თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო... რიგის სამიტზე გვითხრეს ეს სიტყვები. უფრო კონკრეტულად, დასავლეთმა ამ ეტაპზე ევროპასა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე უარი თქვა. მართალია, საქართველოში დიდი მოლოდინიც არ ჰქონდათ, რომ ბალტიისპირეთში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ დასავლეთში უვიზოდ ვიმოგზაურებდით... და მაინც, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვისურვებდით.
საქმე ის გახლავთ, რომ რიგის სამიტმა აშკარად დაგვანახვა რამდენიმე ისეთი პოლიტიკური ნიუანსი, რომელიც შემდეგში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
პირველ რიგში, ჯერ შეხვედრის დასკვნები ვნახოთ, მით უმეტეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტის ჩანაწერები უკვე ცნობილია, სადაც საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ზუსტი თარიღის შესახებ მონიშვნა არ არის. ანუ არავინ გვეუბნება, რომ ეს უვიზო რეჟიმი ერთი თვის, ერთი წლის, ათი წლის თუ ა. შ. წლების შემდეგ ამოქმედდება... თუმცა აღნიშნულია, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება გამოტანილი, რაც ევროკომისია წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნას მოამზადებს. როგორც ამავე დოკუმენტში ვეცნობით, საქართველოსა და უკრაინის მიმართ ევროპელებს რაიმე სახის პრეტენზიებიც არ აქვთ: „სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ელოდებიან უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის დასრულებას. მეორე ეტაპი გულისხმობს მოლაპარაკების იმ მონაკვეთს, როდესაც ყველა მოთხოვნილი რეფორმის პუნქტები შესრულდება. ისინი ასევე მიესალმებიან კომისიის მზაობას, გააკეთოს ყველაფერი უკრაინისა და საქართველოს მხარდასაჭერად სამოქმედო გეგმის განხორციელების დროს, აგრეთვე, სურვილს _ დაასრულონ ანგარიშის მომზადება საქართველოსა და უკრაინის პროგრესის შესახებ 2015 წლის ბოლომდე“, _ აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ გაკეთდება უკრაინასა და საქართველოში არსებული პროგრესის შესახებ დასკვნა, რის შემდეგაც ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შესთავაზებს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების სავიზო მოთხოვნებისგან განთავისუფლებას. დეკლარაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ოპერატიულად, სამიტის დასრულებისთანავე გამოქვეყნდა. ამან ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ევროპის ლიდერები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები და მათი რიგაში ჩასვლა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ერთი სიტყვით, ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის ინფორმაციით, ევროკომისიის დასკვნა საქართველოსა და უკრაინის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს გახდება ცნობილი.
იუნკერმა ჟურნალისტებს აუხსნა, რომ უვიზო მიმოსვლის დაწესებისთვის საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა. ფაქტობრივად, იუნკერი ამბობს, რომ დეკემბერში კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა დეკემბრიდან დაიწყება. ევროკომისიის თავმჯდომარე ერთადერთი არ იყო, რომელმაც პროგნოზების კეთებისას სიფრთხილე გამოიჩინა: „ჩვენ არ შეგვიძლია, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები, რომლებიც მთლიანად ეხმიანება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მოლოდინებს“, _ ამის შესახებ რიგის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე უკვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკიმ განაცხადა, როცა უპასუხა შეკითხვას, როდის მიიღებენ საქართველო და უკრაინა ვიზალიბერალიზაციას. მისივე შეფასებით, რაც რიგის სამიტზე იქნა მიღწეული, მაქსიმუმია. ანუ, ფაქტობრივად, ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს იმედია, არ ეწყინებათ, მაგრამ რიგის სამიტი მხოლოდ იმისთვის ჩატარდა, რომ ქართველებს და უკრაინელებს მიეღოთ საკმაოდ ბუნდოვანი დაპირებები? ასეთი კითხვა დასვეს პოლიტოლოგებმა. რომ დაუკვირდები, ამ კითხვაში რაციონალიზმი ნამდვილად ჩანს: სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ასე გამოდის. „გულახდილად მოგახსენებთ _ ევროკავშირი დაპირებებს, რა თქმა უნდა, გასცემს, მაგრამ ჩვენ არ ძალგვიძს, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები, რომლებიც მთლიანად ეხმიანება ამ ქვეყნების მოლოდინებს. ალბათ, ზუსტად უნდა დაიჭიროთ ეს განსხვავება ჩვენს დაპირებებსა და ჩვენი პარტნიორების მოლოდინებს შორის. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საქართველოსა და უკრაინისთვის, ამ პროცესს სჭირდება ევროპული საბჭოს და 28 წევრის თანხმობა“, _ ესეც დონალდ ტუსკის სიტყვებია.
