„საქართველოს მძლეოსნობის განვითარების კავშირი“, მძლეოსნობის ფედერაციის თავმჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს, 15 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს და პროკურატურაში უჩივის. არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანებული მძლეოსნები სანდო წყაროდან მოპოვებული ინფორმაციით ადასტურებენ, რომ ეს ფული „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტში მიდის. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენებმა ამის შესახებ პრემიერსა და პრეზიდენტს ოფიციალურად აცნობეს, მათი მხრიდან ამ საქმეს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
„ქრონიკა+“-ს „საქართველოს მძლეოსნობის განვითარების კავშირის“ წარმომადგენლები ესაუბრებიან.
დავით ჯარაშნელი:
_ მძლეოსნობის ფედერაციისთვის თბილისის მერიიდან გამოყოფილია 15 მილიონზე მეტი ლარი, ოლიმპიური კომიტეტიდან, დაახლოებით, _ მილიონამდე, სპორტის სამინისტროდან _ მილიონზე მეტი. რომ მეკითხებით, რისთვის დაიხარჯაო, ამას რად უნდა გამოცნობა? პირდაპირ გეტყვით _ ფედერაციის თავმჯდომარის კეთილდღეობისთვის! ახლა 22 კაცი ჰყავს სპორტულ შეკრებაზე პორტუგალიაში წაყვანილი, მარტო სასტუმრო თითო კაცი 80 დოლარი ჯდება, 22-დან 9 თუ 10 ბავშვია, დანარჩენი _ თავისი ხალხი. ეს 12-ვე ბავშვი „ბუბლიკები“, ნულები, წამლებით გაჭყეპილები, მომავალიც აღარ აქვთ! 12-13 წლის ბავშვს რომ წამლებით გაჟღენთ, რომელ მომავალზეა ლაპარაკი?! იმას ჯანმრთელობა აღარ უვარგა უკვე! ეს ხომ სიცოცხლის ხელყოფაა, ბოროტება, კანონის დარღვევაა! ორი წელია, ამაზე ვლაპარაკობთ, კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს! ეტყობა, ვიღაც ჰყავთ მთავრობაში და გარიგებულები არიან, მაფიოზური კლანია, თორემ ასე როგორ შეიძლება?! მე და თქვენ 500 ლარი რომ ავიღოთ, 15 წამში გაგვაქანებენ, კაცმა 15 მილიონი შეჭამა, ეს რაც საბუთი გვიჭირავს ხელში, ხოლო რაც არ ვიცით, ის სხვაა! რამდენი მილიონია ამ ოლიმპიადისთვის გამოყოფილი, პირდაპირ გადასცა თავის ძმაკაცებს, ტენდერზე ხომ უნდა გამოიტანო ფორმალურად მაინც?! ესეც არ ინება ბიჭმა, იმხელა დონის მაფიოზია! თუ გარიგებაში არ არიან ხელისუფლებასთან, შედეგებს რომ არ მაძლევ, რატომ გამოგიყოფ ფულს? ფული უნდა გამოგიყო, რომ იქიდან მეც რაღაც შემხვდეს, ეს ხომ ორჯერ ორია? პატარა ბავშვები ხომ არ ვართ?! პირდაპირ გამოვუცხადე ლევან ყიფიანს, ასეთი სიტუაციაა და ხელს გადებ-მეთქი. კანონი ხომ არსებობს, თუ ცილს გწამებ, მიჩივლე! ვუთხარი, კორუფციაში ხარ გახვეული, ან სპორტის გაგებაში არ ხარ-მეთქი! ფედერაციაში ერთი ქალბატონია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონების მუზეუმი გააკეთა. ყიფიანმა მოიყვანა 20-22 წლის ვიღაც ფოტომოდელი და დაუნიშნა მუზეუმის დირექტორად. უცხო ენას ვინ ჩივის, ამ გოგომ ქართულიც კი არ იცის! ამ ქალბატონმა თვითონ გააკეთა ეს მუზეუმი, უანგაროდ, უხელფასოდ, ყველაფრის გარეშე. ლადო ვარძელაშვილმა თავის დროზე ადგილი გამოუყო, რამდენადაც არ უნდა მომწონდეს მიშისტები, კარგი რაც გააკეთა, ვერ დაუკარგავ! ყიფიანმა მოუყვანა და დირექტორად დაუნიშნა, ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებს!
პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება, მაგრამ გამოძიება გაჩერებულია. მერიიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რა თანხები აქვს მიღებული მძლეოსნობის ფედერაციას. აგერ მითითებულია 13 770 000 ლარი. „ნაცმოძრაობას“ უჭირს და ეხმარებიან, ამას რა დიდი მიხვედრა უნდა! 2013 წელს აქვს მიღებული ეს დახმარება მერიიდან, მაგრამ ფედერაციას არაფერი ეტყობა, ან რა უნდა დაეტყოს?! _ სპორტსმენი არ ჰყავთ. აგერ არის მწვრთნელთა ახალი სია, ვისაც ფულს უხდიან. თქვენს გაზეთში სია რომ გამოვაქვეყნეთ, მაშინვე გადააკეთეს და ახლები შეიყვანეს. ეს სიაც სავსეა არაპროფესიონალებით. მოსწავლეები არ ჰყავთ და არანაირი ოლიმპიადისთვის არ ამზადებენ! ტყუილია! მერიიდან კი იღებენ ხელფასს! აგერ სამი მძლეოსანი ვსხედვართ, ბოლო 30 წელი, ვინც კი მწვრთნელები იყვნენ, ყველას ვიცნობთ, თუკი ვინმე რამეს წარმოადგენს, მესამე თანრიგოსანიც რომ იყოს, ესენი ვინ არიან, საიდან მოიყვანეს, რა ხალხია, საერთოდ, იციან, მძლეოსნობა რა არის?! „ნაციონალების“ დროინდელი ძმები არიან... სანდო წყაროებზე დაყრდნობით ვიცით, რომ ეს ფული პირდაპირი მისამართით მიდის „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტში! მიდიოდა და მიდის კიდევ! თუ ეს ქალაქის მერიამ არ იცის, იდიოტები ყოფილან! სამსახურიდან პოლიტიკური მიზნით გაყარა ხალხი. წინასაარჩევნოდ სამტრედიაში ამბები რომ მოხდა, იქ მონაწილეობდა კალაძის წინააღმდეგ. ამის კადრები არსებობს! ყოველ საღამოს ვანო მერაბიშვილის სახლში ქეიფობდა, ყოველდღე იკრიბებოდნენ დიდუბის მანეჟში, უგულავას ძმასთან ერთად აქვს ბიზნესი, `ნუგეში~ ვისია? მეტი ფაქტები რაღა გინდათ? 14 მილიონამდე ხომ მერიიდან გადარიცხული ფულია შეჭმული, ნახევარ მილიონზე მეტი სპორტის სამინისტროდან, ნახევარ მილიონამდე ოლიმპიური კომიტეტიდან, ამდენი მილიონები აქვს კაცს შეჭმული, მეტი ფაქტი რა გინდათ? თუ მართლა გამოძიება გინდა, „ნაცების“ წინააღმდეგი ხარ და გინდა, ფაქტზე დაიჭირო, მეტი რაღა უნდა მოხდეს?! ტელევიზორში აჩვენებენ, კაცმა 500 ლარი აიღო სამსახურში მოწყობაზე და 7 წლით აპატიმრებენ, 15 მილიონზე მეტი აქვს კაცს შეჭმული, პოლიტიკური მოტივი არის, ფაქტები სახეზეა, მეტი რაღა უნდათ?! თუ არ გარიგებულან, მაშინ იდიოტები არიან, ორი ვარიანტია! გაყალბებულ შედეგებზე, სიცოცხლის ხელყოფაზე რომ ბავშვები ძლივს მოიყვანა სასწრაფომ გონს, ამაზე აღარ ვლაპარაკობ, მეტი ამ კაცმა რაღა უნდა გააკეთოს, რომ პასუხი მოსთხოვონ?! ჩილეში რომ მოხდა, გამოიყვანოს და 75 000 კაცი დახვრიტოს, თუ რა უნდა ქნას?! ამ ჩვენმა მთავრობამ ყურები გამოიბერტყოს და თვალები გაახილოს, რას სჩადის!
