QronikaPlus
რატომ არის ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფული ყველაზე კარგი ინვესტიცია?!

რატომ არის ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფული ყველაზე კარგი ინვესტიცია?!

2015-05-23 08:08:29

  არავინ იცის, რეალურად რამდენი ემიგრანტია საქართველოდან წასული... არც ის იცის ვინმემ, რა შრომისა და დამცირების ფასად უჯდებათ უცხო ქვეყანაში ნაშოვნი თითოეული ევრო თუ დოლარი, რომელსაც საგულდაგულოდ აგროვებენ, რათა ყოველი თვის ბოლოს საქართველოში დარჩენილ ოჯახებს ლუკმა-პურის ფული გადმოუგზავნონ!.. არც ის არის ახალი, რომ ჩვენი ემიგრანტები ყოველთვიურად, ან წელიწადში რამდენჯერმე სახლში ამანათებს აგზავნიან, რომელშიც მათი დანაზოგით ნაყიდი, ანდა სულაც ნაჩუქარი ნივთები აწყვია და საქართველოში დარჩენილი ბავშვების უმრავლესობა სწორედ უცხოეთიდან მშობლებისა თუ ნათესავების მიერ გამოგზავნილი ტანსაცმლითა თუ ფეხსაცმლით დაიარება... სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში გამოგზავნილი ტვირთით, ისევე როგორც ჩვენი ემიგრანტების მიერ გაკეთებული ფულადი გზავნილებით ხელს ითბობენ ჩინოსნები და თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, სწორედ მათ მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილებია ის, რაც ყველაზე დიდი სახით შემოდის ჩვენს ქვეყანაში. რის გამოც ხშირად ხუმრობენ სამთავრობო სტრუქტურებში, _ ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფული ყველაზე კარგი ინვესტიციააო!.. საქართველოში თითქმის ყველა დიდ ქალაქში ფუნქციონირებდნენ ტვირთების შემოტანა-გატანის კერძო კომპანიები, მაგრამ 2013 წლის 25 იანვრის #30 ბრძანების შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა და გადამზიდველის მონოპოლიური უფლება ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ბრძანებულებით, მიენიჭა „საქართველოს ფოსტას“. სწორედ ხადურის 2013 წლის 25 იანვრის #30-ე ბრძანების შესაბამისად: საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა-გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებში ცვლილებები განხორციელდა. ამან კი საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, ისევე როგორც პრობლემები შეგვიქმნა ჩვენ, რიგით მოქალაქეებს და ახლავე მოგახსენებთ, რატომ... ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, „საქართველოს ფოსტას“ იმიტომ, რომ ერთადერთი სახელმწიფო გადამზიდავი უწოდა, ერთგვარად ბიძგი მისცა იმისკენაც, რომ თავისი შეხედულებისამებრ განეხორციელებინა გადაზიდვების სფეროში ყველა ოპერაცია და ისე მოქცეულიყო, როგორც მას, ანდა ხელისუფლების წარმომადგენლებს აამებდა! „საქართველოს ფოსტა“ კონკურენტგარეშე დარჩა, რადაგან სხვა ეროვნული გადაზიდვების მიერ შეთავაზებული ადამიანური რეგულაციები (ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე) დაიწუნეს. ამით „საქართველოს ფოსტამ“ კიდევ ერთხელ სახელმწიფოს მხრიდან მიიღო ნებართვა, რომ სიღატაკემდე მისული მოსახლეობა უფრო ეფექტურად გაეძარცვა! რამდენიმე კვირის წინ ჩემმა შვილმა, რომელიც, აგრეთვე, ემიგრაციაშია (ჩემი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად,) ამანათი გამოგზავნა, რომელშიც, თავის დროზე, საქართველოდან წაღებული „ნიკონის“ ფირმის ჩემი ფოტოაპარატი იდო, აგრეთვე ჩემმა შვილმა გამომიგზავნა თავისი ნაქონი კომპიუტერი, ბავშვებისთვის სათამაშო კომპიუტერი, „სონი-4“-ის სამი დისკი, ტანსაცმელი ბავშვებისთვის, საჩუქრები ჩემთვის ფეხსაცმლისა და ჩანთის სახით, ტკბილეული და ათასი სხვა რამ, რომლის წონაც 17 კგ. გახლდათ. რადგან ადგილზე წონის ფული არ გადაახდევინეს, ჩემმა შვილმა 100 ევროც გამომიგზავნა, რათა წონის საფასური საქართველოში დამეფარა. მითხრა ისიც, რომ ერთ კვირაში ამანათი საქართველოში იქნებოდა, მივიდოდი „საქართველოს ფოსტაში“, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და ტვირთს უპრობლემოდ გამომატანდნენ. იქვე ისიც დასძინა, რომ ტექნიკას, რომელსაც ის აგზავნიდა, ახლდა პასპორტები, რომელშიც მითითებული იყო ამ ტექნიკის გამოშვების წლები და ფასი. გავიდა ერთი კვირა, მივედი „საქართველოს ფოსტაში“, მაგრამ ამანათი ჩამოსული არ დამხვდა... გავიდა კიდევ ერთი კვირა და კვლავ ამაოდ. რამდენიმე დღეში გამომიცხადეს, რომ ტვირთი არ იძებნება, არ ვიცით, სად არის, ჩამოვიდა თუ არა, რამდენიმე დღეში გამოიარეთ და ამომწურავ პასუხს მოგცემთო. გავიდა რამდენიმე დღე და ისევ მივედი. როგორც იქნა, კომპიუტერმა დააფიქსირა ჩემი ტვირთის ადგილმდებარეობა და იგი აღმოჩნდა საბაჟო ტერმინალში, სადაც ტვირთის განბაჟება ხდებოდა. საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდშივე შემოვიდა საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: ტვირთი, რომლის შიგთავსიც 300 ლარს აღემატება, საქართველოში მიღებული კანონის მიხედვით, იბეგრება და ამანათის მიმღები მასში ტვირთის ღირებულების 18%-ს იხდის. გარდა ამისა, საქართველოში არავინ არის პასუხისმგებელი იმაზე, ტვირთის განბაჟების დროს (როდესაც ამანათს საბაჟოზე ხსნიან) თუკი - ამანათში რამე ისეთი აღმოჩნდა, რაც გამომგზავნს არ ჩაუდია, ვთქვათ, ნარკოტიკი, აუდიო, ან ვიდეოჩანაწერი, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და სხვა უამრავი მუხანათობა, რომელიც შეიძლება შესაბამის სტრუქტურებში ვიღაცის დაინტერესებით შეითხზას – ვინ იქნება პასუხისმგებელი? ამიტომ ის, რაც პირადად მე გადამხდა თავს, ვფიქრობ, არათუ საგულისხმო უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, არამედ საგანგაშოც, რადგან მესამე და უკეთესი წელი, ამ ფონზე, უფრო ამძიმებს ჩვენი მოსახლეობის ფიზიკურ, სულიერ და ეკონომიკურ მდგომარეობას. დავიწყებ იმით, რომ ჩემი შვილის გამოგზავნილი ამანათი, რომელშიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოდან წაღებული ჩემი ფოტოაპარატი „ნიკონი“ იდო, რამდენიმე წლის შემდეგ ჩემმა შვილმა უკან დამიბრუნა. ეს ფოტოაპარატი, თავის დროზე, ალბათ, ღირდა კიდეც ძვირი, მაგრამ დღეს საქართველოში ასეთი ფოტოაპარატის ყიდვა, მაქსიმუმ, 200 ლარად შეიძლება, თუმცა ნახმარი ნივთის ხელახალი დაბეგვრა რა აუცილებლობას წარმოადგენს დღეს, როცა, თავის დროზე, საქართველოში შემოტანილი ეს ფოტოაპარატები უკვე განბაჟებული იყო?!. ე. ი. გამოდის, რომ აღნიშნული ფოტოაპარატი ორჯერ შევიძინე, ხომ?.. ვერც 2006 წელს გამოშვებული კომპიუტერის ფასი იქნება 300 ლარი და საერთოდ, რა უბედურებაა გამოყენებული ნივთების ხელმეორედ დაბეგვრა, თუკი რეალურად ამ ნივთების ფასი უფრო დაბალია?!. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ამანათი, რომელიც მივიღე, გახსნილ მდგომარეობაში, დიდ, თეთრ ფქვილის ტომარაში იყო ჩაგდებული, კომპიუტერიდან მეხსიერების ბარათი გახლდათ ამოღებული და ცალკე ეგდო! ჰოდა, სად მაქვს გარანტია იმისა, რომ ვიღაც „მოკეთემ“ რამე პროგრამა არ ჩამიმონტაჟა და ჩემს ნებისმიერ სიტყვასა და მოქმედებას არ გააკონტროლებს გახსნილი ამანათიდან ამოღებული კომპიუტერის წყალობით?!. რაც კი ელაგა ამანათში, თითქმის ყველაფერი უწესრიგოდ ამოყრილი და შემდეგ, კვლავ უწესრიგოდ ჩაყრილი ჩამაბარეს... ეგ კიდევ არაფერი... თურმე, საჩუქრად მიღებული ნივთები და საკუთარი ფოტოაპარატის ღირებულება 237 ლარად შეუფასებიათ საქართველოს საბაჟოზე, უნდა გადავიხადო ნებისმიერ ბანკში ერთი თვის განმავლობაში და პლუს ამას, დეკლარაციის საფასურის გადახდასაც იმ წუთას გავალებენ, რა წუთშიც ამანათის გატანას დააპირებ, დეკლარაციის საფასური კი 20 ლარია. დეკლარაცია ორი თაბახის ფურცელია. საინტერესოა, რა კრიტერიუმებიდან ამოდის ფინანსთა სამინისტრო, როცა 10 თეთრად ღირებულ ორ თაბახის ქაღალდს, პლუს კომპიუტერულ მომსახურებას, რაზეც ეს დეკლარაცია ამოიბეჭდა, 20 ლარად აფასებს?!. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს შემთხვევაში „საქართველოს ფოსტამ“ აბსოლუტურად გამომიცარიელა საფულე, რადგან ტვირთის მიღება, დეკლარაციის მიხედვით, 20 ლარი დაჯდა, საბაჟო-მოსაკრებლის საფასური _ 237 ლარი და პლუს, ტვირთის წონის ღირებულება _ 100 ევრო. ე. ი. ამის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს და, მათ შორის, მეც, გაუჩნდებოდა პროტესტი იმისა, რომ საქართველოში საჩუქრების მიღება სრულიად უადგილოა, რადგან იგი საჩუქრის მიმღებს ძალიან ძვირი უჯდება! პირადად მე ამის შემდეგ ჩემს შვილს არავითარ შემთხვევაში არ გამოვაგზავნინებ ამანათს, რადგან გარდა იმისა, რომ ტვირთის შიგთავსი საკმაოდ ძვირადღირებული ნივთებისგან შედგებოდა (გარდა ფოტოაპარატისა და კომპიუტერისა), აგრეთვე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამანათის წონის გადასახდელი ფული _ 100 ევროც _ მან გამოაგზავნა. ასე რომ, ჩემი შვილიც ძალიან დაზარალდა. მაშინ, როდესაც კერძო კომპანიები დიდი წარმატებით ახორციელებდნენ საქართველოდან ტვირთების გატანა-შემოტანას, ერთი კილოგრამი ტვირთის საფასური 2 ევრო ღირდა. დღეს, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გახდა მონოპოლისტი გადამზიდავი, გასაგზავნი ტვირთის საფასური 2 ევროდან 4 ევრომდე გაიზარდა. ეს როგორც ჩვენ, ისე საქართველოდან გადახიზნულ ემიგრანტებს მძიმე ტვირთად დააწვა. კერძო კომპანიების მუშაობის დროს ამანათი როგორც იგზავნებოდა, ზუსტად იგივე მდგომარეობაში ბარდებოდა პატრონს, ანუ მას არავინ ხსნიდა და პრეტენზიებიც არავის არაფერზე ჰქონდა. დღეს „საქართველოს ფოსტა“ და საბაჟო ტერმინალი ყოველგვარი ნებართვის გარეშე