რაც შეეხება უშუალოდ სამიტის მიმდინარეობას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, საკმაოდ რთული იყო დეკლარაციის ტექსტის ფორმულირებებზე შეთანხმება. სულ ეს არის რიგის სამიტის ოფიციალური დეკლარაციის შინაარსი. სხვათა შორის, ჩვენი პოლიტიკოსები არ აღიარებენ, მაგრამ უკმაყოფილების მიზეზი რიგის სამიტთან დაკავშირებით სხვა კუთხითაც არსებობს, მაგალითად, ქართული მხარის მოთხოვნა იყო, სამიტის დეკლარაციაში შეეტანათ ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმებთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. ქართული დელეგაცია ცოტა უფრო ხისტი რომ ყოფილიყო თავის გამოსვლებსა და ქმედებებში, შესაძლებელი იქნებოდა, ამ ძალიან მტკივნეული საკითხის დეკლარირებაც, მაგრამ, ეტყობა, დასავლელი პარტნიორების განაწყენებას მოერიდნენ და ჩვენმა პოლიტიკოსებმა დუმილი ამჯობინეს. ეგ კი არა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, კმაყოფილიც კია სამიტის შედეგებით. რამდენად ადეკვატურია ეს კმაყოფილება, სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ ღარიბაშვილმა ასეთი სიტყვები ბრძანა: `რიგის სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შემდეგი არის საქართველო. პრაქტიკულად, ეს უკვე დაადასტურეს ევროპელმა ლიდერებმა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ მომავალ წელს ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტექნიკური პროცედურები დროზე ადრე დავასრულოთ~. არადა, ზემოთ იმდენი სწორედ იმიტომ ვილაპარაკე იუნკერისა თუ ტუსკის განცხადებებზე, რომ არავის უთქვამს, უვიზო მიმოსვლა დეკემბრიდან დაიწყებაო. ვიმეორებ: დეკლარაციაში წერია, რომ დეკემბერში ამ საკითხის მორიგი განხილვა მოხდება და არა მისი ამოქმედება.
ფაქტობრივად, ღარიბაშვილმა ოპტიმისტური განცხადებით იმედგაცრუება გადაფარა. თანაც, ეტყობა, ისიც იფიქრა, წარუმატებლობა ხელისუფლებას არ დაგვაბრალონო და ამიტომაც რიგის სამიტის უარი წარმატებად შეფუთა. პოლიტიკას რას გაუგებ და, თავის მხრივ, შეიძლება, არც ეს არის დიდი პრობლემა... მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რეალობის აღქმა დაკარგოს და ყველა მარცხი წარმატებად გაასაღოს. მაგალითად, „ექსპერტთა კლუბის“ წევრის, ირაკლი ცქიტიშვილის თქმით: `პოლიტიკური კონკურენციის მაღალი გრადუსი საქართველოში ხშირად წარმოშობს ჭარბ მოლოდინებს საზოგადოებაში. ერთი მხრივ, ხელისუფლება ცდილობს, წარმოაჩინოს საკუთარი საქმიანობა და დააჯეროს მოსახლეობა, რომ ის და მხოლოდ ის არის ქვეყნის გადამრჩენელი და სხვადასხვა დონეზე აჟღერებს ახალ, სრულიად უსაფუძვლო დაპირებებს. მეორე მხრივ, ოპოზიცია, რომელიც ცდილობს ამ ყველაფრის ნიველირებას და მოსახლეობისთვის ჩვენებას, რომ ხელისუფლება არაფრის მაქნისია. ამ ჭიდილში კი იკარგება რეალობის აღქმა. არადა, წესით, არავის უნდა გაჰკვირვებოდა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე უკრაინამ და საქართველომ ევროლიბერალიზაციას ვერ მიაღწიეს. აქამდეც მრავალჯერ ითქვა, რომ საქართველოს ბევრი დავალება აქვს შესასრულებელი და, როგორც ირკვევა, ეს „ბევრი“ დავალებათა თითქმის 50%-ია, მაგრამ სხვადასხვა დროს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა შექმნა ილუზია, რომ თითქოს ევროლიბერალიზაცია მიღწევადი იყო რიგის სამიტზე. ამავე დროს უცხოელებიც გვეუბნებოდნენ, რომ რიგის სამიტზე ასეთი საკითხები არ წყდება. მით უფრო ნათელი იყო ეს შედეგი, რომ საქართველოსთან ერთად პაკეტში უკრაინაც განიხილებოდა, რომელსაც იმის ნახევარი სამუშაოც არ ჩაუტარებია, რაც საქართველომ და იმდენი რეფორმაც არ გაუტარებია, რაც ჩვენმა ქვეყანამ.
