ირაკლი კორძაია საქართველოში დაბრუნდა!
დაბრუნდა ისევე უხმაუროდ, როგორც წავიდა!!!
წასვლამდე იყო ხმაურიანი განცხადებები „იმედზე“ და ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატის საჩივარი ქალაქ თბილისის პროკურატურაში. ირაკლი კორძაია დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც ის აცხადებდა, არ იცოდა, რა საქმეზე. ჯანყარაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ადვოკატის გარეშე არ მისცა და მოგვიანებით, საქართველოდან საერთოდ წავიდა.
„იმედზე“ სატელევიზიო ჩართვაში კორძაია გია უდესიანის მფარველობაში და ბესიკ ხარძიანის საქმის გამოუძიებლობაში ლაშა ნაცვლიშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებდა.
29.03.2015 ირაკლი კორძაია „იმედის კვირა“
_ მე ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევ მთავრობის დისკრედიტაციაში და, საერთოდ, გამარჯვების იდეის დისკრედიტაციაში ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს. ისინი კონკურენციას არ ექვემდებარებიან, უბრალოდ, მათ მოახდინეს ყველაფრის დისკრედიტაცია, რაც კი შეიძლებოდა ამ ორი წლის განმავლობაში.
ახლა მე გეტყვით ერთ ჩემს პატარა დაკვირვებას, რომელსაც ვამჩნევ გუშინდელი საღამოდან და დღევანდელი დილიდან, რომ არის გარკვეული მცდელობა ხელის გაშვერისა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობისკენ, თითქოსდა მათ ჰქონდათ 5 თვე საიმისოდ, რომ გაერკვიათ ეს საკითხები და რატომ არ გაარკვიეს? ეს ადამიანები, კონკრეტულად, ვახტანგ გომელაური, დღეს ალაგებს იმას, რაც წელიწადნახევრისა და ორი წლის განმავლობაში ზუსტად ჯანყარაშვილმა და ზედელაშვილმა გააფუჭეს. აი, ამისთვის არის მისული ვახტანგ გომელაური.
ახლა არ მიკვირს ასეთი პასუხი ბატონი ღარიბაშვილისგან. ღარიბაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ ჯანყარაშვილს; ჯანყარაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ ზედელაშვილს; ზედელაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ თამაზაშვილს. აი, ასე შეგიძლიათ წრიულად წარმოიდგინოთ. მე არ მიკვირს ეს მათგან, იმიტომ რომ მათ არ ეძვირფასებათ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ 2012 წელს მივაღწიეთ. იმიტომ, რომ მათ არ განუცდიათ ის ტკივილი, მათზე არ ყოფილა, ასე ვთქვათ, ფიზიკური ზეწოლა, ისინი არ ყოფილან მიტინგებზე ნაცემი, ისინი არ ყოფილან სახლებიდან გატაცებული, ისინი არ ყოფილან უკანონო პატიმრობაში. ერთი შემთხვევა იყო, ბატონი თამაზაშვილი 9 თვე იჯდა ციხეში და გახადეს მისგან მაჰათმა განდი. ასე ჩემს მეგობრებს იჭერდნენ დღეგამოშვებით, მაპატიეთ და, ფეხებით კიდებდნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დაჩი ცაგურია ჯაჭვით ათრიეს სამმართველოს ეზოში და მერე იმავე ჯაჭვით ჩამოკიდეს 15 ივნისს.
15 ივნისთან დაკავშირებით ზუსტად მინდა ვთქვა: ბატონი ჯანყარაშვილი და ზედელაშვილი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც აყოვნებდნენ ამ საქმის გამოძიებას. იქ არის ათობით ადამიანი, რომელიც არის იდენტიფიცირებული, მათი სახელები და გვარები... წელიწადნახევრის განმავლობაში ვიხვეწებოდით, გენერალურ ინსპექციას ვეხვეწებოდით მე და ჩემი მეგობრები, რომ დაგვკითხეთ, დაგვკითხეთ, დაგვკითხეთ!.. ეს არ ხდებოდა და მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვალა ხელმძღვანელობა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც წავიდა ჯანყარაშვილი, რაც წავიდა ზედელაშვილი... სულ რამდენიმე ხანში დაგვკითხეს, რაც ვახტანგ გომელაური მივიდა სისტემაში.
