„ქრონიკა+“ აგრძელებს რუბრიკას „მხილების გვერდი“, რომლის დღევანდელი სამიზნე ობიექტები არიან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები ნანა დარასელია და ნინო ბუაჩიძე. მათ საინტერესო ქეისებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე გაგვაცნობს, რომელიც კვლავ გაამახვილებს ყურადღებას, თუ რატომაა აუცილებელი, ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს და სასამართლო სისტემა ერთხელ და სამუდამოდ გაიწმინდოს.
„ქრონიკა“-ს ესაუბრება მამუკა ნოზაძე:
_ ხალხი დეპრესიაშია ჩავარდნილი, რადგან სამართლიანობის კუთხით პოზიტიური ცვლილებები არ ტარდება. სასამართლოდანაც დამცირებული და შეურაცხყოფილი გამოდიან, რადგან მოსამართლეები მათ თვალში ნაცარს აყრიან. ზოგიერთი ადვოკატიც კი სასოწარკვეთილებამდეა მისული თემიდას მსახურთა მიერ ჩადენილი უკანონობების გამო.
_ თქვენი ყოფილი კოლეგები, რომლებიც ამჟამად პარლამენტის წევრები არიან, ხშირად ამტკიცებენ, რომ ამ ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და თქვენ საწინააღმდეგოს ამბობთ?
_ არ ვეთანხმები მათ. ისინი უკვე დაშორებული არიან სასამართლო სისტემას. პარლამენტის კომფორტულ კაბინეტებში არიან გამოკეტილნი და სხვის მიერ მიწოდებული ინფორმაციით სარგებლობენ. ბუნებრივია, რომ ეს ინფორმაციები ყოველთვის არ შეესაბამება რეალობას. აბსურდია იმის მტკიცება, თითქოს დღევანდელი სასამართლო არის წარმატებული. აღმასრულებელი ხელისუფლება თუ არ ერევა სასამართლოს საქმიანობაში და პროკურორების სატელეფონო ზარებით აღარ წყდება საკითხები, ეს არ არის მთავარი. მოსამართლეებს მონური სინდრომი ძვალსა და რბილში ისე აქვთ გამჯდარი, უკვე ავტომატურ რეჟიმში ასრულებენ ხელისუფლების ნებას და ამჯერად დაკვეთაც აღარ სჭირდებათ. ისინი ახლაც მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც ხელისუფლებას აწყობს.
მოქმედი მოსამართლეების დიდი ნაწილი „ნაციონალების“ დროსაც მოღვაწეობდა. თქვენს ყოფილ კოლეგებს, დღეს უკვე პარლამენტარებს, წინათ მათთან ჰქონდათ საქმიანი კავშირები და იციან, რასაც აფუჭებდნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები არიან და შეუძლიათ, საკანონმდებლო ინიცატივა შეიტანონ პარლამენტში, რათა ასეთ მოსამართლეებზე დისციპლინური დევნის პროცესი მაინც დაიწყოს. მანანა კობახიძე როცა ადვოკატი იყო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მარინა იმერლიშვილმა, საკმაოდ ბევრი უკანონობა ჩაიდინა მის მიმართ. ასეთივე უკანონობებს აკეთებდნენ ადვოკატ ეკა ბესელიას მიმართაც, რის შემდეგაც ის პრესკონფერენციებსაც აწყობდა. იგი ამხელდა კონკრეტულ მოსამართლეებს, რომლებიც დღესაც მოსამართლეები არიან. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ წინათ სააკაშვილის ხელისუფლებას ემსახურებოდნენ და ახლა „მეოცნებეებს“ უკმევენ გუნდრუკს, თუმცა კანონს ახლაც იგივენაირად არღვევენ. როცა ადამიანს სამართლიანობის განცდა აქვს, რა პოზიციაზეც უნდა მოღვაწეობდეს, ყოველთვის მოითხოვს, რომ დამნაშავემ პასუხი აგოს კანონის წინაშე. არადა, ამ მოსამართლეებს განსაკუთრებით დიდი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. მანანა კობახიძის, ეკა ბესელიასა და სხვათა განცხადებები, რომ თითქოს დამოუკიდებელი სასამართლო შედგა, არის ადამიანებისთვის სულში ჩაფურთხება.
_ მოდით, კონკრეტული მოსამართლეების კონკრეტულ საქმეებზე ვისაუბროთ...
_ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საყდრისი-ყაჩაღიანის საქმესთან დაკავშირებით ორი სარჩელი იხილება. ჩემი და ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის, რომელსაც მოსამართლე ბუაჩიძე იხილავს. ნინო ბუაჩიძე არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის, ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის კადრი. ამ ადამიანის ქმედებები იურისტებსა და ადვოკატებში საქილიკოდაც კი არის ქცეული. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე იგი თბილისის საოლქო სასამართლოში მდივნად მუშაობდა და სხვებისგან არაფრით იყო გამორჩეული, თუმცა „ნაციონალებმა“, კერძოდ, ზურაბ ადეიშვილმა, ჯერ შიდა ქართლის პროკურორად დანიშნა, მერე მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად. იგი საპროკურორო საქმიანობას როცა ახორციელებდა, თავად ადვოკატებიც ადასტურებდნენ, რომ პროცესზე მოსამართლემ უთხრა, კითხვები დაუსვი ბრალდებულსო, მან კი უპასუხა, დუმილის უფლებას გამოვიყენებო. პროკურორმა, რომელმაც არ იცის, რომ დუმილის უფლების გამოყენება აქვს მხოლოდ ბრალდებულს, მის კომპეტენციაზე რა უნდა ვთქვა?! ეს ადამიანი ადეიშვილთან ახლობლობით დაინიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ. იგი ყოფილ მთავარ პროკურორთან, ომარ ძოწენაძესთან და კიდევ რამდენიმე პიროვნებასთან ერთად წყვეტდა, ვინ და სად უნდა გამწესებულიყო მოსამართლედ. ისინი ამ თანამდებობისთვის არჩევდნენ განსაკუთრებულად მორჩილ და არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანებს. როგორც გითხარით, ჩინჩალაძის კადრია ნინო ბუაჩიძე, რომელიც მანამდე მუშაობდა უზენაეს სასამართლოში რეფერენტ-თანაშემწედ. კანონში წერია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე შუამდგომლობა მოსამართლემ უნდა განიხილოს ადმინისტრაციულ საქმეზე 3 დღის განმავლობაში, სამოქალაქო საქმეზე კი 1 წლის განმავლობაში, მხარეთა დაუსწრებლად, მაგრამ ის ასე არ იქცეოდა.
ბუაჩიძეს პირველად იანვარში მივმართე. ის კანონის შესაბამისად, 3-დღიან ვადაში ჩაეტია და უარი გვითხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რამაც მისცა საშუალება „არემჯი გოლდს“, რომ ამ პერიოდში ეწარმოებინა ფართომასშტაბიანი სამუშაოები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე და საბოლოოდ გაენადგურებინა ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სტატუსი არასწორად მოუხსნა. მოვლენები ასეთი ფორმით განვითარდა: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ამ ძეგლს მოუხსნა სტატუსი, რომელიც გასაჩივრდა. სასამართლომ ბათილად ცნო სამინისტროსა და სააგენტოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, მაგრამ ის კანონიერ ძალაში შესული არ იყო, როცა სასწრაფო წესით ჩატარდა ვითომ განხილვა და მიაღებინეს ის გადაწყვეტილება, რაც საჭირო იყო არსებული ხელისუფლებისთვის _ ანუ ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსი საყდრისი-ყაჩაღიანს მოუხსნეს. შესაბამისად, საქმე განსახილველად გადავიდა სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ ამ დროს უკვე გავიდა 4 თვე. ეს პერიოდი გამოიყენა კომპანიამ და ბოლომდე გაანადგურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
ჩვენი სასამართლო განხილვების პარალელურად, მოსამართლე ნანა დარასელია იხილავდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იგივე თემაზე შეტანილ საჩივარს. ამ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვისთვის დააბრუნა საქალაქო სასამართლოში. ამჯერადაც ჩვენი საქმე ისევ ნინო ბუაჩიძეს დაეწერა, „ახალგაზრდა იურისტების“ საჩივარი კი _ მოსამართლე ნანა დარასელიას. ამ შემთხვევაში ნინო ბუაჩიძე ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ ემსჯელა და გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ეს არ გააკეთა და სხდომა 7 დღის მერე ჩანიშნა. ამ პროცესზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ამიტომ მეორე პროცესი ჩანიშნა და მოიწვია სპეციალისტები. მეორე პროცესიც არ აღმოჩნდა შედეგიანი, რის შემდეგაც ის შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად წავიდა, რისი უფლებაც მოსამართლეს არ ჰქონდა. უზრუნველყოფის ღონისძიების დროს ასეთი რამეები არ ხდება, რასაც კანონი არეგულირებს. ეს იმიტომ გააკეთა, რომ უნდოდა გაემყარებინა ხელისუფლებისგან წამოსული მესიჯი.
_ რომელ მესიჯზეა საუბარი, იქნებ, მიმახვედროთ?