ხსნიან ტვირთს ისე, რომ ტვირთის მიმღებს საქმის კურსში არ აყენებენ და ამანათს პატრონს აბარებენ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც თვითონ მიიჩნევენ საჭიროდ. სწორედ ამიტომაცაა, რომ „საქართველოს ფოსტის“ ფილიალებში, ისევე როგორც ცენტრალურ ოფისში, უკმაყოფილო ადამიანების რიგებია ჩამომდგარი, მაგრამ რად გინდათ? ვიჩხუბე მეც, ამყვნენ უკმაყოფილო მოქალაქეებიც და შედეგი ნული!.. _ ჩვენ რატომ გვეჩხუბებით, ჩვენ რიგითი თანამშრომლები ვართ, მხოლოდ თქვენი მომსახურება გვევალებაო, _ აცხადებენ ოფისებში მომუშავე თანამშრომლები და მართლებიც არიან, რადგან პრეტენზიები რიგით მოხელეებთან კი არ უნდა გვქონდეს, არამედ ჩინოვნიკებთან, რომლებმაც მონოპოლისტად აქციეს „საქართველოს ფოსტა“ და „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელობასთან, რომელმაც, ეტყობა, არ იცის, რას ნიშნავს კერძო საკუთრება. ეს კერძო საკუთრება კი იმ წუთას არის ამანათი, რომელიც ჩვენს სახელზეა გამოგზავნილი და ჩვენვე უნდა მივიღოთ დაუზიანებლად!!! საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს მთავრობის კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციები, რომლებსაც კერძო გადამზიდავი კომპანიები აწყობდნენ. ისინი ზუსტად იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხებოდა, თუკი „საქართველოს ფოსტა“ გახდებოდა მონოპოლისტი და ვაი, რომ მართლები აღმოჩნდნენ. მონოპოლისტი და ერთადერთი სახელმწიფო გადამზიდავი „საქართველოს ფოსტა“ _ თავზეხელაღებული მოქმედებს და, სავარაუდოდ, არც იმის ეშინია, რომ ვინმე მათ აღვირახსნილობაზე პასუხს მოსთხოვს... ნათქვამია, _ დრონი მეფობენ და არა მეფენიო!.. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას „საქართველოს ფოსტის“ სახით და მათ მიერ დაზარალებული ხალხის სახით კიდევ ერთი პრობლემა დაემატება, რადგან „საქართველოს ფოსტის“ აფერას საზღვრები აღარ აქვს! როდესაც ტვირთი მიგაქვს გასაგზავნად, დანიშნულების ადგილზე მისი ჩატანის ვადას, მაქსიმუმ, 10 დღეს ასახელებენ, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ 10 დღის ნაცვლად შეიძლება ტვირთი მიმღებმა 20 დღის, ან ერთი თვის განმავლობაში მიიღოს, არადა, საფასური სწრაფი გზავნილისაა გადახდილი. ანუ ხალხი იძარცვება, რჩება შეურაცხყოფილი და კვლავაც დუმილი?!. არა, ბატონებო, დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის, შეიძლება დუმილი დიდი პროტესტის საბაბიც გახდეს და იმედს ვიტოვებ, რომ ამ პრობლემებით საქართველოს მოსახლეობა, რომელიც, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ძირითადად, უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილებითა თუ ამანათებით სულდგმულობს, მალე იხუვლებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს უნიათო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ იგი ბრბო არ არის და რომ არავის აქვს უფლება, მათ იმგვარად მოექცეს, როგორადაც ექცეოდნენ წარსულში და ექცევიან დღეს!..  

                                                                                                ირინე გოგოსაშვილი

   

გაზიარება