QronikaPlus
გელაურის მოსახლეობა საპატრიარქოს უპირისპირდება?!

გელაურის მოსახლეობა საპატრიარქოს უპირისპირდება?!

2015-06-13 09:42:40

მიუხედავად ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისა და წახალისებისა, ამ დარგში მაინც არ იგრძნობა სასიკეთო ცვლილებები. ვერ მოხერხდა მისი სტიმულირება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მაინც. ქობულეთში საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა სამკურნალწამლო მცენარეთა მეურნეობა. საკავშირო მნიშვნელობის ამ მეურნეობაში მოჰყავდათ სამკურნალო მცენარეები და მისი რეალიზაცია მთელი საბჭოეთის მასშტაბით ხდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მეურნეობამ გასაღების ბაზარი და ფუნქცია დაკარგა და მიწების იჯარით გაცემა დაიწყო, სადაც მოსახლეობა სიმინდს თესდა. ბოლო რამდენიმე წელია, ყანებიც აღარ ითესებოდა და მოსახლეობა გადასახადებს საქონლის ძოვებისთვის იხდიდა. ამ მიწებით სარგებლობდნენ ქალაქის მიმდებარე გელაურის მცხოვრებლებიც. თუმცა უკვე მერამდენე თვეა, მათაც პრობლემები შეექმნათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ა. ხაბაძის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ს. ევგენიძის სახელზე დაწერილ განცხადებაში მოსახლეობა წერს, რომ ისინი წლების მანძილზე სარგებლობდნენ აღნიშნული ტერიტორიით და იხდიდნენ არსებულ გადასახადებს. განმცხადებლები მიუთითებენ, რომ ეს ტერიტორია მიისაკუთრა უცნობმა ინვესტორმა და მთლიანად შემოავლო „ვილარის“ (ასე ერქვა რუსული აბრევიატურით ამ მეურნეობას) ტერიტორიას ღობე. მათი თხოვნის მიუხედავად, საქონლის საძოვრები არ დაუტოვეს და ხელისუფლებისგან ითხოვდნენ საყანე მიწების დაბრუნებას. „ქრონიკა+“, რა თქმა, უნდა გაყვა კვალს და აღმოჩნდა, რომ ეს უცნობი ინვესტორი საქართველოს საპატრიარქო იყო, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 49-წლიანი მართვის უფლებით გადასცა მთელი ტერიტორიის მესამედი _ 25 ჰა. საკითხის დელიკატურობის გამო თავიდან ვიფიქრე, იქნებ, არც ღირდა ამის აჟიტირება, მაგრამ თემით სპეკულირება რომ არ მომხდარიყო და სხვაგვარი ინტერპრეტაცია არ მისცემოდა, ვარჩიეთ, ისევ ჩვენ გაგვეხადა საჯარო. მოგვესმინა ორივე მხარისთვის და ობიექტური ინფორმაცია მიგვეტანა მკითხველამდე.   ნარგიზ დავითაძე: _ ტერიტორია შემოღობეს, რომელსაც წლებია, საძოვრად ვიყენებთ და გადასახადებსაც ვიხდით. დაგვპირდნენ, ერთ ზოლს დატოვებდნენ საქონლის გასავლელად, მაგრამ მოგვატყუეს. იქვე ავტობანი შენდება და იმის ძირში გადის საქონელი, ნახეთ ის, თუ გზაა? ჩვენ მოასფალტებულს არ ვითხოვდით, მაგრამ საქონელმა გავლა ხომ უნდა შეძლოს? ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმას, რის გაკეთებასაც აპირებენ, თუმცა ეს რატომ უნდა მოხდეს ჩვენს ხარჯზე? ისედაც უმუშევარ და გაჭირვებულ ხალხს ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ, თუ საარსებო საშუალება წაართვას? ან რა მოსასმენია მღვდლისგან, ფერმას ვაკეთებთ, დაკალით თქვენი საქონელი, რძეც და ყველიც ჩვენგან იყიდეთო? მაგრამ ის არ უსწავლებია, რით ვიყიდოთ? ვენერა დავითაძე: _ მამა კირიონმა გვითხრა, 50 ოჯახს დაგასაქმებთო. რის დამსაქმებლები არიან? საარსებო წყაროს