გურჯაანის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“, ზურაბ სეფიაშვილი, აცხადებს, რომ გურჯაანის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებს ხალხის მდგომარეობა საერთოდ არ ანაღვლებთ და მხოლოდ საკუთარ პრემია-ხელფასებზე უჭირავთ თვალი. მას უამრავი წერილი აქვს შეტანილი გაჭირვებული მოსახლეობის დახმარების მოთხოვნით, მაგრამ როგორც „ლეიბორისტი“ დეპუტატი ამბობს, არც ერთზე პასუხიც კი არ მიუღია.
რა ფაქტებს ახმიანებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და რატომ არის მომსახურების ზონიდან გასული კოალიცია „ქართული ოცნება“ გურჯაანში?!
„ქრონიკა+“-ს ზურაბ სეფიაშვილი ესაუბრება:
_ ქვეყნის მმართველი პარტია გურჯაანში, შეიძლება ითქვას, კონტროლის სფეროდან არის გასული და ვეღარ გაუგია, რა გააკეთოს. „ნაციონალებმა“, საკუთარი ქმედებებით რაც დაიმსახურეს, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ხელისუფლება რომ კვერცხების სროლას დაიწყებს, მის საქციელს გამართლება არ აქვს. მათ ყველაზე უკეთ შეეძლოთ, დამნაშავეებისთვის საკადრისი პასუხი მოეთხოვათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ახლა კი უკვე თავად სჩადიან დანაშაულს. რეალურად, გურჯაანში, კვერცხების სროლის სკანდალზე უარესი ამბები ხდება.
_ მოგვიყევით, ასეთი რა ხდება?
_ ხალხი „ქართულ ოცნებას“ სამართლიანობის აღდგენის დაპირების გამო დაუდგა გვერდით, მაგრამ კვერცხების სროლით რომ სამართლიანობა არ აღდგება, ფაქტია. ისეთ ნიშანს ვხედავ, „ნაციონალები“ და „ოცნება“ როგორი კოჰაბიტირებულებიც არიან, ბოლოს ასევე მოუწევთ კოჰაბიტირებულად გასამართლებაც. „მეოცნებეებისთვის“ პრემიებიც კი ნაკურთხი ყოფილა, ხალხისთვის კი არანაირი სიკეთე არ არის დაშვებული. თქვენს გაზეთში უკვე ვისაუბრე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ როგორ აიღო საახალწლო პრემიები, ახლა სააღდგომო პრემიებზე გეტყვით, რომელიც მათი ხელფასის ოდენობის იყო. საკრებულოს თავმჯდომარეს 2650 ლარი აქვს ხელფასი და პრემიაც ამდენივე აიღო. ასე რომ არ მოქცეულიყო, ეტყობა, ვერ გაითენებდნენ ახალ წელს და აღდგომას, მაგრამ საინტერესოა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთაც ამ დახმარების გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ, ახალი წელი და აღდგომა არ დგება? აი, ასეთია ამათი სამართლიანობა.
გურჯაანში ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს კახა დავითაშვილის ახალგაზრდა ოჯახი, სადაც ორი ბავშვი იზრდება. ამ ოჯახს სახლი თავზე ენგრევა, მაგრამ არც ახალ წელს და არც აღდგომას ისინი არავის გახსენებია. მე ჩამოგიტანეთ გურჯაანის ცენტრში არსებული აფთიაქის ფოტო, რომელიც ოფიციალურად ეკუთვნის ჩვენი რაიონის გამგებელს, გივი გერგიძეს. აფთიაქის მეპატრონეს, რომელსაც აქედანაც აქვს შემოსავალი და სოლიდურ ხელფასსაც იღებს, თურმე, პრემიაც სჭირდება და საწყალ ადამიანს კი საერთოდ არაფერი ეკუთვნის?!
