გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში პრორუსული სექტორი ძლიერდება. ყოველ შემთხვევაში „ენდიაის“ ბოლო კვლევების მიხედვით ჩვენს ქვეყანაში რუსეთს იმდენივე მომხრე ჰყოლია, რამდენიც დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის მსურველია. კვლევის შედეგები იქით იყოს და პრორუსული სეგმენტის გაძლიერებაზე თუნდაც გორში ჩატარებული მიტინგიც მეტყველებს _ დემონსტრანტებმა რუსული დროშები რომ გამოფინეს და პუტინის მზე იფიცეს. 2008 წელს რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი საშინელებანი ყველაზე მეტად სწორედ გორმა იწვნია და სულ რაღაც შვიდი წლის შემდეგ იმავე ქალაქში პრორუსული ლოზუნგებით რომ გამოხვალ, სერიოზულ პათოლოგიასთან უნდა გქონდეს საქმე. გასაგებ ენაზე ამ პათოლოგიას ფულის სამშობლოზე მეტად სიყვარული ჰქვია...
ამასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ის მკითხველს ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრება:
_ დასაწყისისთვის მე შემოგიბრუნებდი შეკითხვას და გკითხავდი: პრორუსული სეგმენტის გარდა რომელმა სეგმენტმა არ გამოყო თავი? რუსების გარდა ასევე არ არის გაძლიერებული, ვთქვათ, პროდასავლური ჯგუფების, ან, ჩემო ბატონო, ისლამისტური ჯგუფების მუშაობა? სამწუხაროდ, ყველა გაძლიერებული არის და ეს ყველაფერი აშკარად თვალში საცემია.
_ ცალ-ცალკე განვიხილოთ ყველა ეს ჯგუფი და დავიწყოთ რუსულიდან.
_ ჯერ მინდა, საერთო შეფასება გავაკეთო: როდესაც სახელმწიფო სისტემა არის მოუქნელი, ყოველთვის ხდება ხოლმე იმ ჯგუფების გამოჩენა, რომელიც სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს და მას უწევს ლობირებას. რაც შეეხება რუსული სეგმენტის გაძლიერებას, რასაკვირველია, საქართველოში ყოველთვის არსებობდა პრორუსული განწყობები და ეს არც არის გასაკვირი. თანაც, არსებობდა არა მარტო გარკვეული არასამთავრობოების დონეზე, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების დონეზეც. ადრე რუსეთის ხელისუფლება თუ მარტო პოლიტიკურ ჯგუფებზე აკეთებდა აქცენტს, ან სეპარატისტულ ჯგუფებზე, რაც ხდებოდა აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჯავახეთში, აჭარასა თუ ქვემო ქართლში, ახლა მიდგომები შეიცვალა და გადაწყდა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს მეტი საზოგადოებრივი ჯგუფის გააქტიურება. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული.
_ რას გულისხმობთ?
_ ტრადიციულში იმას ვგულისხმობ, რომ ეს ჯგუფები საქართველოში ყოველთვის არსებობდა, რომელსაც მინიმალურად აფინანსებდნენ ხოლმე მოსკოვური ფონდები. მაგალითად, იგივე ეთნიკური რუსებით დაკომპლექტებული ჯგუფები. ახლა ამათი დაფინანსებაც გაიზარდა და პლუს ამას უამრავი ახალი ჯგუფი შეიქმნა. არის ჯგუფები, რომლებსაც, ერთი შეხედვით, არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან, მაგრამ მაინც მას მიება. მაგალითად, ვთქვათ, უმუშევართა ჯგუფები, რომელთა დაფინანსება უცებ გადაწყვიტა მოსკოვის როზა ლუქსემბურგის სახელობის ფონდმა. ასევე ძალიან აქტიურად „მოღვაწეობს“ ამ სივრცეში რამდენიმე მოსკოვური ფონდი. ამ ფონდების მუშაობა შეიგრძნობა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ა. შ.
