ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე ყოფილი შოკოლადის კომბინატის ტერიტორიაზე დღეს მხოლოდ საკვამური მილია შემორჩენილი, რომელიც მიანიშნებს, რომ ოდესღაც აქ საუკეთესო გემოვნებით განთქმული ქართული შოკოლადი იწარმოებოდა. ტერიტორია, რომელიც, დაახლოებით, 6 ჰა-ს მოიცავს და მისი საბაზრო ღირებულება 420 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული, კომბინატის საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით 2001 წელს დაილუქა. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი საამქროების კარის დალუქულ გასაღებებს დღესაც საგულდაგულოდ ინახავს, თუმცა, აღარც საამქრო არსებობს და აღარც ის მანქანა-დანადგარები, რომელიც ქართული შოკოლადის გადარჩენას კიდევ მოახერხებდა.
რატომ დაილუქა შოკოლადის კომბინატი? 14 წლის მანძილზე რატომ არ აღსრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ კომბინატის მიმართ გამოვიდა? ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, მერი ჩერქეზიშვილი:
_ შოკოლადის კომბინატმა პროდუქციის გამოშვება 1959 წელს დიწყო. მაშინ ერთდროულად გაიხსნა საკონდიტრო ფაბრიკა „მზიური“ ხოშარაულის ქ. #27-ში და მარმელადის ფაბრიკა „საამო“ სამგორის ქ. #6-ში. ამ კომბინატებმა 1959-დან 1972 წლამდე ცალ-ცალკე იმუშავეს. 1972 წლის შემდეგ სახელმწიფომ თვითონ გაამსხვილა საწარმო და დაერქვა საწარმოო გაერთიანება „თბილკონდიტერი“ („მზიური“ და „საამო“). „საამო“ ჩვენთან შემოდიოდა როგორც საამქრო, ძირითადი საწარმო იყო „მზიური“, რომელსაც ჰქონდა საბანკო ანგარიში და სხვა იურიდიული რეკვიზიტები. 1989 წელს სსრ კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა გორბაჩოვმა გამოსცა კანონი იჯარის შესახებ. ამ კანონზე დაყრდნობით, 1990-დან 2000 წლის დეკემბრამდე, საიჯარო ქირა უნდა გადაგვეხადა, გამოსყიდვის შემდეგ კი კომბინატი იქნებოდა შრომითი კოლექტივის იმ წევრების საერთო კერძო საკუთრება, რომლებიც გამოსყიდვაში მიიღებდნენ მონაწილეობას. 1990 წელს კომბინატში მუშაობდა 1242 კაცი. პარალელურად, დაარსდა მატერიალური წახალისების ფონდი. საიჯარო კოლექტივს უფლება გვქონდა, სუფთა მოგება რაც დარჩებოდა, საიჯარო ქირა იქიდან გადაგვეხადა. ეს თანხა 7 წლით ადრე გადავიხადეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 1993 წელს კომბინატი უკვე გამოსყიდული გვქონდა. კომბინატის გამოსყიდვის პერიოდში დირექტორი იყო ვალერიან ცაგარეიშვილი, რომელიც გამოსყიდვიდან ერთ თვეში გარდაიცვალა. მოვიდა ახალი დირექტორი, ჯემალ კბილაშვილი, რომელმაც კომბინატს ახალი პრივატიზება გაუკეთა, თუმცა 1993 წლიდან უკვე შრომითი კოლექტივის საკუთრება იყო... ამიტომ შრომითმა კოლექტივმა მივმართეთ კონტროლის პალატის ხელმძღვანელს რეზო შავიშვილს. შეისწავლეს საქმე, გვითხრეს, რომ შრომითი კოლექტივი მართალი იყო, მოგვცეს რეკომენდაცია, სასამართლოში გვეჩივლა. მივმართეთ სასამართლოს და რადგან ერთ-ერთ მოპასუხე მხარედ საქართველოს პრეზიდენტი, ედუარ შევარდნაძე იყო ჩართული, ამიტომ ამ საქმეს პირველი ინსტანცია არ გაუვლია, პირდაპირ საოლქო სასამართლომ განიხილა. 1997 წელს, პირველი სასარჩელო განცხადება რომ დავწერეთ, წარმოებაზე წინასწარი ყადაღა დავადებინეთ. ნათია წკეპლაძის, რომელიც მაშინ გახლდათ საოლქო სასამართლოში ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე, ბრწყინვალედ დასაბუთებული გადაწყვეტილება, უზენაესმა სასამართლომ შეცვალა დღემდე აღუსრულებელი გადაწყვეტილებით.