ახლა რაც შეეხება ბატონი უდესიანის პერსონას _ მე მგონი, დარბაზში არიან, უფრო სწორად, ტელეეკრანებთან, ადამიანები, რომლებსაც არ სჭირდებათ ჩემი გახსენება, თუ ვინ არის ეს ადამიანი და რით იყო დაკავებული წლების განმავლობაში. გავიხსენოთ ლადო კვარაცხელია, იპოდრომის ის ტერიტორია, სადაც უდესიანს ჰქონდა ოფისი, როგორ წაართვეს კვარაცხელიას, კომპანია „იოლის“ ისტორია გაიხსენეთ, ახლა ბესო ხარძიანზე არაფერს ვლაპარაკობ და, თუ არ ვცდები, ბატონი ბეგიაშვილი გეყოლებათ თქვენ და ისიც მოყვება თავის პირად დიალოგს, იმედია, მოყვება ბატონ გია უდესიანთან. აი, ასეთი ადამიანი დღეს ჩვენ, კიდევ იქიდან, ასე ვთქვათ, მორალს გვიკითხავს და რაღაცა დაჩაგრული ადამიანის პოზით გველაპარაკება.
_ ირაკლი, რა შეგიძლიათ დღეს თქვენ თქვათ, უკვე მეორე დღე არის ბესო ხარძიანის მკვლელობიდან. ანუ თქვენ განიხილავთ მხოლოდ ერთ ვერსიას, რომ ეს კვალი მიდიოდეს გია უდესიანთან და ერთი კიდევ _ რა მიზეზით აყოვნებდნენ მაშინ უდესიანთან დაკავშირებით ამ გამოძიებას თქვენ მიერ დასახელებული პირები?
_ ჩემ მიერ დასახელებული პირები აყოვნებდნენ ამ ყველაფერს, მხოლოდ და მხოლოდ, ფინანსური კოჰაბიტაციის მიზეზით. აი, ეს იყო ერთადერთი მიზეზი. რას ვგულისხმობ და, ფინანსური ინტერესი ჰქონდათ ერთობლივი მათ და უდესიანს, ფულს ვგულისხმობ, მეტი რა უნდა ვიგულისხმო?!
_ ანუ ჯანყარაშვილს, ზედელაშვილს და უდესიანს?
_ ანუ თავდაპირველად ეს იყო ლაშა ნაცვლიშვილი, მერე მას ჩაენაცვლა ბატონი ჯანყარაშვილი და ზედელაშვილი.
_ ირაკლი, ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დავსვა, რამდენად ცხადი ხდება და ცხადია, გარდაცვლილს ჰქონდა ერთი დავა და ერთი სადავო აქტივი _ კუს ტბა, და მოწინააღმდეგე, მოსარჩელე მხარე იყო უკრაინაში მოქმედი ბიზნესმენი, რომელიც დღეს განცხადებებს აკეთებს და მისი წარმომადგენელია ბატონი უდესიანი. ამას უკავშირებ შენ ამ მკვლელობას, ამ დავას? არა კონკრეტულ პირებს, არამედ დავას?
_ არა, ნუ გავყოფთ, რა, ახლა ქურასბედიანსა და უდესიანს. თუ გინდათ, ხელოვნურად დავყოთ _ დავყოთ. ერთი მთლიანობაა. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი შეიძლება უნგრეთში იყოს, მეორე ჩუკოტკაზე იყოს, მარა ეს ერთი საქმეა. მე ერთადერთ რამეს ვიტყვი, რომ... მე დავრწმუნდი კიდევ ერთხელ დღეს იმაში, რომ ეს ადამიანები, კონკრეტულად ვგულისხმობ, აი, ჩემ მიერ ჩამოთვლილ ადამიანებს _ ბატონი ჯანყარაშვილი, ზედელაშვილი და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი თავისი მისწრაფებებით, ვნებებით, სურვილებით და გემოვნებით არაფრით არ განსხვავდებიან წინა ხელისუფლებისგან. უბრალოდ, ისინი აღვირს ვერ იხსნიან, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი მიზეზის გამო, რომ აქვთ შიში ბიძინა ივანიშვილის და კიდე კარგი, რომ ეს შიში მაინც აქვთ.
_ სულ ბოლოს, წარმოადგინონ კონკრეტული დასაბუთებაო, როდესაც ამბობს, აპირებთ, რომ რაიმე...