დიდუბის მანეჟს მონოპოლიზება გაუკეთა, კაციშვილს არ უშვებს, ჩვენ დროს მანდ ვარჯიშობდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, მოჭიდავეები, მხატვრული ტანმოვარჯიშეები, ხელბურთელები, კალათბურთელები და ა. შ. გარეთ ცუდი ამინდისას ყველა მანდ იყო, ერთმანეთს ხელს უწყობდა. ბავშვებს ხუთჭიდში ვამზადებთ ზაფხულის ფესტივალისთვის, ცუდი ამინდი იყო, მივედით და ვთხოვეთ, რომ მანეჟში ერბინათ, დაიმალა. ვიცე-პრეზიდენტმა, ვერ დავურეკავო. ეშინიათ, მაგის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამენ. იმდენად პოლიციური სისტემა შექმნა, ყველას ეშინია, დასდევს ხალხს, პანჩურებს ურტყამს, აგინებს, აფურთხებს, რასაც უნდა, იმას აკეთებს დღემდე! ბოდიში ამ სიტყვაზე და ფეხებს ვერავინ მომჭამს, მე ვარ და ჩემი ნაბადიო... დიდუბის მანეჟში მძლეოსნობის გარდა ყველაფერია, ლიფტების სამმართველო, ტურისტული სააგენტო, საპარიკმახერო, ხის საწარმო და ვინ მოთვლის, კიდევ რა, გაქირავებული აქვს და იქიდან სხვა შემოსავალს ღებულობს. ახლა ფესტივალი რომ ტარდება და ოლიმპიადა დაარქვეს, აუზი აშენდა, შუაზეა გადახეთქილი, წყალს ვერ ასხამენ, გაგიჟებულები არიან, ვერც ველოტრეკი ესწრება, იმდენი ფული შეჭამეს, რა უნდა მოესწროს, 10 მილიონი გამოყვეს ახლა დამატებითი ხარჯებისთვის. 10 მილიონი უშველის, 150 მილიონია შეჭმული?! დროში თუ ვერ მოესწრო, ჯადოსნური ჯოხით აპირებენ აშენებას? სპეციალისტები არ ჰყავთ, ვინ უნდა ჩაატაროს შეჯიბრი, „ევროპა“ ჩატარდა და ყველა ჩვენ დაგვცინის, დიღმის ჩემპიონატი რომ ჩავატარო მე, ასე იყო ზუსტად! არც ერთი პროფესიონალი არ მიგვიწვიეს! აგერ, ბესო გოცირიძე, კაცს საქართველოს 4 რეკორდი აქვს მოხსნილი, დაჯილდოებაზე მაინც მიიწვიე და გამოაცხადე, რომ დღევანდელ დღესაც საქართველოს ოთხგზის რეკორდსმენი აჯილდოებს, ამასაც დიდი რამე უნდა? ეს ყველა ქვეყნისთვის პრესტიჟია! გაგიჟდები, ვინ არის ეს კაცი! ფედერაციაში სააკაშვილის მონების ბუდე მოიწყო, რასაც უნდა, იმას აკეთებს, თავის დაფინანსებიანად, მეტი რაღა უნდა ვუთხრა ამ მთავრობას, გამაგებინეთ! თუ გარიგებაში არ არის ეს მთავრობა, რატომ არ რეაგირებენ?! იქნებ, ჩვენ ტყუილს ვამბობთ!
ბესიკ გოცირიძე:
_ 4 წელიწადი ფედერაციის პრეზიდენტი რომ ხარ, მითხარი შედეგი, ფულს რომ ხარჯავ! ჩემს დროს ფულს რომ ხარჯავდნენ და შედეგებს ვერ იღებდნენ, მწვრთნელს აგდებდნენ, საყვედურს აძლევდნენ, ან ხელფასს უხსნიდდნენ... შე კაი დედმამიშვილო, ერთი შედეგი მაინც მაჩვენე... ყიფიანის მოადგილე, თევზაძე რომ გაათავისუფლეს, შევხვდით, დათომ პირდაპირ უთხრა, რომ გარიგებაში ხარ ახვლედიანთანო. თავის კაბინეტთან იდგა, ხმას ვერ იღებდა. რაო, 15 მილიონიო? ახლა იმ კაცს ხომ ახსოვს და თქვას!.. ქალაქის მერიიდან რომ გამოვითხოვეთ თანხების შესახებ ინფორმაცია, შევიტანეთ პროკურატურაში და გამოძიებას ვითხოვთ, სად დაიხარჯა. ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს, გაჩერებულია გამოძიება. თუ კარგად მახსოვს, იანვარში დამკითხეს, იმის შემდეგ პროკურატურიდან არაფერი ისმის.
თამარ შანიძე:
_ თანხები რომ გამოყოთ სასახლის ასაშენებლად და ბავშვი არ გყავდეს იმ შენობაში შესაყვანად, ასეა ზუსტად, ეს ყველაფერი ხომ მიზანმიმართულად ხდება? სად მიაქვთ ეს თანხები?! ასე ხომ ყველა დახარჯავს! კონკრეტული საქმისთვის რომ არის გამოყოფილი, შედეგი ხომ უნდა დაინახო?! ლუკა კურტანიძეს იმიტომ აუმხედრდნენ, შედეგები არ იყოო. შე დალოცვილო, თუ მოჭიდავეებს არ აქვთ შედეგები, მძლეოსნებს აქვთ? დარწმუნებული ვარ, ჭიდაობის ფედერაციას ამდენი ფული არ აქვს დახარჯული, რაც მძლეოსნობის ფედერაციას. ამ დროს იქ ოლიმპიური ჩემპიონებიც არიან, მსოფლიო ჩემპიონებიც, ევროპის ჩემპიონებიც და პრიზიორებიც, ჩვენ ერთი ბავშვი არ გვყავს, ელემენტარულად, მსოფლიო დონის შეჯიბრებებზე გასვლა მაინც რომ შეეძლოს! არ ვამბობ იმას, რომ მოიგოს, ან ათეულში მოხვდეს, ჩვენთან ცოტა ძნელია ასეთი რამეები, მაგრამ მსოფლიო დონის შეჯიბრზე ხომ მაინც უნდა გავიდეს?! თუ მთავრობამ ამის შესახებ არ იცის, ძალიან ბევრი დავწერეთ თქვენს გაზეთში და წაეკითხათ! ღარიბაშვილსა და მარგველაშვილსაც მივმართეთ, მე და დათო შევხვდით პრემიერის წარმომადგენელს, ვესაუბრეთ, გვითხრა, წერილით მოგვმართეთ, ყველაფერში გვერდით დაგიდგებით და დაგეხმარებითო. მივმართეთ, მაგრამ არანაირი პასუხი! ასევე მივმართეთ პრეზიდენტს, ეს ყველაფერი იციან! დაინტერესებულები რომ ყოფილიყვნენ, აბსოლუტურად ყველაფერს გაიგებდნენ! არ აინტერესებთ, ან სპეციალურად იხშობენ ყურებს და იბრმავებენ თვალებს! სიმართლე გითხრათ, პრემიერისგან დიდად არ ველოდი გამოხმაურებას, მაგრამ პრეზიდენტისგან ნამდვილად გამიკვირდა, რომ არანაირი რეაგირება არ მოხდა ჩვენს წერილზე! ლუკა კურტანიძეს პირადად ვიცნობ და სანამ ფედერაციის პრეზიდენტი იყო, ყველაფერი მოვუყევი, მითხრა, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, ალბათ, მოვა დრო და მაგასაც მოეხაზებაო! დღეს კურტანიძე ხომ პარლამენტშია, იცის მან, იცის ხაბელოვმა, იცის ჯაჭვლიანმა, იცის მთავრობამ, ეს კაცი რაებს აკეთებს. ვინ ჰყავს ასეთი მფარველი, რომ ხელს არ ჰკიდებენ?! საქართველოში მაინცდამაინც თავზე უნდა დაამხო ყველაფერი და გაასწორო მიწასთან, რომ მოგაქციონ ყურადღება? ამაზე მეტი საშინელება რაღა უნდა მოხდეს?! _ მძლეოსნობა თუ მოკვდება, სპორტის ყველა სახეობაც უკან გაჰყვება!
თამარ ბატიაშვილი