QronikaPlus
ვარდება თუ არა რეფორმები უკრაინაში?

ვარდება თუ არა რეფორმები უკრაინაში?

2015-06-01 12:52:06

საქართველოს „იანუკოვიჩიზაცია“ ემუქრება? ჯაბა ებანოიძემ უკრაინის იუსტიციის სამინისტროში დაკავებული თანამდებობა დატოვა და უკრაინულ მედიას სკანდალური განცხადებებით გაუმასპინძლდა: რომ იუსტიციის სამინისტროში რეალური რეფორმები არ სურთ, რომ მისგან ერთგვარი ფასადის შექმნას ცდილობდნენ, რომ მას დააკისრეს პასუხისმგებლობა და არ მისცეს უფლებები, რომ მას არ სურდა განტევების ვაცად ყოფნა და რომ სცოდნოდა, რა სიტუაცია დახვდებოდა, შეთავაზებას არ დასთანხმდებოდა... ისეთი აპოკალიფსური სურათი დაიხატა, თითქოს ყველა სხვა ქართველი ვაცობს, მისგან ფასადის შექმნას თანხმდება და მეტიც _ რეფორმები უვარდებათ ქართველებს. რაც სიხარულით აიტაცეს საქართველოში ჩასაფრებულმა ძალებმა და აგორდა ისეთი ტალღა, რომ რეფორმების განხორციელებაზე მთელი საზოგადოება დააეჭვა _ ნეიტრალურიც და გულშემატკივარიც. ებანოიძის განცხადებებს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გია გეწაძის მკაცრი შეფასება მოჰყვა, _ რომ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას არ სჭირდება არაეფექტური მენეჯერები, რომლებიც მზად არ არიან პასუხისმგებლობის ასაღებად. „ქრონიკა+“ გია გეწაძეს დაუკავშირდა: _ რამ განაპირობა თქვენი ასეთი მკაცრი განცხადება და, რეალურად, რა ხდება უკრაინის იუსტიციის სამინისტროში? _ როდესაც ადამიანი თანხმდება, ან უარს ამბობს დანიშვნაზე, ან აკეთებს განცხადებას გადადგომაზე, ეს მისი საქმეა, მას თავისი არგუმენტები აქვს და რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის, ადამიანის აზრს ყოველთვის პატივს ვცემ, არავის ვესხმი თავს და არც კრიტიკის მოსმენის პრობლემა მაქვს. პირიქით, ნებისმიერი კონსტრუქციული კრიტიკა და ზეწოლაც კი, რომ რეფორმები დაჩქარდეს, ჩემთვის დახმარებაა, მაგრამ... ის, რომ იუსტიციაში ფასადური რეფორმები მიდის, რომ მას არ უნდოდა, განტევების ვაცი ყოფილიყო... რა გამოდის?! მე თანამდებობაზე ვარ გაგიჟებული და ფასადობაზე დავთანხმდი? ასე არასოდეს მიცხოვრია და ამიტომაც მივიჩნიე, რომ ვალდებული ვიყავი მეპასუხა, მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას უფრო სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმის შესახებ, რა გამოგვდის, რა კეთდება და რა ვერ კეთდება, რომ საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნა _ გამოდის თუ არ გამოდის? _ მისი ეს განცხადება ხომ არ იყო გათვლილი ქართულ საზოგადოებაზე, რომ ასეთი მძაფრი რეაქცია გამოეწვია?   _ თუ საქართველოში უფრო მეტად გავრცელდა, მაშინ ქართულ მოხმარებაზე იმუშავა უფრო მეტად. არ ვიცი, ამაზე იყო თუ არა გათვლილი, ვარაუდებით ვერ ვისაუბრებ... საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ვაკეთებთ. საზოგადოება ჯერ ვერ ხედავს შედეგს და შესაძლოა ფიქრობს, რატომ არ გაკეთდა რაღაც ერთ ან ორ თვეში. საქართველოში 2004 წელს განსხვავებულ ვითარებაში იწყებოდა რეფორმები, არ იყო კოალიციური მთავრობა, ხელისუფლებას უმრავლესობა ჰყავდა პარლამენტში და კანონის მიღება 2-3 კვირაში ხერხდებოდა, რაც აქ ვერ ხერხდება. არ გეგონოთ, კმაყოფილი ვარ და მგონია, რომ იუსტიციის სამინისტროში ყველაფერი რიგზეა, არ არის ასე, ჩვენი ყოველი სამუშაო დღე არგუმენტებით ბრძოლაა თანამშრომლებთან, იურისტებთან, ექსპერტებთან, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან. აქ წლების განმავლობაში შენდებოდა ბიუროკრატიული მექანიზმები, იყო უამრავი ცნობა, ლიცენზია, ნებართვა და ა. შ. ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტულ პირების, ან პირთა ჯგუფების ინტერესები, რადგან ნებისმიერი ასეთი ცნობა თუ ნებართვა იწვევდა ქრთამის დალექვას რომელიმე უწყებაში. ამ ყველაფერთან ბრძოლა არის ყოველდღიური მუშა პროცესი და, პრინციპში, ფრონტია ჩვენთვის. ამ ქვეყანაში ყველაფერი რომ კარგად ყოფილიყო, ჩვენი მეგობრები დახმარებას არც გვთხოვდნენ. უკრაინაში ჩვენ გვყავს მომხრეებიც და, ბუნებრივია, მოწინააღმდეგეებიც. ამ უკანასკნელთა რიცხვი გაიზრდება, როგორც კი რაიმე მიმართულებით რეფორმა გამოგვივა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, არა მხოლოდ კრიტიკისთვის, არამედ უფრო აქტიური შემოტევებისთვისაც. ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა კონკრეტული რეფორმა გამოიწვევს კორუფციული რისკების მინიმალიზაციას სახელმწიფო სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაარტყამს კონკრეტული ჯგუფების ფინანსურ ინტერესებს. _ იქნებ, უფრო დაწვრილებით გვიამბოთ, რა ცვლილებები და რეფორმები ხორციელდება? _ ადამიანს რომ რეესტრის ამონაწერი, ან რაღაც ცნობა მიეღო იუსტიციის სამინისტროს რომელიმე რაიონულ განყოფილებაში, საათობით უნდა მდგარიყო რიგში. რომც არ ყოფილიყო რიგი, თვითონ ქმნიდნენ ხელოვნურად. საათობით რომ იდგებოდა ადამიანი, მერე მივიდოდა ვიღაც და შესთავაზებდა ცნობის აღებას სწრაფად, ქრთამის სანაცვლოდ. იუსტიციის სამინისტრო წელიწადში გასცემდა მილიონ ნახევარ ასეთ ცნობას. როდესაც დავიანგარიშეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის სავარაუდო კორუფციული შემადგენელი, მინიმუმ, 500 მილიონი გრივნა გამოვიდა, რაც კონკრეტული ფუნქციონერების ჯიბეებში ილექებოდა. ჩვენ ეს ყველაფერი ახლა უკვე ინტერნეტში გადავიტანეთ და ადამიანს სახლიდან გაუსვლელად, 50 გრივნის გადახდის შემდეგ, ჩვენი ვებგვერდიდან შეუძლია ნებისმიერი ცნობის, დოკუმენტის ამობეჭდვა, რომელსაც მოჰყვება უნიკალური ნომერი, რაც ტოლფასია ბეჭდისა და ხელმოწერის... მაგრამ ეს არასაკმარისია, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე და ვგეგმავთ სერვისების დეცენტრალიზაციას. _ რა თვალსაზრისით? _ იუსტიციის სამინისტრო ამ ამონაწერებისა და ცნობების გაცემის გარდა სხვა მოქმედებებსაც ახორციელებდა: კომპანიების, უძრავი ქონების რეგისტრაციას და ა. შ. ყველაფერს, რასაც კი ახორციელებს იუსტიციის სახლები საქართველოში, პასპორტებისა და აიდიბარათების გაცემის გარდა. აბსოლუტურად კორუმპირებული სისტემა იყო აქაც და დარწმუნებული ვარ, დღემდე იღებენ ქრთამებს რეგიონებში, რაიონებში. ჩვენ არ გვაქვს არც დრო და არც ფული, რომ დაველოდოთ იუსტიციის სახლების მშენებლობას. უკრაინა 45-მილიონიანი ქვეყანაა, მარტო კიევში ცხოვრობს 4 მილიონი და რომც აშენდეს ერთი იუსტიციის სახლი, ვერანაირად ვერ გასწვდება. მოვძებნეთ გამოსავალი: უკრაინაში გვყავს 7 ათასი ლიცენზირებული ნოტარიუსი და სერვისების მთელ პაკეტს, რომელსაც აწარმოებს იუსტიციის სამინისტრო, გადავცემთ ნოტარიუსებს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ავტორიზებულ ბანკებს. ჩვენ ვიღებთ იუსტიციის სახლის ჩვენეულ მოდელს, მაგრამ მომსახურების ბევრი წერტილით. ადამიანი მივა მისთვის ახლომდებარე ოფისში და რაც მთავარია, ისპობა რიგის ხელოვნურად შექმნის საშუალება. კანონპროექტი უკვე მზად გვაქვს. 