_ რას გულისხმობთ?
_ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ორმა მოვალემ გაასაჩივრა, ერთი იყო ჩვენი კომბინატის ფილიალის, „საამოს“ დირექტორი, ვენერა მეზვრიშვილი და მეორე _ შპს „ჯი-აი-ეი“ _ ფაქტობრივად, საქართველოში მეორე მსხვილი ინვესტორი, ამერიკული კომპანია. ვითომ „ჯი-აი-ეი“-ს მე-7 საბარათო აუქციონზე აქციები ჰქონდა ნაყიდი. თუმცა მაქვს დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ ამ აუქციონზე საერთოდ არ გასულა ჩვენი კომბინატის აქციები. 1996 წლიდან კომბინატში შემოვიდა „დინამო თბილისი“. ედუარდ შევარდნაძემ, როგორც ახლად შექმნილ ორგანიზაციას, გადასცა ქონება. სინამდვილეში, „თბილისის დინამოს“ კი არ გადასცა, როგორც ეს დოკუმენტებშია მითითებული, არამედ „დინამო თბილისს“. როცა სასამართლო სახელმწიფოს მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს აცხადებს ბათილად, მისგან გამომდინარე შედეგები ხომ თავისთავად ბათილად ცხადდება?! 1994 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თავისი ბრძანებით გააუქმა „საამოს“ რეგისტრაცია. წარმოიდგინეთ, უზენაესმა სასამართლომ რეგისტრაციის შედეგი ძალაში დატოვა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ბადრი მეტრეველმა გამოიტანა, საზღვარი არ აქვს. დღემდე მისი გადაწყვეტილება არქივში აღუსრულებელი აგდია. ეს ქონება რომ გამოვისყიდეთ, ერთნაირად ეკუთვნის „მზიურისა“ და „საამოს“ კოლექტივს. უზენაესმა სასამართლომ მთლიანი ქონება ორივე საწარმოს მიაკუთვნა, მაგრამ რადგან ისინი ცალკე გავიდნენ, ცალკე დარჩნენო, ანუ აღუსრულებელი გადაწყვეტილება გამოიტანა! როგორ შეიძლება, მე და თქვენ სასამართლომ რაღაც მოგვაკუთვნოს, თქვენ გამოგყოთ ცალკე და ორივეს ქონება ერთი და იგივე იყოს?!
2001 წელს უზენაესმა სასამართლომ გამოსცა განჩინება და სააღსრულებო ფურცელი, ამავე წელს შემოვიდნენ, დაიწყეს აღწერა და ფაბრიკა დაილუქა. ეს დალუქული გასაღებები 2001 წლის 1-ლი ივნისიდან მაბარია. სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარე მაშინ გიგლა აგულაშილი იყო. დემეტრაშვილმა, ვისაც ეს საქმე დაეწერა, მითხრა, რომ ვერ გავიგეთ უზენაესი სასამართლოს სააღსრულებო ფურცელში მე-4 პუნქტი და დიდუბის სასამართლოში შემატანინეს განცხადება იმის დასადგენად, ვის უნდა აღესრულებინა ეს პუნქტი. ჯერ ის არის სამარცხვინო, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქვემდებარის განმარტება რომ დასჭირდა. 2002 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსამართლე სოსო მუმლაძემ გააკეთა განმარტება და დიდუბის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გადაეცა ისევ დემეტრაშვილს. 2002 წლის 17 ივლისს მოვიდნენ და მუშებს გაფრთხილებები დაურიგეს, რომ ხდებოდა წარმოების დალუქვა. დემეტრაშვილმა ჩამომართვა გასაღებები, ადგილზე დაითვალა და დაილუქა წარმოება, ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარეს ჩაგვაბარა ოქმები _ საინიციატივო ჯგუფის წევრებს, „დინამო თბილისის“ პრეზიდენტს, მერაბ რატიანს და კომბინატის დირექტორს. ამას ესწრებოდა ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელი. დემეტრაშვილმა ლუქები მოხსნა კადრების განყოფილებას და რომ შევიდნენ, ამ დროს კომბინატში მოკალათებულმა ჩემმა თანამშრომელმა და თანამოსარჩელემ, ახლა რომ ეშინია დაჭერის, სვეტა მახარაძემ, დიდუბის სასამართლოდან მოიტანა მოსამართლე საბიაშვილის გადაწყვეტილება, სადაც ეწერა, რომ აღსრულება დროებით უნდა შეჩერებულიყო. ეს აღსრულება 2002 წლის 18 ივლისიდან დღემდე შეჩერებულია!
