QronikaPlus
რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე?

რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე?

2015-06-30 10:01:23

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე მმართველი კოალიციის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლებაში მყოფმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა გარკვეული ცვლილებებით. „კერძოდ, მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესდება. აგრეთვე, ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის პრინციპის დასაცავად და მიმდინარე წელს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვლება. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის შემდგომ რეფორმას, ხელისუფლების განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ამ ცვლილების გადადების არგუმენტად „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო დაასახელა. ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება იმ პრობლემებს, რომელიც მოქმედ საარჩევნო სისტემას ახასიათებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას. პირველ რიგში, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს შორის დისპროპორციის შემცირება რთული იქნება და ბევრ ოლქს მექანიკურად შეერთება/დაყოფა მოუწევს, რამაც შეიძლება, დამატებითი პრობლემები წარმოშვას თანაბარი ტერიტორიული წარმომადგენლობის კუთხით. ამასთანავე, როგორც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, მხოლოდ 50%-იანი ბარიერის დაწესება ქვეყანაში საარჩევნო პროცესების გასაჯანსაღებლად არ არის საკმარისი, საჭიროა კომპლექსური მიდგომები, სადაც ბარიერის საკითხი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს. ხელისუფლების ის არგუმენტი, რომ მცირე დროა არჩევნებამდე დარჩენილი და ამიტომ არ არის სასურველი საარჩევნო სისტემის არსებითი რეფორმირება, სრულიად არადამაჯერებელია. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, 1.5 წელი დარჩა, შესაბამისად, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება, მათ შორის, საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, სრულად მოესწრება. სისტემის გაუმჯობესებისა და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს საარჩევნო სისტემაზე მომუშავე წამყვანი არასამთვრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანი ხედვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში საარჩევნო სისტემის თაობაზე პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ასეთი ფართო კონსენსუსი აქამდე არასოდეს შემდგარა და ხელისუფლების მხრიდან ამის უგულებელყოფა მიუღებელია“, _ ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში. თავის მხრივ, პარტია „თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციას მასობრივი აქციებისკენ მოუწოდებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე: „პარლამენტის თავმჯდომარემ და დე ფაქტო პრემიერმა განაცხადეს, რომ მაჟორიტარული სისტემა მცირედი ცვლილებებით შენარჩუნდება. ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არც ერთი შეხვედრა ან კონსულტაცია არ გაუმართავს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმებიც კი ფორმალურად მაინც, საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, ქმნიდნენ ინტერპარტიულ ჯგუფებს, სადაც მიმდინარეობდა ხანგრძლივი დისკუსია საარჩევნო რეფორმის საკითხებზე. უკიდურესად სამარცხვინოა, რომ `ქართული ოცნების~ ლიდერები უარს ამბობენ თავიანთ ყველა ძირითად დაპირებაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რასაც წლების მანძილზე თავად განიხილავდნენ, როგორც არჩევნების ლეგიტიმურობის წინაპირობას, მათ შორის, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, პარიტეტული