1-ლი აგვისტოდან რეფორმირების ეს პირველი ტალღა დამთავრებული გვექნება და იუსტიციაში რეგისტრაციის მიმართულებით არსებული კორუფციული ჭაობი მინიმალიზდება. მეორე ასეთივე სარისკო და პრობლემური სფერო იყო სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება. აღმასრულებლებს ხელფასები არ ჰქონდათ და თუ ადვოკატი ქრთამს არ მისცემდა, საბუთსაც არ ართმევდნენ. ახლა აღმასრულებლებს ამოღებული თანხიდან 5% დარჩებათ, რასაც ისინი მიიღებენ პრემიებად, ბონუსებად, ექნებათ მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს იმას, რომ განათლებული ახალგაზრდა იურისტები მოინდომებენ აღმასრულებლებად მუშაობას. თუმცა ამას ვერ დაველოდებით და სახელმწიფო აღმასრულებლებთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, შემოგვყავს კერძო აღმასრულებლები. თავად მოქალაქე გადაწყვეტს, ვის მიმართოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ამ კანონპროექტზე ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და 1-ლი აგვისტოსთვის ეს სისტემაც მზად გვექნება. პარალელურად, პილოტის სახით ვტესტავთ კიდევ ერთ ნოვაციას:  აღმასრულებლებს საერთოდ აღარ ექნებათ შეხება ქაღალდთან, ისინი ყველაფერს ჩაიწერენ და ყველა მოქმედებას განახორციელებენ სპეციალურ პლანშეტში, საიდანაც მთელი ეს ინფორმაცია ავტომატურად მოხვდება ერთიან მონაცემთა ბაზაში, რაც გამორიცხავს რომელიმე აღმასრულებლის მხრიდან დოკუმენტის დაკარგვას, ან შეგნებულად განადგურებას. ეს გაზრდის მომსახურების ხარისხს და შეამცირებს კორუფციულ რისკს. ამის გარდა ვმუშაობთ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ელექტრონულ მოდელზე. დღემდე უკრაინაში თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ხელით ივსება. კი იტვირთება შემდეგ დეკლარაციები ინტერნეტში, მაგრამ მაინც რთულია მოსახმარებლად ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორისთვის. გარდა ამისა, რასაც ახლა ამ ქვეყანაში ვაკეთებთ, არასოდეს გაკეთებულა, ვგულისხმობ ხალხის დანიშვნას კონკურსის წესით. მაგალითად, შსს-მ კონკურსი გამოაცხადა ვაკანსიებზე, რაც ადრე არასდროს გაკეთებულა. ჩვენ უკვე დავიწყეთ რეგიონებში იუსტიციის სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნა კონკურსის წესით _ ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად. ტესტირებაზეც და გასაუბრებაზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ ჟურნალისტს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. სამიოდე კვირის წინ ლვოვის ოლქში ხელმძღვანელად წარვადგინე ახალგაზრდა, მოტივირებული იურისტი, რომელიც ლვოვის ერთ-ერთი სოფლიდანაა და მუშაობდა კიევში, საკონსტიტუციო სასამართლოში. იგი, უბრალოდ, ადგა და შემოიტანა თავისი სივი. ძველ სისტემაში ვერც წარმოიდგენდა, რომ იგი ოდესმე დაინიშნებოდა ამ თანამდებობაზე, იმიტომ რომ ფულს იხდიდნენ ადგილისთვის ხელმძღვანელებთან. როდესაც ეს ბიჭი ლვოვში წარვადგინე, ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი მოვიდა წარდგენაზე. იმ პირობებში, რაც აქამდე იყო, ყველა პოლიტიკური ძალა ვიღაცას ლობირებდა, ზოგს ფინანსური