QronikaPlus
ჯონდი ბაღათურია: „სააკაშვილი რომ ბიზნესს ატერორებდა, კალაძემ ამ დროს ქონება როგორ დააგროვა?!“

ჯონდი ბაღათურია: „სააკაშვილი რომ ბიზნესს ატერორებდა, კალაძემ ამ დროს ქონება როგორ დააგროვა?!“

2015-05-14 09:33:38

ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მოსახლეობა გაჭირვებაში ცხოვრობს. დასაქმება და საარსებო მინიმუმისთვის ბრძოლა, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, ისევ გადაუჭრელი პრობლემაა. ამ ფონზე კი, ელექტროენერგიასა და გაზის ტარიფების მომატებაზე საუბარი ის სასჯელია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას, მართლა არ დაუმსახურებია. ფასების გაზრდას ბევრი ზაფხულის პერიოდში აანონსებს, ბევრი ამ „სასჯელს“ შემოდგომის პირს გვიწესებს, თუმცა არავინ საუბრობს რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს ტარიფების გაზრდის. სამაგიეროდ, აქცენტს აკეთებენ სატარიფო პოლიტიკაში გარკვეული მაღალჩინოსნების ფინანსურ ინტერესებზე და აქტუალობასაც ამიტომ არ კარგავს ეს სფერო ამ დრომდე. „ქრონიკა+“-ს ამ თემაზე ესაუბრება „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია: _ ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომლებიც ვალდებულნი არიან, არეგულირებდნენ ტარიფებს, ატარებდნენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ტარიფების კლებას, ფასების შემცირებასა და ეკონომიკის განვითარებას, დაინტერესებულნი არიან ტარიფების ზრდით. თავად ენერგეტიკის მინისტრს, კახი კალაძეს, კომერციული ინტერესები აქვს ენერგეტიკაში. მის სახელს უკავშირდება კომპანიები, რომლებმაც მარეგულირებელს მოსთხოვეს ჯერ გაზის, შემდეგომ კი ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა. ასეთი განაცხადი შეტანილი აქვს ელექტროენერგიის დისტრიბუციაზე მომუშავე კომპანიებს, თბოელექროსადგურებს, ჰიდროელექტროსადგურებსა და გამანაწილებლებს. ზოგი მათგანი კალაძის კომპანიასთან არის დაკავშირებული, ზოგსაც იგი თავად აკონტროლებს. _ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, რომელ კომპანიებს ფლობს თავად ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და მის კომპანიებთან კავშირში რომელია შემჩნეული? _ ენერგეტიკის მინისტრი ფლობს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას „კალა კაპიტალ ლიმიტედს“. ეს კომპანია არის საქართველოში დარეგისტრირებული შპს „კალა კაპიტალის“ მფლობელი. ამის დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი, რა თქმა უნდა, გვაქვს.  „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ პარტნიორებს წარმოადგენენ ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი გიორგი ქავთარაძე. დოკუმენტებში, რომელსაც გადმოგცემთ, დამფუძნებელთა მთელ შემადგენლობას ნახავთ. სწორედ შპს „კალა კაპიტალი“ ფლობს კონტროლს იმ კომპანიებზე, რომელთაც მარეგულირებელ კომისიაში შეტანილი აქვთ განაცხადი ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით. 18 ჰიდროელექტროსადგური და 3 თბოელექტროსადგური მიხეილ სააკაშვილის დროს აქვს კალაძეს „დათრეული“. ახლა ვსვამ კითხვას: როცა მიშა რეპრესიებს ატარებდა ბიზნესებზე და ბიზნესმენებს