თუ გინდა გაიგო, რას ლაპარაკობს პეტრე, უნდა მოუსმინო პავლეს... სატელეფონო მოსმენაზე ვსაუბრობ. საქართველოში საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია იცის, რომ მის სატელეფონო საუბარს უსმენენ. არსებობს ასინეთების რამდენიმე დაწესებულება, სადაც ეს საქმე ფრიად აინტერესებთ და ამას არც მალავენ... მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა მეთოდებით და განზრახვით გვისმენენ. სწორედ აქ არის ძაღლის თავი ჩამარხული: შეიძლება ბევრს შეუმჩნევია, იმის მიუხედავად, რომ თითქოსდა მისი მოსმენა არავისთვის საინტერესო არ უნდა იყოს, მაინც უსმენენ, რასაც ტელეფონის არაბუნებრივი „ხიხინები“, თუ უკან შემობრუნებული ხმები ამცნობს ხოლმე. ამ დროს ამოქმედებულია მექანიზმი, რომლის მასშტაბებზე წარმოდგენაც კი ძნელია. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთან.
„ნაციონალური მოძრაობის“ სამგზის მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, დუმილს არღვევს და „ქრონიკა+“-თან ტოტალური მოსმენების ანატომიაზე საუბრობს. ფაქტობრივად, ბატონი დიმიტრი სკანდალურ ფაქტებს ამხელს, რასაც, ალბათ, პირველ რიგში, სასამართლო ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება.
დიმიტრი შაშკინი:
_ საქართველო ძალიან სპეციფიკური ქვეყანაა... ქვეყანა, სადაც ინფორმაცია, სამწუხაროდ, ისე ჟონავს, რომ მე და თქვენ დღეს ვილაპარაკეთ და ხვალ ეს უკვე იქნება ან გაზეთში, ან ტელევიზიაში. ამ ინფორმაციის კონტროლი, გულახდილად რომ გითხრათ, საქართველოში თითქმის შეუძლებელია. სამწუხაროდ, აქ არ არის მარტო მოსმენების პრობლემა, ჩვენს სინამდვილეს თუ შევხედავთ, საქართველოში ადამიანები ისედაც იმაზე მეტს ლაპარაკობენ, რაც არ უნდა ილაპარაკონ და განსაკუთრებით ეს ხდება სახლში. ამის შემდეგ ნალაპარაკებს ცოლი მერე უყვება თავის მეგობარს, რომელიც, თავის მხრივ, მოსმენილ ინფორმაციას ავრცელებს დანარჩენზე და ასე მოედება ქვეყანას სახლში თითქოსდა ჩურჩულით მონაყოლი რაღაც ამბავი.
_ ფაქტობრივად, სატელეფონო მოსმენებიც აღარ არის საჭირო.
_ სატელეფონო მოსმენები ხომ საერთოდ სხვა საკითხია. თუ გახსოვთ, ამ ცოტა ხნის წინათ ძალიან დიდი კამათი იყო მოსმენებთან დაკავშირებით. იმ კამათს ვგულისხმობ, გასაღების შენახვის საკითხმა რომ გამოიწვია. მაშინ, თუ დაუკვირდებოდით, აუცილებლად შენიშნავდით ერთ გარემოებას: პროფესიონალები ამ საკითხზე არა მარტო არ კამათობდნენ, არც კი საუბრობდნენ, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცოცხალი თავით არ თმობს ამ გასაღებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას სჭირდება „მარაოს“ გამოყენება.
_ რას ნიშნავს „მარაო“?