რაც საკრებულოს წევრი გავხდი, მას შემდეგ შემაქვს წერილები გამგეობაში და ვითხოვ კონკრეტული ადამიანებისთვის თუ ოჯახებისთვის დახმარების მიცემას, მაგრამ ყველა წერილს პასუხგაუცემელს მიტოვებენ. ამას წინათ სოფელ ვეჯინში სოციალურად დაუცველი ოჯახის მხცოვანი წევრი გარდაიცვალა. ოჯახს საშუალება არ ჰქონდა, სათანადოდ დაეკრძალათ, ამიტომ საკრებულის მიმართეს ფულადი დახმარებისთვის, მაგრამ ასეთი პასუხი მიიღეს: გაცნობებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ სოციალურ პაკეტში მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება არის სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომების მონაწილე, ან აქვს უპატრონოს სტატუსიო.
არსებობს სპეციალური ოქმები, რომელსაც აწერია: საკრებულოს დეპუტატის შეხვედრები ამომრჩეველთან. როცა შევხვდებით ამომრჩეველს, მათი გვარ-სახელები ოქმში უნდა ჩავწერო და პრობლემასა თუ გასაჭირზეც მივუთითო. ამ ოქმებს დაჟინებით ითხოვენ, ამიტომ თავიდან მეგონა, რეაგირებას მოახდენდნენ, მაგრამ ასეთი რამ გულშიც არ გაუვლიათ. ერთხელაც საკრებულოს აპარატის უფროსს ვუთხარი, _ ოქმებს რომ გაბარებთ, იქ აღნიშნული ხალხის პრობლემებზე პასუხი არ უნდა გამცეთ-მეთქი? მან მითხრა, რომ ეს არის ჩვენი ბონუსები და თუ ხელფასი გვინდა ავიღოთ, ასეთი ოქმები ხშირად უნდა მივუტანოთ. ე. ი. ტყულიად, ოქმების შესავსებად ვხვდები ამ ხალხს, პრობლემებზე ვალაპარაკებთ, ვაიმედებთ და საბოლოოდ, _ ვატყუებთ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ მათ რეალური დახმარება აღმოვუჩინოთ და ოქმები ოქმებისთვის, შეხვედრები შეხვედრებისთვის არ დარჩეს. მუნიციპალიტეტის წევრების ხელფას-პრემიებს გამართლება რომ ჰქონდეს, ამიტომ უნდათ ეს ფურცლები, იქ ჩაწერილი ხალხი და მათი პრობლემები კი რეალურად არ აინტერესებთ. აპარატის უფროსს ვუთხარი, თქვენთვის თუ ფულს ნიშნავს ეს ოქმები, ჩემთვის ასე არ არის-მეთქი, მაგრამ რა უნდა გავაკეთო, როცა პასუხს არავინ მცემს და დიდი ალბათობით არც კი კითხულობენ? ამჯერად პროტესტის სხვა ფორმას მივმართე და განვაცხადე, _ რაც დავწერე და ჩაგაბარეთ, სანამ იმაზე არ გამცემთ პასუხს, ახალ ოქმებს არ შემოვიტან, თქვენ ამ ოქმებში ფულს ხედავთ, მე კი ხალხის გულის ტკივილს. თუ ამ ფურცლებს მაკულატურისთვის აგროვებთ, დიდი წონა არ ექნება, თუ საარქივო მასალად ინახავთ, თავმოსაწონი არქივი არ გამოგივათ მომავალი თაობებისთვის-მეთქი. დღემდე ამაოდ ვითხოვ ჩემს წერილებზე პასუხს. ახლა კი რადგან ოქმები აღარ შემაქვს, გამორიცხული არ არის, ხელფასი აღარ მომცენ.
_ საკრებულოს წევრებს ხელფასი რამდენი გაქვთ?
