QronikaPlus
სამარშრუტო ხაზების ბიზნესი კალაძეების ხელში გადავიდა?!

სამარშრუტო ხაზების ბიზნესი კალაძეების ხელში გადავიდა?!

2015-06-05 10:05:43

უახლოეს მომავალში თბილისში სამარშრუტო ტაქსების მასობრივი გაფიცვა იგეგმება, რამაც გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება დედაქალაქის მოსახლეობის სატრანსპორტო უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას. თუმცა, როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები იმდენად კაბალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ საპროტესტო გამოსვლების გარდა სხვა გზა არ დარჩენით. პრობლემები სამარშრუტო ხაზებს მას შემდეგ დაეწყო, რაც წინა ხელისუფლების დროს საეჭვო კომპანიებმა მერიის მხარდაჭერით მიისაკუთრეს ეს სეგმენტი, მგზავრობის ფასი ორმოცდაათიდან ოთხმოც თეთრამდე აიყვანეს და მძღოლებს კი კაბალური ხელშეკრულებები მოახვიეს თავს. როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, გაჩნდა მოლოდინი, რომ სამართლიანობის სახელით მოსული „ოცნება“ ამ ხარვეზსაც გამოასწორებდა. თუმცა როგორც ბევრ სხვა სფეროში, მოლოდინს აქაც არ ეწერა გამართლება. შედეგად, მგზავრობის ფასიც იგივე დარჩა და მძღოლთა მძიმე მდგომარეობაც. ამ ყველაფერმა დასვა დღის წესრიგში საყოველთაო გაფიცვის საკითხი, რის თაობაზეც „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მომავალი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის“ გენერალური დირექტორი _ გიორგი რურუა: _ ჩვენ „ლეიბორისტულ პარტიასთან“ და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად ვაპირებთ სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა მასობრივი გაფიცვის ორგანიზებას. მართალია, ამის გაკეთება ბევრ ობიექტურ, თუ სუბიექტურ სირთულეს უკავშირდება, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებთ და წამოწყებულ საქმეს მაინც ბოლომდე მივიყვანთ. _ ზეწოლა ხომ არ არის ადგილობრივი ხელისუფლებიდან? _ ზეწოლაც არის და მძღოლების გასაჭირით ხელის მოთბობის სურვილიც. მაგალითად, გაფიცვის საკითხებზე მძღოლებთან მოლაპარაკების წარმოების პროცესში გავიგეთ საინტერესო ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ, თურმე, პროფკავშირი ცდილობდა „შავი“ ფულის აკრეფას, მხარდაჭერა რომ გამოეცხადებინათ მათთვის. სთავაზობდა საკუთარ მხარდაჭერას, მხოლოდ გასამრჯელოს სანაცვლოდ, რაც კატეგორიულად მიუღებელია და აშკარად არღვევს კანონის მოთხოვნებს. ამის გარდა ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებობს აგდებული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რისი მშვენიერი დასტურიც გახლავთ შემდეგი ამბავი: ცოტა ხნის წინათ გაიფიცნენ #135-ე ხაზის მიკროავტობუსები. მათ მძღოლებს დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად მოუგვარებდნენ პრობლემებს, მაგრამ როცა მძღოლები დასთანხმდნენ ამ წინადადებას, მოხდა კურიოზული და ცინიკური ფაქტი: ხელმძღვანელობამ გაფიცულთა გარემო-პირობების გაუმჯობესების ნაცვლად გააუარესა მათი პირობები და რამდენიმე დღეში გაუზარდა ყოველდღიური გეგმა, ხოლო მძღოლების რაღაც ნაწილი სამსახურიდან მოხსნა კიდეც. ასე ზრუნავს თბილისის მერია და მისი დაქვემდებარებული უწყებები მძღოლთა პრობლემების მოგვარებაზე, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული მგზავრთა კომფორტული გადაყვანა. ერთიც და მეორეც _ მძღოლებიც და მგზავრებიც _ მერიაში არად ანაღვლებთ და მხოლოდ შემოსავლებზე ზრუნავენ. იგივე რომ არ მოხდეს და 135-ე სამარშრუტო ხაზის ისტორია რომ არ განმეორდეს, ამჟამად გაიფიცება არა მარტო რომელიმე ერთი კონკრეტული ხაზი, არამედ მთელი სამარშრუტო პარკი. _ მძღოლების უფლებების დარღვევა, თუ კაბალური მდგომარეობა რით გამოიხატება? _ აღმოჩნდა, რომ ოფიციალური გადასახადის გარდა მძღოლებს ახდევინებენ არაოფიციალურ თანხასაც, რაც შედის მერიაში და მერია მფარველობს ამ ბიზნესს. სწორედ ასეთი სქემა დააკანონა უგულავას მერიამ და იგივე სქემით აგრძელებს ნარმანიას მერიაც. ეს, პრაქტიკულად, სენსაციაა, რომ მერიაში გამწარებული მიმდინარეობს შავი ფულის კეთება. როგორც წესი, ფულის აკრეფა ხდება დისპეტჩერების მეშვეობით, რომლებიც ხაზებზე ჰყავთ დასაქმებულები. ისინი ადგილზე უგვარებენ მძღოლებს ბევრ საკითხს და საჭიროების შემთხვევაში მათთვის საინტერესო ინფორმაციებს გადასცემენ „კრიშას“, ანუ მერიას. _ რამდენს იღებენ მძღოლებისგან გეგმის ზემოთ? _ რაც შეეხება თანხის ოდენობას, პრაქტიკულად, ზუსტი ციფრის დადგენა, ამ ეტაპისთვის, შეუძლებელია, რადგან ფულის ოდენობა სამარშრუტო ხაზების მიხედვით მერყეობს. მთავარია, რომ, პრაქტიკულად, მერია იღებს მათგან შავ ფულს. ჩვენი კვლევის მიხედვით, ყოველდღიური გეგმა, მაგალითად, #133-ე ხაზზე, არის 57 ლარი, ხოლო მის ზემოთ გადახდილი თანხა გახლავთ რეალურად შავი ფული. კვლევის მიხედვით შავ ფულს ატრიალებს ე. წ სადისპეტჩერო სისტემა. ისინი ქეშად იღებენ მძღოლებისგან ფულს! მაგრამ მძღოლების პრობლემა აქ არ მთავრდება. საქმე ის არის, რომ 57 ლარის ზემოთ მძღოლს ახდევინებენ მანქანის ზეთის შეცვლის ფულს, რომელიც უხარისხოა, მისი რეალური ღირებულებაა 5 ლარი, ხოლო მძღოლებს ახდევინებენ 20 ლარს, საბაზრო ფასად ყიდულობენ საწვავს და მანქანის გაფუჭების შემთხვევაში მძღოლი მაინც იხდის ყოველდღიურ გეგმას, ამ შემთხვევაში, 57 ლარს, ეს არის, პირდაპირ, ძალაუფლების შედეგად მოკრეფილი ფული, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით არის უკანონო, არალეგალური და შავი. _ და ამ ყველაფერს დისპეტჩერების ხელით მართავენ? _ რაც შეეხება დისპეტჩერებს, ისინი, პრაქტიკულად, ასრულებენ მაფიის დავალებას როგორც ეს თავში ვახსენე, აკონტროლებენ მძღოლებს, მიაქვთ ინფორმაციები და საჭიროების შემთხვევაში მძღოლს `საქმეს ურჩევენ~ ხოლმე. ეს შეფასება ჩემგან შეიძლება იყოს სუბიექტური, მაგრამ მთავარია, რომ არც ისე უსაფუძვლოა: მძღოლები არიან შეშინებულები, მათ აშანტაჟებენ და იძულებით ატოვებინებენ სამსახურს. მათ თავიანთი ძირითადი უფლების _  გაფიცვისაც კი ეშინიათ და საჯაროდ ვერ გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს. _ თქვენც, ორგანიზატორებსაც ხომ არ გემუქრებათ ვინმე? _ როცა პირველივე დღეს დავაანონსეთ მასობრივი გაფიცვის თაობაზე, ჩემთან მოვიდა ვინმე მერაბი, რომელმაც მითხრა, რომ თურმე მძღოლები არ უნდა გაიფიცონ. მან მიხსენა კარლო კალაძე და ბიძინა ივანიშვილი, მერე საუბრისას უცბად გადააკეთა კარლო კალაძის სახელი და ახსენა კახა კალაძე. მოკლედ, როგორც ჩანს, მამა-შვილი არის ჩართული ამ ბიზნესში და მათ ვერ მოერევითო. ე. ი. სამარშრუტო ინტერესები მერიაზე გაცილებით ზემოთ მიდის, თუმცა ეს ის არ არის, რაც ჩვენ გაგვაჩერებს და აუცილებლად გავუკეთებთ ორგანიზებას სამარშრუტო ტაქსების გაფიცვას.  

                                                                                                         დავით დევიძე

 

გაზიარება