_ ინგა, სამი თვე მე ვიხვეწები, ჩემს გადაცემაში, „კავკასიაზე“, „ბარიერში“ ვიხვეწები პრემიერ-მინისტრისგან, ძალიან მინდა მოვიდეს, იყოს ჩემი სტუმარი, ძალიან მინდოდა კონსტრუქციული საუბარი მქონოდა მასთან, თუმცა სამი თვეა, მე მისგან ვიღებ უარს. დღესაც, აქედანაც მე მას ვუთვლი, რომ ოთხშაბათს ჩემი გადაცემა ჩვეულებრივ გავა ეთერში და ჩემი მოპატიჟება ძალაშია.
ამ განცხადებების მერე, ირაკლი კორძაია ქვეყნიდან წავიდა. მეგობარი, რომელმაც კორძაია გააცილა, აცხადებდა, რომ იგი რიგაში გაფრინდა. რაკი რიგაში სწორედ იმ დღეებში სამიტი იმართებოდა და საქართველოს ხელისუფლება ჟურნალისტებთან ერთად იქ იმყოფებოდა, იმთავითვე გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ კორძაია ხმაურიან განცხადებებს რიგაში გააკეთებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. პარალელურად თბილისში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ირაკლი კორძაიამ ფული აიღო და ქვეყანა სწორედ სიჩუმის გარანტიით დატოვა. როგორც აღმოჩნდა, რიგიდან ირაკლი გერმანიაში გადავიდა და სწორედ აქედან ჩაერთო ტელეკომპანია `მაესტროს~ ეთერში.
25 მაისი, 2015, ირაკლი კორძაია, ტელეკომპანია „მაესტრო“:
_ ირაკლი, საზოგადოებას აინტერესებს საქართველოდან თქვენი მოულოდნელი გამგზავრების მიზეზი, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
_ გადაწყვეტილება მივიღე გამომდინარე იმ მოვლენებიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ორი თვის, ორი თვენახევრის განმავლობაში. ათვლა დავიწყოთ, მოდით, ბესო ხარძიანის მკვლელობის დღიდან. აბსოლუტური უმოქმედობა ჩანს ამ მიმართულებით, საქმე არ არის გამოძიებული, ხდება რაღაცნაირად ამ საკითხის მარგინალიზაცია, ამასობაში ბატონი გიორგი უდესიანი ხდება გმირი და ხელისუფლება, პროკურატურა, პირველ რიგში, აკეთებს ყველაფერს საიმისოდ, რომ საზოგადოებამ, რაღაცნაირად... საზოგადოებისგან მივიწყებულ იქნას ეს თემა.
რაც შეეხება წასვლის მიზეზს, აქ იყო მრავალსახეობა, ზეწოლები. მე მოგვიანებით ერთ ეპიზოდს მოვყვები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორი დღის შემდეგ ბესოს მკვლელობიდან. და ამ ყველაფერში ჩართულია, ბუნებრივია, უშუალოდ ბატონი უდესიანი, პრემიერ-მინისტრის ნათესაობა, პროკურატურა და ყველა ის მანქანა, რა მანქანებიც მათ ხელთ აქვთ.
მე კონკრეტიკისგან, ნება მიბოძეთ, რომ დღეს თავი შევიკავო, თუმცა გპირდებით, რომ უახლოეს დღეებში დეტალურად გიამბობთ ყველაფერს. რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდს _ მეორე დღე იყო ბესოს მკვლელობიდან, როდესაც მე დამირეკა ერთმა მაღალჩინოსანმა და მთხოვა შეხვედრა. ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა ის და კიდევ ერთი დეპუტატი. ეს შეხვედრა ხდებოდა კაფე „რუმსში“ ბელინსკის ქუჩაზე, ძალიან ბევრმა თბილისელმა იცის ეს ადგილი, და, ჩვეულებრივ, მოდით, ასე ვთქვათ, გვამის გაყიდვას მთავაზობდნენ სიჩუმის სანაცვლოდ. საუბარი იყო, რაღაც... ალბათ, ფულად ჯილდოზე. აი, ეს იყო პირველი ეპიზოდი და განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩემთვის. ეს იმიტომ, რომ ერთ-ერთ ადამიანთან მაკავშირებდა პირადი ახლობლობა. ამ წუთასაც არ ვიტყვი მის სახელს და გვარს, მაგრამ თუ საჭიროება გახდება ამისი, ამ დეტალებსაც გაგიმხელთ აუცილებლად. იყო ჩვეულებრივი, ხანგრძლივი, ნახევარსაათიანი საუბარი და არსი იყო ერთი _ ვაჭრობა. უბრალოდ, მე უნდა გამეყიდა ბესო ხარძიანის გვამი სიჩუმის სანაცვლოდ. თუ ვისგან მოდიოდა ეს შემოთავაზება, ძნელი მისახვედრი არ არის, იმიტომ რომ მე ბრალდებებს ვუყენებდი უშუალოდ ბესო ხარძიანის მთავარ მტერს და იმ ადამიანებს, რომლებიც მფარველობდნენ ბატონ გიორგი უდესიანს. ეს ადამიანები არიან პრემიერ-მინისტრი და მისი ნათესავები.