_ მათი მუშაობის სპეციფიკა როგორია?
_ ობიექტურად რომ ვთქვათ, არც ერთ ამ ჯგუფს არ აქვს სეპარატისტული განწყობა, ანუ საქართველოს დაშლაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ ფული ჩადებული არის სულ სხვა რამეში და ეს გახლავთ ანტიდასავლური განწყობის ჩამოყალიბება და ნეიტრალური პოზიციის არჩევა... მაგრამ, ვიმეორებ, რომ მთავარი მაინც არის ანტიდასავლური განწყობა. ამის შემდეგ ნეიტრალური იქნება სახელმწიფო, თუ რუსეთთან ფედერალური, თუ, უბრალოდ, რუსეთზე ორიენტირებული ურთიერთობა იქნება, ეს ყველაფერი იგულისხმება, იმიტომ რომ დასავლური პოლიტიკა, სამწუხაროდ, საქართველოში, ზოგ შემთხვევაში, ჩიხში შევიდა. სხვანაირად რომ ვთქვა, ამ პოლიტიკამ საზოგადოებას ის იმედები ვერ გაუმართლა, რასაც ელოდა.
_ დასავლეთის თემას ცოტა მერე შევეხოთ. ჯერ რუსეთის საკითხი ამოვწუროთ. ვინც რუსეთს უწევს ლობირებას, ამას მრწამსის გამო აკეთებს, თუ ისევ ფულამდე მიდის საქმე?
_ ნახეთ, როგორი ფსიქოლოგიური ფონია შექმნილი: დასავლეთმა ვერ შეასრულა ჩვენი მოთხოვნები. საქართველოს მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ქართველებისთვის დასავლეთი იყო რუსეთის აგრესიისგან დაცვის მექანიზმი. დღესაც ასე არის, განსაკუთრებით დასავლეთის ის სავიზიტო ბარათი, რასაც ჰქვია ნატო. ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლებიდან ფიქრობდა იმაზე, რომ სულ მალე ნატოს სრულუფლებიანი წევრები გავხდებოდით. ამდენი წლის გასვლის შემდეგ კი ირკვევა: დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანას ძალიანაც უნდა, რომ საქართველო და სხვა პოსტსაბჭოური რესპუბლიკებიც იხილონ ნატოში, მაგრამ ეს ამბავი არ გამოდის. თუნდაც იმიტომ, რომ არსებობენ ნატოს ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საფრანგეთი და გერმანია, რომლებსაც ასეთი სურვილი არ აქვთ. ეს იწვევს უკმაყოფილებას საზოგადოებაში და კარგ ნიადაგს ქმნის ანტიდასავლური განწყობის შესაქმნელად. ამიტომ პრორუსული ჯგუფების მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის ის, რომ საზოგადოებაში გააღრმავოს ანტაგონიზმი დასავლეთის მიმართ.
_ კიდევ ჩაგეძიები: რატომ აკეთებენ ამას, დიდი ფულის გამო, თუ მართლა გულწრფელად ფიქრობენ, რომ საქართველოს ერთადერთი ხსნა რუსეთია?
_ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რადგან დასავლეთმა იმედები გაგვიცრუა, რუსეთთან საერთო ენა გამოინახოს. ანუ ნიადაგი არსებობს, დანარჩენი კი უკვე ფულზეა დამოკიდებული. მე უკვე ზემოთ ვთქვი, რომ ბოლო პერიოდში ფინანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსკოვიდან წამოსულ დაფინანსებას ვგულისხმობ და ძნელი გასაკეთებელი არ არის პროგნოზი, რომ ეს დაფინანსება სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.
_ სხვათა შორის, ბოლო დღეებში ნატოს პირველი პირებიც ალაპარაკდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ამ ორგანიზაციის წევრი. ამ საუბარში დამაჯერებლობა იგრძნობა, რაც ადრე არ ჩანდა. რა ხდება, ეს მოსკოვის გააქტიურებაზე საპასუხო სვლაა?
