QronikaPlus
„ყინწვისის საქმის“ პროკურორი დღეს მთავარი პროკურორის მოადგილეა?!

„ყინწვისის საქმის“ პროკურორი დღეს მთავარი პროკურორის მოადგილეა?!

2015-05-29 10:27:41

ლევან ბუაძე პროკურატურიდან პირველად 2004 წელს წავიდა. „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, 2012 წლის 12 ნოემბერს, ხელახლა დაინიშნა შსს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის პოსტზე. 2013 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მის მიერ გაგზავნილია 2114 დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ლევან ბუაძე სწორედ ამ პერიოდში თანამდებობრივ გულგრილობაში დაადანაშაულა, რასაც მოყვა ირაკლი შოთაძის 2014 წლის 6 იანვრის #2 ბრძანება და მისი სამსახურიდან მოხსნა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ლევან ბუაძემ სისტემიდან საკუთარი განცხადებით წასვლაზე უარი განაცხადა. ვინ სთავაზობდა მას განცხადების დაწერას, რა ხდებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ლაშა ნაცვლიშვილის დანიშვნის შემდეგ, რატომ არის ახალი დეპარტამენტი ბუტაფორია და რატომ არ მოესწრება 2016 წლამდე სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება? „ქრონიკა+“-ს ყოფილი პროკურორი, ლევან ბუაძე ესაუბრება: _ განცხადება არ დამიწერია, იურიდიულად დღესაც თანამდებობის პირი ვარ. გაგიკვირდებათ და 2013 წელს ოთარ ფარცხალაძის დავალებით განცხადების დაწერას ის პირი მაიძულებდა, რომელიც 2012 წლის 12 ნოემბერს მე შევცვალე თანამდებობაზე. როცა მთავარ პროკურატურაში დავბრუნდი, არჩილ კბილაშვილის მიერ სახლში გაშვებული ადეიშვილის კადრი, ნათია მეზვრიშვილი, რამდენიმე თვეში უკან მოაბრუნეს, _ დეპარტამენტი ჩააბარეს. 29 ნოემბერს დამიბარა კაბინეტში და მითხრა, _ მე თქვენთან ვერ ვიმუშავებ, განცხადება დაწერე და წადიო. უარი ვუთხარი, გენერალური ინსპექციით დამემუქრა. რამდენიმე დღეში დამიბარა ფარცხალაძის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა და მომთხოვა, _ თქვენი გაშვება მთავარ პროკურორთან შეთანხმებულია, ან განცხადება დაწერეთ, ან მოგხსნითო. განცხადება არ დავწერე და ამის შემდეგ გამათავისუფლეს. _ რამდენი წელი იმუშავეთ პროკურატურაში? _ მუშაობა დავიწყე 1986 წელს, ყველა ინსტანცია გავიარე, სტაჟიორიდან დაწყებული, ოლქის პროკურორით დამთავრებული. _ ადეიშვილის დროს იმუშავეთ? _ არა, ადეიშვილის დროს არ მიმუშავია, ირაკლი ოქრუაშვილის დროს ვიმუშავე რამდენიმე თვე. ვიყავი ოლქის პროკურორი და წამოვედი. ადვოკატობა დავიწყე, აზრი არ ჰქონდა იმ დროს პროკურატურაში მუშაობას. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მთავარი პროკურორის პოსტზე არჩილ კბილაშვილი დაინიშნა. შევიტანე „სივი“ და 12 ნოემბერს დაიწერა ჩემი ბრძანება. _ ბ-ნო ლევან, ეს იყო ძალიან მძიმე დრო, პროკურატურას მოაწყდა წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული უამრავი ადამიანი. ისინი სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ. რა ხდებოდა ამ დროს პროკურატურაში? _ ყველანი ვიყავით შემართულები, გახარებულები. ველოდით, რომ პასუხს აგებდა ყველა ის ნაძირალა და არამზადა, რომელიც ხალხს აწამებდა, უკანონო განაჩენებს აყენებდა. იყო მოლოდინი, რომ შეიქმნებოდა ხარვეზების დამდგენი კომისია. ხან იყო საუბარი, რომ პროკურატურის სისტემაში იქნებოდა ეს სტრუქტურა, ხანაც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო. ვისაც მე ადვოკატობის დროს ვიცავდი, იმ ხალხსაც დავაწერინე განცხადებები. მაშინ სხვა გზა არ არსებობდა, ჩემი ადვოკატობის დროს უდანაშაულო ადამიანებს ვაღიარებინე დანაშაული საპროცესო გარიგების სანაცვლოდ და ისინი ტყუილად ისხდნენ ციხეში. მოლოდინში გავიდა ერთი თვე, ორი თვე. მერე გვითხრეს, რომ ხარვეზების დამდგენი კომისია აღარ შეიქმნებოდა, რადგან ფინანსები არ იყო. არა მგონია, ფინანსების გამო გადადებულიყო ამ კომისიის შექმნა. ეს არის აბსურდი. _ სწორედ ამ პერიოდში პროკურატურაში პირველ მოადგილედ მოიყვანეს ლაშა ნაცვლიშვილი. _ ლაშა ნაცვლიშვილის მოსვლის შემდეგ არჩილ კბილაშვილს არავინ არაფერს ეკითხებოდა. ყველა საკადრო გადაწყვეტილებას პირადად ნაცვლიშვილი იღებდა. _ რატომ? _ ალბათ იმ დონეზე გადაწყდა ნაცვლიშვილის დანიშვნის საკითხი, მე ხელი არ მიმიწვდება ინფორმაციაზე. კბილაშვილი განათლებული და კარგი რეპუტაციის ადამიანი იყო. აშკარად ეტყობოდა, რომ ის ჩაჩოჩებული იყო. არავინ ეკითხებოდა „ბალი ათი შაური“. საკადრო პოლიტიკას პირადად ნაცვლიშვილი განაგებდა. მან თანამდებობაზე დააბრუნა არჩილ კბილაშვილის მიერ გაშვებული ზურაბ ადეიშვილის კადრი ნინო ბერუაშვილი, რომელიც დაკავებული იყო გამოცდების ჩაბარებით, საფინანსო-სამეურნეო ამბებით. ეს გოგო იმდენად ცივი და არაკონტაქტური ადამიანი იყო, ადეიშვილის ხალხსაც არ უყვარდა. კბილაშვილმა რომ გაუშვა, თავად ადეიშვილის ხალხიც გახარებული იყო. როცა ეს პიროვნება ნაცვლიშვილმა უკან დააბრუნა, ყველას გაუკვირდა. ქალაქის პროკურატურაც ნაცვლიშვილმა დააკომპლექტა. ლაშა ნაცვლიშვილს ამ საკითხებზე უთქვამს, ჩემი გადმოსახედიდან სხვანაირად ჩანს პროკურატურის მომავალიო. რა გადმოსახედი ჰქონდა ასეთი, კაცმა არ იცის. რა თვალებით უყურებდა და იყო თუ არა საერთოდ საღ ჭკუაზე? როდესაც გადაწყდა, რომ ხარვეზების დამდგენი კომისია აღარ შეიქმნებოდა, მთავარ პროკურატურაში შემოსული ყველა განცხადება გადაიგზავნა ტერიტორიული ერთეულების პროკურატურებში. რაიონის პროკურატურები წერდნენ სრულიად არაადეკვატურ პასუხს, _ როცა ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნება, მაშინ მოგვმართეთო. ამდენი ადამიანის იმედი, რომ მათი საქმეები გადაიხედებოდა, გაცრუებული აღმოჩნდა. მე მყავს პატიმარი უჩა ხურცილავა, რომელსაც ჩემი ადვოკატობის დროს საპროცესო გარიგების სანაცვლოდ ვაღიარებინე დანაშაული და 18 წლის ნაცვლად ათი წელი მიუსაჯეს. მირეკავდა ყოველდღე, _ რა ხდება, როდის იწყება საქმეების გადახედვაო? ბოლოს იძულებული ვიყავი, სიმართლე მეთქვა. ახლა ციხეში რომ შევდივარ, პატიმრების მრცხვენია, ამიტომ დავდიოდი ზემოთ-ქვემოთ? პოლიტპატიმრები? მარტო ყინწვისის საქმეზე ორი ათეული კაცი სასტიკად სცემეს, დააინვალიდეს. _ ბატონო ლევან, „ყინწვისის საქმის“ პროკურორი დაწინაურებულია. _ დიახ, გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც „ყინწვისის საქმის“ პროკურორი იყო, დააწინაურეს და დღეს მთავარი პროკურორის მოადგილეა. სხვათა შორის, „ნაცების“ დროს ზურაბ ადეიშვილმა რომ შეხედა, როგორი ნაცემი და ნაწამები იყვნენ დაკავებულები, გამოძიება დაიწყო იმ პირების მიმართ, ვინც ამ წამებაში მონაწილეობდა, მე ამ ბიჭებს შენახვედრი ვარ, მათ მითხრეს, რომ გამოძიებისას ყველა პირმა აღიარა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, ფურცელი აღარაა დასამატებელი, მისაღებია მხოლოდ გადაწყვეტილება, მაგრამ საქმე თაროზეა შემოდებული. ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც ამ საქმის პროკურორი იყო? ვის დასჯის _ საკუთარ თავს თუ მის მეგობრებს? სანამ გიორგი გაბიტაშვილი ამ თანამდებობაზეა, „ყინწვისის საქმეს“ არავინ გამოიძიებს. მეტსაც გეტყვით: როცა გაბიტაშვილი თანამდებობაზე დაინიშნა, გვარ-სახელებს ნუ მათქმევინებთ, ჩემი თანამშრომლები შემოვიდნენ, _ რა ხდება, ბატონო ლევან, ეს უვიცი რატომ მოიყვანეს ამ თანამდებობაზეო?! _ წერა-კითხვა არ იცის, ქალაქის პროკურატურაში არ მიიღეს და მერე მისმა ნათესავმა დავით საყვარელიძემ უშველაო. ასე გავიგე, რომ გიორგი გაბიტაშვილი და დავით საყვარელიძე ნათესავები იყვნენ. გაბიტაშვილი, ფარცხალაძე, შოთაძე, რომლის ნამდვილი გვარი მანსუროვია, საკანდელიძე, გოგოძე _ ეს ერთი ჯგუფია ფინანსური პოლიციიდან. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, სამსახურიდან გამომიშვეს მე თუ არა, ან ვინმე უნდა დაიჭირონ. აქ მთავარია ყველამ იცოდეს, რომ დანაშაული არავის ეპატიება. ქურდთან რომ ძმაკაცობ, ყალბი დიპლომი გაქვს _ ამ მენტალიტეტის კაცი მთავარი პროკურორი როგორ უნდა იყოს? თეა წულუკიანი გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ ლაშა ნაცვლიშვილისა და ოთარ ფარცხალაძის დანიშვნა პრობლემა იყო. როცა ფარცხალაძის დანიშვნის საკითხი დადგა, ყველამ ვიცოდით, რომ ის იყო ბოტასების ქურდობაზე ნასამართლები. პროკურატურის შესახებ კანონში გარკვევით წერია, რომ არ შეიძლება, განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლებული პირი დაინიშნოს პროკურატურაში მთავარ პროკურორად კი არა, რიგითადაც კი. _ რამდენად ეფექტურია ახალი დეპარტამენტი? _ დავესესხები გია მეფარიშვილს, რომ ახალი დეპარტამენტი არის ბუტაფორია და რატომ, ახლავე აგიხსნით: ამ დეპარტამენტმა რომ იმუშაოს, საჭიროა ახალი კანონის მიღება, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გამოითხოვო, საქმის მასალებს სრულად გაეცნო და ახალი გარემოებები აღმოაჩინო. სხვა მექანიზმი საქმეების გადახედვისა არ არსებობს. როდესაც შექმნეს დეპარტამენტი, შესაბამისი კანონიც უნდა მიეღოთ. სხვა შემთხვევაში ეს ბუტაფორიაა. _ გამოდის, რომ ამომრჩეველი, რომელიც სამართლიანობის აღდგენას ელოდებოდა, უბრალოდ, მოტყუებულია. _ დიახ, მოტყუებულია!!! დღევანდელი გადასახედიდან არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ ეს დაპირება შესრულდეს. ჩემი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მივმართე. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც, სხვათა შორის, თავის დროზე, ივანიშვილის მოქალაქეობაზე ყოვლად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი სარჩელი არ დააკმაყოფილა. მეშვიდე თვეა, ველოდები დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ დრომდე არ ჩამბარებია. ჩემს ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. იმედი მაქვს, სამართალს უზენაეს სასამართლოში მაინც ვიპოვი.  

                                                                                                ელისო კილაძე

 

გაზიარება