ყველაფერს ართმევდა, ამ დროს ეს ადამიანი ქონებებს აგროვებდა და რთულია მიხვედრა, სინამდვილეში, ვინც არის კახი კალაძე?! მათ შორის კავშირები დღემდე არ გაწყვეტილა. კალაძეს ბიზნესი მხოლოდ საქართველოში არ აქვს _ მას ბიზნესები აქვს უკრაინაში, რომელიც ახლაც წარმატებით ვითარდება. _ კალაძეს უკრაინაში რა ბიზნესები აქვს? _ საქმე ეხება საკმაოდ მსხვილ ბიზნესებს, რომელიც იფურჩქნება „ნაციონალების“ ხელში, რაც, ცხადია, უცნაურია. ეს იმ დროს, როცა უკრაინაში სხვა ბიზნესმენებზე მიდის ისეთივე რეპრესიები და ტერორი, როგორც ეს საქართველოში ხდებოდა „ნაციონალების“ დროს. ამ ბიზნესის დასახელებას და მასზე საუბარს ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ახლო მომავალში უფრო  დაწვრილებით მოგიყვებით ყველაფერს. ქონება, რომელიც კალაძის კომპანიებს აქვს, თავის დროზე, საქართველოში მიზერულ ფასებად არის ხელში ჩაგდებული. „ენერგოპრო“ რომ კალაძემ და ნოღაიდელმა შემოიყვანეს საქართველოში, ეს ყველამ იცის. ის იყო ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანია. საქართველოში შემოსვლამდე 20 დღით ადრე მისი ყველა დამფუძნებელი გავიდა და გაჩნდნენ ახალი დამფუძნებლები. ამის შემდეგ საქართველოში შემოვიდა და ხელში ჩაიგდო ის ენერგო, გენერაციისა და განაწილების კომპანიები, რომელზედაც, რეაბილიტაციის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან წინა თვეებში დაიხარჯა 70 მილიონი ლარი. ამათ იყიდეს 70 მილიონ ლარად, არადა, ის ამ დროს უკვე ღირდა ნახევარი მილიარდი. წარმოიდგინეთ, ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში „ოქროს კვერცხის მდებელი ქათამი“, რომლის ფასიც რამდენიმე მილიარდს აღწევდა. ტარიფების ზრდაზე საუბარი პირველად „თბილგაზმა“ დაიწყო. მას ახლა ჰქვია „ყაზტრანსგაზი“, რომელსაც დღემდე სახელმწიფო მენეჯმენტი მართავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თითქოს ყაზახების მფლობელობაშია, მაგრამ, თავის დროზე, ისინი ვანო მერაბიშვილმა გაყარა და შემოიყვანა თავისი მენეჯმენტი. სანამ კალაძე ენერგეტიკის მინისტრი გახდებოდა, ის ცდილობდა ყაზახებთან მოლაპარაკებას, რათა „თბილგაზი“ ხელში ჩაეგდო. მას მაშინ არც დაესიზმრებოდა, ენერგეტიკის მინისტრი რომ გახდებოდა, ამიტომ ამ საკითხზე კომენტარებიც კი აქვს გაკეთებული და ჩხუბიც მოუხდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ გულუასთან. დღეს იცით, ვინ არის „თბილგაზის“ სპეციალური მმართველი _ შპს „კალა კაპიტალის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი? _ გიორგი ბენაშვილი. ეს გახლავთ კახი კალაძის ბიზნესპარტნიორი და მისი თანამშრომელი, რომელიც შპს „კალა კაპიტალიდან“ სწორედ კალაძემ გადაიყვანა. პირველად სწორედ „თბილგაზის“ მმართველმა ბენაშვილმა გააკეთა განაცხადი, ტარიფების გაზრდა გვინდაო და მას გამოეპასუხა სამინისტროში კალაძის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი, რომელიც წინათ იყო „კალა ენერჯის“ მფლობელობაში მყოფი 18 ჰიდროელექტროსადგურისა და 3 თბოელექტროსადგურის მმართველი. ის პარალელურად ასევე გახლდათ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ალეკო ხეთაგურის მოადგილე. როგორი