გვართმევენ! შეიძლება, მღვდელი ასე ელაპარაკებოდეს მრევლს? ეს რა განუკითხაობაა?! პატრონი აღარ ჰყავს არაფერს. იქვე ავტობანი გადის, თუ გზა არ იქნა, საქონელი შემოუღობავ საძოვრებამდე ავტობანით მივა? გამგებელმაც კი თქვა, რომ ამ გზაზე როგორ გაივლის საქონელიო? მამა კირიონი დაგვემუქრა, დენს გავუშვებ სადენებშიო. ტერიტორიის ნაწილი დახნეს, ნაწილი კი ისე დატოვეს და მასზე სამი ცხენი დასეირნობს, ჩვენს საქონელს კი კილომეტრების გავლა უხდება საძოვარზე მისასვლელად. გულიკო ქამაშიძე: _ 9 მაისს აქცია გავმართეთ. 200-ზე მეტი მოსახლე ვიყავით გამოსული. მაშინ გამგებელიც და მამა კირიონიც დაგვპირდნენ, გზას დავტოვებთო, მაგრამ ნახეთ, ის თუ გზაა?! გადასასვლელ ხიდებზე რკინის დიდი მილები იდო, ისინი ამოიღეს და მათ ნაცვლად ვიწრო `სინკარები~ ჩააწყვეს და იმადლებიან, ხიდები ხომ გავაკეთეთო. არადა, გაკეთებული გააფუჭეს. თუ სიკეთე უნდოდათ, ის ადგილები აეთვისებინათ, სადაც ჭაობია და სადაც ჩვენი საქონელი გადარეკეს. საქონელი კი ამ დასახლებაში მცხოვრებთათვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მარინა ზოიძე: _ ამ მდგომარეობის  გამო, მიუხედვად იმისა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს ოჯახში,  იძულებული გავხდი, მაკე ძროხა დამეკლა, რადგან გასაშვები აღარ იყო და ხელზე ვერ მოვუარე.   მოსახლეობა ხელისუფლებისაგან ზეწოლაზეც ალაპარაკდა, მაგრამ საჯაროდ კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა, ძველი ინერცია მოსდგამთ ისევ. სადავო ადგილები დავათვალიერე, ყველაფერი ვნახე, მშენებარე ფერმა, შემოღობილი საყანე მიწები, დახნული ფართობები, ელექტრომწყემსისთვის გათვალისწინებული დამცავი მილები. სამი ულამაზესი ცხენი… რა თქმა უნდა, ეკლესიის პოზიციის დასაფიქსირებლად მამა კირიონს ვეწვიეთ. ის შეუძლოდ ბრძანდებოდა და შევთავაზე, სხვა დროს შევხვედროდით, თუმცა თავად ირჩია საუბრის გაგრძელება: _ მამა კირიონ, მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი შეგიძლიათ მაჩვენოთ? _ დოკუმენტაცია დამფუძნებელს აქვს და შეგიძლიათ, ყველაფერი ეპარქიაში მოიკითხოთ. _ მოსახლეობა ამბობს, თქვენ მათ დაემუქრეთ, რომ ღობის სადენებში დენს გაუშვებთ. _ თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მართალი იქნება? ჩვენ ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათოს გავაკეთებთ რამეს? ჩვენ შევიძინეთ ელექტრომწყემსი, რომელიც გავრცელებულია მთელ ცივილიზებულ სამყაროში და უასაფრთხოა. _ მოსახლეობას თქვენი არასათანადო დამოკიდებულების გამო მიაჩნია, რომ ეკლესიამ მათ მიწები წაართვა. _ თქვენ შეურაცხყოფთ ეკლესიას და ამას მე არავის ვაპატიებ. ეკლესიას ხალხის საწინააღმდეგო არასოდეს არაფერი გაუკეთებია და არც არასოდეს გააკეთებს. ხალხს მიწებს კი არ ვართმევთ, არამედ გვინდა დავეხმაროთ, რომ ამოვიდნენ ამ გაჭირვებიდან ის ტერიტორია ჩვენამდე იტალიელზე იყო გაცემული, მაშინ რატომ არ იღებდნენ ხმას? ან სხვა ვინმეს, უცხოტომელს რომ შემოეღობა, იყვნენ ხმის ამომღებნი? იციან, ეკლესია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ წავა და ამიტომ იქცევიან ასე. _ მამა კირიონ, სამართლებრივად შეიძლება მართალი იყოთ, მაგრამ ზნეობრივად? _ წამობრძანდით, ადგილზე მივიდეთ და