_ მახარაძე თუ თქვენი თანამებრძოლი იყო, როგორ აღმოჩნდა მოწინააღმდეგე მხარეს?
_ კოლოფების საამქროს მუშა, სვეტა მახარაძე, 1996-დან 2000 წლამდე, ჩვენთან ერთად იყო. ეს ქალბატონი მანდ დასვა „დინამომ“, მერაბ რატიანმა. ერთად ვიბრძოდით იმ გაჭირვების პერიოდში, შიმშილი და სიცივე ერთად გადავიტანეთ, ერთად გვეძინა. არ ვიცი, რატომ გამიმეტა სასიკვდილოდ, ინსულტი რომ მივიღე, უთქვამს, მალე მოკვდებაო. შემომცქერიან, მალე მოვკვდე, რომ დაისვენონ! 2000 წლის იანვრიდან ძარცვავენ წარმოებას, რევიზორმა ქავთარაძემ რომ დაამთავრა საქმის შესწავლა, ციხეში გაუშვეს რატიანი. მახარაძე ხალხს კრებებს უტარებს, ვითომ მე არ ვაყენებდი საქმის კურსში და მარტო ვაკეთებდი ყველაფერს. ყადაღაზე და ოქმებზე მე ვაწერ ხელს. მანქანა-დანადგარები თურქეთში რომ გაჰქონდათ, დავაჭერინე და ეს ტრაილერები 20 დღე კომბინატის ტერიტორიაზე შემოიტანეს. კრება ჩაატარეს და მუშებს მოაწერინეს ხელი, გაყიდეთ ყველაფერი, ოღონდ გვამუშავეთო. დღემდე რასაც აკეთებენ, _ ყველაფერს მუშების ხელმოწერით. მუშებისა და ქართული შოკოლადის გადასარჩენად 20 წელი ვიბრძოლე, 2013 წელს ინსულტი მივიღე, გადავრჩი და იმედი მაქვს, ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან! 2001 წელს ეს საქმე რომ მოვიგეთ და საკასაციო გახდა, უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე, ლადო ჭანტურია ვნახე და ვუთხარი, _ ყადაღა დაადეთ, გადაწვავენ კომბინატს, იმდენი სისულელე აქვთ გაკეთებული და გადაარჩინეთ-მეთქი. პირველი ყადაღა განხორციელდა „მზიურისა“ და „საამოს“ ქონებაზე და მეორედ უკვე „მზიური“ დავალუქინე, რადგან ვიცოდი, რომ ოთხი სახელმწიფო ორგანო იყო ჩართული და ოთხივემ სცნო სარჩელი, ასევე პრეზიდენტმა. დიდუბის საგადასახადოს მივმართე და ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, 2004 წელს, სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს სვეტა მახარაძეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე. უზენაეს სასამართლოს კი დღემდე არ დაუწერია არც ერთი სრულყოფილი სააღსრულებო ფურცელი, რომელიც სააღსრულებო ბიუროსათვის იქნებოდა მოსაწონი.