ბიზნეს-პოლიტიკურ-კომერციული ურთიერთობები იყო კალაძესა და ვანო მერაბიშვილის გუნდს შორის, ამ ფაქტიდანაც კარგად ჩანს. კალაძის ერთი ჯიბიდან ამოსულმა ბენაშვილმა ახლახან თქვა, რომ გაზის ტარიფები უნდა გაიზარდოსო; კალაძის ბიზნესპარტნიორმა და თანამშრომელმა მარიამ ვალიშვილმა, რომელიც ახლაც ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილეა, დაუდასტურა, _ კი, ფასების ზრდა აუცილებელიაო. მერე ამას მოჰყვნენ ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები, განცხადება გააკეთა „ენერგოპროჯორჯიამ“ და მარეგულირებელ კომისიაში შეიტანეს კიდევაც განაცხადები. მარეგულირებელში კი უკლებლივ ყველა კვლავ არის ვანო მერაბიშვილის მიერ დანიშნული კადრი. ორ მათგანს ამოეწურა ვადა, მაგრამ ახალი, თავისი ხალხი არც აქ შეიყვანა ხელისუფლებამ. ანუ ასეთ მნიშვნელოვან საქმეებს ისევ „ნაციონალების“ დანიშნული ადამიანები წყვეტენ და „ოცნებას“ არ სურს, რამე შეცვალოს. როგორც კი ბენაშვილმა განცხადება გააკეთა ტარიფების ზრდაზე, ჩვენმა პარტიამ მოითხოვა, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ, რა ფასად ყიდულობს სახელმწიფო გაზს, ანუ საზღვარზე რა ღირს გაზი? გვინდოდა დაგვეანგარიშებინა, არითმეტიკულად რამდენად არსებობდა ტარიფის ზრდის საფუძველი? პასუხი იყო კურიოზული! დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოგვწერა, რომ ეს იყო კომერციული საიდუმლო. არადა, ეს ინფორმაცია არათუ საჯაროა, ისინი ვალდებულნიც კი არიან, როცა ასეთი საკითხების განხილვას დააპირებენ, ორი კვირით ადრე გამოაცხადონ, რომ დანიშნულია ეს ღონისძიება. მას უნდა დაასწროს პრესა და საკითხი საჯაროდ განიხილონ. ფასწარმოქმნის პროცესი მხოლოდ ასე უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ არსებობს მარეგულირებელი კომისია, რომ მან საზოგადოებრივი ინტერესები გაატაროს და კონტროლი განახორციელოს მონოპოლისტებზე, მაგრამ ესენი ყველაფერს  ასაიდუმლოებენ, რაც არის უკანონობა. ამის შემდეგ პირადად დავუკავშირდი ტარიფების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გივი სანიკიძეს. საუბრის დროს ის დაიბნა და მითხრა, _ თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ ოფიციალურად  ამ ინფორმაციას ვერ გეტყვითო. ასეთ კურიოზულ თავხედობას აქვს მათგან ადგილი. თუ იცი, რა ფასად შემოდის გაზი საზღვარზე, ხარჯებს დაითვლი და მიხვდები, რამდენად აქვს საფუძველი კალაძის კომპანიების განაცხადს ტარიფების გაზარდასთან დაკავშირებით. ამის დამალვის მიზეზიც ეს არის. _ არაოფიციალურად მაინც ხომ იცით, რა ფასად შემოდის გაზი საქართველოში და თქვენც ამის მიხედვით გვითხარით, ტარიფების გაზრდაზე საუბარი რამდენად მიზანშეწონილია და რას ემსახურება? _ არაოფიციალურად ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ახლა რომ ეს ვთქვა, საკამათო გახდება, ამიტომ ჯერ ხელთ უნდა მქონდეს ოფიციალური დოკუმენტი. თუმცა იმის თქმა კი შემიძლია, რომ არანაირი საფუძველი ტარიფების ზრდისა საქართველოში ამჟამად არ არსებობს! „ოცნება“ ხელისუფლებაში როცა მოდიოდა, აცხადებდა, რომ ტარიფებს გაანახევრებდა. ახლა ამას ლარის კურსის ვარდნას აბრალებენ, მაგრამ კურსი რაა, ორჯერ გაიზარდა? თუ ამ პარტიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნამუსი აქვს, თავის წევრებს ამის გაკეთების უფლებას არ უნდა აძლევდეს. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ სემეკის მიმართულებით საზოგადოება გავააქტიუროთ. უნდა ვაიძულოთ სემეკი, რომ ყველა მონაცემი გამოაქვეყნოს და კომერციულ საიდუმლოებებზე ლაპარაკს თავი დაანებოს! ჩვენი მიზანი არის, მშვიდობიანი გზით, „კალაძე და კომპანია“ ჩამოვაცილოთ ენერგეტიკის სამინისტროს, რადგან მისი ენერგეტიკის მინისტრობა ყოვლად დაუშვებელი და უკანონოა. საქართველოს აქვს კანონი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, რომელშიც კალაძე და მისი საქმიანობა ერთი-ერთში ჯდება. კალაძის დღევანდელი ქმედებები და მდგომარეობა არის უკანონო. ამ კვირაში ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი მთავარ პროკურატურას ვაცნობოთ. _ ფიქრობთ, რომ ამ საკითხში მთავარი პროკურატურა მხარს დაგიჭერთ და კალაძის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს? თუ ასე არ ფიქრობთ, მაშინ, რა აზრი აქვს პროკურატურაში თქვენს ჩივილს?  _ განცხადებისა და დოკუმენტური მასალების პროკურატურაში ჩაბარების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ამ სტრუქტურაზე ზეწოლას კარგი გაგებით. ტელეეთერითა და გაზეთის ფურცლებიდან ვკითხავთ ბადაშვილის უწყებას, მასალები რომ მოგეცით, რეაგირებას რატომ არ ახდენთო? მერე რომ არ თქვან, პროკურატურაში კომპეტენტური ხალხი არ გვყავდაო, გადაცემულ დოკუმენტებზე მივუთითებთ კიდევაც, რომელი პუნქტი და მუხლი არის დარღვეული. კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრად როცა დანიშნეს, მის ინტერესთა თანხვედრაზე დიდი ამბავი ატყდა. მაშინ მან განაცხადა, ერთ კვირაში ყველაფერს გავყიდიო, მაგრამ ამ დროში ვერც 18 ჰიდროელექტროსადგური გაიყიდება და ვერც თბოელექტროსადგურები. როგორც ჩანს, ის გაყიდვაში „შინაურებზე“ გადაფორმებას გულისხმობდა, თუმცა ჩვენ გვაქვს მასალები, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი კომპანიების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ არის რეგისტრირებული შპს „კალა კაპიტალში“. ეს შპს, როგორც გითხარით, არის მოწილე „კალა კაპიტალ ლიმიტედის“, რომლის 100%-ის მფლობელიც გახლავთ კალაძე და მოვიდნენ, თუ უნდათ, და ამაზე ვიდაოთ. თავად კალაძესაც არასდროს უთქვამს, რომ ეს კომპანია მისი არ არის. ჩვენი მოწოდება ჟურნალისტებისადმი ის გახლავთ, რომ სადაც გაივლის კალაძე, ყველგან ჰკითხონ, არის თუ არა მის მფლობელობაში შპს „კალა ენერჯი“, რომელიც ფლობს „საქჰიდრომშენს“ და ის კი ფლობს სხვა კომპანიებს? ეს ჩახვევები და ხლართები იმიტომ არის საჭირო, რომ საზოგადოება ვერ მიხვდეს სინამდვილეს, ვერ გაიგოს და დაიბნეს. ენერგეტიკის სამინისტროსა და მინისტრის დანიშნულება არის ის, რომ, პირველ რიგში, გაატაროს ისეთი ენერგოპოლიტიკა, სადაც მოსახლეობის სოციალური ინტერესები და ქვეყნის ეკონომიკის იტერესები იქნება დაცული. ამიტომ კრძალავს კანონი ინტერესთა თანხვედრას. არა მხოლოდ მინისტრს ეკრძალება მისდამი დაქვემდებარებულ დარგში ბიზნესის კეთება, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც და ნათესავებსაც. კანონში არსებობს დამატებითი გვერდი, სადაც განმარტებულია, ვინ ითვლება ნათესავად და ეს გახლავთ საკმაოდ ფართო სპექტრი. ასე იმიტომ არის, რომ თანამდებობა არ იქნეს გამოყენებული კონკურენციის დროს სხვა ბიზნესმენებთან უპირატესობის მოსაპოვებლად, მაგრამ ესენი ყველაფერს თავზე ახტებიან. _ „ნაცმოძრაობა“ `ქართულ ოცნებას~ მუდმივად აკრიტიკებს, თუმცა კალაძის შესახებ მათგან მკვეთრი განცხადებები, რაღაც, არ მახსენდება. ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ასეა და, თქვენი აზრით, რა ხდება? _ ძალიან კარგი შეკითხვა დასვით, ამიტომ ერთი ამბავი უნდა გაგიმხილოთ: მინდოდა, კალაძის უკანონობების შესახებ ინფორმაციები გაჟღერებულიყო და ხალხს გაეგო სინამდვილე. ისიც ვიცოდი, რომ ხელისუფლების გავლენით ის ზოგიერთ მედიასაშუალებაში დაიბლოკებოდა, ამიტომ დავუკავშირდი „რუსთავი 2“-ს. ვფიქრობდი, რომ ისინი მომცემდნენ ტელესივრცეს ხელისუფლების ამ კომპრომატის გასაშუქებლად. თანაც ექსკლუზიურად შევთავაზე ეს ამბები, მაგრამ არ დაინტერესდნენ.  პრესკონფერენციაზე მათი მიკროფონი მაგიდაზე იდო, მაგრამ მერე არ გააშუქეს. ეს „განტოლება“ რთული ამოსახსნელი არ არის. კალაძე და „ნაცმოძრაობა“ 2006 წლიდან ჩაკვარახჭინებული იყვნენ და ახლაც ასე არიან. აფრასიძეებისა და ბევრი სხვა საქმის ძიებას სწორედ კალაძე აფერხებს. „ნაციონალების“ ამოცანა არის კალაძის გაყვანა ღარიბაშვილის ადგილზე, რის შემდეგაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო შერბილდება. ახლა ვამზადებ სიას და მასალებს ენერგეტიკის სამინისტროსა და სემეკის თანამშრომლებზე. იქ იქნება დაკონკრეტებული ვინ, სად, როდის მუშაობდა და ვისი კადრი იყო. პირველად ამ სიას თქვენ მოგცემთ და მიხვდებით, რომ რასაც ვამბობ, არის სიმართლე და იქ ვანო მერაბიშვილის გუნდი არ შეცვლილა. ამ სფეროში თქვენც რომ მოიკითხოთ, რა ხდება, ყველა გეტყვით, რომ რეალურად სამინისტროში გადაწყვეტილებებს იღებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ალეკო ხეთაგური. ის ენერგეტიკის სამინისტროში ძალიან ხშირად დადის და მგონი, კაბინეტიც აქვს. მათი ურთიერთობები ძალიან არის ჩაგრეხილ-ჩაკვარახჭინებული. კალაძემ იმიტომ მოითხოვა ამ სფეროს მართვა, რომ სწორედ აქ იყო მისი და „ნაციონალების“ ერთობლივი ბიზნესინტერესები. ივანიშვილს ამ შემთხვევაში ბრალს ვერ დავდებ, რადგან მან შეიძლება არც იცოდა ეს კანონი. ახლა კი, ალბათ, ივანიშვილმაც იცის, რაც ხდება. იქ, სადაც `ნაცმოძრაობა~ და „ოცნება“ არ ჩხუბობს, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთად არიან. აბა, გაგიგონიათ, ნავთობსა და ფარმაცევტული სფეროს მაქინაციებზე ვინმე საუბრობდეს? ყველა ხედავს, რომ წამალი ძვირდება, მაგრამ ხმას არ იღებს. ეს იმიტომ, რომ ამ სფეროში „ნაცებმა“ ჩაიჩოჩეს და ესენიც ჩასვეს. ორივე თავს კარგად გრძნობს და ხმას რატომ ამოიღებს?!  