წრეები ლობირებდნენ, ზოგს სამშენებლო კომპანიები და ა. შ., მაგრამ როცა დაინახეს, რომ დანიშვნა მოხდა აბოსლუტურად სხვა სისტემით და არც ერთის ინტერესი არ იყო გათვალისწინებული, მიხვდნენ, რომ ეს საერთო ინტერესია. ამას გარდა, ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით კანონპროექტებზე, რომ რაც შეიძლება გავამარტივოთ ბიზნესის კეთების საშუალება უკრაინაში. ეს წინ წასწევს ქვეყანას, გამოიწვევს ინვესტიციების, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერის ზრდას, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარებას და მეტ დასაქმებულ ადამიანს. ჩვენი წარმატება ინდივიდუალურად თუ გუნდურად, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წარმატებაა. ეს ჩვენი საერთო ინტერესია, რომ ჩვენს ძმებს, უკრაინელებს, დავუდგეთ გვერდით. უკრაინასთან მჭიდრო ურთიერთობები მაკავშირებს 2003 წლიდან, ვიცნობ აქაურ პოლიტიკურ კლასს, ვიყავი მაიდნის დროსაც და ვეხმარებოდი, რითაც შემეძლო. როდესაც დახმარება მთხოვეს, არ მივიჩნიე სწორად უარის თქმა. თუმცა უკრაინის მთავრობაში პოლიტიკურ სპექტრში ყოფნას გრძელვადიან პერსპექტივაში არ ვგეგმავ. _ კი, ეგ ფეისბუკის პოსტებზეც გეტყობათ, ყოველ კვირას სვამთ კითხვას: „დარჩით ვინმე აფერისტი ბიძოს მომხრე? მითხარით, არ მოგერიდოთ, წითელ წიგნში შეგიტანთ“... _ მე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვარ და მოვერიდები ოფიციალური განცხადებების გაკეთებას საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ შემიძლია მოგახსენოთ ჩემი აზრი კერძო პირის _ ბიძინა ივანიშვილის შესახებ: ივანიშვილი არ უნდა გააფეტიშოს არავინ. ელემენტარულია, ვინც კარგად აგებს კაფელს, არ არის კარგი ფილოსოფოსი, ვინც კარგი კალათბურთელია, არ არის კარგი მხატვარი, ბიძინა ივანიშვილმა კი წარმოიდგინა, რომ ყველაფერი ყველაზე კარგად იცის და არავინ ეუბნება, რომ არ იცის. პირიქით, მე მგონი, მიდიან და ეუბნებიან: კი, კი იციო და დააჯერეს. უნდა აუხსნას ვინმემ, რომ პოლიტიკაში პოლიტიკოსების ადგილია, ბიზნესემენების ადგილი ბიზნესშია და საქართველო არ არის შპს, რომ იყიდო. ჩვენი ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს ნებისმიერი ფულიანი ადამიანისგან, რომელიც ცდილობს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის კონტროლს. ეს პრობლემა აქ, უკრაინაშიც მწვავედ დგას. ვინც შეგვიშლის ხელს რეფორმებში, აუცილებლად გავასაჯაროებთ და ვიტყვით, კონკრეტულად რომელი ოლიგარქის ინტერესები დგას ხელის შეშლის უკან. ოლიგარქებს ვერ დავუწყებთ ფერებას. _ „ენდიაის“ ბოლო კვლევებმა ცხადყო, რომ კატასტროფულად დავარდა, თითქმის განახევრდა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, თუმცა არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მატულობს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? _ კვლევების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ, როგორც ვიცით, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რომელ ძალას დაუჭერენ მხარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი რაღაცას ელოდება ან მღავრობისგან, ან ოპოზიციისგან. სწორედ ესაა ის დიდი პროცენტი, რომლის მისამხრობადაც ყოველთვის იბრძვიან პოლიტიკური ძალები ყველა ქვეყანაში. აქ სამუშაო აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ძალას. ოფიციალურად