_ ირაკლი, თქვენ ხელისუფლების ცვლილებამდე, წლების განმავლობაში, იყავით საკმაოდ აქტიური მონაწილე აქციებისა. თუ დამდგარხართ იმ პერიოდში მსგავსი გადაწყვეტილების წინაშე? თუ არა, როგორ შეგიძლიათ ახსნათ ის, რომ რატომ გახდა საჭირო ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმა ამ რეალობაში?
_ ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელზეც ნაფიქრი მაქვს თბილისშიც და აქაც, ბერლინშიც. ის ძალიან მძიმე 9 წელი გამოვიარეთ ჩვენ, მეც. ის ადამიანები, რომლებიც მე მიმიჩნევდნენ თანამებრძოლად, ისინი, ვისაც მე მივიჩნევდი თანამებრძოლებად, მაგრამ მაშინ ჩვენ კონცენტრირებული ვიყავით და ფოკუსირებული ვიყავით ერთ მტერზე _ ეს მტერი იყო, ასე ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თავკაცი _ მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელი სიტუაცია, ამ თვალსაზრისით, არის გაცილებით რთული იმიტომ, რომ შეუძლებელია ამოიცნო... მოდით, არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ _ მტერი _ ვისგან უნდა ელოდო ბოროტებას და ვისგან უნდა ელოდო სიკეთეს გამომდინარე იქიდან, მე... თქვენს წინა სიუჟეტში ლალი მოროშკინა საუბრობდა გადმოპორტირებაზე. ის საუბრობდა ქვედა რგოლებზე: მაგალითად, ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს, ჟურნალისტური გამოძიებების მეშვეობით, კონკრეტული ფოტო და ვიდეომასალის მეშვეობით, ჩვეულებრივ მხილებულები იყვნენ სისხლის სამართლის დანაშაულებებში, დღეს არიან ძალიან მაღალ თანამდებობებზე.
_ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, ვის გულისხმობთ ამ შემთხვევაში?
_ ნუ, ვგულისხმობ, მაგალითად, 15 ივნისის დამრბევ ადამიანებს, რომლებიც ზოგი სამმართველოს უფროსია, უარეს შემთხვევაში, ყველაზე დაბალ პოზიციაზე _ სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
_ სახელის და გვარის დასახელება თუ შეგიძლიათ?
_ 11 გვარია დასახელებული: მაჩაიძე, მაგალითად, რომელიც, თუ არ ვცდები, ყოფილი გაგარინის მოედანზე პოლიცია რომ არის, იმის ხელმძღვანელია. იქ არის 11 გვარი და ისინი არიან მოქმედი პოლიციელები. ერთი წლის განმავლობაში გენერალური ინსპექცია ხან ინტერესდებოდა, ხან ეს ინტერესი ნელდებოდა, შემდეგ პროკურატურას გადაეცა ეს საქმე, მაგრამ ეს ყველაფერი გადავიდა მასკარადში და ჩანს ერთადერთი რამ _ როდესაც ამ თემის წამოწევა ხდება მედიის საშუალებით ჩემ მიერ თუ ჩემი მეგობრების მიერ, ისინი გვირეკავენ, გვიბარებენ ამ ფსევდოდაკითხვებზე და ახსნა-განმარტებებზე და შემდეგ ისევ ხდება ამ თემის მიჩუმათება. ანუ მიზანი არის ერთადერთი: რაღაც დროის განმავლობაში ჩვენში ეს ტემპერატურა დაწიონ და დრო მოიგონ. ამით, საბოლოო ჯამში, მოგებული არავინ რჩება, ქვეყანა, პირველ რიგში.
