თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მცხოვრები ზურაბ ბერიშვილის ოჯახი 85-ე მსხვერპლია იმ თაღლითური დაჯგუფებისა, რომელიც ყალბი საბუთებით ახერხებს, საჯარო რეესტრში თავის სახელზე აღრიცხოს სხვისი კუთვნილი უძრავი ქონება, შემდეგ კი იპოთეკით დატვირთოს. ბერიშვილების ოჯახმა შესაბამის ინსტანციებს უამრავჯერ მიმართა, პასუხი ერთია: „მართალი ხართ, მაგრამ თაღლითებმა სახელმწიფო მოატყუეს. მიუხედევად იმისა, რომ თაღლითები დავიჭირეთ, თქვენი ქონება აუქციონზე უნდა გავყიდოთ და შემოსული თანხით კეთილსინდისიერი მევახშე გავისტუმროთ, ასეთია სასამართლო პრაქტიკა“.
რა სქემით მოქმედებს ებრაელთა დაჯგუფება, რომელმაც უკვე 5 მილიონი დოლარის უძრავი ქონება მიითვისა? რატომ არ იცავს სახელმწიფო დაზარალებულ მოქალაქეს და რატომ არ იცვლება არაკონსტიტუციური კანონები?
ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ზურაბ ბერიშვილი ესაუბრა:
_ ჩემი მეუღლე, მარინა წულუკიძე, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, იქაური მოქალაქეა. 2009 წელს ჩამოვიდა საქართველოში. გადავწყვიტეთ, მის სახელზე რიცხული ორი ბინა საჯარო რეესტრში შვილის სახელზე გაგვეფორმებინა. რეესტრში მივედით, ოპერატორი გვეუბნება, _ თქვენს სახელზე ბინა არ ირიცხებაო. სრულიად შემთხვევით გავიგეთ, რომ, თურმე, ორივე ბინა, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, თაღლითების ჯგუფმა საკუთარ სახელზე გადაიფორმა _ თითქოს ჩემი მეუღლე რუსეთში ჩავიდა, იქ იყო ჩვენი მეზობელი, ქეთევან გეწაძე, თაღლითი. სინამდვილეში ისინი ერთმანეთს არც იცნობდნენ. ვითომ იქიდან ჩამოიტანა მინდობილობა. ქართველმა ნოტარიუსმა, რა თქმა უნდა, არ შეამოწმა მინდობილობა და გეწაძეს ნება დართო, ეს ბინები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გაესხვისებინა. 12 საათი არც იყო გასული, რომ ორივე ბინა იპოთეკით დატვირთეს ერთი საქართველოს, მეორე კი ისრაელის მოქალაქის სახელზე, _ ერთოთახიანი ბინა 25 000 დოლარად და ოროთახიანი _ 35 000 დოლარად. ავტეხეთ ამბავი! საჯარო რეესტრში გვითხრეს, რომ მინდობილობა გააფორმა ნოტარიუსმა თეიმურაზ ბურდილაძემ, რომლის ბიურო ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარეობს. მივვარდით ნოტარიუსთან. საინტერესო ამბავი მოხდა: ჯერ მიგვიღო ნოტარიუსის თანაშემწე ნინო გოგვაძემ. როცა ვუთხარი, აქ ბინები ჩვენ გარეშე გაფორმდა-მეთქი! გვითხრა, _ ჩვენთან ასეთი რამ არ მომხდარაო. სინამდვილეში თანაშემწემ არ იცოდა, რა მოხდა. როგორც შემდეგ გაირკვა, როცა თაღლითები ნოტარიუსთან მივიდნენ და რუსული მინდობილობა მიიტანეს, მარინა წულუკიძის ნაცვლად ეწერა ქეთევან წულუკიძე. თანაშემწეს უთქვამს, სახელი შეცდომითაა დაწერილი, რუსეთში წასვლა მოგიწევთ შესასწორებლადო. ეს დოკუმენტები თაღლითებმა გამოართვეს და წავიდნენ. 15 წუთში ისევ მივიდნენ შესწორებული მინდობილობით. ეს გოგონა შევიდა ნოტარიუსთან და უთხრა, _ კრიმინალი ხდება, 15 წუთის წინ ვუთხარი, რომ რუსეთში გაცემული მინდობილობა შეასწორეთ-მეთქი, ამათ კი 15 წუთში მოიტანესო. მოკლედ, ეს ხალხი უკან გააბრუნეს. როდესაც გოგონა სახლში წავიდა, თაღლითებმა ვიღაცები ჩარიეს, ამბობენ, ნოტარიუსს 10 000 დოლარი გადაუხადესო. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა, ანუ ბინები დაგვაკარგვინა ნოტარიუსმა თეიმურაზ ბურდილაძემ. როდესაც ნოტარიუსს ვკითხეთ, თუ რატომ მოიქცა ასე, ვერაფერი გვიპასუხა, გაშავდა, გადმოგვცა მხოლოდ დოკუმენტების ასლები და საფინანსო პოლიციაში გაიქცა, რომ ეცნობებინა. ამჯერად გადაარჩინეს! ცხადია, რატომაც დააფარებდნენ ხელს! რაღაც რომ წაართვეს, ესეც ცხადია! შემდეგ ჩვენი წვალება დაიწყო იმით, რომ იპოთეკარებმა იჩივლეს. ჯერ ქართველმა იჩივლა. მოკლედ, ამ საქმემ უზენაეს სასამართლომდე იარა. ერთადერთი, რაც უზენაესმა სასამართლომ გაგვიკეთა, ის იყო, რომ ბინა გასაყიდად აღარ გაიტანეს აუქციონზე. 2-წლიანი გრაფიკი შეგვიდგინეს, თვეში უნდა გვეხადა 2000 დოლარი. საბოლოო ჯამში, 25 000 დოლარის ნაცვლად, 23 000 გადაგვახდევინეს. ჩვენი ბინა ვიყიდეთ. ჩემმა ცოლმა ნახევარი ამერიკის ვალები დაიდო და, როგორც იქნა, ბინა გამოვისყიდეთ. მეორე ბინა, რომელიც 35 000 დოლარად იყო დაგირავებული, წელიწადი და 8 თვე გავიდა, ვერ ვპოულობდით მევახშეს, არც ის გვიჩიოდა. ჩვენც არ ვჩიოდით, დაბნეულები ვიყავით, არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. ბოლოს ჩვენ გვიჩივლეს. ეს არის სოფია ფალიკი, ისრაელის მოქალაქე. მისი სახელით მოქმედებდა თბილისში კონსტანტინე თოხაძე.
_ სასამართლომ ხომ იცოდა, რომ თქვენ უდანაშაულოები იყავით, რატომ უნდა გეხადათ სხვისი ვალები?
_ სწორედ აქ ირღვევა ჩვენი კონსტიტუციური უფლებები! როგორც გვითხრეს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა აქვს სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით. აი, რა წერია ამ დოკუმენტში: „ეს ის შემთხვევაა, როდესაც სუბიექტური ნება ასწორებს ობიექტურის ნაკლს“. ე. ი. თუკი შემძენი კეთილსინდისიერია, საჯარო რეესტრის ხარვეზიანობაც იჩრდილება და იგი ვერაფრით შველის უფლებაწართმეულ მესაკუთრეს. წარმოვიდგინოთ ასეთი მაგალითი: მესაკუთრე ხანგრძლივი მივლინებით წავიდა უცხო ქვეყანაში და საკუთარი ბინა დროებით სარგებლობაში დაუტოვა ახლო ნათესავს. ამ უკანასკნელმა ყალბი დოკუმენტების მეშვეობით მიაღწია იმას, რომ საჯარო რეესტრში აღირიცხა, როგორც ამ ბინის მესაკუთრე და იგი გაასხვისა პირზე, რომელიც ამ ფაქტის მიმართ იყო კეთილსინდისიერი. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ძალიანაც რომ ეცადოს ბინის დაბრუნებას მისი ნამდვილი მესაკუთრე, ვერაფერს გახდება, კეთილსინდისიერ შემძენს დარჩება იგი საკუთრებაში. ამ საკითხს წმინდა ადამიანური პოზიციიდან თუ შევხედავთ, ნამდვილი მესაკუთრის უფლებას ცოტა ვინმე თუ შეეწინააღმდეგება. დავა უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ და კეთილსინდისიერი შემძენის საწინააღმდეგოდ! მაგრამ რა შედეგები მოჰყვება, ამას თუ დავუშვებთ? ყველაზე მძიმე შეგედეგი იქნება სამოქალაქო ბრუნვის შეფერხება და მისდამი უნდობლობის გაჩენა. რახან შემძენი არ იქნება დაცული მისი კეთილსინდისიერების შემთხვევაშიც, ცხადია, ინტერესი მოიკლებს უძრავის შესაძენად. ეჭქვეშ დადგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოება, რომელიც, როგორც ფასეულობა, ამ ბრუნვის მონაწილეთა უფლებების გარანტიაა. ხედავთ? გაუგებარია, რატომ სძინავს დღევანდელ ხელისუფლებას და არ ცვლის ამ ამაზრზენ, უსამართლო კანონებს და არაკონსტიტუციურ სასამართლო პრაქტიკას? ყალბი საბუთებით ვიღაცამ რაღაც რომ გააკეთა, მე რატომ უნდა ვაგო პასუხი? „ოცნების“ აქლემი დღეს ჩემს ბინასთან ჩაიკეცა. ხვალ, შეიძლება, ნებისმიერ ქართულ ოჯახს მიაკითხოს!