_ საქმე ის არის, რომ რა კითხვაც შენ დამისვი რუსეთიდან წამოსულ ფულსა და პრორუსულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, იგივე შეკითხვები შეიძლება დაისვას დასავლეთიდან წამოსულ ფულთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ისეთივე სიტუაციაა. გრანტებისა, თუ სხვადასხვა ფინანსური ნაკადის სახით პროდასავლური ჯგუფების დაფინანსება მიმდინარეობს. ერთი მხრიდან რომ შევხედოთ, ორივე შემთხვევაში _ რუსეთიდან და დასავლეთიდან წამოსულ ფინანსებს ვგულისხმობ, _ თითქოსდა ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ შემაშფოთებელი ის არის, რომ ამ პროცესებში სწორედ მარტო ფულია მთავარი.
_ იმის თქმა გინდათ, რომ ეს ორგანიზაციები მარტო ფულისთვის იბრძვიან და ქვეყნის ჭეშმარიტი ინტერესები ფეხებზე ჰკიდიათ?
_ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, რასაკვირველია, ფეხებზე ჰკიდიათ საქართველო, ორივე მხარეზეა საუბარი. მით უმეტეს, რომ აქ საკმაოდ დიდი ფული ტრიალებს. ამიტომ არის, რომ სახეზეა ერთი საინტერესო მომენტი: მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში გვაქვს, ფაქტობრივად, ეკონომიკური კრიზისი და ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიდუხჭირეშია. მაგრამ ნახეთ, როგორი შთაბეჭდილება რჩებათ უცხოელებს, როცა საქართველოში ჩამოდიან და აქ არსებულ სიტუაციას სწავლობენ...
_ რესტორანში ვერ შეხვალ საღამოობით, ისეა გადაჭედილი და დაიჯერებენ, რომ რამე სახის კრიზისი გვაქვს?
_ დიახ, გადავსებულია რესტორნები. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ისე, რომ მათ არ ეტყობათ ის სოციალური და ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში სუფევს. ამიტომ უცხოელი დასკვნას აკეთებს, რომ აქ, ამ ქვეყანაში, ფული უკანონოდ იშოვება. თუმცა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ არ შეიძლება, ამდენი ხალხი ჭამდეს ერთდროულად ბიუჯეტს. ე. ი. ეს ხალხი ცხოვრობს სხვა წყაროებიდან შემოსული ფულის ხარჯზე. სწორი მიგნებაცაა. მე ვიცი, რომ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა ფინანსდება უცხოეთიდან. არასამთავრობო სეგმენტი გაიზარდა უზომოდ როგორც დასავლეთიდან, ისე ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსული ფინანსების ხარჯზე. სწორედ ამის შედეგია სოციოლოგიური კვლევებიდან გაკეთებული დასკვნები. სხვათა შორის, პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა ამ გამოკითხვებთან დაკავშირებით _ „ენდიაი“ ტყუის თუ არ ტყუის, ეს მეორე საკითხია, მაგრამ 23 პროცენტია მომხრე ევრაზიულ კავშირში შესვლის და ამდენივეა მომხრე დასავლეთთან ურთიერთობისა. ასე რომ, ერთგვარი ცინიზმიც არის ამ დასკვნებში. ეს ციფრები იმიტომ მოვიყვანე, რომ მსგავსი გამოკითხვების გარეშეც იგრძნობა, რა განწყობაა საქართველოში. განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც საზოგადოება, დიდწილად, განსაზღვრავს უცხოელის თვალში საერთო სურათს და განწყობას. თუმცა საქმე ის არის, რომ ჩვენი რეგიონების მცხოვრებლების აზრი, სამწუხაროდ, არავის აინტერესებს. გამონაკლისი შეიძლება იყოს ქუთაისი და ბათუმი, სხვა შემთხვევაში არავის აინტერესებს და პოლიტიკური აქტივობის შეფასება ხდება, ძირითადად, თბილისის მეშვეობით. სხვათა შორის, თვითონ თბილისის საზოგადოება იმდენად იმყოფება ოდიოზურ სიტუაციაში, რომ არ იცის, მაგალითად, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ ფონიჭალაში, რომ აშენებულია ვაჰაბიტური მეჩეთი. აზრზე არ არიან ამის თაობაზე. ნაღმებს რომ გვიდებენ, ამას ვერავინ ხვდება.