2008 წლის 19 მაისს ეკონომიკის სამინისტრომ უზენაესი სასამართლოდან ახალი სააღსრულებო ფურცელი მიიღო. ეკონომიკის სამინისტრომ და ქალაქის მერიამ ეს რომ ნახეს, ჩიხში შევიდნენ და საწარმოს ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს მამუკა ახვლედიანის ხელით. სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით, 2008 წელს, დიდუბის გამგებელმა, მამუკა სულამანიძემ, მისწერა მამუკა ახვლედიანს, რომ გიგზავნით საწარმოო გაერთიანება „თბილკონდიტერის“ შრომითი კოლექტივის სრულუფლებიან წარმომადგენელს, მევლუდ დევიძეს და მიწის საკუთრება დაუმტკიცეთო. მევლუდ დევიძე არის სს „მზიურის“ მატერიალური პასუხისმგებელი, რომელსაც დავულუქე ორი საამქრო და მისი 119 გასაღები აქ მაქვს დალუქული. ანუ, ფაქტობრივად, მამუკა ახვლედიანს დიდუბის გამგებელმა მისწერა არარსებულ ორგანიზაციასა და მის წარმომადგენელზე. მევლუდ დევიძე როგორ შეიძლება, რომ დალუქულ წარმოებაში რამეს აკეთებდეს?! ეს სისხლის სამართლის დანაშაულია გამგებლის მხრიდან. 2007 წლის დეკემბერში მამუკა ახვლედიანთან გაუშვეს დოკუმენტები და 2008 წლის 5 მარტს მამუკა ახვლედიანის უწყებამ გამოიტანა ე. წ. მიწის საკუთრების უფლება. მათ წარუდგინეს სია და ჩემთვის უცნობია, ვინ არიან ამ სიაში. ხელმეორე უკანონო პრივატიზება რომ გაუკეთეს 1996 წელს, სააქციო საზოგადოებად რომ გადაკეთდა და ხუთმა აქციონერმა რომ ჩაიგდო ხელში მთელი ქონება, ის სიაა ახვლედიანის დოკუმენტებში და არა ის სია, რომლის წევრებიც გამოსყიდვაში მონაწილეობდნენ. გამოსყიდვაში ვინც მიიღო მონაწილეობა, ის სია არის ეკონომიკის სამინისტროში და დიდი წივილ-კივილის შემდეგ მომცეს. რაც ყველაზე მთავარია, მამუკა ახვლედიანის უწყებამ საკუთრების მოწმობა ხელმოუწერელი და თარიღგადაკეთებული გაუშვა. მე კი მგონია, რომ ახვლედიანმა ძალიან კარგად იცოდა, ამ დოკუმენტს თუ ხელს მოაწერდა, პირდაპირ ციხეში წავიდოდა და ამიტომ არ მოაწერა ხელი.
_ ახლა რა ხდება კომბინატში, ფიზიკურად რა მდგომარეობაა?
_ სხედან და გული უკანკალებთ, იციან, ამ საქმეს მიწაში ჩავყვები და ბოლომდე მივიყვან! 2000 წლის ივნისიდან სვეტა მახარაძე მოიჯარე ობიექტებიდან თვითნებურად კრებს თანხას, ქვითრები მაქვს, საგადასახადოს რომ უგზავნიდა. რაც კომბინატში ხდება, უშუალოდ შედიოდა ქონების მართვის სამინისტროს ინტერესებში, ეს სამინისტრო აღარ არის და ახლა ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. 2002 წლის 13 ივნისის სააღსრულებო ფურცელში, სადაც ახსნა-განმარტებაა მე-4 პუნქტზე, 2007 წელს უკან გამატანეს და 2013 წელს თეა წულუკიანის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე მწერს, ეს საქმე აღსრულებული ყოფილა 2006 წელს და ვეღარ დაგეხმარებიო. მივედი სამინისტროში და სულ ბიუჯეტის ქურდები ვეძახე! ვეუბნებოდი, _ დამიჭირეთ, ხომ გყავთ პოლიცია, იქნებ, მათგან მაინც ვისწავლო კანონი-მეთქი. პახუხი ხომ უნდა მაგებინონ, თუ ცილს ვწამებ?! გადმოეფინენ, წულუკიანიც გამოვიდა, იქ რომ ერთი ამბავი ავტეხე, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, _ თქვენი განცხადება მინისტრს არც უნახავსო. წავიდა და წულუკიანის იურიდიულ მრჩეველს დაურეკა. ამ წერილს მწერ მაშინ, როცა ხელში არ გიჭირავს პირველი წინასწარი ყადაღის განჩინება და სააღსრულებო ფურცელი, ქონების ჩამონათვალი კომპიუტერული წესით. ეს ყველაფერი კი შს სამინისტროს არქივშია მოყუჩებული. როცა მანქანა-დანადგარები დავაჭერინე, ღამის 3 საათზე მოვიდნენ პოლიციელები ქალაქის სამმართველოდან და დოკუმენტები მთხოვეს. რაც გავატანე, უკან დამიბრუნეს, დედნები მაქვს სახლში. 