_ თქვენთვის თუ არის ცნობილი, ვინ არიან ამ დაჯგუფებაში, რა სქემით მოქმედებენ?
_ 2009 წლიდან დღემდე საქართველოში მოქმედებს თაღლით მევახშეთა ჯგუფი, რომელთა საქმიანობით დაზარალებულია საქართველოს მოქალაქეთა დიდი ჯგუფი, 112 ოჯახის სახით. მათ შორისაა ჩვენი ოჯახი. ამ ჯგუფის ხელმძღვანელია მარკ ზლატოპოლსკი, რომელსაც თავის საქმიანობაში ჩართული ჰყავს სიდედრი _ სოფია ფალიკი, მეუღლე ელა დორფი და სხვა ახლობელი ებრაელები: გენადი კოგანი, ირინა კუჩეროვა, კლარა ორდინსკაია, იგორ შირინიანი, ბორის ბოგუსლავსკი და სხვები, ყველა ისრაელის მოქალაქეა. საქართველოში მათ, პირველ ეტაპზე, წარმომადგენლებად ჰყავდათ კონსტანტინე თოხაძე და ზურაბ გვაზავა, რომლებიც 2010 წელს დააპატიმრეს და, შესაბამისად, 19 და 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო 2014 წელს ამნისტიით განთავისუფლდნენ. დღევანდელ ეტაპზე ზლატაპოლსკის ჰყავს ორი ადვოკატი, რომლებიც, ამავდროულად, არიან მევახშეები: ავთანდილ პეტრიაშვილი და მერაბ ცუხიშვილი. სიყალბეების კეთებაში ასევე ჩართული ჰყავთ ნოტარიუსები: თინათინ დევდარიანი, დავით კეკელია, ირმა ფირცხალავა. აღნიშნული ბანდის წევრები ოსტატურად დამზადებული ცარიელი აპოსტილის ბლანკებს და თითქოსდა ისრაელში გაცემულ ყალბ მინდობილობებს თბილისში ავსებენ და ამოწმებენ დასახელებული ნოტარიუსების დახმარებით. საგულისხმოა, რომ ისინი ამას აკეთებენ სათანადო დინტერესებით. ბოლო წლებში ზლატაპოლსკის ჯგუფმა თაღლითური სქემით, ჩვენი მოქალქეების გაუბედურების ხარჯზე, 5 მილიონ დოლარამდე შავი ფულის გათეთრება მოახერხა. ამასთან ერთად, გაპროცენტებული თანხის ყოველთვიური შემოსავლებისგან და თაღლითურად ჩალის ფასად ხელში ჩაგდებული ბინების საბაზრო ფასებში გადაყიდვის შედეგად მიღებული მოგებიდან არც ერთი ცენტი არ გადაუხდიათ საქართველოს ბიუჯეტში. თაღლითების მოღვაწეობის ეს სფერო ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა და, სამწუხაროდ, ამ საქმისთვის მათ ჯერ, რატომღაც, ვერ მოიცალეს!
ჩვენი ოჯახი დააზარალა როგორც ამ ბანდამ, ისე სახელმწიფომ. თაღლითთა ჯგუფმა ყალბი დოკუმენტების მეშვეობით მიაღწია იმას, რომ ჩემი მეუღლის, მარინა წულუკიძის სახელზე რიცხული ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხეს როგორც ვინმე კიკალიშვილის საკუთრება და მეორე დღესვე იპოთეკით დატვირთეს კონსტანტინე თოხაძესთან 35 000 აშშ დოლარად. როგორც აღვნიშნე, თოხაძე გახლდათ სოფია ფალაკის წარმომადგენელი. სამართალდამცველმა ორგანოებმა თაღლითთა ის ჯგუფი, რომელმაც ჩვენი ბინა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ხელში ჩაიგდო და იპოთეკით დატვირთა, გამოავლინა და დააპატიმრა, ხოლო ებრაელი მევახშეების სარჩელის საფუძველზე მოსამართლე მაკა ჭედიამ ჩვენ, ბინის ნამდვილ მესაკუთრეებს, დაგვაკისრა 38 500 აშშ დოლარი სოფია ფალიკის სასარგებლოდ, ასევე 2000 ლარი ფალიკის ადვოკატების ხარჯისთვის და ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 000 ლარამდე გადასახადი იმ მოტივით, რომ როდესაც ფალიკის წარმომადგენელი თოხაძე აფორმებდა იპოთეკის ხელშეკრულებას, ბინა თაღლითებზე ირიცხებოდაო. კერძოდ, კიკალიშვილის სახელზე. რა გამოდის? _ ჩვენ, ნამდვილი მესაკუთრეები, ბინიდან უნდა გამოვიდეთ და ბინის აუქციონზე გაყიდვის შედეგად უნდა დაკმაყოფილდეს მავეხშე, რომელთანაც არასოდეს გვქონია შეხება?!! გაუგებარია, ეს როგორი სამართლიანობაა?!
სასამართლო პროცესზე სოფია ფალიკის წარმომადგენლებმა, მერაბ ცუხიშვილმა და ავთანდილ პეტრიაშვილმა, მოიტანეს მინდობილობა, სადაც მათთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადაეცა უკრაინის მოქალაქე იოგან შირინიანს სოფია ფალიკის მიერ ისრაელიდან გაგზავნილი მინდობილობების საფუძველზე, სადაც მითითებულია, რომ შირინიანს აქვს მესამე პირზე უფლებამოსილების დელეგირების უფლება. წარმოდგენილი მინდობილობა, რომელიც თარგმნილია და დამოწმებულია ნოტარიუსის, დავით კეკელიას მიერ, არის ასლი. გარდა ამისა, ისრაელიდან უკრაინაში აპოსტილით დამოწმებული მინდობილობა, რომელიც გაცემულია 2010 წელს, შედგენილია პირდაპირ რუსულ ენაზე, რაც კანონმდებლობით დაუშვებელია. ამასთან, უცხო ქვეყნიდან გადმოგზავნილი მინდობილობა თარგმნილია უკრაინულ ენაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, 2010 წელს ისრაელიდან გადმოგზავნილი მინდობილობა იგორ შირინიანის სახელზე იყო რუსულად შედგენილი, რომელიც აუცილებლად უნდა თარგმნილიყო უკრაინულ ენაზე, ანუ სახელმწიფო ენაზე. არ არის საიდუმლო, რომ უკრაინაში, ისევე როგორც ისრაელში, მინდობილობების გაყალბება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, რასაც ჩვენს ქვეყანაში ბოლოდროინდელი პრაქტიკის გათვალისწინებით ოსტატურად იყენებენ კანონს ამოფარებული თაღლითები სხვადასხვა ავანტიურისტული სქემის განსახორციელებლად.
_ ნოტარიუსს, რომელმაც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გააფომა, რა ბედი ეწია?
_ სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები თაღლითები, მაგრამ მთავარი გამყალბებელი _ ნოტარიუსი, დაჭერას გადარჩა. დღესაც ნოტარიუსია და, ჩემი ინფორმაციით, თაღლითები ხელს ადებენ, 10 000 დოლარში გაგვიკეთა ეს საქმეო. როგორც ამბობენ, გამოძიებამ 50 000 დოლარი წაართვა, _ თავიდან ბოლომდე გამატყავეს, შემეშვითო, _ ამბობს ნოტარიუსი. როგორც კი ამოიწევა ხოლმე ეს საკითხი, გამომძიებლები მიადგებიან ნოტარიუსს და ყვლეფენ, ჩვენს ბინას კიდევ არავინ გვიბრუნებს! მოსამართლე ჯალათი რომ იქნება, მაკა ჭედიამ, ხომ იცის, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ხომ შეიძლებოდა ეთქვა, 35 000 დოლარი ძირის თანხა გადაიხადეთო? არა, ვადაგადაცილებულ დღეებზე პირგასამტეხლო, ბაჟი, ისრაელის მხარის დაქირავებული ადვოკატების გადასახადი ჩვენ დაგვაწერეს, მიუხედავად იმისა, რომ ამას ისინი სარჩელში არ ითხოვდნენ. წარმოგიდგენიათ ასეთი რამე?! ჩემს შვილებს ქუჩაში აგდგებს, ისრაელის მოქალაქეს ფულს უტენის ჯიბეში და უშვებს! რამე პატრიოტული ხომ უნდა ჰქონდეთ ქართველ მოსამართლეებს?! მაგალითისთვის გეტყვით: პოლონეთში ხშირად ხდება ავარია, როცა ქართველებს მანქანები ჩამოაქვთ. პოლონეთი ხომ განათლებული ერია, სულ ქართველებს ადანაშაულებენ, პატრიოტული ელემენტებია! აქ ვინ არიან?! სატანური სექტა, რობოტები! იცის, დამნაშავე არ ვარ და ჩემს ბინას ყიდის, ქუჩაში ვრჩები!..
იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებითაც ვიჩივლეთ. 24 მაისს ჩატარდა სასამართლო პროცესი, ლევან გვარამია ასევე ჯალათი-მოსამართლე გამოდგა, არანაირი ყურადღება არ მიაქცია ჩვენს მდგომარეობას და იმანაც უარი თქვა ხელშეკრულების გაუქმებაზე. საინტერესო რამე ხდება _ კაცი, რომელთანაც ფალიკმა ხელშეკრულება დადო, სააკაშვილის დროს დაიჭირეს და 19 წელი მისცეს თაღლითობისთვის. თუ ეს შეკრული თაღლითური ჯგუფი არ არის, წელიწადი და რვა თვე ისე იყვნენ, არც პროცენტი მიუღიათ, არც არაფერი და ხმას არ იღებდნენ. გამოძიება არაფერს აკეთებს! ფაქტია, შეკრულები არიან, თორემ ჩემი განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყებდა ფიქრს! ცხადია, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მევახშეებს უჭერენ მხარს და ქომაგობენ, ეს ცნობილი ფაქტია! საწყალ იპოთეკით დაზარალებულებს ჩვენისთანა კატეგორიის ხალხიც რომ მიემატება, ხომ წარმოგიდგენიათ?! რომელი ინვესტორი შემოვა საქარველოში, როცა შენი უძრავი ქონება არაფრისთვის შეიძლება დაკარგო?! ასეთი რამ მოხდა: ეგვიპტელი ინვესტორები იყვნენ, 14 მილიონი გადაიხადეს და ამ ღირებულების მიწები დაკარგეს, ვიღაც თაღლითმა 3 მილიონად იპოთეკით დატვირთა. ჩემი შემთხვევა ერთეული ფაქტი არ არის და ეს ყრუ მთავრობა რაღაცნაირად უნდა გამოვაფხიზლოთ!