ადმინისტრაციისა და ბიომეტრიული სიების შემოღებას და სხვ. მრავალი მათგანი შიმშილობდა კიდეც ამ მოთხოვნით პარლამენტის კიბეებზე. სრულიად აშკარაა, რომ კორუფციაში ღრმად ჩაფლული `ოცნება~ არანაირი რეფორმის გატარებას თავისი ნებით არც ახლა და არც სამომავლოდ არ აპირებს. ამიტომაც მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და მთელ საზოგადოებას, 2007 წლის საპროტესტო აქციების ყველა მონაწილეს, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები _ იგივე დღეს 2015 წლის 28 სექტემბერს, იგივე მოთხოვნებით: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პარიტეტული საარჩევნო ადმინისტრაციის შემოღება; იგივე ადგილას _ რუსთაველის გამზირზე. სექტემბრამდე დარჩენილი დრო კი გამოვიყენოთ ხელისუფლებასთან კონსულტაციებისთვის, რათა ოლიგარქიული რეჟიმი გონს მოეგოს და საკუთარი ნებით განახორციელოს დაპირებული რეფორმა“, _ ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ქრონიკა+“ არსებულ რეალობასა და გამოსავლის გზებზე ესაუბრება საარჩევნო სისტემაზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წარმომადგენელს, „მემარჯვენე“ მამუკა კაციტაძეს:  _ მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად აღიარა, რომ მოქმედი სისტემა არ ვარგა. განაცხადა, რომ 2020 წლიდან ეს სისტემა უნდა შეიცვალოსო. მეორე მხრივ თქვა, რომ კიდევ ოთხი წლით ამ მახინჯი სისტემის შენარჩუნების ერთგული რჩება. ეს იმიტომ, რომ სურს ისარგებლოს შანსით, რასაც ნაკლები რეიტინგით მეტი მანდატის მიღება ჰქვია. ეს ნიშნავს ძალაუფლების უფრო მაღალ ხარისხში ფლობას, ვიდრე შესაბამისი მხარდაჭერა აქვს. ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, თქვა, რომ ამ სისტემის სიმახინჯით სარგებლობა სურს, რაც გაუადვილებს უკონტროლო ძალაუფლების შენარჩუნებას. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა _ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. ხელისუფლების ამ განაცხადს ჩვენ მარტივად არ შევეგუებით. _ რა გარემოებებმა უბიძგა ხელისუფლებას, რომ რეალურად, ძველი სისტემის შენარჩუნებაზე წასულიყო? _ იმ კვლევებისა და რეალური შეფასებების ფონზე, რაც დღეს ხდება, რეიტინგის ვარდნის პირობებში, ხელისუფლებას სურს, პარლამენტში მკვეთრი უმრავლესობის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს. პარლამენტში მაჟორიტარების გვერდზე განდგომის შესაძლებლობა მოიმიზეზეს. ხელისუფლებამ მათ, ცოტა ჟორგონზე რომ ვთქვათ, კოჭი გაუგორა: აი, თქვენთვის ამას ვაკეთებ და შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის უფლებამოსილების განმავლობაში, უმრავლესობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგებაო. თუმცა ეს უფრო სათავისოდ გადადგმული ნაბიჯია, ვიდრე მაჟორიტარებისთვის ანგარიშის გაწევა. რეალურად, ეს იყო ბიძგი, რომ უმრავლესობა შეენარჩუნებინათ, რაც კოალიციის ლიდერების მხრიდან სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ხელი ხელს ჰბანს პრინციპი ამუშავდა. მეორე მხრივ, თუ ხელისუფლება ამას დაიცავს და შეინარჩუნებს, ეს ნიშნავს, რომ 45, 50, თუ გნებავთ, 55%-იანი რეიტინგის პირობებში ის, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო უმრავლესობას გაინაღდებს კიდევ ოთხი წლით. _ როგორ აიხსნება კოალიციაში შემავალი სხვა ძალების, იგივე „რესპუბლიკელების“, „ფორუმის“, „კონსერვატორების“ მიერ ამ საკითხში დაკავებული პოზიცია? _ ეს მათი მხრიდან დეკლარირებული პოლიტიკური პოზიციაა, საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა იმის საპირწონედ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კომფორტულად იგრძნონ თავი ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში, მათი მხრიდან, ბევრ ალოგიკურ ქმედებასთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ, აცხადებ, რომ რაც არის, არ ვარგა, მეორე მხრივ, აღნიშნულ უვარგისს კბილებით ინარჩუნებ. უბრალოდ, ვინმემ მიპასუხოს ამ კითხვაზე, თუ მოქმედი სისტემა არ ვარგა, კიდევ ხუთი წელი რატომ უნდა შევინარჩუნოთ? და თუ კარგია, ოთხი წლის მერე ეს ყოველივე რატომ უნდა შევცვალოთ? სად არის ლოგიკა? ეს ვარიანტი, უბრალოდ, წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. მით უმეტეს, როდესაც ივანიშვილის ფაქტორი ჩაერთო სიტუაციაში. ლაპარაკობენ იმაზე, რომ დღეს მაჟორიტარები ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ და ამიტომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ვიღებთო. როგორ, 2016-ში პარლამენტი რომ აირჩევა, იქ მაჟორიტარი დეპუტატები აღარ იქნებიან? თუ იმ სახის მაჟორიტარები არ იქნებიან, როგორებიც დღეს არიან? რომლებიც არ არიან ასოცირებული ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან და, ფაქტობრივად, წლების განმავლობაში პარლამენტში საკუთარი ბიზნესით არიან დაკავებული და სხვა არაფერი ადარდებთ? ჩვენთან, პრეზიდენტთან გამართულ კონფერენციაზე ერთ-ერთმა მათგანმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს მყარი ხელისუფლება სჭირდება და ჩვენ ვიხსენით პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვა კოალიცია `ქართული ოცნების~ მხრიდანო, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა გადავარჩინეთო. ამას რომც ფიქრობდე, არ უნდა თქვა: ვიყავი ერთ პარტიაში და მეორეში იმიტომ გადავედი, რომ უმრავლესობა შემენარჩუნებინა და მეც მასში ვყოფილიყავიო. _ რატომ ფიქრობთ, რომ მათი მთავარი მოტივი საკუთარი ბიზნესის ლობირებაა? _ რასაკვირველია, ასეა. თქვენ თუ დააკვირდებით მაჟორიტარების აქტიურობას წმინდა კანონშემოქმედებით საქმიანობაში, ის თითქმის ნულს უტოლდება: ბოლო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაზე გამცდენი დეპუტატების სია გამოაქვეყნა. 10-დან 9 ამ ტიპის მაჟორიტარზეა საუბარი, რომელიც კონკრეტულ მეგაბიზნესებთან ასოცირდება, დაწყებული კაზრეთიდან, სააფთიაქო ბიზნესით დასრულებული. რეალურად, ისინი არც კი დადიან პარლამენტში, არათუ აქტიურობენ და სერიოზულ კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევიან. ეს ამბავი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როცა პარლამენტში გახლდით. მაგალითად, ადგება ამ ტიპის მაჟორიტარი, რომლისთვისაც პარტია, რაიმე პოლიტიკური ხედვა აბსოლუტურად მეათეხარისხოვანია და პარლამენტში საკუთარ გამოსვლას ასეთი ფორმით იწყებს, _ მე პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ შემდეგ რაღაცას მიაყოლებს. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრია და აცხადებს, რომ პოლიტიკაში არ ერევა. აბა, რას აკეთებ პარლამენტში? ამ დროს დაკავებულია იმით, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. _ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო პოზიცია ნიშნავს თუ არა, რომ ამით უარი თქვა ცნობილ ხელმოწერაზე, როდესაც მემორანდუმს შეუერთდა? _ ამაზე კომპლექსურად გიპასუხეთ და რასაკვირველია, პარლამენტის თავმჯდომარეც გადის ამ პროცესში. მან, ფაქტობრივად, გაწირა, გვერდზე გადადო ეს პრინციპები იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში, ძალაუფლება შეენარჩუნებინა და კიდევ 4 წლით გაეხანგრძლივებინა. რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ძალიან სამწუხარო და აბოლუტურად არალოგიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს ჩვენი ბუნებრივი მოცემულობაა. რეალურად, მათ საკუთარ პრინციპებს უღალატეს და საბაბად მოჰყავთ ის, რომ ამ პარლამენტში სხვაგვარად არ გამოვიდოდა. რასაკვირველია, ეს პასუხისმგებლობა სრულფასოვნად ეკუთვნის პარლამენტის თავმჯდომარესაც. მე ვიტყოდი, რომ უფრო აღმატებულ ხარისხში, რადგან ის თავმჯდომარეა, პოლიტიკური ფიგურა, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია. _ ბრძანეთ, რომ გაჩერებას არ აპირებთ. რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ინტერფრაქციული ჯგუფი საარჩევნო სისტემის შესაცვლელად? _ როდესაც ოპოზიციის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზეა საუბარი, ყველას იმ წუთში უჩნდება აზრი, რომ გინდა თუ არა, რუსთაველზე უნდა გამოვიდეთ, დაიდგას კარვები, გამოცხადდეს შიმშილობა, გადაიკეტოს გზები, პიკეტები და ა. შ. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ბოლო წლების ქართული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. სხვათა შორის, სისტემის შეცვლა იმითაც არის საინტერესო და საჭირო, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში და არა მის გარეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით შედარებით ნაკლები გავლენის მქონე პარტიებისთვის შექმნილი ეს ბარიერები და ზღუდეები, საზოგადოებრივი აზრის იგნორირება, შემდეგ ამ ტიპის საპროტესტო აქციებს ავითარებს. პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა ხერხი არსებობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვისაუბროთ, თუ რა პოლიტიკურ ხერხებს იყენებდნენ თავის დროზე „კონსერვატორები“, „რესპუბლიკელები“, „ფორუმი“ ჩვენთან ერთად, შევეცდებით ამ ყველაფრის გამოყენებას. მათ შორის ერთ-ერთი წინა კვირას გამჟღავნდა კიდეც, როდესაც პარლმენტში კვორუმი არ შედგა, ერთ ადამიანს ეძებდნენ მთელი დღის განმავლობაში მის შესადგენად და ის ვერ იპოვა ხელისუფლებამ. ამიტომ ეს ბრძოლის ერთ-ერთი ნათელი ხერხია. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან აქტივობა იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ისინი წლების განმავლობაში ამ რეკომენდაციებით მომართავენ საქართველოს, რომ შეიტანეთ კანონმდებლობაში ცვლილება, შეცვალეთ სისტემა, მისი ჰარმონიზაცია მოახდინეთ ევროპულ კანონმდებლობასთან. ამ პროცესში საზოგადოების აზრსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მაჟორიტარებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება უკიდურესად ნეგატიურია, პროტესტი რა ფორმით და როდის გამოიხატება, ამის პროგნოზირება ცოტა ძნელია. ამ ტრაგიკულ პირობებში, რაც საერთოდ დედაქალაქში ხდება, მგონი, ზედმეტიცაა აქტიურ პროტესტზე საუბარი, მაგრამ ეს ცხოვრებაა, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და რაც უნდა ტაიმ-აუტები ავიღოთ, დრო გავა და ისევ დადგება დღის წესრიგში გამოწვევები, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. _ რამდენად რჩება პერსპექტივა, რომ ეს საარჩევნო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის მოესწროს? _ ვადების თვალსაზრისით კითხვის ნიშნები საერთოდ არ დგას. უმარტივესად შეიძლება დღეს საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირება, რომელზედაც უკვე 59 ხელმოწერაა ისე, რომ „ოცნების“ არც ერთ წევრს ხელი არ მოუწერია. 17 ხელმოწერა დარჩა, რაც უმარტივესად გასაკეთებელია. შემდეგ შემოდგომაზე პარლამენტში ორი მოსმენით ამ საკითხის განხილვა, რასაც წინ უნდა უსწრებდეს საერთო-საჯარო განხილვა და რისთვისას შეიძლება ზაფხული გამოვიყენოთ. ადრე გაზაფხულზე უკვე მესამე კენჭისყრა, რაც მოსწრების თვალსაზისით, ყველა კითხვის ნიშანს ხსნის. საჭიროა ამ პრობლემის ირგვლივ კონსოლიდირებული ძალისხმევის კონსოლიდირებულად განვითარება, რაშიც მედიის როლი მეორეხარისხოვანი ნამდვილად არ არის. ხელისუფლებამ აღიარა, რომ სისტემა უვარგისია და ამიტომ უნდა შევცვალოთო, მაგრამ ეს ოთხწლიანი ლუფტი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.  

                                                                                                   გელა მამულაშვილი

 

გაზიარება