QronikaPlus
რატომ ამჯობინა ევროკავშირმა საქართველო-უკრაინას ლათინური და აფრიკის ქვეყნები?

რატომ ამჯობინა ევროკავშირმა საქართველო-უკრაინას ლათინური და აფრიკის ქვეყნები?

2015-06-05 09:38:58

ტყუილით, თითქოს საქართველოში ეკონომიკური აღმავლობაა, რის გადაფარვას ცდილობს ირაკლი ღარიბაშვილი და „მეოცნებე“ ხელისუფლება? პირველ რიგში, ეს ბოლო პერიოდში გაჩენილი საგარეო პოლიტიკის პრობლემებია. „ქრონიკა+“-ის წინა ნომერში უკვე ვისაუბრეთ რიგის სამიტის ჩვენთვის არასახარბიელო შედეგებზე. მართალია, ირაკლი ღარიბაშვილმა და კომპანიამ ეს სამიტიც წარმატებულად მონათლა, მაგრამ აღნიშნული კიდევ არაფერია იმ პრობლემასთან შედარებით, რაც მომდევნო დღეებში გამოჩნდა: მოგეხსენებათ, რიგის სამიტზე გაურკვეველი ვადით გადაიდო საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ევროკავშირის მკაცრი მოთხოვნების ფონზე ეს შეიძლება გასაგები ყოფილიყო: სხვადასხვა ტიპის რეფორმები ამ ორ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მიყვანილი და საჭირო იყო ამ ეტაპის გავლა, თუმცა სამიტის დამთავრებიდან სულ რამდენიმე დღეში ვრცელდება საინტერესო ინფორმაცია: „ევროკავშირმა ტრინიდადი და ტობაგოსთან, დომინიკასთან, სენტ-ვინსენტთან,  გრენადინებთან და სამოასთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ უვიზო რეჟიმის შესახებ ხელი მოაწერეს ლატვიის ევროპის საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ, ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა და აფრიკული, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის შვიდი ქვეყნის წარმომადგენელმა. გავრცელებული ცნობით, სავიზო რეჟიმი მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უქმდება. კერძოდ, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ, იგივე უფლებით ისარგებლებენ ევროკავშირის მოქალაქეები აღნიშნული შვიდი ქვეყნის ტერიტორიაზე. „დღევანდელი შეთანხმება ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, ტურიზმის განვითარებასა და ევროკავშირსა და შვიდ ქვეყანასთან ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს“, _ განაცხადეს ლატვიის ევროპის საქმეთა სამინისტროში. უვიზო მიმოსვლა მოქმედებს ყველა კატეგორიის ადამიანისთვის და ნებისმიერი მიზნით ვიზიტზე. აღნიშნული შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება ევროპარლამენტს გადაეგზავნება საბოლოოდ დასამტკიცებლად. რა ხდება? საქართველოს და უკრაინას უარი ეთქვა იმის გამო, რომ ჯერ მზად არ ვართ ევროპასთან დასაახლოებლად და ამ დროს ვიზალიბერალიზაცია დასაშვები ხდება ჩვენთან შედარებით გაცილებით ჩამორჩენილ ქვეყნებთან?! ნუთუ, სამოაში გაუსწრეს რეფორმების კუთხით უკრაინასა და საქართველოს? ეს ის კითხვებია, რასაც ბოლო დღეების მანძილზე ხშირად წააწყდებით. ცხადია, არსებობს გარკვეული მიზეზები, რამაც ხსენებულ ქვეყნებთან ევროპის ვიზების გაუქმება გამოიწვია, მაგრამ, ამავე დროს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ, თურმე, რაღაც რეფორმების მოთხოვნა მთავარი სრულიადაც არ ყოფილა. ანუ როცა ჩვენ უარი გვითხრეს ვიზალიბერალიზაციაზე, სინამდვილეში ეს რუსეთისთვის გაკეთებული პოლიტიკური ჟესტი იყო, რითაც მოსკოვს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ თავისუფალი ქმედებების ვადები გაუხანგრძლივეს. ბებერი ევროპა ამას თავისი პრაგმატული მოსაზრებებით აკეთებს: რუსეთთან აშკარა კონფრონტაციაზე წასვლას ურჩევნია, ეტაპობრივი სანქციები აწარმოოს. ამის დრო ევროპას აქვს. სამაგიეროდ, დრო არ აქვს არც უკრაინას და არც საქართველოს. ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება არათუ არ შეუძლია, ასევე დასავლელი პარტნიორებისთვის თუნდაც სიტყვის შებრუნების დონეზე არ ძალუძს ამ საგარეო პოლიტიკის წარმოება. ეს კი, ფაქტობრივად, ხელისუფლების კოლაფსს ნიშნავს და ის ამ კოლაფსის გადაფარვას ეკონომიკის აღმავლობაზე საუბრით ცდილობს. მთლიანობაში რომ შევაფასოთ, ხელისუფლების მხრიდან ეს არ არის ადეკვატური საქციელი. „კაცმა მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო“, _ ნათქვამია და ასე ტყუილებზე აგებული სტატისტიკით შორს ვერ წავალთ. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეყოს გამბედაობა და ევროკავშირთან საუბრისას ტონი ცოტათი მაინც გაამკაცროს. საქმეში ჩახედულთა მტკიცებით ეს სულაც არ არის შეუძლებელი ამბავი. თბილისს, ისევე როგორც კიევს, ხელეწიფება ისაუბროს დროის უქონლობაზე, რის გამოც შეიძლება იძულებული გახდეს, პარტნიორები ევროპის გარეთ, თუნდაც იგივე ევრაზიულ სივრცეში, ან ცენტრალური აზიის მიმართულებით ეძებოს. ეს კი აწყობს თუ არა ევროპას, მისი რეაგირებისას გამოჩნდება. აყვავებული ეკონომიკის თაობაზე ტყუილები „ნაციონალური მოძრაობის“ მოგონილია. გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილი რომ გვეუბნებოდა ეკონომიკური განვითარების კუთხით ევროპის ბევრ ქვეყანას და იაპონიასაც კი გადავუსწარითო. დღეს უკვე ივანიშვილ-ღარიბაშვილის დუეტი გვიმეორებს იგივეს. რაც ერთმა მოიგო ამით, იმას მოიგებს მეორეც... ასე რომ, ხელისუფლებას ურჩევნია, აყვავებული საქართველოს თემებზე ანეკდოტებს შეეშვას და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოს.  

                                                                                                                     დავით დევიძე

 

გაზიარება