„დღეს ასზე მეტი სკოლის დირექტორობის მსურველი პირის საჩივარი სასამართლო წარმოებაშია“
რამდენიმე დღის წინ სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ნონა ალადაშვილმა, განაცხადა, რომ განათლების სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. მანამდე, `საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის~ განცხადებით, პედაგოგს უფლებადამცველ გიორგი თევზაძესთან და ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილთან ერთად სამინისტროს წინ პრესკონფერენცია უნდა გაემართა. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ნონა ალადაშვილის დევნის გამო და განათლების მინისტრს მოუწოდებენ, დროულად აღმოფხვრას უკანონობა მასთან მიმართებით.
„სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ნონა ალადაშვილმა, წარმატებით ჩააბარა სკოლის დირექტორის სასერტიფიკაციო გამოცდა, მიიღო მონაწილეობა ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში, წარმატებით გაიარა ორი გასაუბრება, მაგრამ მესამე გასაუბრებაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნონა ალადაშვილი არ წარადგინა სამეურვეო საბჭოს წინაშე და წარადგინა მისი კონკურენტი, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად განათლების სამინისტრომ სამართალდარღვევები დაუშვა ნონა ალადაშვილთან მიმართებით, პედაგოგმა კვლავ მიიღო მონაწილეობა სამინისტროს მიერ გმოცხადებულ კონკურსში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. სოფელ ოზაანის სკოლის დირექტორობის მოვალეობას ასრულებს არასერტიფიცირებული პიროვნება, რომელმაც არ ჩააბარა გამოცდები.
მიუხედავად იმისა, რომ ნონა ალადაშვილი ბრძანდებოდა ერთადერთი კანდიდატი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მას უარი უთხრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენაზე.
სამინისტროს უკანონობებით აღშფოთებულმა ნონა ალადაშვილმა გადაწყვიტა, შიმშილობის აქცია დაიწყოს მინისტრთან შეხვედრისა და სამართლიანობის აღდენის მოთხოვნით.
უფლებადამცველი, ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, გვერდით დაუდგნენ საჯარო სკოლის მასწავლებელს, ნონა ალადაშვილს, რათა ქვეყანაში არ განმეორდეს მასწავლებლების შევიწროების ფაქტები“, _ ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციაში.
ამ განცხადებისა და უზნაძის ქუჩაზე შიმშილობის აქციის დაანონსების შემდეგ ნონა ალადაშვილს განათლების სამინისტროდან დაუკავშირდნენ და აღუთქვეს, რომ საკითხი მის სასარგებლოდ გადაწყდება.
„ჩვენ აქ მონიტორინგს განვახორციელებთ, რომ ეს დაპირება ბოლომდე შესრულდეს“, _ აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებადამცველები საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავენ და მხარდაჭერას გამოხატავენ ნონა ალადაშვილისა და იმ პედაგოგების მიმართ, რომელთა კანონიერი უფლებებიც სამინისტროს მხრიდან ირღვევა.
ადვოკატების ინფორმაციით, განათლების სამინისტროს დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნონა ალადაშვილი კვლავ გააგრძელებს შეჩერებულ აქციას და დაიწყებს შიმშილობას.
„ქრონიკა+“ ამ პრობლემასა და მოსალოდნელ შედეგებზე ა/ო „საგანმანათლებლო ალიანსის“ დამფუძნებელს, დედაქალაქის 53-ე სკოლის ყოფილ დირექტორს, მარიამ რამინაშვილს ესაუბრება:
_ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2007 წლის შემდეგ პირველად, 2014 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორობის მსურველთა კონკურსის პირველი ეტაპი გამოაცხადა, რასაც შემდეგი და ბოლო ეტაპიც მალევე მოჰყვა. მოგვიანებით, 2015 წლის მარტში, კვლავ გამოცხადდა კონკურსი იმ დარჩენილი 990-მდე სკოლის დირექტორის შესარჩევად, სადაც პირველ ჯერზე ვერ მოხერხდა დირექტორების წარდგენა ან ვერ შეირჩა ისეთი კანდიდატი, რომელიც ამ თანამდებობისთვის სასურველი აღმოჩნდებოდა.