კი ცხადდება სურვილები, რომ ნატო და ევროკავშირი გვინდა, მაგრამ, როგორც ეტყობა, ჯერ ჩამოუყალიბებელია ქვეყნის მიმართულებებიც. ამას წინათ მითხრეს, რომ კარასინი დანიშნეს ე. წ. სამხრეთ ოსეთთან რატიფიცირების კოორდინატორად. პუტინი დასცინის არა მთავრობას, არამედ, ზოგადად, მთელ ერს. კაცი, რომელიც დანიშნულია ვითომდაც რაღაცა ფორმატში ჩვენთან მოლაპარაკებებზე, უცბად ინიშნება ასეთ თანამდებობაზე, მაშინ როცა კარასინის ნაცვლად ნებისმიერი სხვა შეეძლო დაენიშნა პუტინს. როგორც კი რუსებთან კომპრომისებით ლაპარაკს ვიწყებთ, მათ ყველაფერი უნდებათ _ მთელი საქართველო. ვიღაცას შეიძლება სჯერა, რომ რუსეთს კომპრომისებით რაღაცას მოვატყუებთ და ურთიერთობას დავალეგებთ, მაგრამ ასეთი რაღაცების არ მწამს. გაიხსენონ 1801 წლის აქტი, რომლითაც საქართველოს სამეფო გააუქმეს და დაარღვიეს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები, 1920 წლის ხელშეკრულების დარღვევა, შემდეგ უკვე ელცინ-შევარდნაძის ხელმოწერილი დაგომისის ხელშეკრულება! მთელი ჩვენი ისტორია გვეუბნება, რომ ასე არ უნდა მოვექცეთ რუსეთს. მარტო ჩვენ კი არა, ევროპის ლიდერები არ უნდა ართმევდნენ ხელს პუტინს და არ უნდა ელაპარაკებოდნენ დიპლომატიურ ენაზე, არ უნდა გამოიყენო დიპლომატიური ენა კრიმინალთან. კრიმინალს არ ესმის დიპლომატის ენის, კრიმინალთან უნდა გამოიყენო ის ენა, რომელიც მას ესმის. _ ახსენეთ, რომ ელექტორატის ნაწილი ჩამოუყალიბებელია, რომელზედაც მუშაობაა საჭირო. გამორიცხავთ, რომ ამ სიტუაციით ოსტატურად ისარგებლებენ პრორუსული ძალები და 2016 წელს სავალალო შედეგი დადგება? _ არ ვიცი... მაგრამ როგორ იყო უკრაინაში... გაიმარჯვა იანუკოვიჩმა, უარი თქვა ნატოზე და გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკა, ქვეყნის სამხედრო ძალები. უზარმაზარი ქვეყნის მოსახლეობა დაარწმუნა, რომ რუსეთის დახმარების გარეშე მომავალი არ ჰქონდათ. ბუნებრივია, ეს მოხდა შეგნებულად და დავალებით. იანუკოვიჩი რომ არ ყოფილიყო და ქვეყნის ეკონომიკა განვითარებულიყო, ჯარების მომზადება, წვრთნები ჩატარებულიყო, თავდაცვის სამინისტროში არ ყოფილიყო ბევრი ადამიანი, რომელიც პირდაპირ რუსეთზე მუშაობდა, პუტინს აქ ძალიან გაუჭირდებოდა იმის გაკეთება, რაც შეძლო. _ სწორედ მაგას გეკითხებით, ჩვენც ხომ არ გვემუქრება ეგ „იანუკოვიჩიზაცია“? _ ამის საფრთხე ყოველთვისაა, როდესაც ასეთი აგრესიული მეზობელი გყავს, რომელიც მზად არის, ნებისმიერ მომენტში ჩაგყლაპოს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რასაც რუსეთის იმპერია გვინერგავდა, რომ ვართ ლუზერი ერი, ეკონომიკას ვერ გავმართავთ, რომ ჩვენ ყოველთვის რუსეთმა უნდა გვარჩინოს, რომ ზარმაცები ვართ და არაფერი შეგვიძლია და ა. შ. უნდა მოვიშოროთ ეს სტერეოტიპები და კომპლექსები, რომელსაც ოკუპანტი წლების კი არა, 2 საუკუნის მანძილზე გვინერგავდა. მაგრამ თუ ჩვენ ახლა ეკონომიკურ რეფორმებს სწორად არ გავატარებთ, თუ მართლაც 800-მილიონიანი სეკვესტრი და ასეთი ეკონომიკური პრობლემები გვექნება, ყოველთვის გამოჩნდება ხალხი, რომელიც ლუზერულ დამოკიდებულებაში ჩაგვაბამს და, რა თქმა უნდა, ალბათ, სავარაუდოდ, თუ ეს ასე მოხდა, მეტი რუსული მიმართულების პოლიტიკოსი მოხვდება პარლამენტში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია.

რეზო შატაკიშვილი

გაზიარება