რეალურად, რიგის სამიტზე მოხდა ის, რაც პირადად ჩემთვის მოსალოდნელი იყო. გემახსოვრებათ, რომ ასეთივე მოლოდინები შეიქმნა 2013 წლის ვილნიუსის სამიტის წინ, როდესაც საუბარი იყო ასოცირების შეთანხმებაზე, მაგრამ სამიტზე მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხოლო ტექნიკურად ხელშეკრულება უკვე 2014 წლის ივნისში გაფორმდა. ასე რომ, როგორც კი ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური მხარე იქნება დასრულებული, მაშინვე შედგება დოკუმენტის ხელმოწერა. და კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ვისწავლოთ ევროპასთან ურთიერთობაში _ თუ ვიღებთ გარკვეულ დავალებებს, უნდა შევასრულოთ ისინი პირნათლად და არ გვქონდეს მოლოდინი, რომ თუ ერთს ან ორს არ შევასრულებთ, მაინც „გავძვრებით“. ამიტომ ეშმაკობებზე არ უნდა ვხარჯოთ დრო და რეალურად ვაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება“.
ირაკლი ცქიტიშვილი იმ მოთხოვნებზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს და, ალბათ, სამართლიანი შენიშვნაცაა. დასავლეთის მოთხოვნების და რეკომენდაციების მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი _ მარტო დასავლური საგარეო კურსის დეკლარირება საკმარისი არ არის ევროპაში უვიზოდ შესასვლელად. მთელი რიგი რეგულაციებია მისაღები, ეს მოთხოვნები რომ დაკმაყოფილდეს. აი, ამ საკითხში ჭედავს საქართველოს ხელისუფლება. რამდენიც არ უნდა უარყონ ხელისუფლებაში, ფაქტია, რომ ბევრ რამეს ვერ გაართვეს თავი. პირველ რიგში, სოციალური მდგომარეობის მოწესრიგებაზეა საუბარი. მართალია, 2012 წელს გვპირდებოდნენ, რომ ყოველი მომდევნო წელი უკეთესი გვექნებოდა, ხოლო მიმდინარე 2015 საუკეთესო წელი იქნებოდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს დაპირება დაპირებად დარჩა. მართალია, მთავრობაში არ აღიარებენ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა სიდუხჭირის ზღვარზე იმყოფება, რასაც, თავის მხრივ, მოსდევს სამწუხარო ფაქტი: ბოლო ორი წლის მანძილზე კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვების შემთხვევები. მეორენაირად რომ ვთქვა, მოიმატა ემიგრაციამ და საკითხავია, კიდევ რამდენად გაიზრდება იგი, თუკი საქართველოსა და დასავლეთს შორის უვიზო რეჟიმი იარსებებს? მოკლედ, ემიგრანტთა დიდ ტალღას უფრთხიან ევროპაში და, ფაქტობრივად, ეს გვითხრეს რიგის სამიტზე _ ჯერ ადგილზე მოაგვარეთ დასაქმების პრობლემები და მერე ვილაპარაკოთ უვიზო მიმოსვლაზეო. ვერაფერს იტყვი, საფუძვლიანი არგუმენტია. ევროპას ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წყალობით თვითონ გაუჩნდა სოციალური პრობლემები და მისთვის ძნელი იქნება უმუშევართა ახალი ნაკადების მიღება. მით უმეტეს, არ დაივიწყოთ, რომ მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე არ არის საუბარი. ასე რომ იყოს, კიდევ არაფერი, მცირერიცხოვანი ქართველობა შეიძლება არც კი დამჩნეოდა ბებერ კონტინენტს, მაგრამ საქართველოსთან ერთად საუბარია უკრაინაზეც _ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფოზე, რომელსაც საქართველოზე არანაკლები სოციალური პრობლემები აქვს და უკრაინული ემიგრაციის დიდი ტალღა ნამდვილად თავის ტკივილად ექცევა დასავლეთ ევროპას. ანუ ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედება უფრო შორეული პერსპექტივაა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას ამის მოლოდინი აქვს. სამწუხაროა, მაგრამ სოციალური პრობლემების დაძლევა ამ ხელისუფლებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა და ვიდრე ეს არ მოხდება, არც ევროპელები აპირებენ ჩვენ მიპატიჟებას.