ახლა მოკლედ „აღმოსაჩენ სასურველ კანდიდატზე“: ის ფაქტი, რომ დღეს ასზე მეტი სკოლის დირექტორობის მსურველი პირის საჩივარი სასამართლო წარმოებაშია, იმაზე მიანიშნებს, რომ ამ პროცესს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია და, რაც მთავარია, ეს პროცესი გამჭვირვალედ და ობიექტურად არ წარმართულა. მომჩივნები განცხადებებში გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის წევრების სუბიექტურ დამოკიდებულებაზე აქცენტს აკეთებენ. კომისია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით იყო შექმნილი და მისი წევრები მხოლოდ მავანთა საგემოვნებო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ. სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსისთვის მოთხოვნილ დოკუმენტებში არ არსებობს კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტიზებულად დააკომპლექტებს კომისიას. მეტიც, კომისიებს არ ჰქონიათ წინასწარ შექმნილი შეფასების კრიტერიუმები და, შესაბამისად, საკუთარი გემოვნების მიხედვით, სუბიექტურად იღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
ამას გარდა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რეგიონებში აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც პირდაპირ რეკომენდაციებს გასცემდნენ განათლების სამინისტროსთვის, ვინ, რომელ სკოლაში უნდა ყოფილიყო დირექტორი. რა თქმა უნდა, ეს იმასაც გულისხმობს, ვინ რომელ სკოლაში ან საერთოდაც არც ერთ სკოლაში, არ უნდა წარდგენილიყო.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2014 წლის 8 და 15 აგვისტოს შეიტანა ცვლილებები „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ განათლების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანებაში. 8 აგვისტოს დაამატა:
„მუხლი 201. გასაუბრება,
1. გასაუბრების განრიგი ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე თანხმობის განაცხადის შევსების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.
2. დირექტორობის უფლების მქონე პირი გასაუბრებაზე კომისიის წინაშე წარადგენს სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვას.
3. გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისია:
ა) შეარჩევს იმ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებიც ამ წესის შესაბამისად წარედგინებათ სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად.
ბ) დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლებიდან შეარჩევს იმ სკოლას, რომელშიც წარედგინება დირექტორობის უფლების მქონე პირი სამეურვეო საბჭოს ასარჩევად.
4. შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას“.
ამ მუხლით მინისტრმა/სამინისტრომ გააჩინა ბარიერი სერტიფიცირებული დირექტორის კანდიდატობიდან სამეურვეო საბჭომდე, რომელსაც პირადი მიზნებისთვის გამოიყენებდა. კერძოდ, არასასურველი სერტიფიცირებული კანდიდატების თავიდან მოსაშორებლად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბრძანებით განსაზღვრული სტრატეგიული ხედვის შესაფასებლად კომისიას კრიტერიუმები არ გააჩნდა.
თუმცა იქვე მიხვდნენ, რომ მიზნის სრულად მისაღწევად კიდევ არსებობდა ბარიერი. კერძოდ, შესაძლოა, წარდგენილი, მინისტრისთვის სასურველი კანდიდატი არ აერჩია სკოლის სამეურვეო საბჭოს, ამიტომ სასწრაფოდ საჭირო იყო 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ცვლილებაც, სადაც ეწერა:
„სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია, 6 წლის ვადით დანიშნოს ერთ-ერთი დირექტორად, რომლის დანიშვნა სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა“.
უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ: წარდგენილი დირექტორებიდან _ თუ ის ერთზე მეტი იქნებოდა და თუნდაც ერთი, სამინისტროსთვის სასურველს ვერ/არ აირჩევდა სამეურვეო საბჭო, მინისტრს იმავე კანდიდატის წარდგენას უკრძალავდა ზემოთ ნაჩვენებ მუხლში არსებული ერთი სიტყვა _ ერთ-ერთი; ამიტომ, სასწრაფოდ, 7 დღეში, 15 აგვისტოს, კონკურსის გამოცხადებამდე 2 დღით ადრე (16 და 17 აგვისტო შაბათი-კვირა იყო 2014-ში), მინისტრმა ამ მუხლშიც შეიტანა ცვლილება და ეს საბედისწერო სიტყვა „ერთ-ერთი“ მოქმედი ვერსიიდან გაქრა:
2014 წლის 15 აგვისტოს 25/ნ ბრძანების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ცვლილების შემდეგ:
5. „სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, 6 წლის ვადით დანიშნოს დირექტორობის უფლების მქონე პირი დირექტორად, რაც სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა“.
_ ამან რა შედეგები მოიტანა?
_ აზრი დაკარგა გასაუბრებამ, წარდგენამ, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებამ... ვერ/არ აირჩევს და... მინისტრი დანიშნავს დისკრეციული უფლებით. აქვე, ისმის კითხვა: მაშინ რატომ დარჩა გასაუბრება? მინისტრს/სამინისტროს მათთვის არასასურველი, მაგრამ, ამავდროულად, სკოლისთვის სასურველი კანდიდატები უნდა ჩამოეცილებინა პროცესისთვის. აქვე, ამ უკანასკნელი ცვლილებით, კერძოდ, ნებისმიერი სერტიფიცირებული დირექტორის ნებისმიერ სკოლაში დანიშვნის დისკრეციის დაკანონებით, ხაზი გაესვა ამავე დებულების იმ პუნქტის ფორმალობას, რომელიც დასაწყისში წარმოგიდგინეთ და რომელიც აკანონებს გასაუბრების შედეგების მიხედვით (მუხლი 201, 3); კერძოდ, კანდიდატის მიერ წარდგენილი „სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვის“ საფუძველზე (მუხლი 201, 2) სკოლის დირექტორების არჩევას.
ასეც მოხდა, საქართველოს მასშტაბით მივიღეთ შემდეგი რეალობა:
_ წარდგენილი ერთი კანდიდატი არ აირჩიეს _ დისკრეციით მინისტრმა მაინც დანიშნა;
_ კანდიდატს საერთოდ დაუწუნა კომისიამ ხედვა და არც ერთ სკოლაში არ წარადგინა _ მინისტრმა დისკრეციით მაინც დანიშნა;
_ კანდიდატის მითითებულ სკოლაში კომისიამ ხედვა დაიწუნა, არ წარადგინა. ამ სკოლამ სხვა არ აირჩია. რატომღაც, მინისტრის დისკრეციას ეს ხედვა აღარ გახსენებია და მაინც დანიშნა;
_ საერთოდ არ ჰქონია კანდიდატს სკოლაზე ხედვა (განაცხადში სკოლა არ მიუთითებია და როგორ ექნებოდა?!), არც არავის (არც კომისიას) მოუსმენია _ მინისტრმა დისკრეციით მაინც დანიშნა.
აქვე აუცილებლად აღსანიშნავია ერთი დეტალი; კერძოდ: ზოგადი განათლების შესახებ კანონში მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებით სკოლის დირექტორის დანიშვნა პირველად, ჩანაწერის სახით, 2010 წელს გაჩნდა, მაგრამ პრაქტიკაში 2014 წლის 9 სექტემბრამდე არავის გამოუყენებია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძალიან მარტივად გასაგები ხდება „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ გახმაურებული ფაქტის _ სკოლის დირექტორობის მსურველი სერტიფიცირებული კანდიდატის, ნონა ალადაშვილის ისტორიის დეტალები. ადვოკატები აღნიშნავენ: „სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ნონა ალადაშვილმა, წარმატებით ჩააბარა სკოლის დირექტორის სასერტიფიკაციო გამოცდა, მიიღო მონაწილეობა ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში, წარმატებით გაიარა ორი გასაუბრება, მაგრამ მესამე გასაუბრებაზე განათლების სამინისტრომ ნონა ალადაშვილი არ წარადგინა სამეურვეო საბჭოს წინაშე და წარადგინა მისი კონკურენტი, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა“.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კომისიას, რომელმაც არ წარადგინა აღნიშნული პიროვნება სამეურვეო საბჭოს წინაშე, კანდიდატის შესაძლებლობები კრიტერიუმების მიხედვით შეფასებული არ აქვს და სხდომის ოქმში, ერთი წინადადებით, მხოლოდ კომისიის წევრების უარყოფითი გადაწყვეტილებაა ჩაწერილი. ნონა ალადაშვილი არ აღმოჩნდა სასურველ კანდიდატთა სიაში აღნიშნული სკოლისთვის და მისი პიროვნებაც „კანონიერად“ დაიბლოკა.
