფერი, ახლა კი სრულიად დამოუკიდებლად, ჩვენი ჩარევის გარეშე, მიტინგებს ორგანიზებას უკეთებენ, მოსაწვევები გამოგვიგზავნეს. მალე ამ მწვანე საფრის უმოწყალო განადგურებასთან დაკავშირებით სერიოზულ აჯანყებას მიიღებენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობაში სათანადო ძალების კონსოლიდაციას მოვახდენთ, რომ ეს ქალაქგეგმარება კვალიფიციურად განხორციელდეს.
_ სდასუს მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?
_ სწორედ ახლა ვესაუბრე ამ საკითხზე ხეების გერმანელ სპეციალისტს და ზუსტად მოგახსენებთ, მანდ რაც მოხდა: 30 მარტს (ეს ვიდეოჩანაწერი სდასუმ გაავრცელა და მერიასაც გაუგზავნა) უნივერსიტეტის ეზოში ერთი ხე წაიქცა, რის გამოც სდასუმ მიიჩნია, რომ დანარჩენი ხეებიც ავარიულ მდგომარეობაშია და მოსაჭრელია. როგორც გითხარით, ბიძინა გიორგობიანის სამსახური ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე მოვიდა და ეს სამი ხე მოჭრა. არ დაუსვამთ შეკითხვა, თუ რატომ წაიქცა ის ერთი ხე? ეს კითხვა ბუნებრივად შეიძლება დაგებადოს და ისიც ბუნებრივია, დანარჩენი ხეებიც შეამოწმო, ეს ბედი ემუქრება თუ არა? ეს არ მომხდარა, უბრალოდ, მივიდნენ და მოჭრეს. არაერთხელ ვნახე ეს ვიდეო და გერმანელ, ბელგიელ და ქართველ სპეციალისტებსაც გავუგზავნე. დასკვნა ყველასგან ერთმნიშვნელოვანია: პირდაპირ თქვეს, რომ სდასუსთვის ამ ხის წაქცევაზე დიდი ჯარიმა უნდა დაეკისრებინათ, რადგან ეზოში ქვაფენილი ისეა დაგებული, რომ ხისთვის სასიცოცხლო ჯამი შენარჩუნებული არ არის. ამ ხის ფესვთა სისტემა დაზიანდა, ხე ჩაიხარშა და წაიქცა. დანარჩენი ხეებიც რახან წააქციეს, მერე ვნახეთ და ექსპერტიზას ვეღარ დავდებთ, ავარიული იყო თუ არა, მაგრამ მათაც ძალიან ახლოს ჰქონდათ ქვაფენლი. გამწვანების სამსახურს, რადგან ასეთ სახელს ატარებს, უნდა დაევალდებულებინა სდასუ, რომ ხის გარშემო ჯამი გაეზარდა, შემოებარათ და მისთვის სასიცოცხლო პირობები არ დაერღვიათ. რეალურად, ამ ხეებს თვითონ სდასუმ დაურღვია სასიცოცხლო პირობები.
_ რით ხსნით, რომ ექსპერტიზის გარეშე მივიდნენ და ხეები მოჭრეს?
_ ახლა ჩვენ მთელი დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ, ამას ათი საუშაო დღე სჭირდება, რასაც აგვიანებენ ხოლმე. მერე დაზუსტებით შევძლებთ პასუხის გაცემას. თუმცა არის ან ნაცნობობა, ან მეორე, რაც უფრო რეალურია _ საკმაოდ დიდი თანხის გადახდას ავალდებულებს გამწვანების სამსახური, რომ მომთხოვნმა თითო ხის მოჭრის საფასური გადარიცხოს; მესამე ვერსიაა, რომ იქ რაღაცის მშენებლობა იგეგმება, რაც უკვე ჭორის დონეზე მოგვივიდა. რადგან ჭორს ვერ ვასაბუთებთ, ვერც იმას ვიტყვით, რის აშენებას გეგმავენ.
_ ყველაზე რთული მდგომარეობა დედაქალაქის რომელ უბნებში გვაქვს?
_ ყველაგან რთული მდგომარეობაა. ჯერჯერობით, ყველაზე მწვანე მაინც დიღომია და ვაჟა-ფშაველას გამზირი, საბურთალოა, სადაც საბჭოეთის პერიოდში დაგეგმარება სწორად ხდებოდა და სარეკრეაციო ზონებს ითვალისწინებდნენ, რასაც კორპუსების სილამაზეზე ვერ ვიტყვით. სახლების გარშემო მწვანე ზონებს მაინც ითვალისწინებდნენ. თუმცა, ჩვენდა საუბედუროდ, ამ ზონებს სარეკრეაციო სტატუსი არ გააჩნიათ. არის საცხოვრებელი სტატუსი, რის გამოც ძალიან მარტივად შეუძლიათ იქ ჯიხურებისა და ა. შ. განთავსება, ამიტომ ინტენსიურად ნადგურდება დარჩენილი მწვანე ადგილები.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მაინც დავით აღმაშენებლის გამზირია, სადაც 2008-09-წწ.-ებში ჭადრები მოიჭრა და დეკორატიული ხეები დაირგო, რომელიც ვერ ქმნის ვერც ჩრდილს და ვერც ჰაერს ფილტრავს.
_ სხვა ცენტრალური უბნები, მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირიც, ალბათ, ვერ დაიკვეხნის განსაკუთრებული პირობებით...
_ სამწუხაროდ, გასაკუთრებული პირობებით თბილისის ვერც ერთი უბანი ვეღარ დაიკვეხნის. შემოგარენის სტატისტიკა არ ვიცი, რადგან იქ მრიცხველები არ დგას. თუმცა ჭავჭავაძეზე რაც ხდება, ესეც დაუშვებელია არქიტექტურული მშენებლობის თვალსაზრისით. მთელ ფერდობებზე, მთაწმინდიდან მოყოლებული, კუს ტბამდე, პერპენდიკულარულ გამჭოლ ქუჩებზე, საიდანაც ჰაერის აერაცია უნდა ხდებოდეს, ასევე პერპენდიკულარულად კორპუსებს უდგამენ, რაც აღნიშნულ აერაციას აჩერებს. ახლა, ამ წუთებში, ზუსტად იგივე ტიპის მშენებლობა მიმდინარეობს ვერაზე, ფილარმონიასთან, ჭოველიძის ქუჩის ბოლოში ფერდზე. ჭოველიძის ქუჩა უკანასკნელი გამჭოლი ქუჩაა ვერაზე, საიდანაც მთელი ამ უბნის აერაცია ხდება. მას პერპენდიკულარულად უდგამენ შვიდსართულიან კორპუსს. ეს ნიშნავს, რომ ვერაზე, ამ ერთი კორპუსის გამო, 2 გრადუსით აიწევს ტემპერატურა ზაფხულში და ასევე დაიწევს ზამთარში. არადა, ქალაქგეგმარების კანონმდებლობა კრძალავს გამჭოლი ქუჩების ჩახერგვას, საიდანაც ჰაერის ნაკადები მიედინება. ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე და ზემოთ არც ერთი გამჭოლი ჰაერის გამტარი აღარ არის. ეს გზა ყველგან პერპენდიკულარულად კორპუსით არის გადაფარული. თვითონ ჭავჭავაძის გამზირზეც, სადაც კი პატარა ნარგავობა იყო, ყველგან გაანადგურეს მაღაზიების, კორპუსების, ან სხვათა გამო.
ამის ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ყველგან დაიდგას ჰაერის ხარისხის მზომი ხელსაწყოები, რათა მოსახლეობამ თვალსაჩინოდ ნახოს, თუ რამდენად კრიტიკულ მდგომარეობაში ვიმყოფებით.
_ რა რეაქცია აქვთ თქვენი წევრის, ბაქრაძის მიერ დაწერილ კანონზე, რომელიც ამ პრობლემურ სფეროს დაარეგულირებდა?
_ გარდა ზურაბ ბაქრაძის კანონისა, „პარტიზანმა მებაღეება“ დავწერეთ კანონმდებლობა ისევ გერმანელი სპეციალისტებისა და ქართველი იურისტების დახმარებით. ამ კანონმდებლობას ჰქვია „თბილისში მწვანე ნარგავების მოვლისა და დაცვის კანონი“, რომელიც პარლამენტს შევთავაზეთ. მაშინ ეკოლოგიის კომიტეტის უფროსი ცაგარეიშვილი იყო და მასთან „ვითანამშრომლეთ“. მან რაღაც პუნქტები ამოიღო, სრულიად გადაასხვაფერა და გაუკუღმართებულად მიიღო.
ზურაბ ბაქრაძის კანონს რაც შეეხება, არც არაფერი, განვიხილავთო და უდევთ უჯრაში. მერე როგორც გაირკვა, ასეთი კანონი არაერთს დაუწერია. არის კიდევ ქალაქგეგმარებელი ირაკლი ჟვანია, რომელიც ახლა ნიუ-იორკში მუშაობს. მას ასევე წლების წინათ ჰოლანდიელებთან ერთად დაუწერია მსგავსი კანონი. არაერთი ასეთი კანონი, უცხოელი პარტნიორების დახმარებით, დაწერილია და იმტვერება. ეს კანონი მათ არ აწყობთ, რადგან შეზღუდავს იმის კეთების უფლებას, რისი სურვილიც დღეს აქვთ _ ცენტრში დაუგეგმარებლად და კანონების გაუთვალისწინებლად გრანდიოზულ მშენებლობებს.
გუშინ გამოქვეყნდა კიდევ ერთი სრულიად ვანდალური კანონი: მერიას პასუხისმგებლობა ეზრდება და საკრებულოს დასკვნის გავლით შეძლებს ბევრი გადაწყვეტლების მიღებას! მერია მხოლოდ აღმასრულებელი ორგანოა, კანონმდებელი კი საკრებულოა. ამ დროს, კანონი კანონზე გამოდის, რომელიც აკანონებს მთელ იმ ჭეშმარიტ უკანონობას, რაც დღეს ქალაქში ხდება.
_ ფიჭვები რომ ხმება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, ამას რა ეშველება?
_ ძალიან მწვავე საკითხია, რაზედაც მერიაში ვისაუბრეთ. რასაკვირველია, გიორგობიანთან არა, რადგან მას ქართული ენა არ ესმის. სხვა თანამშრომლებს ვესაუბრეთ, ასევე გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს. „პარტიზანმა მებაღეებმა“ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რადგან ეს ფიჭვის ხეები ათწლეულების განმავლობაში დაავადებულია, რაც ამ ხნის მანძილზე უმოქმედობის შედეგია. ბიძინა გიორგობიანი ამაყად აცხადებს, რომ მან 5 ათას 500 ხის მოჭრაზე და გატანაზე ტენდერი გამოაცხადა. დაზიანებული ხეები რომ გასატანია, ყველა სპეციალისტი ერთმნიშვნელოვნად დაგვეთანხმება, რადგან ეს რეალურად დაავადების კერაა, თუმცა 5 ათას 500 ხის გატანა ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ათ ამდენ დაზიანებულ ხეს ვტოვებთ და ეს ნაბიჯი მხოლოდ ზღვაში წვეთია. ახლა ინტენსიურად უნდა მოხდეს ამის კალკულაცია, თუ რამდენი ხე და სად არის გასატანი. თითო დატოვებული დაავადებული ხე ნიშნავს, რომ გაისად მის გვერდზე ოც დაავადებულ ხეს მივიღებთ.
შარშან სექტემბერში გიორგობიანი დაინიშნა თუ არა, მივმართეთ, რომ კუს ტბის ფერდობზე მაინც, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ზეხმელი ხეები გაეტანათ, რადგან თუ ეს ხეები გაგაქვს შემოდგომაზე, პარაზიტები გაზაფხულზე იღვიძებენ და ჩვენ თავიდან ვიცილებდით ახალი პარაზიტების გაღვიძებას გაზაფხულზე. თუმცა თებერვლიდან დაიწყეს მუშაობა და მხოლოდ ახლა დააყენა საშველი მერიამ ამ 5 ათასი ხის მონიშვნის ტენდერის გამოცხადებას. ძალიან ნელა, არასწორად მოქმედებენ, მართებული სტრატეგია არ აქვთ.