_ პირადად 240 ლარს ვიღებ. ქამრები მხოლოდ საკრებულოს რიგით წევრებს შემოგვიჭირეს და 300 ლარიდან 60 ლარი გამოგვაკლეს, თვითინ კი კვლავ მაღალი ხელფასები დაიტოვეს. დღესასწაულებზე პრემიებს მხოლოდ თვითონ ინაწილებენ. საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2650 ლარია, მის მოადგილეს 1700 ლარი აქვს, კომისიის თავმჯდომარეებს 1350 ლარი და მათ არაფერი დაჰკლებიათ. საკრებულოს რიგითი წევრების დაჩაგვრა „ნაციონალებმა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა გააპროტესტეს, რაზედაც აპარატის უფროსმა აგდებული ტონით უთხრა, _ ასე თუ არ გინდათ, განცხადება დაწერეთ და იმასაც აღარ მოგცემთო. მხოლოდ მე დავწერე ასეთი განცხადება და მივუტანე, მაგრამ უკან დამიბრუნეს, არ მივიღებთო. ბოლო საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვე.
_ ამჯერად რა მოხდა, სხდომა რატომ დატოვეთ?
_ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე დავურეკე საკრებულოს თავმჯდომარეს, ვანო ბერიძიშვილს და ვუთხარი, _ გამგებელს გადაეცით, რომ ჩემს მოთხოვნაზე, ვის რამდენი პრემია გადასცეს, პასუხი გამცეს-მეთქი. საკრებულოს სხდომა სანამ დაიწყებოდა, მინდოდა, ჩემი კოლეგებისთვის ეს ამბავი მომეყოლა და ამეხსნა, თუ რაზე არ გამცეს პასუხი, მაგრამ გამაჩუმეს, საკრებულის სხდომის მერე თქვიო. სიტყვის თქმის საშუალებაც არ მომცეს, რადგან კუდი დაეწვათ. სხდომაზე ხშირად მოდიან ადგილობრივი ტელევიზიები და ეტყობა, შეეშინდათ, არავინ დაინტერესებულიყო ამ ფაქტით. ლაპარაკი ამიკრძალეს და იქ რაღა მინდოდა? გამოვაცხადე, რომ პროტესტის ნიშნად სხდომას ვტოვებდი და წამოვედი.
_ თუ თქვენს განცხადებებს, მოთხოვნებს, რომელიც მოსახლეობის დახმარებებსა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება, საკრებულოს სხდომაზე არ იხილავენ და არაფერს ამბობენ, თქვენც არ გალაპარაკებენ, აბა, იქ რას აკეთებენ, რისთვის იკრიბებიან?
_ ცენტრალური ხელისუფლებიდან რაღაც ბრძანებები მოდის გუბერნიაში, იქიდან კი ჩვენთან აგზავნიან და ასეთ დოკუმენტებს იხილავენ. ჩემი ერთი ხმა იქ არაფერს ნიშნავს და რაც უნდათ, დაამტკიცებენ და რაც არ უნდათ, უარს ეტყვიან.
3 მილიონ 800 ათასი არის გამოყოფილი მუნიციპალიტეტში 14 სოფლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. მარტო ერთ სოფელზე უნდა დაიხარჯოს 800 ათასი ლარი და ნახევარ სოფელში, სადაც ასფალტი არ არის, შიდა გზებზე დაიგოს. ერთ კვადრატულ მეტრზე ასფალტის დაგება 15 ლარი ჯდება. საუბნო გზების სიგანე, მაქსიმუმ, 3 მეტრია. ვიანგარიშე და სოფელ ახალშენის ნახევარში 20 კილომეტრზე ეყოფათ ეს ფული, ასფალტი რომ დააგონ, მაგრამ დასაგები გზა ამდენი ნამდვილად არ არის. თანაც ასეთ დროს, როგორც წესი, მხოლოდ შესამჩნევ ადგილებზე აგებენ ხოლმე ასფალტს, დანარჩენს მარტო მოხრეშავენ და ფულს აითვისებენ. ეს თანხები ახალი წლის დასაწყისში გამოიყო და, წესით და რიგით, ახლა ყველა სოფელში გზის დასაგებად მუშაობა უნდა იყოს გაჩაღებული, მაგრამ ასე არ არის. სოფლის მოსახლეობა მეკითხება, რატომ არაფერს არ აკეთებენო? წლის ბოლოს აუცილებლად ჩამოვივლი სოფელ-სოფელ და საკუთარი თვალით ვნახავ, სად რა გააკეთეს და რაში დახარჯეს 3 მილიონზე მეტი თანხა. დიდი ალბათობით, გარკვეულ ნაწილს ვიღაცები ჯიბეში ჩაიჩხრიალებენ.