მოგვიანებით, როგორც ადვოკატები აღნიშნავენ: „ნონა ალადაშვილმა კვლავ მიიღო მონაწილეობა განათლების სამინისტროს მიერ გმოცხადებულ კონკურსში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. სოფელ ოზაანის სკოლის დირექტორების მოვალეობას ასრულებს არასერტიფიცირებული პიროვნება, რომელმაც არ ჩააბარა გამოცდები. მიუხედავად იმისა, რომ ნონა ალადაშვილი ბრძანდებოდა ერთადერთი კანდიდატი, განათლების სამინისტრომ ნონა ალადაშვილს უარი უთხრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენაზე“.
ამჯერზეც, როგორც ჩანს, კანდიდატმა ვერ შეძლო რეკომენდატორის პოვნა, რომელიც მას „სასურველ“ კანდიდატად აქცევდა და ისტორია კვლავ გამეორდა.
შემდეგ სკოლის დირექტორობის სერტიფიკატის მქონე კანდიდატმა შიმშილობა დააანონსა, ასევე ადვოკატების მიერ გაჟღერებული ინფორმაციით: „განათლების სამინისტრო დაუკავშირდა ქალბატონ ნონას და მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეჰპირდა“. ეს ფაქტიც მარტივად აიხსნება. სამინისტროს, სავარაუდოდ, რეგიონის მასშტაბით ექნება სკოლა, რომელსაც არ ჰყავს რეკომენდატორი, რომელიც არ შედის არც ადგილობრივი თვითმმართველობის, მმართველი პარტიის მაჟორიტარისა, თუ განათლების სამინისტროს ინტერესის სფეროში; ხოლო სამინისტროს წინ გამართული შიმშილობა, ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე მანკიერი პროცესების ფონზე, დამატებით პრობლემას შეუქმნიდა მინისტრს. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, უხმაუროდ ჩაევლო ფაქტს. სავარაუდოდ, მოლაპარაკების შინაარსი რეგიონის რომელიმე არაპოპულარული სკოლის დირექტორობის შეთავაზება ან ცოტა უფრო პოპულარული სკოლის დირექტორის მოადგილეობა იქნება, უახლოეს პერიოდში სხვა სკოლის დირექტორად დანიშვნის პერსპექტივით. ეს ფაქტი, უბრალოდ, გახმაურდა, თუმცა ანალოგიური გარიგებები განათლების სამინისტროს კულუარებში არაერთი მომხდარა.
დაბოლოს, დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა ზოგადი განათლების შესახებ კანონში დირექტორის არჩევის წესთან მიმართებით შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ინიციატივის მთავარი მიზანი გახლდათ, შეეცვალა არსებული ცენტრალიზებული დანიშვნის რეგულაციები და მთელი პასუხისმგებლობა სკოლის სამეურვეო საბჭოზე გადაეტანა, რაც დეცენტრალიზაციისა და ობიექტურობის ელემენტებს შემატებდა სკოლის მართვის პროცესს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის პარტიული კუთვნილებისა თუ სკოლებში ცენტრალიზებული მართვის დაკარგვის შიშის გამო საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა და აღნიშნული ინიციატივა პირველივე მოსმენაზე ჩააგდო.