რამდენიმე დღეში გარმანელი სპეციალისტი, ბატონი ვალტერი ჩამოდის (გვარი არ მახსოვს), რომელსაც ადრეც შევხვდით. ახლა მოვიწვევთ მრგვალ მაგიდას, სადაც იქნებიან საკრებულოს, მერიის, პარლამენტის ეკოლოგიის კომისიის წარმომადგენლები, ვიქნებით ჩვენ, სახალხო მოძრაობები და არასამთავრობოები, ვინც ამ თემაზე ვმუშაობთ. ყველას მოვიწვევთ, ხეების დაავადების სპეციალისტებს და მეტყევეებს, რომ ერთიანი ხედვა დავდოთ, რადგან მერიას ისიც არ აქვს შეჯერებული, რა დაავადებაა და როგორ უნდა ვუმკურნალოთ. დაისვას სწორი დიაგნოზი, დაინიშნოს სწორი მოქმედების სტრატეგია და თუკი თანხების ნაკლებობაა, პარლამენტს ამიტომ ვიწვევთ, რომ მოიძოს თანხები.
თქვენ ფიჭვები ახსენეთ, რადგან ხედავთ რომ ხმება. ეს დაავადება ქალაქის ყველა ფოთლოვანზეა დაწყებული და რეაგირების არქონის შემთხვევაში, დაახლოებით ხუთ წელიწადში, ზუსტად იგივეს დავინახავთ ნებისმიერ ცაცხვზე, ჭადარზე და სხვ.
_ გამოსავალი სად არის? განცხადებაში ურბანული კომიტეტის შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობთ...
_ ერთი პუნქტის გამოსწორება არაფერს უშველის. კომპლექსურად ბევრი მიმართულება უნდა გამოსწორდეს. სრულფასოვნად უნდა მუშაობდეს ურბანული კომიტეტი, გამოსწორდეს ჩვენი კანონმდებლობა, სწორი კადრები უნდა დაინიშნოს გამწვანების სამსახურში, რომლებიც ერკვევიან და პასუხისმგებელი არიან გამწვანებაზე, იციან ხის ფასი; ინტერნეტში ჩახედვა მაინც რომ შეუძლიათ, თუ როგორი ხეები ირგვება ქალაქში, რადგან კანონის დარღვევით რგავენ. 57-ე სკოლასთან ცოტა ხნის წინათ ოლეანდრები დარგეს. ეს ცნობილი ტოქსიკური მცენარეა, ყველგან წერია, რომ ბავშვებისგან მოშორებით უნდა დარგო. მისი ფოთლის პირში ჩადების შედეგად შეიძლება ბავშვი ისე მოიწამლოს, რომ სასწრაფო დახმარება გახდეს გამოსაძახებელი. არაკვალიფიციური კადრები უნდა მოშორდნენ. ამ ყველაფრის საწინდარი სამოქალაქო ჩართულობა უნდა იყოს. მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ, რაში ვუხდით მთავრობას ფულს და მოვთხოვოთ, რომ იმოქმედონ ქალაქის საკეთილდღეოდ!
„ქრონიკა+“ გთავაზობთ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ოფიციალურ განცხადებას:
„საზოგადოების ერთმა ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა ვაკეში, სდასუს მიმდებარედ, უნებართვოდ იჭრებოდა ხეები. აღნიშნულ ტერიტორიაზე, შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად, ხეები ნამდვილად მოიჭრა, ვინაიდან ისინი საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეებს.
სდასუს ადმინისტრაციამ უნივერსიტეტის ეზოში არსებული სამი ავარიული წიწვოვანი ხის დაუყოვნებლივ მოჭრის თხოვნით თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს მიმდინარე წლის 1-ლ აპრილს მიმართა. სამსახურმა დაადგინა, რომ ნარგავები ნამდვილად იმყოფებოდა ავარიულ მდგომარეობაში და მოჭრას საჭიროებდა.
შესაბამისი ზომების მიღებამდე, წვიმის დროს, ერთ-ერთი ხე წაიქცა და ორი ავტომანქანა დააზიანა. სტუდენტები ამ დროს ეზოში არ იმყოფებოდნენ. ხის წაქცევა კარგად ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში, რომელიც ადმინისტრაციამ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს წარუდგინა.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, დარჩენილი ორი ავარიული ხეც მოიჭრა“.
გელა მამულაშვილი