ერთი ახალი ოპერატორიც კი არ გაჩენილა ნავთობისა და წამლის ბიზნესში, რაც ძალიან საინტერესოა. ისევ ძველი ვეშაპები არიან იქ, რომლებიც სხვა ბიზნესმენებს არ აძლევენ შესვლის უფლებას, რასაც  ვერავინ გააკეთებს ხელისუფლებისგან უნებართვოდ. რომელი სფეროც ჯერ ვერ გაიყვეს, იქ არის კიდევაც  კინკლაობა და კომპრომატების ფრიალი. საქართველოში ლარის კურსის ვარდნა სწორედ ინვესტიციების გაქრობამ გამოიწვია. იცით, რატომ ვერ შემოდის ინვესტორი ქართულ ბაზარზე? იმიტომ, რომ მას კალაძის მაგვარი ტიპები ხვდებიან და პირველად იმას არკვევენ, მათი წილი რამდენი იქნება. უცხოელებს კი არ უნდათ, შავი ფულის გარიგებებში შევიდნენ და გარბიან. დღეს ჯოტია ბოდოკიას სქემები მუშაობს ყველგან. მე მაქვს საოცარი დოკუმენტები, რომელსაც მალე გადმოგცემთ. ამ დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, ნებართვებზე უარს რა ფორმით ეუბნებიან. _ იქნებ, ამის შესახებ ახლაც გვითხრათ? _ ახლა მხოლოდ ორი სიტყვით გეტყვით: რაც ბოდოკიამ გააკეთა, იგივე გრძელდება. სქემა კი ასეთია: როცა რამე ნებართვაზე ამბობ უარს, იქ უნდა დაწერო მიზეზები. თუ ეს მიზეზი არის ობიექტური, ცხადია, ის ხვალ და ზეგ ვეღარ შეიცვლება, ამიტომ ისინი უარს წერილებში წერენ, ამ ეტაპზე არ შეიძლებაო. ტექსტი ისე წერია, რომ მიგახვედრებს, რა უნდა გააკეთო, დადებითი პასუხი რომ მიიღო. ამისთანა უტვინო ხალხი ზის საჯარო სამსახურებში და ჭკუა არ ჰყოფნით, შაბლონი მაინც რომ შეცვალონ. კოლექტიურ ბოდოკიებზე გვაქვს ამჯერად საუბარი. კალაძე რა, ბოდოკია არ არის?! ბოდოკია დაიჭირეს პირველი და ამიტომაც დაერქვა ასეთ ხალხს  „ბოდოკიები“, თორემ კალაძე რომ დაეჭირათ, მაშინ ბოდოკიას დაერქმეოდა კალაძე. იმ სისტემებში, რომელიც კალაძეს საკუთარ მუჭში აქვს მოქცეული, ფული ფასთა სხვაობებში კეთდება. ვეშაპები ლობირებენ ფასების უკანონო ზრდას და აქედან აღებულ ფულს უყოფენ ხელისუფლებასაც. თუმცა ფულის კეთების სხვა სქემებიც აქვთ შემუშავებული. გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით საქართველოს აქვს ჭარბი ელექტრორესურსი, რომელსაც ყიდიან თურქეთში. ამაზე ფულს აკეთებენ კონკრეტული ტიპები და არა სახელმწიფო. არც ერთი კაპიკი არ არის შესული ბიუჯეტში თურქეთში გაყიდული ელექტროენერგიიდან, არადა, ამ ფორმით მილიარდები იჭრება. საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო არის გაზის რესურსებისა და ელექტროენერგიის გამტარიც. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს და არა კალაძეს ეკუთვნის თავისი კვოტა. თუ ამ შემოსავალს შეწონილ ტარიფში ჩავსვამთ, ეს, ფაქტობრივად, გაანახევრებს გაზისა და ელექტროენერგიის ფასს, მაგრამ არც ეს ხდება და ამბობენ, ტარიფი უნდა გავზარდოთო. ეს ტრანზიტული შემოსავალი კანონიერად ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ისიც კერძო პირებს მიაქვთ. სიხარბე აჩლუნგებს გონებას და ესენიც ფიქრობენ, რომ სულ ასე იქნებიან. ამიტომაც ვამბობ, რომ ბევრი მათგანი აეროპორტამდეც ვერ მიაღწევს, რადგან გვიან მიხვდებიან, რომ გაქცევის დროა. `ნაცებისაგან~ განსხვავებით, რომელთაც მფარველად მოევლინა ბიძინა და კაბინეტებშიც კი დატოვა, ამათ იქ შეუვარდება ხალხი. აქ ამბავი იქნება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ეს მოხდება სპონტანურად და ვერავინ გააკონტროლებს.  

                                                                                             ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება