„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებული მენაშენეები ახალ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ისინი კომპანიის დამფუძნებლების, ცოლ-ქმარ რჩეულიშვილებისა და რუსუდან კერვალიშვილის დაპატიმრებას კვლავ ითხოვენ. დაზარალებულები ამბობენ, რომ ეს ადამიანები ახალ-ახალ თაღლითურ მაქინაციებს იგონებენ, საზოგადოებისთვის საშიში არიან და ამიტომ ხალხისგან იზოლირებული უნდა იყვნენ. თუ მენაშენეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შიმშილობის აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ დაიწყებენ და ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად შესასვლელ კარს გადაკეტავენ.
რა პრეტენზიები აქვთ მენაშენეებს „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლების მიმართ მას შემდეგ, რაც დაპატიმრების სანაცვლოდ, აღებული ვალდებულებების შესრულება იკისრეს? რა ახალ თაღლიურ სქემებზე საუბრობენ დაზარალებულები? „ქრონიკა+“-ს „ცენტრ პოინტის“ მენაშენეები ესაუბრნენ:
დავით სუხიაშვილი:
_ ჩვენი გააქტიურების მიზეზია კომპანიის დამფუძნებლის განცხადება, თითქოს აკმაყოფილებს დაზარალებულებს, კომპანიის რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დაამთავრა და დაზარალებული აღარ ჰყავს. დავზარალდით ასობით ოჯახი და ადამიანი, ამიტომ იძულებული ვართ, დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და გამოვაქვეყნოთ, რეალურად, რა მდგომარეობაშია ჩვენი ობიექტი. პირადად მე, თავდაპირველად, ჩადებული მქონდა გადასახდელი თანხის 30% კომერციული ფართში, ეს გახლავთ 9900 აშშ დოლარი, რომლის გადახდა, დაახლოებით, ერთი წლის მანძილზე მოხდა. 2008-2009 წლებში მშენებლობა აღარ გრძელდებოდა და შევწყვიტე გადახდა. 8 წელი საქართველოში არ ვიყავი, ჩემი მშობლები წერილებს იღებდნენ, რომ გადახდა განმეახლებინა. მას შემდეგ, რაც „ცენტრ-პოინტმა“ კომპანია მართვაში „დექსუსს“ გადასცა, 2011 წლის 2 ნოემბერს მივიღე შეტყობინება, რომ ჩამომერთვა ქონება, მოხდება მისი რეალიზაცია, ჩემ მიერ გადახდილ თანხას გამოაკლდება პირგასამტეხლო და დარჩენილი თანხა უკან დამიბრუნდება. ამ პერიოდიდან, 2014 წლის გაზაფხულამდე, არ ვიცოდი, რომ, თურმე, მოუხდენიათ, თუ შეიძლება ასე ვუწოდო, ჩემი ქონების რეალიზაცია. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, გასული წლის მაისში, მოვიკითხე და მითხრეს, _ სამწუხაროდ, თქვენი ქონება უკვე გავყიდეთ, ფული არ გვაქვს, რომ დაგიბრუნოთ, თუ გინდათ, გადადით „ხერხის“ ობიექტშიო. ამ ობიექტს, უბრალოდ, ვერ ექნება სავაჭრო ცენტრის ფუნქციები იქიდან გამომდინარე, რომ მე-3 სართულზეა. ყველა პრობლემური მობინადრე თუ მენაშენე შეჰყავთ იქ, ვისაც პატარა თანხები აქვს გადახდილი და თუ უნდა ყოფილიყო აშენებული ესკალატორებითა და გადასასვლელი ხიდებით, სოფლის კლუბს უფრო ჰგავს. იძულებული ვიყავი, დამეწყო ბრძოლა თანხის დასაბრუნებლად. შეწუხდნენ ჩემი აქტიურობით, პირადაპირ მითხრეს, ჩვენი საუბარი ვიდეოკამერებით იწერება და სადაც საჭიროა, იქ წარვადგენთო. ამას წინათ, ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შემდგომ, ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ გთავაზობთ „ხერხს“, რაც ჩემთვის მიუღებელია. ხომ მაქვს ამის უფლება? მე მინდოდა კომერციული ფართი კორპუსის პირველ სართულზე და არ მინდა ელიავაზე მე-3 სართულზე, რადგან მას კომერციული დანიშნულება ვერასოდეს ექნება! წარმოიდგინეთ, პირველ სართულზე არის 60-70 მაღაზია და იმის მე-3 სართულზე რა უნდა იყოს? შემდეგ შემომთავაზეს ბაკურიანი. ვუთხარი, _ არ ვარ დაინტერესებული უძრავი ქონებით თბილისის ფარგლებს მიღმა, მაგრამ თუ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, თანახმა ვარ, ოღონდ თვითღირებულების ფასში მომეცით, რადგან დაზარალებული ვარ და ამის უფლება მაქვს-მეთქი. ამის გარდა მთავაზობდნენ ჰაერში არსებულ ფართს კრწანისში, რომელიც გაყინულია და ვითომ მშენებარე ობიექტია. მას შემდეგ, რაც ერთხელ გაყიდეს, დიდი ხვეწნის მერე გადამიყვანეს მეორე ობიექტზე, რომელიც გელოვანის #4-შია. ახლა ღიად გვეუბნებიან, ამ ობიექტს ვერ ავაშენებთო. აქვთ თუ არა მორალური უფლება მომთხოვონ, აქედან კიდევ გადადი და მესამედ ნდობა გამოგვიცხადეო?! ჩემი წინადადება იყო, ან მომეცით ბაკურიანში აშენებული ობიექტი, რეესტრში გატარებული, თვითღირებულებით, რომელიც, სავარაუდოდ, არის კვ.მ 200-250 დოლარი, ან თანხა დამიბრუნეთ-მეთქი. ერთი კვ.მ 460 დოლარად შემომთავაზეს! კიდევ მოგების მიღება უნდათ! „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთი თანამშრომელი მეუბნება: რამ გაგამწარა ეს პატარა ბიჭი, სულ რაღაც, 9900 დოლარი გაქვს შემოტანილი, მეტი ხომ არაო?! კი მაგრამ, თვითონ რამ გაამწარათ, რომ `პატარა ბიჭი~ გაძარცვეს?! მათთვის 9900 დოლარი არაფერია! იგივეს აგრძელებენ და შაყირის დონეზე დაჰყავთ ჩვენი საქმე! თანხის დაბრუნების მოსმენაც კი არ უნდათ!
ახლა გეტყვით, როგორი თაღლითური სქემა შეადგინეს: კომპანიაში შექმნეს ამხანაგობები, რომლებიც მენაშენეებთან ხელშეკრულებას აფორმებდნენ. რომ დაგჭირდეს, კომპანიამდე ვერ მიხვალ, დავა ამხანაგობებსა და კლიენტს შორისაა და თავში ვერ ადიხარ! თაღლითობის ეს სქემა თავიდანვე მოიფიქრეს. მაგათ ხელისუფლებაში ჰყავთ მფარველები! 2012 წლამდე სულ ჩვენ გვერდით იდგა თინა ხიდაშელი. მან მოგვიწყო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. იქ ბატონმა ბიძინამ ხიდაშელს უთხრა, _ შენ რომ პროკურორი გახდები, მაშინ ეშველება ამ საქმეს, ჩვენ ხელისუფლებაში არ ვართ და აბა, რა უნდა გაგიკეთოთო?! ხელისუფლებაში რომ მოვალთ, ამ საკითხს აუცილებლად გადაგიწყვეტთო, _ ყველა შეხვედრაზე გვესმოდა თინა ხიდაშელისგან. რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, საერთოდ არავინ დაინტერესებულა ჩვენით. მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილსა და ივანე ცაგურიას ბრალი რომ წაუყენეს, ერთი წამი არ მსხდარან. სწორედ მაშინ შეგროვდა ამ 15 დეპუტატის ხელმოწერა და გამოაბრძანეს. დეპუტატებმა 6200 ადამიანი ფეხებზე დაგვიკიდეს, საქართველოში ასეთი მასშტაბის სკანდალი და პირამიდა არ ყოფილა... ეს თაღლითები გარეთ არიან, მსოფლიო დონეზე მიდის თაღლითობა! ახლა „ტელევარსკვლავად“ ქცეული ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებს, 20 ადამიანი მყავს დასაკმაყოფილებელიო... ამათ თავხედობას საზღვარი არ აქვს, იმ დონის მფარველები ჰყავთ ყველგან! დაგვცინიან! სასამართლოში მივალთ, წამოვალთ! 3 პროკურორი გამოვიცვალეთ, ყველა თავიდან იწყებს საქმის შესწავლას. ერთი ოთახი სავსეა დოკუმენტაციით, 9 თვეში ხომ უნდა დამთავრდეს საქმე?! მსხდარიყვნენ 9 თვე, მაშინ ხომ დამთავრდებოდა?! იმ დეპუტატებს, რომლებიც თავდებად დაუდგნენ, არასოდეს უკითხავთ ჩვენი მდგომარეობა! ვცადეთ შეხვედრა, მაგრამ მხოლოდ ანი მიროტაძე გამოგვეხმაურა, შაბათს უნდა შევხვდეთ. რომ დაგვეჭირა ეს ხალხი, პოლიტიკური სკანდალი ატყდებოდა, ვიცე-სპიკერები იყვნენო. სად არის ტყუილი და მართალი, უკვე ვეღარ ვიგებთ! სხვა გზა არ დაგვრჩენია, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობის აქციას დავიწყებთ, კანცელარიასთან კი არ დავსხდებით, დავწვებით! ვის არ მივმართეთ?! _ არ გვხვდება არავინ! სხვა გზა არ არის, გადავუკეტავთ შესასვლელს, ჩაგვსვან ციხეში, უფრო ხმაურიანი გახდება ეს ამბავი!
ნატო სეიდიშვილი:
_ 2008 წლის 5 თებერვალს ჩემსა და შპს „ცენტრ-პოინტ სიტის“ დირექტორს, ვლადიმერ გურგენიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ხოშარაულის ქუჩაზე მრავალფუნქციური დანიშნულების სავაჭრო ცენტრში 20 კვ.მ ფართის შეძენის თაობაზე, რაშიც უნდა გადამეხადა 50 300 აშშ დოლარი. მოგვიანებით, კომპანია სამართავად გადაეცა „დექსუსს“ და დაიდო ხელახალი ხელშეკრულება. „ცენტრ-პოინტის“ მმართველობის პერიოდში გადავიხადე 36 400 აშშ დოლარი, ხოლო „დექსუსის“ დროს _ 1200 დოლარი. სულ გადახდილი მაქვს 37 600 დოლარი. გადახდა ორივე შემთხვევაში შევწყვიტე გამყიდველის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მას შემდეგ, რაც „ცენტრ-პოინტმა“ უკან დაიბრუნა თავისი ობიექტები, თითქოსდა სამუშაოს გაგრძელებისა და ობიექტის დასრულების მიზნით, შექმნა ე. წ. საინიციატივო ჯგუფები და მათ მენაშენეებისგან თანხის ამოღება დაავალა. არც „ცენტრ-პოინტის“ დაბრუნების შესახებ, არც ხელახალი ხელშეკრულების დადების შესახებ შეტყობინება არ მიგვიღია. მხოლოდ თანხის შეტანის თაობაზე ახორციელებდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები სატელეფონო ზარებს. მე უნდობლობას ვუცხადებ „ცენტრ-პოინტს“ და მის მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს. ისინი დაიმედებული არიან მაია რჩეულიშვილის მიერ, სხვების დაჯერებას ცდილობენ, რომ მხოლოდ ამ გზით დასრულდება ობიექტი. ამით წყალს ასხამენ მის წისქვილზე, ვინაიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ობიექტზე მიდის გაცხოველებული მუშაობა. ჩვენს სავაჭრო ცენტრში თანხის 80% შეტანილია და გაფლანგული, 19 000 000 აშშ დოლარად შეფასებული საპროექტო ღირებულების ობიექტიდან მხოლოდ 1 200 000 დარჩა ამოსაღები მენაშენეებიდან და ამ თანხით ცდილობენ „კავკასიაში #1-ლი სავაჭრო ცენტრის“ დასრულებას?! დარჩენილი თანხა არაფრით არ ეყოფა ობიექტის დასრულებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: აღარ გადავიხდი არც ერთ თეთრს, რადგან რაც გადავიხადე, ორჯერ აღემატება ჩემი ფართის ფასს! ის, რაც მე ვიყიდე კვადრატული 2500 დოლარად, ახლა კლიენტებს 1000 დოლარად სთავაზობენ. სავაჭრო ფართის ვიზუალურ მხარესაც არაფერი აქვს საერთო თავდაპირველ „კიდარქიტექტურის“ მიერ დაპროექტებულ შენობასთან, ის უნდა ყოფილიყო „კავკასიაში #1-ლი სავაჭრო ცენტრი“, ეს მათი სიტყვებია, ასე ეწერა ბანერებზე და მათ მიერ დაბეჭდილ ბუკლეტებზე, ოთხსართულიანი, გუმბათიანი, შემინული შენობა, წინ ულამაზესი პარკირებით და გამწვანებით! ახლა რა ხდება?! _ სამსართულიანი, უმინო, უგუმბათო, წინ არავითარი გამწვანება და პარკირება! ჩვენდა დაუკითხავად გაუყიდიათ მიწაც და ფასადს გაზგასამართიც „ამშვენებს“. შიგნითაც უნდა ყოფილიყო კაპიტალურად ამოშენებული მაღაზიები ოთხმეტრიანი ჭერით, ესკალატორებით... ახლა თაბაშირმუყაოთი ტიხრავენ, კუსტარულად, არც იატაკია მოხვეწილი და არც გალესილი. ეს ყველაფერი მოჩვენებით კეთდება, თითქოს მუშაობას აგრძელებენ. ფართებს აქირავებენ ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებზე, რისი უფლებაც არ აქვთ ჩვენ მიერ შექმნილი ამხანაგობის დებულების თანახმად. ჩვენს ობიექტს მაინც ახმარდნენ ამ თანხას!.. აღმოვჩნდი მოტყუებული, მაჩვენეს სხვა, გადამახდევინეს კოლოსალური თანხა და შემრჩა სხვა, დაბალი დონის სოფლის კლუბი, ისიც დაუმთავრებელი, ეს არის წმინდა წყლის თაღლითობა! პირველი ხელშეკრულებით ობიექტი უნდა დასრულებულიყო 2009 წლის ივნისში, მეორე ხელშეკრულებით _ 2012 წლის მაისში, რაც ყოველგვარ ვადას გადასცდა, არც პირგასამტეხლოს იხდიან და არც დასრულების ვადებს გთავაზობენ. რომელი ჭკუათმყოფელი შეიტანს კვლავ ამ თაღლითურ კომპანიაში თანხას, რომელიც იქით მიიჩნევს თავს დაზარალებულად და დაჩაგრულის პოზიციიდან გვესაუბრება?!
მე და ჩემმა დამ ბათუმში მამაჩვენის სახლი გავყიდეთ და ის თანხა ჩავდეთ, ვიფიქრეთ, საშვილიშვილოდ რაღაცას შევქმნიდით. წინა მთავრობას აბრალებენ, რომ გაზგასამართი სადგურისთვის გაყიდეს მიწაო. დღეს გავიგე, რომ კიდევ ყოფილა ადგილი და ისიც გაუყიდიათ. ვინ შემოვა სავაჭრო ცენტრში? ვიფიქრე, თანხის 80% მაქვს გადახდილი და როგორ გადამაგდებენ-მეთქი?! ახლა მირეკავენ, გადაიხადეო. ნდობა აღარ მაქვს! ხალხი როგორ არის, იცით? ოღონდ სახურავი იყოს, შედიან! ამათი იმედი არავის აქვს! ვინ აპატიებს მშენებელს უცხოეთში ან აქ?! ჩემი ქმარიც მშენებელია, ისე ჩააბარა ექსპლუატაციაში 5-სართულიანი კორპუსი, მაშინვე მიიღეს. გრანიტის ფილები დააგო. ვინ აპატიებდა, ან ვინ ჩაიბარებდა, რამე ცუდად რომ გაეკეთებინა?! ამათ რატომ პატიობენ ამდენს?! ქეთი ჟორდანია ჰყავთ კრიზისმენეჯერი, რომელიც აშანტაჟებს ხალხს და ჩანაწერიც გვაქვს. პირდაპირ ქუჩური გარჩევები მიდის. ვახოს მოძველბიჭო ლაპარაკი ყველას მოგეხსენებათ, ყველას თვითონ უშვებს და სხვებზე ლაპარაკობს. გოიმია ყველა, ვისაც მაია რჩეულიშვილის ციხეში ჩაჯენა უნდაო! ე. ი. ჩვენ გოიმები ვართ! სხვათა შორის, ის ხალხი, ვინც ცოტა ცნობადი სახე იყო, ვინც რაღაცას წარმოადგენდა, 2009 წელს თანხით უზრუნველყვეს. წარმოიდგინეთ, ცნობადი სახე რომ გამოვიდოდა ტელევიზიით, დაჯდებოდა, ილაპარაკებდა და მაგათ მაკომპრომეტირებელ რაღაცეებს იტყოდა! თან თავმომწონეები არიან, თავი მწვანე კიტრებად მოაქვთ, როგორ შეიძლება, ვინმემ რამე უთხრას?!. მონა ლიზას ღიმილით დადის მაია რჩეულიშვილი, თაღლითობაზე კი აქვს ხელი მოწერილი, ფულს ათეთრებენ! მშენებლობებიდან მობილიზებული თანხებით რუსუდან კერვალიშვილმა მიითვისა 1 828 806 აშშ დოლარი და 185 069 ფუნტი სტერლინგი, მაია რჩეულიშვილმა _ 1065 159 დოლარი, ხოლო ორივემ მითითებული თანხის გარდა, დამატებით, ერთობლივად მიითვისა 2 023 202 აშშ დოლარი და 2 403 750 ლარი. ყველაფერი რატომ გასდის ამ ხალხს?! სასამართლოზე ვიყავით, კიდევ გადადეს სხდომა, შეცვალეს პროკურორი. წელიწადი და ექვსი თვე დასჭირდა შესავალი სიტყვის მომზადებას, ჯერ დაკითხული არავინ არის, პროცესი არ მიმდინარეობს, სულ შესავალს ვისმენთ. როცა თქვეს, კიდევ უნდა გადავდოთო, ავდექით და ტაში დავუკარით, სულ სამი კინკილა კაცი ვიყავით, დაიღალა ხალხი, აღარ დადის პროცესებზე. მოსამართლემ მოგვაძახა, _ აქ თეატრი არ არის, ტაშს რომ უკრავთო. ვუთხარი, _ ეს აპლოდისმენტი არ არის, უნდობლობას გიცხადებთ და ამის დამადასტურებელია-მეთქი. გამოგვიგზავნა ბადრაგი, პირადობის მოწმობები მოგვთხოვა, რომ სასამართლოდან გაძევების განკარგულება დაეწერა, არ მივეცი. ის თაღლითები რომ არ ჩასვეს თავის დროზე ციხეში, იმხელა ტაშის გრიალი იყო, ჩვენ სამმა კაცმა პროტესტის ნიშნად რომ დავუკარით, დაიქცა ქვეყანა?! ბესიკ ბერიძე იურისტია და როგორც კანონმორჩილმა კაცმა, მისცა თავისი პირადობის მოწმობა. სასამართლოდან გაძევების ცნობა მიუვიდა სახლში. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: არავინ დაკმაყოფილებულა! რატომ აფარებენ ხელს? ეს დეპუტატებიც გახვიეს, ვახო რჩეულიშვილმა ჩამოურბინა, ალბათ, და ეხვეწა, მაიას მისვამენ ციხეში და დამეხმარეთო, მათხოვარივით მუხლის ჩოქვით დაუვლიდა ყველა დეპუტატს. „ოცნების“ 15-მა დეპუტატმა რომ მოუწერა ხელი, გაგვაგებინონ, რატომ, რისი გულისთვის? როგორც ჩანს, ერთად კარგად გრძნობენ თავს და ამათგან სარგებელსაც ნახულობენ! თუ ვცდებით, რატომ არ კითხულობენ, ამათ შეასრულეს თუ არა პირობა, რისთვისაც თავდებად დავუდექითო?! არავის სჭირდებოდა მაგათი ციხეში ჩასმა, თუ შეასრულებდნენ პირობას! ახლა გარეთ რომ არის, აღარ მაწყობს! 380 მილიონი აქვთ მთლიანად შეჭმული, რატომ არ სვამენ ციხეში?! 55 ამხანაგობაზე და კორპუსზეა ლაპარაკი.
ევრაზიის სააგენტო შექმნეს, სადაც ხალხს უნდა გადაერიცხა ფული მშენებლობისთვის, მიზნობრივად რაც უნდა დახარჯულიყო. ნაღდი ფული შედიოდა და ესენი იღებდნენ! ხალხს წლიურ 24%-ს ჰპირდებოდნენ, 1 400 000-ზეა ლაპარაკი, 38 კაცია დაზარალებული. ხალხის გადარჩენის ფონდი დაარქვეს და შეატანინეს ფული, გადარჩენის კი არა, დაქცევის ფონდია! ისინიც დაზარალებულები არიან და ჩვენთან ერთად კარდაკარ დადიან! გამოდის მაია რჩეულიშვილი და კიდევ ბრტყელ-ბრტყელებს ლაპარაკობს. მიწები აქვთ, ახლა დაყადაღებულია და ძალიანაც კარგი! ითხოვენ, ყადაღა მოგვახსნევინეთო. რომ ახსნან, ეგრევე გაქრება ყველაფერი, წვდომა აღარ ექნება არავის! ესენი უნდა ჩასვან! ამას ვითხოვთ, მიწებს ყადაღა უნდა მოეხსნას, გაიყიდოს, თუნდაც სახელმწიფომ ითავოს, არავის უნდა ფულის ხელში დაჭერა და დაურიგოს ყველა დაზარალებულს. უამრავი მიწა აქვთ... მაგათ აფერისტობას შეხედეთ! ახლა რას ამბობენ, იცით? _ მიწები გვაქვს, ხალხო, მოითხოვეთ, რომ ყადაღა აეხსნას, ტენდერს გამოვაცხადებთ, ინვესტორები შემოვლენ, ვინც კარგ ფასს გვეტყვის, იმას მივცემთო. აქტივებია, ისინი ააშენებენ და ჩვენ ბაზარზე შემოვალთ ვაკეში 500 დოლარადო. ზღაპარი! ვაკეში 500 დოლარად წარმოგიდგენიათ? დღევანდელ პირობებში რა ღირს, დოლარი სად მირბის?!. ეს ხომ აბსურდია, ხალხს ყველანაირად ატყუებენ... ამხელა თაღლითობა სად გინახავთ, 6200 კაცი გადააგდო ერთმა კომპანიამ. მაინცდამაინც, ფიზიკურად უნდა მოკლა ადამიანი?! ეს არ არის გენოციდი?! რომელ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ და ეს ხალხი დაუსჯელი დადიოდეს?! აქეთ დაგვცინიან, გოიმებს და სი...ებს გვეძახიან! ყველა ობიექტი არ არის გამოძიებული, ჯერ, სულ რაღაც, 5 ობიექტზეა ლაპარაკი. რამდენიმე თვის წინ მივმართეთ პროკურატურას, მიმდინარეობს გამოძიება ბათუმის „მაგნოლიას“ ობიექტზე. როდის მოვალთ მაქამდე, არ ვიცითო. ან მოვლენ, ან _ არა! ბევრი დაზარალებულადაც არ ვართ ცნობილი. გვინდა, მაგრამ არ იძიებენ! პირად საუბარში გვითხრეს, არ გვყოფნის ადამიანური რესურსი, რომ ყველაფერი გავაკეთოთო. ფაქტია, სასამართლო არ დასრულდება! არადა, ეს ადამიანები საზოგადოებისთვის საშიში არიან! მაია და ვახტანგ რჩეულიშვილები, რუსუდან კერვალიშვილი არიან თაღლითები! თაღლითური პირამიდა შექმნეს, ახალ და ახალ თაღლითურ გეგმებს იგონებენ ხალხის გასაღატაკებლად. კიდევ უფრო დააზარალებენ ხალხს! ესენი უნდა იყვნენ ხალხისგან იზოლირებულები! მოიწვიო, შოუებში მიაღებინო მონაწილეობა და ამღერო კი არა, ციხეში უნდა ამყოფო! წილში თუ არ ჰყავთ ჩასმული პოლიტიკოსები, რატომ აპარპაშებენ ასე?!
თამარ ბატიაშვილი