_ ეს გახლავთ მოსმენების მეთოდი, ანუ როგორ უსმენენ ხალხს. „მარაო“ სატელეფონო მოსმენებში გამოიყენება არა მარტო საქართველოში, არამედ აშშ-შიც ამ პრინციპით უსმენენ, ისევე როგორც გერმანიის სპეცსამსახურებიც და რუსებიც. მოკლედ, ეს XXI საუკუნეში ჩამოყალიბდა, როგორც სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება მისი მოქმედების პრინციპს: მაგალითად, თქვენი მოსმენა უნდა რომელიმე უწყებას, თუკი ამ უწყებამ იცის, რომ თქვენ ხართ ფრთხილი, წინდახედული ადამიანი და არათუ ტელეფონში, არამედ საერთოდაც არ ისაუბრებთ რაღაც გარკვეულ თემებზე, თქვენ არ მოგისმენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არაფრის მომცემი იქნება იმ უწყებისთვის, ვინც თქვენ გისმენთ. ამიტომ თქვენ, ფრთხილ ადამიანს, კი არ მოგისმენენ, აიღებენ თქვენს დეტალურ ანგარიშს, დაადგენენ ვისთანაც ყველაზე ხშირი ურთიერთობა გაქვთ და მოუსმენენ ამ ოც ადამიანს. ხოლო თუ ძალიან საინტერესო ფიგურა ხართ და განსაკუთრებულად აინტერესებთ, თქვენგან რაღაც ინფორმაცია შეიტყონ, იმ ოცი კაციდან თითოზე კიდევ ოცს მოუსმენენ, ვისთანაც მათ აქვთ ურთიერთობა. ანუ, პირობითად რომ ვთქვათ, თქვენს მეუღლეს, მერე მის დაქალს და მერე კიდევ დაქალს მოუსმენენ იმისათვის, რომ გაიგონ, თქვენ რას საუბრობთ, იმიტომ რომ ტელეფონით საუბრისას ისინი არ გამოიჩენენ ისეთ სიფრთხილეს, როგორსაც თქვენ იჩენთ.
_ ე. ი. ერთი კაცის აზრების გასაგებად ძალიან ბევრს უსმენენ?
_ დიახ, ასეა. სწორედ ეს გახლავთ მარაო და რეალურად ერთი ადამიანის მოსმენისთვის მარაოში რთავენ ოთხას ადამიანს. ამიტომაც არის შსს-სთვის სანუკვარი, რომ მხოლოდ ის ფლობდეს ამ მოსმენების ოთახის გასაღებს.
_ რამდენად მასშტაბურია მოსმენის ფარგლები?
_ ერთდროულად შეუძლიათ 40 ათასი ადამიანის მოსმენა და ა. შ. ეს არის რთული მომენტი, როცა კამათობენ, თუ ვის უნდა ჰქონდეს გასაღები. როდესაც სამართალდამცველები მოსამართლეს მხოლოდ თქვენს მოსმენასთან დაკავშირებით მიმართავენ, ეს ერთი თემაა, მაგრამ რეალურად თქვენ გამო უსმენენ ოთხას ადამიანს. მოსამართლესთან ხომ ვერ მივა შსს-ს წარმომადგენელი და ხომ ვერ ეტყვის, რომ ამ ოთხას ადამიანს მოვუსმინოთო?
_ ანუ „მარაოს“ არსებობას მოსამართლესაც უმალავენ?
_ არავინ საჯაროდ არ ილაპარაკებს იმაზე, რომ თქვენ გამო უსმენენ თქვენს ცოლს, თუმცა რეალურად ამ ინფორმაციას თქვენზე აგროვებენ და არა თქვენს მეუღლეზე. ვიმეორებ, რომ ეს მარტო ჩვენთან არ ხდება ასე. მარაო მოქმედებს, როგორც მოგახსენეთ, ამერიკაშიც და გერმანიაშიც.
_ თუკი მარტო ამ დონის ქვეყნებს და ჩვენც გვაქვს, ტექნოლოგიურად წინ წაგვიწევია?
_ სხვა ქვეყნებსაც აქვთ, მაგრამ მე თავშივე გითხარით, რომ საქართველო ისედაც სპეციფიკური ქვეყანაა და „მარაოების“ გარეშეც ძალიან ჟონავს ინფორმაცია. სამწუხაროდ, ომის დროსაც ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ადვილად გადიოდა ინფორმაცია. ეს დღესაც სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს. ჩვენი საზოგადოება ხშირად გამოთქვამს სავსებით სამართლიან უკმაყოფილებას სატელეფონო მოსმენების გამო, მაგრამ იმის გათვალისწინებაც საჭიროა, რომ ისედაც ფრთხილად უნდა მოვიქცეთ ნებისმიერი ინფორმაციის გაცემისას.
დავით დევიძე