საქართველოს მთავრობა უცხოელი დონორების დახმარებით ნაგავსაყრელების მოწყობის სახელმწიფო გენერალურ გეგმას განიხილავს. ნაგავსაყრელების პრობლემების მოგვარებაზე რამდენიმე სამთავრობო უწყება მუშაობს. ევროკავშირის დაფინანსებით გარემოს დაცვის სამინისტრო ამ სფეროში ზოგად პოლიტიკას განსაზღვრავს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი შემუშავებული პოლიტიკის განხორციელებისა და ნაგავსაყრელის მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გერმანიის განვითარების ბანკისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით უკვე შეისწავლა ნარჩენების შეგროვების მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ნაგავსაყრელების მშენებლობის გეგმაც მოამზადა.
დღეისათვის საქართველოში მხოლოდ ორი _ თბილისისა და რუსთავის სანიტარიული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს. ამ ნაგავსაყრელებზე ნარჩენების მხოლოდ 40% გროვდება და ხარისხდება, დანარჩენი 60% კი არალეგალურ სანაგვეებზე უკონტროლოდ გააქვთ, ბუნებაში ხვდება და გარემოს აბინძურებს.
ოფიციალური მონაცემებით, თბილისსა და მის შემოგარენში დღეში 800 ტონა ნაგავი გროვდება.
2015 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა-მართვის უზრუნველსაყოფად ინტერესთა გამოხატვის შესახებ გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა ინვესტორთა მოწვევასა და მათი წინადადებების მიღებას გულისხმობს.
წინადადებების მიღება 2015 წლის მარტიდან დაიწყო, რომლის მიზანია, მოიზიდოს ინვესტორი დედაქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის უზრუნველსაყოფად.
ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2015 წლიდან საქართველოში ამოქმედებულ „ნარჩენების მართვის კოდექსს“ უკავშირდება. კოდექსის მიზანია: ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიების დასანერგად, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.
2015 წლის 13 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა #217 განკარგულება: არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, თბილისის მერიის ინტერესთა გამოხატვაზე, მოწვევის პირობების შემუშავებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებისათვის; აგრეთვე ინტერესთა გამოხატვაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვის მიზნით შეიქმნა სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. დავით შავლიაშვილი _ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
2. გიორგი კოხრეიძე _ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
3. დიმიტრი ქუმსიშვილი _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;
4. გიორგი კაკაურიძე _ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
5. ალექსანდრე ტაბატაძე _ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
6. თეიმურაზ მურღულია _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;
7. იური ნოზაძე _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
8. თამარ ჯანელიძე _ ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
9. გიორგი შუხოშვილი _ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის“ კომპანიის დირექტორი, კომისიის წევრი;
10. ანდრია დვალი _ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის“ კომპანიის დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;
11. ლევან ინაშვილი _ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის“ კომპანიის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი.
მთავრობის მეთაურის ამავე განკარგულებით დამტკიცდა სამთავრობო კომისიის დებულება, სადაც განისაზღვრა კომისიის უფლებამოსილება. კომისიას დაევალა: ინვესტორთა მოწვევის პირობების შემუშავება, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; ინტერესთა გამოხატვაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვა და წარდგენილ განაცხადთა შეფასების შედეგად საუკეთესო კანდიდატის გამოვლენა.
დღეის მდგომარეობით ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან დავით შავლიაშვილიც გადამდგარია და მისი პირველი მოადგილეც. შევიდა თუ არა შესაბამისი ცვლილება პრემიერის განკარგულებაში, ამ ინფორმაციის მოძიება მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვერ ხერხდება, მაგრამ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შემოთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად კომისიამ გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგი კრიტერიუმი დაადგინა:
1. უპირატესობა მიენიჭება წარმოდგენილი კანდიდატების ისეთ წინადადებას, სადაც არ მოითხოვენ გადასახადს (Gate Tapping Fee) ქარხნებისთვის მიწოდებული ნარჩენების გადამუშავებაზე;
2. წარმოდგენილი წინადადება შეირჩევა და შეფასდება სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით: ინვესტიციის მოცულობით და ვადით, შემოთავაზებული წარმოების ტექნოლოგიით, ეკონომიკური სარგებლიანობით და სხვ.;
3. თუ ორი ან მეტი განაცხადით კანდიდატები აღმოჩნდებიან ერთნაირ პირობებში, კომისია განაცხადების წარმომდგენ პირებს განუსაზღვრავს დამატებით ვადას შეფასების კრიტერიუმის ნაწილში გაუმჯობესებული წინადადების წარმოსადგენად.
ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების პარალელურად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მყარი ნარჩენების გადამუშავების პროექტით ჩინური კომპანია დაინტერესდა. ჩინელი ინვესტორები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდნენ. ისაუბრეს ჰესებისა და პორტის მშენებლობაზე, ასევე კომპანია Herbin Electris Corporation-ი დაინტერესდა მყარი ნარჩენების გადამუშავების პროექტით და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანამონაწილეობაზე.
ვიზიტის ფარგლებში ჩინელი ინვესტორები შეხვდნენ ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების ხელმძღვანელებს.
ჩინური კომპანია ელექტროსადგურების აღჭურვილობებს აწარმოებს და ყიდის. კომპანიის წლიური შემოსავალი 3.36 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა შვედურმა კომპანია „რესონამ“. კომპანიის წარმომადგენლები შეთანხმების შემთხვევაში საქართველოში მყარი ნარჩენებისა და მეორადი ნედლეულის დასაწნეხ დანადგარებს დაამონტაჟებენ, რაც უკვე მსოფლიოს 65 ქვეყანაში მოხდა. შვედები მზად არიან, საკუთარი ტექნოლოგიები საქართველოშიც დანერგონ.