1998 წლამდე ისე იმუშავა „დინამოს“ წარმომადგენელმა კომბინატში, რომ რეგისტრაციაში არსად იყვნენ გატარებულები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე რგოლიდან, ხელშეკრულებით სამ პიროვნებას აქვს ნაყიდი წილი დალუქულ წარმოებაში. უარესსაც გეტყვით! _ მაგათი გენინსპექციის უფროსი იყო გელბახიანი. დალოცვილო, საქმეში თუ არ გიდევს არც პირველი ყადაღა, არც უზენაესის გადაწყვეტილება, არც მასზე გამოტანილი სააღსრულებო ფურცელი, არც დიდუბის გადაწყვეტილება, რომელ აღსრულებაზე მელაპარაკებიან?! ამას წინათ ვიყავი დიდუბის გამგებელთან, ქალბატონ ზავრადაშვილთან. ჩვენს შეხვედრას სხვებიც ესწრებოდნენ, იქ ერთ-ერთმა ასეთი რამე თქვა: ეს კომბინატი „დინამომ“ გაანადგურაო... სიმართლე თქვა! ახლა ამ დაწესებულებაში სხედან ტიპური კრიმინალები. ეს კომბინატი შრომითი კოლექტივის წევრთა საერთო საკუთრებაა, 800-ნი არიან, ერთი რომ იყოს წინააღმდეგი, არავის არაფრის უფლება არ აქვს, ეს იჯარის კანონშია მითითებული. ყველგან დავამტკიცებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ქურდები არიან, ხელთ მაქვს ყველა დოკუმენტი, რა ვალი ადევს 1990 წლიდან ამ კომბინატს, ან ეს 6 მილიონი ვალი საიდან მოვიდა? გაძარცულია მთელი კომბინატი, ყველაფერი დანგრეულია. ერთმა ადვოკატმა მითხრა, თქვენი საქმე ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს გაანადგურებსო. მე კიდევ ვუთხარი, იქ დაბალჩინოსნები რომ არიან და 2008 წლიდან ფულს იღებენ შეთითხნილი დოკუმენტებით, ჯერ ისინი განადგურდებიან-მეთქი. გაქირავებული აქვთ ფართები, დალუქული რაც იყო, ის მანქანა-დანადგარები სულ გაყიდულია. 4-მილიონიანი დანადგარი, წარმოების ხერხემალი, „ბარამბოში“ აქვთ წაღებული, ან როგორ დაშალეს, ერთი საამქრო მთლიანად ეჭირა, გერმანელმა სპეციალისტებმა თვითონ დაამონტაჟეს. მე აქ გასაღებს კარგად ვინახავ, ისინი კიდევ „ბარამბოში“ ეზიდებიან ქონებას! პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში ვიყავი, კარგი სიტყვა მითხრეს, მოიტანეთ სააღსრულებო ფურცლები და ქონების გადამოწმებით დავიწყებთო. პირისპირ მინდა შევხვდე ირაკლი ღარიბაშვილს ან ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ჯერ თქვენი მეშვეობით უნდა გავახმაურო ეს საქმე!
კომენტარის მოსაპოვებლად „ქრონიკა+“ კომბინატს ესტუმრა. ადგილზე ფიზიკური პირების მინდობილი პირი, მევლუდ დევიძე დაგვხვდა, რომელმაც ჩვენს შეკითხვებს უპასუხა:
_ არ ვიცი, თქვენ ვის ესაუბრეთ, ეს არარსებული საინიციატივო ჯგუფია, მერი ჩერქეზიშვილი კი არის ერთ-ერთი მესაკუთრე, 316 კაცთაგანი. დანარჩენები ვინ არიან და რა საინიციატივო ჯგუფზეა ლაპარაკი, არ ვიცი.
_ თუ ჩერქეზიშვილი თქვენთან ერთად არის, რატომ იბრძვის? როგორც ვიცი, მახარაძეც გარკვეულ დრომდე მისი თანამებრძოლი იყო...
_ ეს მას უნდა ჰკითხოთ, რატომ დარჩა განზე და რატომ იბრძვის. ჩვენ ვეხვეწებით, რომ იყოს ერთ-ერთი თანამესაკუთრე და იყოს ჩვენ გვერდში.
_ მე აქ მაქვს დოკუმენტი, სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებითი ბარათი, სადაც ამ კომბინატის მაშინდელი დირექტორი, ჯემალ კბილაშვილი აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც კომბინატს მეორედ გაუკეთა პრივატიზება, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს ქონება ეკუთვნის იმათ, ვინც პირველად მიიღო მონაწილეობა ქონების გამოსყიდვაში. როგორც ვიცი, ეს რიცხვი 800-ია, თქვენ მეუბნებით 316-ს. ვინ დაადგინა, რომ 316 კაცისაა ეს ქონება?
_ 1993 წლის 7 ივლისის მდგომარეობით, თურმე, გამოსყიდული ყოფილა ჯემალ კბილაშვილის დირექტორობამდე და ეს ფაქტი, უბრალოდ, არ იყო ხალხისთვის ცნობილი. სწორედ მერი ჩერქეზიშვილმა და სვეტა მახარაძემ მოჰფინეს ამას ნათელი.
_ თუ ნათელი მოჰფინეს, დღეს რა ხდება?
_ არაფერი...
_ როგორ არაფერი?! ან ის 316 კაცი ვინ არის, როგორ გახდნენ ისინი მესაკუთრეები, ვინ შეადგინა ეს სია?
_ ესენი არიან 1993 წლის მდგომარეობით ვინც ირიცხებოდნენ იჯარა-გამოსყიდვის დროს.
_ ეს დოკუმენტები სად არის? მე მამუკა ახვლედიანის მიერ გაცემული ხელმოუწერელი დოკუმენტიც მაქვს, მიწის საკუთრების დამტკიცების შესახებ... იქ თქვენი გვარიც ფიგურირებს...
_ მამუკა ახვლედიანის ხელმოუწერელი დოკუმენტი არ ვიცი, რა არის... მერი ჩერქეზიშვილმა რა შეთითხნა და რა გადმოგცათ, არ ვიცი...
_ რატომ უნდა შეეთითხნა?
_ მერი ჩერქეზიშვილი იმაზეც იბრძოდა, რომ ყოფილი „მზიურის“ 6 მილიონი ვალი წარმოებას ჰქონოდა. რატომ იბრძოდა?
_ ეს 6 მილიონი რა ვალია?
_ აღარ გვაქვს, გავისტუმრეთ. იმ სააქციო საზოგადოების სამართალმემკვიდრეები არ ვიყავით და ამის საფუძველზე მოიხსნა.
_ ქალბატონ მერის აქვს დალუქული ყუთი, სადაც გასაღებებია. დალუქვის ოქმში წერია, რომ ვინც ამ კომბინატს გახსნის უნებართვოდ, სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს. ვინ გახსნა?
_ მას შემდეგ, რაც საწარმო დაილუქა და ქალბატონ მერის გასაღებები გადასცეს, შემოვიდა ეკონომიკის სამინისტრო, კომისიები მუშაობდა. ეკონომიკის სამინისტრომ აღწერა და გადმოსცა სწორედ იმ 316 ფიზიკურ პირს.
_ მე 800 კაცი ვიცი, დოკუმენტები ნანახი მაქვს...
_ ეს აქციონერები იყვნენ. ზუსტად ეგ არის, რომ მაშინ არავინ იცოდა, ეს 316 ფიზიკური პირის რომ იყო და იჯარა-გამოსყიდვა თუ იყო გაკეთებული. ეს გახლდათ „დინამოს“ პერიოდში, შევარდნაძემ 35% გადასცა, რომელიც მერე გახდა 85% და სწორედ მერიმ და სვეტამ ამ საჩივრების საფუძველზე ისევ ჩამოართვეს „დინამოს“, პრეზიდენტის ბრძანებულება გააუქმებინეს და დაუბრუნეს იმ 316 ფიზიკურ პირს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით. 800 აქციონერი რომ ირიცხებოდა 1995 წელს, ეს გაუქმდა ყველაფერი და გადასცეს 316 ფიზიკურ პირს.
_ რის საფუძველზე დაადგინა ეს რიცხვი ეკონომიკის სამინისტრომ? 800-მა კაცმა ფული გადაიხადა და 316 საიდან აღმოჩნდა?
_ წლების მანძილზე შემოსულები იყვნენ და მუშაობდნენ.