_ საქართველოს ფიქტიური და ფაქტობრივი მმართველები _ ივანიშვილი და ღარიბაშვილი _ ღიად აცხადებდნენ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ის არის ერთი უბრალო გორა. ამაზე მეტი მესიჯი მოსამართლეს რად უნდოდა?! მან დაჰკითხა არქეოლოგი ფიცხელაური, რომელმაც თქვა, მივედი, შევამოწმე და მივხვდი, რომ ის არ წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსო. ცხადია, ვკითხე, მეცნიერი მხოლოდ დახედვით რატომ იღებდა ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს?! კვლევები რატომ არ ჩაატარეთ, ან შესაბამის მეცნიერებს რატომ არ დაუძახეთ-მეთქი?! არქეოლოგიური გათხრების დროს არქეოლოგები ერთპიროვნულად არასდროს იღებენ გადაწყვეტილებებს და ატარებენ ლაბორატორიულ გამოკვლევებს, თუმცა ამჯერად ეს არავინ გააკეთა. „არემჯი გოლდი“ ფინანსურად შეძლებული ორგანიზაციაა და მისთვის არქეოლოგებისა თუ მეცნიერების გარკვეული წრის მოსყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს. ფაქტი ის არის, რომ არასწორად მიღებული ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს ბევრი ადამიანის ქმედებას, მათ შორის, მეცნიერებისას, რომლებიც ამ არასწორი დასკვნის გამოტანაში მონაწილეობდნენ. არადა, გერმანელმა სპეციალისტმა სტომლერმა უამრავი ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაატარა საყდრისთან დაკავშირებით გერმანიაში და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ესენი უარყოფენ. ცხადია, სასამართლომ მისი დასკვნა არ გაითვალისწინა და მიზანშეწონილად მიიღო ქართველი მეცნიერების ზეპირ განცხადებებზე დამყარებული ასეთი უსუსური არგუმენტაცია. არადა, მოსამართლე ვალდებული იყო, რომ ჩაეტარებინა კომპლექსური ექსპერტიზები, გამოკვლევები და რეალურად გადაეწყვიტა, საყდრისი-ყაჩაღიანი წარმოადგენდა თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს?
_ კიდევ რა ფაქტები გაქვთ ამ ორი მოსამართლის უსამართლო ქმედებებზე?
_ ნანა დარასელია არის აგრესიული ადამიანი და ხშირად ვერ აკონტროლებს საკუთარ ქმედებებს. ერთ-ერთ პროცესზე, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე იხილებოდა, მან თავის მდივანს, ყველას თვალწინ, საქმის მასალები ესროლა და თავში მოარტყა. როგორც აღმოჩნდა, მდივანს უწყება დროულად არ ჰქონდა გაგზავნილი და ამის გამო პროცესზე კინაღამ თავი გაუხეთქა, რაც არის არაადამიანური მოპყრობის, ღირსების შელახვისა და ძალადობის ფაქტი. ამის შემდეგ დარასელიას რამდენიმე პროცესს აღარ დავესწარი და მივწერე, რომ იგი საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის. ეგზალტირებულ მოსამართლეს ხომ შეიძლებოდა ჩემთვის, ან პროცესზე მყოფი რომელიმე მხარისათვისაც ესროლა სხვა ნივთი? ბუნებრივია, ასეთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
ნანა დარასელიამ განიხილა ბიძინა ივანიშვილის „თეფშების ჩამორთმევის საქმე“ და მისი კომპანია 80 მილიონით დააჯარიმა. როგორც ვიცით, სამართლიანობის აღდგენა ივანიშვილმა სწორედ თავისი დაყადაღებული ქონების დაბრუნებით დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ დარასელიამ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება, თუმცა დღეს იგი ისევ მოსამართლეა და არავის დაუსჯია. მედროვე მოსამართლეების ხელში ჩვენ ვერასდროს გვექნება სამართლიანი სასამართლო და ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირებები ამასთან დაკავშირებით იქნება ბლეფი. ამიტომ არის, რომ მოსამართლეები დღეს გაშმაგებულები იბრძვიან, რომ შეინარჩუნონ ხელშეუხებლობა და მოსამართლის მუდმივი სტატუსი, რათა პასუხი არ მოეთხოვოთ, რაც ჩაიდინეს, ან ახლა სჩადიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოსამართლე დარასელია ასევე იხილავდა პატიმრების ავადმყოფობის საკითხზე შესულ საჩივრებს. პატიმრებს როცა სასჯელაღსრულების დაწესებულება სათანადო მკურნალობით ვერ უზრუნველყოფდა, იძულებული ვხდებოდით, სასამართლოსთვის მიგვემართა და ამ ქმედების აღსრულება მას დაევალებინა. ასეთ საკითხებს საკმაოდ უსამართლოდ და უგულოდ იხილავდა დარასელია, მეტიც, პატიმრებს სახელმწიფო ბაჟის გადახდასაც კი სთხოვდა, არადა, ყველამ იცის, რომ ისინი არ მუშაობენ და შემოსავალიც არ აქვთ. მისი უკანონო გადაწყვეტილებების გამო პატიმრების ჯანმრთელობა რთულდებოდა და არაერთხელ ფატალურადაც დასრულებულა.