_ მაგრამ თბილისელების გარდა ნაღმებს ვერც მთავრობა ხედავს. ბატონი ღარიბაშვილი, მაგალითად, ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის.
_ ბატონი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის საქართველოში, მაგრამ არეშიძე, დევიძე და კიდევ ბევრი სხვა ამბობს, რომ არ არის. ჩვენც ხომ ვართ ჩახედული და გული შეგვტკივა ქვეყანაზე, ამიტომ ნამდვილად არ არის საქმე კარგად. პირიქით, ძალიან ცუდად არის საქმე. მე არ ვამბობ, რომ უპერსპექტივო სიტუაციაში ვართ და არაფერი კეთდება სოციალურ სფეროში, თუ ეკონომიკაში. ეს რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, მაგრამ ის, რომ ხიფათი იზრდება ყოველდღიურად და რისკი იმატებს, ფაქტია. სხვათა შორის, ხიფათი იმიტომ კი არ იზრდება, რომ ვიღაც ფინანსდება მოსკოვიდან, ბრიუსელიდან, თუ ვაშინგტონიდან, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანას არ აქვს იდეოლოგია. ეს არის საკვანძო მომენტი და როცა ქვეყანას არ აქვს იდეოლოგია და ფუნქცია, რთულია, სახელმწიფო კრიზისულ სიტუაციაში მომართო ერთი საჭირო მიმართულებით. ძალიან კარგად მახსოვს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომი და ასევე მახსოვს, რა ხდებოდა 2008 წელს. თუ 90-იანი წლების დასაწყისში, მცირე გამონაკლისის გარდა, მთელი ერი ორიენტირებული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე და მშობლები შვილებს ვერ აკავებდნენ, აფხაზეთში რომ არ წასულიყვნენ საომრად, 2008 წელს ასეთი რამ არ მომხდარა, საზოგადოების ერთი ნაწილი გამიჯნული იყო იმისგან, რასაც აკეთებდა ხელისუფლება. დღეს რომ დაიწყოს საომარი მოქმედებები, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებით. ეს არის სამწუხარო სიმართლე, მაგრამ სიმართლეა და ეს ყველაფერი არის გამოძახილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც, სამწუხაროდ, დღეს ატარებს ხელისუფლება.
_ ანუ აქაც კრიზისია.
_ პოლიტიკური კრიზისის პროცესში ვართ, მაგრამ ისიც მინდა დავამატო, რომ ქართული საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს: თუ არსებობს როგორც დასავლეთზე, ასევე ჩრდილოეთზე ორიენტირებული ორგანიზაციები, მათ გვერდში ასევე არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც აღმოსავლეთზე არიან ორიენტირებული და მათი რიცხვი, ბოლო პერიოდში, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, დაშლის პირას დგას. ერთი ძლიერი სამხედრო მუხტი ამ პროცესს დააჩქარებს. იქ, სადაც არ არსებობს სახელმწიფო იდეოლოგია, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ასე მოხდეს. ამიტომ შესაბამისი დასკვნები უნდა გაკეთდეს როგორც ხელისუფლებაში, ასევე საზოგადოების იმ ნაწილში, რომლისთვისაც ფული არ არის მთავარი ღირებულება და მისი ძირითადი საფიქრალი სწორედ ქვეყნის წარმატებული პოლიტიკური მომავალია.
დავით დევიძე