QronikaPlus
ჭიათურელი მაღაროელები შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

ჭიათურელი მაღაროელები შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

2015-05-31 07:40:43

ქობულეთში, სასტუმრო „სოლიდარობაში“, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი სემინარი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელები, კომიტეტის წევრები და აქტივისტები. ჭიათურელმა პროფკავშირელებმა ყველა ის პრობლემური საკითხი დააყენეს, რაც დღეს მაღაროელებს აწუხებთ. ცნობილია, რომ კვლავ გრძელდება პროფკავშირული ნიშნით ადამიანების დევნა, მაღაროების ხელმძღვანელების მიერ შრომის კანონმდებლობის უგულებელყოფით შრომითი პროცესების წარმართვა და გაუმჭვირვალე სახელფასო სისტემით გამოწვეული არასასიამოვნო პროცესები. ასევეა სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემები: ჭიათურაში არ არსებობს სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულება და მაღაროელებს სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობისთვის ზესტაფონში უწევთ სიარული. ასევე ითქვა, რომ მე-3 თვეა, არ ხდება დროებითი შრომის უუნარობის ანაზღაურება, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს კიდევ უფრო უმძიმებს ყოფას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ პროფკავშირული ორგანიზაციის ცნობადობა-გავლენის ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და პროფკავშირის წევრთა ზრდა ორგანიზაციის უმთავრეს პრიორიტეტად უნდა დარჩეს; პროფკავშირების ლიდერთან, ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად დაიგეგმა ზოგადი სტრატეგიული სამოქმედო პროგრამა და მისი დეტალები კონკრეტული ქმედებების სახით ჩამოყალიბდა. „ქრონიკა+“ ჭიათურის კომბინატში არსებულ პრობლემებზე, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელს, თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრება: _ ბატონო თამაზ, რა პრობლემების (შრომითი უფლებები) წინაშე დგანან ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მაღაროელები? _ მაღაროელთა შრომით-სამართლებრივ პრობლემებზე საუბრისთვის დიდი დრო იქნება საჭირო, მაგრამ შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელიც აშკარად შეუთავსებელია როგორც კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. მაგალითად, კომპანიის ადმინისტრაციას არ აქვს მუშებთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტები, რასაც იმით ხსნის, რომ, თურმე, შრომის კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს ბრძანების საფუძველზე დასაქმებულის სამსახურში აყვანას. საქმე ის არის, რომ იგივე კანონის მიხედვით, მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა დოკუმენტს, მთავარია, რომ მუშაკის მიერ დაწერილი განცხადება და კომპანიის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ბრძანება ერთობლიობაში შეიცავდეს ორივე მხარის მიერ გამოვლენილ ნებას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ზოგადად თანხმდება ხოლმე შრომით კონტრაქტში: ხელფასის ოდენობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, შვებულების დღეთა რაოდენობა, დროებითი შრომისუუნარობის პერიოდისა და იძულებითი მოცდენის დროს შრომითი ურთიერთობების შესახებ გარკვეული დათქმები და ა. შ. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის პერიოდის ანაზღაურების საკითხი, რაც ის გახლავთ, რომ უკვე მე-3 თვეა, ზემოთ აღნიშნული ანაზღაურება შეფერხებით მიმდინარეობს და ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ რომელიღაც ექიმმა ბიულეტენის ფურცელი არასწორად შეავსო და სანამ ე. წ. შეცდომები არ გამოსწორდება, თანხების ჩარიცხვა შეწყვეტილია. ამით კი, ისევ და ისევ, მაღაროელები ზარალდებიან. ასევე პრობლემაა მაღაროების ხელმძღვანელების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების არასწორად გამოყენება, _ საკუთარი სურვილისა და ხუშტურებისამებრ უცვლიან შესასრულებელი სამუშაოს ტიპს დასაქმებულებს, რასაც კანონის ენაზე შრომის არსებითი პირობების შეცვლა ჰქვია და ამის გაკეთება დასაქმებულთან შეუთანხმებლად სასტიკად აკრძალულია. მაღაროელები უჩივიან სახელფასო სისტემას; მათი აზრით, შრომის ანაზღაურების გეგმასთან შესაბამისობის, გამოშვებული პროდუქციის წონის დაფიქსირებისა და თანხაში გადაყვანის პროცედურები სრულად გამჭვირვალე არ არის და მათ მუდმივად აქვთ იმის შეგრძნება, რომ ადმინისტრაციის რომელიღაც დონეზე არასწორად ხდება ხელფასის ოდენობის დაანგარიშება. ყოველივე ზემოთქმულის მიზეზები კომპანიასა და პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის სოციალური დიალოგის არარსებობაა. კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მტკიცებით, იმ პირობებში, როდესაც საწარმოში ფუნქციონირებს სამი პროფკავშირული ორგანიზაცია, მათთვის შეუძლებელია კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება. თუმცა სულ რომ არ არსებობდეს არც ერთი პროფკავშირი, კომპანია ვალდებულია, კანონის შესაბამისად აწარმოოს სამეწარმეო საქმიანობა. პრობლემების მიზეზები ასევე მდგომარეობს მაღაროების ადგილობრივი ხელმძღვანელების მხრიდან გამოვლენილ უდიერ დამოკიდებულებებში შრომით კანონმდებლობასთან და, ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ყოველ მიზეზთა საფუძველთა საფუძველი შრომის ინსპექციის არარსებობაა. _ ვის მიერ და რა ფორმით იდევნებიან ადამიანები პროფკავშირული ნიშნით? _ პროფკავშირი „სამთოელი“ საწარმოში „ფუნქციონირებს“ და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ხელმძღვანელობის ნებასა და ინტერესებს გამოხატავს. ამ ორგანიზაციის სტრუქტურაც და მმართველი ორგანოებიც, ძირითადად, საწარმოს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული და მუშებზე ზეწოლის ბევრ მექანიზმს ფლობს. სწორედ მაღაროს დირექტორების, მთავარი ინჟინრების, მათი მოადგილეების მხრიდან ფიქსირდება დასაქმებულებზე არაპირდაპირი მეთოდებით ზეწოლა, დევნა და იძულება სამსახურიდან დათხოვნის, ან სხვა პრობლემების შექმნის მუქარით. _ როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა? _ იქიდან გამომდინარე, რომ ყოველივე ზემოთქმული ერთმნიშვნელოვნად არის საქართველოს შრომის კანონმდებლობის, კონსტიტუციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების დარღვევა, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს და ფუნქციონირებდეს კანონმდებლობის მაინპლემენტირებელი სტრუქტურა შრომის ინსპექციის სახით, რადგან ეს არ არის მხოლოდ ამ საწარმოს პრობლემა, ზოგადად, საქართველოში დასაქმებულ ადამიანს დაცვა სჭირდება დამსაქმებლისგან, რადგან ეს ორი შრომითი ურთიერთობების მონაწილე სხვადასხვა ძალის მქონე მხარეა. ასევე გამოსავლის ერთი ნაწილია დასაქმებულთა ინფორმირება საკუთარი უფლებების შესახებ და ამას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება თავისი წევრებისთვის ინტენსიურად ახორციელებს. „ქრონიკა+“ ინფორმაციის გადამოწმებისთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლობას დაუკავშირდა და მიიღო პირობა, რომ ადმინისტრაცია გაზეთის მომდევნო ნომერში თემასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.

                                                                                            გელა მამულაშვილი

 

გაზიარება