პატიმარი ვაჟა ღვალაძე ვერ ხვდებოდა ოჯახის წევრებს. მისი ადვოკატი ვიყავი და ვერც მე ვახერხებდი მასთან შეხვედრას. კანონის მიხედვით პატიმარი უზრუნველყოფილია პირადი და ოჯახური ურთიერთობებით, რაც გულისხმობს წერილის მიწერას, სატელეფონო კომუნიკაციას და პაემნებს. სააკაშვილის პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულება ხელს უშლიდა ამ პატიმარს, რომ ის შეხვედროდა ოჯახის წევრებს, ადვოკატს და სწორედ ამ საქმეს იხილავდა დარასელია. წარვადგინეთ უამრავი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ოჯახის წევრები მივიდნენ საპყრობილეში და პატიმარი არ შეახვედრეს. მივიტანე კონკრეტული ამონაწერები, როცა საშვი ავიღე, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვერ შევხვდი.
_ მიზეზი არ დაასახელა?
_ გადაწყვეტილებაში მან მიუთითა, თითქოს ღვალაძე თავად ამბობდა უარს ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან შეხვედრაზე, არადა, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ პატიმარს ამ მოთხოვნით არაერთი საჩივრით ჰქონდა დაწერილი ციხის ადმინისტრაციაში. ის სასამართლოზეც გამოცხადდა იმის სათქმელად, რომ მისი უფლებები ირღვეოდა და ამის შემდეგ დარასელიამ მაინც ასეთი არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.
_ ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ცერცვაძე, რომლის შესახებაც „ქრონიკა+“-ის წინა ნომერში დავწერეთ, ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ინიციატივას, შეიქმნას მოსამართლეთა ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლება შეისწავლოს მოსამართლეთა წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, დაიბაროს ისინი, დაკითხოს და საჭიროების შემთხვეაში, მათ წინააღმდეგ განახორციელოს დისციპლინური დევნა. ცერცვაძე კი ამას მოსამართლეების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიად აცხადებს. როგორც ითქვა, მას მხარდამჭერები იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც ჰყავს. ე. ი. მოსამართლე კვლავ ხელშეუხებელ ფიგურად დარჩება?!
_ ცერცვაძეს მთელი თავისი საძმაკაცო ჰყავს დასაქმებული სასამართლო სისტემაში და ამიტომაც არის, გაშმაგებით რომ იბრძვის ამ ინსტიტუტის შემოღების წინააღმდეგ. როგორც იტყვიან, ქურდს კუდი ეწვისო. ნინო გვენეტაძე არის სამართლიანი ადამიანი, მაგრამ ვალერი ცერცვაძე, იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და სხვა პირები მას ხელს უშლიან სასამართლო რეფორმის ბოლომდე განხორციელებაში. ახლა შაითან ბაზრად რომ აქვთ გადაქცეული სასამართლო, უნდათ, ასე რომ დარჩეს და სამართლიანობის აღდგენა არ მოხდეს. მან და მისნაირებმა კარგად იციან, რომ უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი, ამიტომაც ებრძვიან იმ წესებს, რომლის შემოღებასაც გვენეტაძე აპირებს.
სხვათა შორის, ვალერი ცერცვაძეს, თბილისში, საბურთალოზე, აქვს ბიზნესი და რეალურად ის ამით არის დაკავებული. ხვიჩიას ქუჩაზე #15-ში გახსნილი აქვს სუპერმარკეტი „პრაიმი“, რომელიც ოფიციალურად გაფორმებული ჰქონდა ძმაზე, გიორგი ცერცვაძეზე, მაგრამ სამუშაო საათებში ვალერი ცერცვაძე იქ ძალიან ხშირად პირადადაც მინახავს. ვაჭრობა-ჩარჩობით არის დაკავებული და არა სამოსამართლეო საქმიანობით, რისი უფლებაც მას არ აქვს. ბევრი ასეთი ფაქტი ამოვარდება და გახდება ცნობილი, როცა განხორციელდება ის რეფორმა, რასაც ნინო გვენეტაძე ამკვიდრებს და ამიტომაც ეწინააღმდეგებიან ამ ქვეყნისთვის პოზიტიურ ნაბიჯს.
ნელი ვარდიაშვილი