თუმცა ექსპერტთა მეორე ნაწილის აზრით, საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკური, თუ სოციალური პრობლემები მეორეხარისხოვანი ფაქტორია და სინამდვილეში რიგის სამიტმა ხსენებული გადაწყვეტილება სრულიად სხვა მიზეზის გამო მიიღო _ ამ მიზეზს რუსეთი ჰქვია. პოლიტოლოგთა აზრით, ევროპამ რიგაში კიდევ ერთხელ უკმია გუნდრუკი რუსეთს და თუკი ვინმე არის კმაყოფილი ამ სამიტით, ეს სწორედ რუსეთია.
რას გულისხმობენ პოლიტოლოგები? მათი აზრით, რიგაში უვიზო მიმოსვლის დაკანონება არა ეკონომიკური კუთხით, არამედ პოლიტიკურად უნდა ყოფილიყო მოტივირებული. თუკი რიგის სამიტი ამ მიმოსვლას დაუშვებდა, ეს იქნებოდა, პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, თუ გნებავთ _ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების გაგრძელება, რის შედეგადაც რუსეთი დაინახავდა, რომ მის ბრძოლას უკრაინა-საქართველოს წინააღმდეგ წარმატების ნაკლები შანსი აქვს, რადგან ამ ბრძოლის, შანტაჟისა, თუ ათასნაირი მოსკოვური ხრიკის მიუხედავად საქართველო-უკრაინა მაინც ევროპის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ამით რუსეთი კიდევ უფრო კარგავდა მოტივაციას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მის მიერ უკრაინაში ანექსირებული ტერიტორიების მცხოვრებლებისთვისაც ძალიან მაცდუნებელი ფაქტორი იქნებოდა ევროპასთან დაახლოება, ისევე როგორც იქნებოდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემთხვევაში. ვის რად უნდა შენი ლუგანსკის, ყირიმისა თუ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, როცა აგერ ქართველები და უკრაინელები თავის ნებაზე დასეირნობენ პარიზსა თუ ბერლინში? ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზი, ოსი თუ ლუგანსკელი სეპარატისტები რუსეთის წინააღმდეგ ამხედრდებოდნენ, მაგრამ მაინც საკმარისი იყო მათ დასაფიქრებლად. დაფიქრებაა მთავარი, მერე კი რა იცი, რას იზამ? სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ მოხდა, არადა, კარგი იქნებოდა, მომხდარიყო. ასე კი, ექსპერტთა აზრით, გერმანიამ და საფრანგეთმა მაინც ლოიალური დამოკიდებულება დააფიქსირა რუსეთის მისამართით. პოლიტოლოგები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ასეთი დამოკიდებულება მთელ ევროპას შეიძლება ძვირად დაუჯდეს, რაც ბევრჯერ მომხდარა ბოლო ასი წლის განმავლობაში. სხვათა შორის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა არ დამალა თავისი უკმაყოფილება რიგის სამიტის შედეგებით, სწორედ იმ მიზეზების გამო, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე. ნათქვამია, „სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძრესო“ და იმედია, ჩვენი ევროპელი მეგობრებიც გაითვალისწინებენ, რომ საქართველოსა და უკრაინას არც იმდენი დრო აქვთ, რომ დაუსრულებლად ელოდონ დასავლეთთან დაახლოებას, ცოტა დასავლეთმაც უნდა დააჩქაროს, თორემ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ბოლოს გამარჯვებული ისევ ის აღმოჩნდეს, ვისაც ამდენი ხნის მანძილზე ებრძვიან.
დავით დევიძე