_ ამ 316 კაციდან რამდენია, რომლებიც თქვენსავით აქ ტრიალებენ?.. ალბათ შემოსავალიც გაქვთ, ფაქტია, გაქირავებულია მთელი ტერიტორია...
_ ყველას შეუძლია მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა. ფართი გაქირავებულია და 316 კაცს, ყველას აქვს თავისი შემოსავალი, დივიდენდებს იღებენ. მერის ფული დეპოზიტზე იდება იმიტომ, რომ არ მობრძანდება და არ იღებს. ბანკში ერიცხება ეს თანხა. სუფთა დაბეგრილი ფული, თითოს თვეში 150 ლარი გვხვდება. ეს ხდება 2008 წლიდან იმიტომ, რომ რეგისტრაციაში ამ დროს გავიარეთ. მაშინვე 150 არ იყო, რადგან ასე არ გახლდათ დატვირთული ეს ობიექტი. დღევანდელი მდგომარეობით 316 იღებს დივიდენდს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტშიც ირიცხება საშემოსავლოს 20%.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს?
_ გადაწყვეტილება აღსრულდა და 316 კაცს გადასცა. მე კი არ ვარ წინააღმდეგი, გადასცეს 800 კაცს, მაგრამ იურიდიულად ეს როგორ მოხდება? რატომ არის აღუსრულებელი გადაწყვეტილება? მოვიდეს ქალბატონი მერი, ქალბატონი სვეტა უშლის რამეს? თუ იმის სურვილი აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს მართვაში, რა ინტერესი აქვს, 800 კაცს დარდობს და ხელახლა აღსრულებას თხოულობს? რის აღსრულება უნდა? გადაეცეს 316-ს, ნაცვლად 800 კაცისა, ვინც აქციონერი იყო 1995 წლამდე? რანაირად? ამ სიტუაციას ვერავინ შეცვლის! ასეთი პრეცედენტი არსად აღარ არის, მთელი წარმოებები 2-3 კაცის ხელში გადავიდა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. უბრალოდ, ის დირექტორი, რომელმაც იჯარა-გამოსყიდვა გააკეთა, მალევე დაიღუპა, ერთადერთი მთავარმა ბუღალტერმა იცოდა, რომ იჯარა-გამოსყიდვა იყო გაკეთებული. „დინამო“ რომ შემოვიდა და ბუღალტერი მოხსნეს, მან ამოწია ეს საქმე, მერიმ და სვეტამ იბრძოლეს და ის იჯარა-გამოსყიდვა დააბრუნეს, განა 800 კაცის წინააღმდეგი ვინმე იყო, რაზედაც უაზროდ იბრძვის ახლა ქალბატონი მერი? ეს არის საზიარო ქონება, იმიტომ არის დაუსრულებელი. ერთი დიდი ოჯახია, 316-კაციანი. ახვლედიანის დროს, თუკი რამე გადასახდელი იყო მიწის ფული, გადახდილია. კოლექტივმა რაღაცები გაყიდა და 40 000 მიწის ფული გადაიხადა. რაზეა ხელმოუწერელი, მერიამ გამოსცა ბრძანება და შენობებთან ერთად გახდა მესაკუთრე ეს 316 კაცი. ვაღიარებ, აქ არის ქალბატონების, მერისა და სვეტას პირადი ინტერესები, ერთად დაიწყეს ბრძოლა, მათ შორის რა მოხდა და რატომ გაიყვნენ, ეს არის სამწუხარო ფაქტი. ესენი რომ ერთად ყოფილიყვნენ, შეიძლებოდა, უფრო დასრულებულიყო ეს საქმე! დღესაც არასწორად არის, არ შეიძლება 316 კაცის საზიარო ქონება იყოს, ერთ-ერთმაც რომ დაწეროს რაღაც საჩივარი, ვერც გაყიდი, ვერც ააშენებ, ვერაფერს აკეთებ... ბიუჯეტიც ივსება, ამხელა ობიექტია, ხალხი ამ გაჭირვების ჟამს თავის წილ დივიდენდს იღებს, დათვალეთ 316 კაცის 150 ლარი, აქაურობას შენახვა უნდა, დაცვა, ენერგეტიკოსი სჭირდება და ათასი რაღაც... თუმცა არის რაღაც დოზით დარღვევა, ყველას თუ არ ჰკითხე, არ შეიძლება... დავკეტოთ მაშინ...
თამარ ბატიაშვილი