გურჯაანში საშინელი ნეპოტიზმია. გურჯაანის გამგეობა გამგებლის ცოლის ნათესავებით არის სავსე, ამიტომ ხალხი ხუმრობით გამგეობის წევრებს „ჩემი ცოლის დაქალებს“ ეძახის. თქვენი გაზეთით მინდა მივმართო ხელისუფლებას: მაინტერესებს, ეთანხმებიან თუ არა მაჰათმა განდის, სადაც ის ამბობს, ნაძირალაა ის ხელისუფლება, რომელიც თავად ფუფუნებაში ცხოვრობს, ხალხს კი სიღატაკეში აცხოვრებსო?!
„ქრონიკა+“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსს, თინათინ ბიწაძეს ესაუბრა:
_ საკრებულოს რიგითი წევრები ხელფასს არ იღებენ, აქვთ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურება, რისთვისაც გვესაჭიროება საფუძველი _ სხდომის, კომისიის სხდომის ოქმი, ასევე მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმი. ეს ოქმები თავს იყრის ჩემთან, აპარატის უფროსთან; მერე მოხსენებითი ბარათით შევდივარ საკრებულოს თავმჯდომარესთან და ვწერ, რომ საკრებულოს ესა და ეს წევრი ესწრებოდა ამ სხდომას, შეხვდა ამა და ამ ადამიანს და ა. შ., რათა მათ აუნაზღაურდეს ხარჯი. სეფიაშვილი არის დეპუტატი და უნდა იცოდეს, რომ მოთხოვნის ფორმა სხვანაირია. მან საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით უნდა მიმართოს, ან კომისიის სხდომაზე უნდა გააკეთოს მოთხოვნა. ოქმები იმას არ ნიშნავს, რომ მათ გადაწყვეტილება უნდა მოჰყვეს. ეს საკრებულოს დადგენილებაა.
_ თუ საკრებულოს წევრი წერს ოქმში, რომ ადამიანს პრობლემები აწუხებს და მასზე მიუთითებს, ამას რატომ არ უნდა კითხულობდეს არავინ?
_ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ოქმს სამართლებრივი შეფასება მოჰყვეს.
_ სეფიაშვილი იმასაც ამბობოს, რომ მან კონკრეტული ადამიანების დახმარებების გამო განცხადებებიც შემოიტანა, მაგრამ პასუხები ვერ მიიღო. არც ეს არის სამართლებრივი შეფასების საფუძველი?
_ ვერ გეტყვით, ვის რა მოსთხოვა და რატომ არ იღებს პასუხებს. შემიძლია პრემიების თემაზე გიპასუხოთ: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2014 წელს საკრებულოში 34 ათასი ლარია გაცემული პრემიის სახით. ამ წელს მხოლოდ წინასააღდგომოდ გაიცა პრემია. დეპუტატს არ აქვს ანაზღაურება და, შესაბამისად, ვერ ექნება პრემიაც. სეფიაშვილის ანაზღაურების დაკლებას რაც შეეხება: წინათ არ იქვითებოდა და რაღაც მომენტში დაიქვითა ხარჯის ანაზღაურება, მაგრამ ახლა ისევ აიღებს 300 ლარს და არაფერი აღარ დააკლდება.
ნელი ვარდიაშვილი