მე წამოვედი საქართველოდან სამშაბათს. მინდა გითხრათ, რომ განცხადებებისგან თავი შევიკავე. ვგეგმავდი ამ ყველაფერზე საუბარს 21-ში და 22-ში, მაგრამ როდესაც გავიაზრე რიგის სამიტის მნიშვნელობა საქართველოსთვის, მხოლოდ და მხოლოდ, ამიტომ შევიკავე თავი. და, ასე ვთქვათ, დღეს გავაკეთე ესეთი პირველი განმარტება.
_ საინტერესოა, უკავშირდება თუ არა რაიმე ფორმით თქვენი წასვლა სასჯელაღსრულებაში თქვენი მუშაობის პერიოდს?
_ იცით, რაა? არა, არანაირად! თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მე წამოვედი. მოგეხსენებათ, ეს კოლოსალური პრემიები, რომლებიც დიმიტრი დარბაისელმა დაიწერა. იქ საუბარია 3 მილიონ ლარზე. ცნობილი გახდა, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი მილიონის შესახებ, მაგრამ ჯამურად ამ ადამიანმა 3 მილიონი ლარი წამოიღო. დიმიტრი დარბაისელი, პოლიციის პოლკოვნიკი, რომელიც არის ჩვეულებრივი ნარკომანი და პრემიერ-მინისტრმა, როდესაც ის გადადგა, ის მადლობით გაისტუმრა თანამდებობიდან და უთხრა მადლობა ვაჟკაცობისთვის, დაწყებული საქმისთვის... თუ ახლა 3 მილიონის ჯიბეში ჩადება ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეა, ვაჟკაცობაა და პატრიოტიზმი, არ ვიცი! აქაც ესე იგი პრობლემები აქვს პრემიერ-მინისტრს ფასეულობებში.
_ ვინ დაიცავს თქვენს ინტერესებს საქართველოში?
_ საქართველოში მე მყავს ადვოკატი, რომელსაც დავუკავშირდები ამ დღეებში სკაიპით...
ის, რომ მე დღეს ვიმყოფები ბერლინში, არ ნიშნავს, რომ... არც მაქვს გადაწყვეტილი აქ დარჩენა, ნუ, გაუხარდებათ. დისკომფორტს ვპირდები მომავალში.
_ ანუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას, თუმცა ჯერ, ალბათ, არ არის ცნობილი, როდის...
_ რა თქმა უნდა, რა მესაქმება უცხო ქვეყანაში? საქართველოში დაბადებული ვარ, გააზრებული და გაუაზრებელი ცხოვრებაც იქ გავატარე, ვსაქმიანობ, სამსახური მაქვს, მეგობრები მყავს, ჩემი წრე მყავს და, რა თქმა უნდა, რანაირ სიამოვნებას შეიძლება განიჭებდეს ჩემი ქვეყნიდან ასე შორ მანძილზე ყოფნა? თუმცა რაღაც დრო მექნება საფიქრად, იმისთვის, რომ მივიღო გადაწყვეტილება _ დავრჩე აქ, მოვითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი, თუ წამოვიდე უკან _ საქართველოში?
კონკრეტიკა და განმარტებები არც ამ სატელევიზიო ეთერს მოუტანია. ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ საქართველოდან წასვლამდე მას ბელინსკის ქუჩაზე მდებარე კაფე „რუმსში“ ორი მაღალჩინოსანი შეხვდა და გარიგება შესთავაზა - ხარძიანის თემაზე ხმაურიანი განცხადებები გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეწყვიტა. ირაკლი კორძაიამ კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა, _ წარსულში ერთ მათგანთან მეგობრობა მაკავშირებდაო.