საკუთარი თვალით ნახეთ ყველაფერი. მამა კირიონს დედაომ შეახსენა, რომ შეუძლოდ იყო და როგორ შეძლებდა წასვლას, მან კი უპასუხა, _ რა ისე მოვმკვდარვარ და რა ამას (მე მიგულისხმა) მოვუკლივარო. მეორეჯერ მივედი სადავო ტერიტორიაზე. მამა კირიონმა დეტალურად ამიხსნა ყველაფერი: _ სექტემბერში გერმანიიდან ჩამოგვყავს მაღალი ლაქტაციის შვიცის ჯიშის 50 ძროხა და აქ მეცხოველეობის ფერმის, რძის ქარხნის დამონტაჟებასა და სასწავლო ცენტრის შექმნას ვაპირებთ, რათა დავეხმაროთ მოსახლეობას ამ დარგის განვითარებაში. ვაპირებთ ნამატის მოსახლეობისთვის უფასოდ გადაცემას, ეპარქიაში ბავშვთა და მოხუცებულთა სახლების რძის პროდუქტებით უზრუნველყოფას. ამ ჯიშის ძროხა ბევრს იწველება, დღეში 30-50 ლიტრამდე და წელიწადში მხოლოდ ორ თვეს არ აქვს ლაქტაციის პერიოდი. აქ სულ 75 ჰექტარია, ჩვენ კი მხოლოდ 25 ავიღეთ. ხომ ხედავთ, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად დაიხნა მიწა და დავთესეთ სიმინდი, სოია და იონჯა. ის ადგილი კი, სადაც ახლა ცხენებს ხედავთ, საქონლის გასაშვებად დავტოვეთ. სულ დაბმული ხომ არ იქნება? ეს ცხენები კი პატრიარქისაა, წმინდა სისხლის არაბული ჯიშის. _ მოსახლეობას მიაჩნია, რომ სამ ცხენზე უფრო ღირებული მათი ოჯახებია. _ ჩვენ მოსახლეობისთვის არაფერი წაგვირთმევია და საერთოდ, ეკლესია საკუთარ მრევლს არასოდეს არაფერს დაუშავებს. რასაც ვაკეთებთ, ამის შედეგს ერთ-ორ წელიწადში ყველა დაინახავს და თავადაც დარწმუნდებიან, რომ ცდებოდნენ. რაც შეეხება საძოვრებს, შეხედეთ, ჩვენ მხოლოდ 25 ჰა გვაქვს შემოღობილი. 50 ჰა და მასთან მიმავალი გზებიც თავისუფალია, გადასასვლელი ხიდებიც გავაკეთეთ, მეტი რაღა ვქნათ? _ რაც თქვენ ბრძანეთ, კარგი იდეაა. აუხსნა ეს ვინმემ მოსახლეობას? _ დიახ, როცა გამოსვლა ჰქონდათ, შევხვდი და ვესაუბრე, ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდათ. _ როგორ ფიქრობთ, აქციაზე შესაძლებელია მსგავსი რამ? _ მე დღესაც მზად ვარ, შევხვდე მათ, ვუხსნა კიდევ ერთხელ და იმედია, გაიგებენ. ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობისა და ეკლესიის წარმომადგენლები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს და ხალხს არ ექნება იმის განცდა, რომ ეკლესიამ ხელისუფლების დახმარებით მათ საარსებო საშუალება წაართვა. ზოგადად, მსგავსი პრობლემები ნაკლებინფორმირებულობის ბრალია. მოსახლებისთვის თავის დროზე რომ აეხსნა ეს ვინმეს და ფაქტის წინაშე არ დაეყენებინა, არც მათგან იქნებოდა წინაააღმდეგობა. ეკლესიის დასაყრდენი მრევლია და არა ხელისუფლება. უკან მომავალთ მამა კირიონს მეუფე დიმიტრიმ დაურეკა და _ ნათესები თუ წამოიწვერაო? _ მოიკითხა. მამა კირიონიც სიხარულით პასუხობდა, დიახო. მართლაც საამოა მობიბინე ყანების ნახვა… ხალხისა არ ვიცი, მაგრამ მე კი ერთი განცდა დამრჩა _ ღვთისმსახურებისთვის იერარქიები სულაც არაა საჭირო, ხოლო სასულიერო პირს იობის მოთმინება ჰმართებს და საკუთარ მრევლს კი არ უნდა გაუბრაზდეს, არამედ მოთმინებით შეძლოს მისი დარწმუნება. მადლი მარილმოყრილია და სიკეთე ჩუმად ნაქმნარი.  

                                                                                                                      ნატო ქათამაძე

   

გაზიარება