საქართველოში ასევე ჩამოვიდა გერმანიის გარემოსა და ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი ჰარმუნტ ფორტმანი. მას თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კასელის უნივერსიტეტის პროფესორი ბეატრისე კნერი და გერმანელი ბიზნესმენი ანდრეას ფერი, რომელმაც მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელის პროექტი მარნეულში განახორციელა.
ამ შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისში მყარი და ბიოლოგიური ნარჩენების სორტირებასა და ნარჩენებისგან ბიოლოგიური სასუქის მიღებაზე.
გადაწყდა, რომ ქართული მხარე გერმანელ სტუმრებს შემდეგ შეხვედრაზე მყარი ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებაზე თბილისში არსებულ მონაცემებს წარუდგენს, რის შემდეგაც თბილისის მერია და გერმანული მხარე მყარი ნარჩენების გადამუშავების საწარმოს მშენებლობის ერთობლივ პროექტს მოამზადებენ.
თბილისის მერიაში საინტერესო პროექტი წარადგინა კორპორაცია „გლობალ გრინ ენერჯიმ“, რომელიც ამერიკულ-ბრიტანულ-შვეიცარულ-ხორვატიული კომპანიაა. ამ პროექტის მიხედვით მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა დღეში 1500 ტონა მოცულობის ნარჩენის გადასამუშავებლად უნდა აშენდეს, დასაქმდება 1000-1500 კაცი, აშენდება ჰესიც, რომელიც ნარჩენების გადამუშავების შედეგად გამოყოფილ გაზზე იმუშავებს და დედაქალაქს ელექტროენერგიით მოამარაგებს, ასევე ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღება როგორც დიზელის საწვავი, ისე ბიოდიზელი, რომლის გამოყენება საქართველოში უპრეცედენტოა; ასევე იწარმოება სასუქი და, პარალელურად, სასათბურე მეურნეობაც მოეწყობა, რაც დამატებითი მუშახელის დასაქმების პირობაა. საერთო ჯამში, „გლობალ გრინ ენერჯის“ ინვესტიციის მოცულობა 600 მილიონი ევროა.
სწორედ ამ პაკეტის წარდგენის შემდეგ იწყება ძალიან საინტერესო ისტორია:
როგორც ჩანს, ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები არც ამ წინადადებათა პაკეტს ელოდნენ და _ არც ამ მოცულობის ინვესტიციას. ბიუროკრატიული მექანიზმების გამოყენების შემდეგ, პირობების გვერდის ავლით, მერიამ კომპანიისგან დამატებითი ფინანსური დოკუმენტებისა და ე.წ. „აპოსტოლის“ წარმოდგენა მოითხოვა. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ 13-ზე მეტი განაცხადი განიხილა და სულ 4 პროექტი შეარჩია. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანულ პროექტს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ბიძინა გიორგობიანთან ერთად თბილისის ვიცე-მერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ლობირებდა, „გლობალ გრინ ენერჯი“ აშკარად ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა. არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ საქართველოშიIBRD -ის კონსულტანტის მოწვევა გადაწყვიტა. ამბობენ იმასაც, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კონკურსის გზით შეირჩა, თუმცა, ამ ეტაპზე, ვერანაირი ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-მა ვერ მოიპოვა. ხელისუფლების კულუარებიდან კი ჟონავს ინფორმაცია:IBRD -ი იმ პრინციპით შეირჩა, რომ მისი აქაური შეფი, ჯერ კიდევ, ეკონომიკის მინისტრობის დროიდან, ვიცე-მერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ახლო მეგობარია. ამავე წყაროს ინფორმაციით, ბანკის კონსულტანტი საქართველოში უკვე ჩამოსულა, ინტერესთა გამოხატვის დროს წარმოდგენილ პროექტებს გასცნობია, შენიშვნაც გამოუთქვამს, _Gate Tapping Fee -ს, ანუ ქარხნებისთვის მიწოდებული ნარჩენების გადამუშავებაზე გადასახადის გადახდის გარეშე ამ საქმიდან არაფერი გამოვაო... და მერიას კომპანიებისთვის სპეციალური კითხვარის გამოგზავნას დაჰპირებია. სხვა დეტალებზე მერიის კულუარებში არ საუბრობენ.
საინტერესოა, მაშინ, როცა საქართველოს მთავრობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც ინტერესთა გამოხატვის დროს პირობები დაადგინა, ამ პირობების მიხედვით გაიცხრილა ინვესტორები და ე. წ. მარტივი სია დადგინდა, რატომ ვეღარ ახერხებს იგივე კომისია გამარჯვებული ინვესტორის გამოვლენას? რა საჭიროა ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევა უცხოელი კონსულტანტების მოსაწვევად?
ან რატომ არ ესმით სამთავრობო კომისიის წევრებსა და განსაკუთრებით თბილისის ვიცე მერს მარტივი არითმეტიკა, რომ 600 მილიონი ევრო გაცილებით მეტია, ვიდრე 300 მილიონი დოლარი? თუ აქაც მთავარი კრიტერიუმი ისევ „ატკატებია“?
„ქრონიკა+“ ამ თემებზე ოფიციალური პირების კომენტარის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ თბილისის მერიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
„ქრონიკა+“ ყურადღებით მიადევნებს თვალს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. თუ რომელიმე მხარეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების სურვილი გაუჩნდება, სიამოვნებით დავუთმობთ გაზეთის ფურცლებს.
ელისო კილაძე