ერთი ჩემნაირად დაზარალებული ადამიანია, ისრაელში დაიქირავა საქართველოდან წასული ადვოკატი, იმან ჩაწერა სოფია ფალიკი, სადაც ამბობს, რომ საქართველოში არ ვყოფილვარ არასდროს, არანაირი კავშირი არ მაქვს, არც მინდობილობა გამიცია, არც ფული ჩამიდევს, შემეშვით, ჩემგან რა გინდათო?! წარმოგიდგენიათ?! ეს სასამართლოს ვუთხარით, ფეხებზე დაიკიდეს, პროკურატურასაც ფეხებზე კიდია. დიდი ეჭვი მაქვს, ამ ქალის სახელით რატომ სარგებლობენ, _ ამით დიდ გადასახადებს მალავენ! ეს ბინები გაფორმებულია სოფია ფალიკის სახელზე, რომელიც საგადასახადოში, როგორც გადამხდელი, აღრიცხული არ არის, ქონება 5 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, წარმოიდგინეთ, იმისი 20% რამდენია. როცა პროკურატურას ვეუბნებით, იქიდან გადმოგზავნილ აპოსტილებს აქ შტამპავენ და გამოიძიეთო, რეაგირებას არ ახდენენ. კონსტანტინე თოხაძე, რომელიც ციხიდან ამნისტიით გამოვიდა, პრივატულ საუბარში თაღლითური დაჯგუფების წევრების მიმართ წყენას გამოხატავდა, პროკურატურაში ფული მოსთხოვეს, იმათ კიდევ მიატოვეს. იმასაც ამბობს, რომ მინდობილობებსაც აქ შტამპავენ, სოფია ფალიკის სახელით კი იმიტომ მოქმედებენ, რომ გადასახადს არ იხდიან და შემოსავალს მალავენ. ეს არის თაღლითური სქემა!
_ სამართალდამცველების გარდა სხვა სახელისუფლებო ორგანოებს თუ მიმართეთ?
_ მივმართე აბსოლუტურად ყველას: პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტს, ყველასგან მოვიდა პასუხი, რომ დავავალეთ პროკურატურასო. ისრაელის საელჩოს მივმართე, ტელეფონზე დაგვირეკეს და გვითხრეს, _ ნუ ჩაგვრევთ ამ საქმეშიო. ისრაელი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ იმათი ქვეყნის მოქალაქეები ასეთ თაღლითობებს რომ აკეთებენ, ხომ უნდა დაინტერესდნენ?! ფეხებზე კიდიათ, ბოდიში ამ სიტყვაზე. ამერიკის საელჩომ საერთოდ არაფერი გვიპასუხა. ამერიკის მოქალაქეა ჩემი მეუღლე, თხოვნით მიმართა, დამიცავითო, მაგრამ... ყველა, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება _ ფინანსთა სამინისტროს, პროკურატურას, შს სამინისტროს, _ იწყებს გამოძიებას, უცებ უჩინ-მაჩინივით ვიღაც უხილავი საქმეს აჩერებს და საბოლოოდ გადადის რაიონის დეტექტივ-გამომძიებლის დონეზე, რომელმაც არაფერი იცის! ნინო გვენეტაძის იმედი მაქვს, იმ მთავრობისგან თვითონ არის დაჩაგრული და იქნებ, რამე გააკეთოს, მაგრამ ასეთი მოსამართლეების ხელში რას გააკეთებს?! ჩემს ცოლს გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული, ასეთ მდგომარეობაშია და ამერიკაში ფიზიკურად მაინც მუშაობს. რა ვქნათ, შვილებს მშივრებს ხომ არ დავტოვებთ?! ეს რა დღეში ჩაგვაგდო დღევანდელმა მთავრობამ?! პენსიონერი ვარ, მეორე ბინაზე, 35 000 დოლარად რომ არის დაგირავებული, 5% ბაჟი უნდა შევიტანო, საიდან? დაზარალებულს კიდევ მაზარალებენ! დაზარალებულად ვარ ცნობილი და, ამავდროულად, სამოქალაქო სასამართლო ბინას მიყიდის, რის გამო?! ეს ქვეყანა და სამართალია?! ასეთ ქვეყანას აშენებს ივანიშვილი და „ოცნება“? ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება, რომ ქართველი ხალხი განადგურდეს! ჩემს კონსტიტუციურ უფლებას რატომ არღვევ?! რატომ მიკარგავ უფლებას არაფრის გულისთვის?! ვიღაცას ხომ უნდა ესმოდეს?! გამოძიება საერთოდ არ არსებობს, პროკურატურა ნულია, იმიტომ, რომ თვითონ არიან ჩარეულები!
თამარ ბატიაშვილი