სწორედ „მაეტროზე“ სატელევიზიო ჩართვის შემდეგ „ქრონიკა+“-ს სახელისუფლებო წრეებიდან მოქმედი მაღალჩინოსანი დაუკავშირდა და კონფიდენციალურობის დაცვით შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა:
„ირაკლი კორძაია სასჯელაღსრულების სამინისტროდანაც უხმაუროდ წავიდა. მან მიზეზებზე საუბარი არც მაშინ მოისურვა, მაგრამ რეალური მიზეზი სამინისტროში შექმნილი სიტუაცია და უკანონობები იყო. სოზარ სუბარისა და დიმიტრი დარბაისელის წინააღმდეგ მხოლოდ ლალი მოროშკინა იბრძოდა. ბოლოს გაირკვა, რომ მოროშკინა მარტო სულაც არ იყო და მას ირაკლი კორძაიაც ეხმარებოდა. სწორედ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მოუხდა მას სამინისტროს დატოვება. ირაკლი კორძაიას არც ზვიად ჯანყარაშვილი ემუქრებოდა და არც თამაზ თამაზაშვილი, პირიქით, პრემიერის ნათესავები ბესიკ ხარძიანის მკვლელობის დროს გია უდესიანის მფარველობასთან არანაირ კავშირში არ არიან. მოგეხსენებათ, სოზარ სუბარი ირაკლი ღარიბაშვილს კონკურენტად, ჯერ კიდევ, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მიიჩნევდა, რადგან მას იმედი ჰქონდა, რომ პრემიერის პოსტზე ივანიშვილი სწორედ მას წარადგენდა. ახლაც, როცა დღის წესრიგში პრემიერის შეცვლის საკითხი დგას, სუბარს ისევ იმედი აქვს, რომ პრემიერის სავარძელს დაიჭერს, ამიტომ ღარიბაშვილის ნათესავების ნებისმიერი ხსენება მისთვის ხელსაყრელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცის ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება თამაზ თამაზაშვილისადმი.
რაც შეეხება „რუმსში“ შეხვედრისა და გარიგების ფაქტს, ირაკლი კორძაია მართალია, მას ნამდვილად შეხვდა ორი პიროვნება, ერთი გახლდათ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მეორე _ პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე. ისინი კორძაიას არა პრემიერის ნათესავებზე გაჩუმებას, არამედ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გია უდესიანის სახელის დავიწყებას სთხოვდნენ. სანაცვლოდ შესთავაზეს სოლიდური მოცულობის თანხა _ 120 000 $. მეგობრების წრეში კორძაიას ეს ფაქტი არც დაუმალავს. შეთავაზებაზე უარი თქვა. ის იმდენად დაბნეული და შოკირებული იყო, სხვა ვერაფერი მოიფიქრა და საქართველოდან საერთოდ წავიდა“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს კარგად ინფორმირებულმა წყარომ.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ „ქრონიკა+“ მთელი კვირის განმავლობაში, მისივე მეგობრების დახმარებით, ირაკლი კორძაიასთან უცხოეთში დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ მან კონტაქტზე და დეტალების განმარტებაზე უარი თქვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კორძაია საქართველოში დაბრუნდა, პირადად დავუკავშირდი მისსავე მობილურ ტელეფონზე,(5998547...) გავუგზავნე ესემეს შეტყობინება და ინტერვიუ ვთხოვე. სამწუხაროდ, ირაკლი კორძაიამ დეტალებზე საუბარი არც ამჯერად ისურვა. (ჩვენი სატელეფონო მიმოწერა ინახება რედაქციაში.)
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძეს დაუკავშირდა:
აი, ამ ასაკში თუ რაიმე გამაკვირვებდა, ნამდვილად არ მეგონა. გამაკვირვა და გამაცინა კიდეც ირაკლი კორძაიამ. სერიოზულად ამ თემაზე კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო? მე გეტყვით ყველაფერს, რა მაქვს დასამალი? დასამალი რომ მქონოდა და რაიმე კონსპირაციული შეხვედრა, „რუმსში“ ხომ არ შევხვდებოდი? როცა დავურეკე, თვითონ შემომთავაზა, რომ „რუმსში“ შევხვედროდით ერთმანეთს და მეც დავთანხმდი. რაც მთავარია, ეს არ იყო პირველი შეხვედრა, ძალიან კარგად ვიცნობ ირაკლი კორძაიას და პირველად არ ვხდებოდით ერთმანეთს. იქ რომ მივედი, დავინახე სოზარ სუბარი, გაეროს ლტოლვილთა კომისიის წარმომადგენლებთან ერთად იყო და საუბრობდა, მე და ირაკლი ცალკე დავსხედით, რაღაც შევუკვეთეთ და მერე ლაპარაკში ვკითხე, _ რა ხდება, ირაკლი, რაიმე კონკრეტული ფაქტი გაქვს, როცა პრემიერ-მინისტრს, ან ზვიად ჯანყარაშვილს ახსენებ-მეთქი? მან კონკრეტული ვერაფერი მითხრა, გარდა ზოგადი საუბრისა, როგორც ხდება ხოლმე, ეს ასეა, ის ისეა... მე ვუთხარი, _ შე, დალოცვილის შვილო, თუ არაფერი გაქვს, რატომ ამბობ ამ ყველაფერს-მეთქი?! და აი, აქ თვითონ მითხრა კორძაიამ, _ აუ, ახლა არაფერი შემომთავაზოო... მე დავიფიცე კიდეც, _ ჯერ ერთი, არავის გამოვუგზავნივარ, მეორეც, რა უნდა შემოგთავაზო-მეთქი?! არ ვიცი, რა იგულისხმა კორძაიამ, რა უნდა შემეთავაზებინა? გიყვებით ყველაფერს ისე, როგორც იყო. კიდევ ვიმეორებ, არ ვარ იმ ასაკში, რომ რაიმე გამიკვირდეს, მაგრამ გაოცებული ვარ _ საიდან რა მოიგონა, რისი გაჩუმება ვთხოვე, რა შევთავაზე? არ ვიცი, მართლა ვერ წარმომიდგენია, ადამიანის ფანტაზია როგორ მუშაობს. ვსვამ კითხვას, _ რა იცოდა ისეთი, რაც არ უნდა ეთქვა, რაზე გაჩუმდა და რა თქვა განსაკუთრებული? ზოგადი საუბრები, „ის ამას მფარველობს, ის იმას აფუჭებს თუ აკეთებს“ _ ამას ყველა ამბობს, თორემ ფაქტები არასდროს აქვთ. ძალიან შინაურულად ველაპარაკებოდი, ვუხსნიდი, _ რაც არ იცი, იმაზე არ უნდა ილაპარაკო, თუ ფაქტები არ გაქვს-მეთქი. არავითარი შეთავაზება, არავის გაყიდვაზე თუ გაჩუმებაზე საუბარიც კი არ გვქონია. _ შენ ხომ იცი ეს საქმეო? _ მკითხა. პასუხიც გავეცი, _ ვიცი კი არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ უდესიანს ხარძიანისთვის 6 მილიონ დოლარამდე ჰქონდა გადახდილი. ეს გაიკვირვა, ჩემგან გაიგო, არ იცოდა. სხვათა შორის, ისიც ვუთხარი, თუ რაიმე ხელჩასაჭიდი ფაქტები გაქვს, რა ტელევიზიებით გამოდიხარ, მიდი, მიმართე გამოძიებას და სიმართლე დადგინდეს-მეთქი. მე გიყვებით, იქ რაც მოხდა, მერე ვინ რას ჭორაობს, ვინ რას ამატებს, ან აკლებს, ეგ ჩემი საქმე არ არის და არც სალაპარაკო. დაშორებისას გადავკოცნეთ ერთმანეთი, არც მანქანა ჰყავდა ირაკლის და ჩემი მანქანით წავიდა. თუ ასე შევაშინე, სიჩუმეს ვყიდულობდი და რაღაც ულტიმატუმები წავუყენე, ან დავემუქრე, როგორ გამომყვა?! ან მე თუ ასე მოვიქეცი, ხომ უნდა შემპასუხებოდა, _ ან ამას როგორ მეუბნები, ან როგორ მიბედავო? კრინტი არ დაუძრავს, ისედაც არაფერი უთქვამს, რაიმე კონკრეტული თემა კონკრეტულ ადამიანზე არ უთქვამს და რა შეთავაზება უნდა მქონოდა?! რაზე უნდა მევაჭრა? ფაქტები არ ჰქონდა და არაფერი და ახლა ირაკლი კორძაიას ჩემი და სოზარის ხსენებით თუ ქულების დაწერა უნდა, ძალიან ცდება. აი, მართლა მინდა ვკითხო, _ როგორ არ რცხვენია, როცა ამ განცხადებებს აკეთებს?! ესეც რომ გვერდზე გადავდოთ, კარგი, მე ვცადე მოსყიდვა და კორძაიას დაშინება, ხარძიანის შვილს ვინ აჩუმებს და ვინ სთხოვს, რომ არ ილაპარაკოს?! ეს ყველაფერი, ისევე როგორც ბევრი რამ, სასამართლოზე დამტკიცდება!
ელისო კილაძე