QronikaPlus
საქართველოში „რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი“ იქმნება

საქართველოში „რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი“ იქმნება

2015-05-10 08:42:34

საქართველოში უპრეცედენტო საგამოფენო სივრცე იქმნება. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ „რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმს“ ქმნის, რომელიც თავდაპირველად ინტერნეტსივრცეში განთავსდება, ხოლო შემდგომ თბილისის ცენტრში ერთ-ერთ შენობაში დაიდებს ბინას. ორგანიზაცია სხვადასხვა პერიოდში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლ მოქალაქეთა საქმეების შემსწავლელ კომისიასაც ქმნის და იმ მოქალაქეთა მიღებას იწყებს, ვინც ასეთად მიიჩნევს თავს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტები უსასყიდლოდ შეისწავლიან მათ საქმეებში არსებული კანონდარღვევების არსებობის საკითხს და იურიდიულ დასკვნას მოამზადებენ. რა მიზანს ემსახურება „რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმის“ შექმნა? რა სახის დახმარებას გაუწევს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ სახელმწიფოსგან რეპრესირებულ ადამიანებს? ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ორგანიზაციის დამფუძნებელი, ლაშა ჩხარტიშვილი: _ დავაფუძნეთ არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“. დამფუძნებლები გახლავართ მე, ვახტანგ კომახიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთაც, ჯერჯერობით,  საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ორგანიზაციის საქმიანობა მიმართული იქნება ადამიანის უფლებების დაცვისადმი, რომელიც საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ჯერჯერობით, ღმერთის წყალობით, ასეთი მძიმე ვითარება არ არის, თუმცა გარკვეული უფლებადარღვევები მაინც აღინიშნება და დროულ რეაგირებას საჭიროებს. თუ ძველი დანაშაული არ იქნება გამოძიებული და დამნაშავეს არ მიეგო პასუხი, იგივე აუცილებლად განმეორდება. მეორე მხრივ, ნებისმიერ უფლებადარღვევას, რომელიც აწმყოში ხდება, სჭირდება რეაგირება იმიტომ, რომ სიტუაცია არ წავიდეს უარყოფითი მიმართულებით. სწორედ საზოგადოების დაგვიანებული რეაქციაა ხოლმე იმ ტრაგიკული შედეგების საწინდარი, რომელიც ვიხილეთ ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში. საზოგადოება უფრო აქტიური რომ ყოფილიყო იმ წლების საწყის ეტაპზე, შეიძლება სააკაშვილიც არ მისულიყო იქამდე, სადამდეც მივიდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა! ალბათ მისთვისაც ცუდი იყო, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა აბსოლუტურად დაკარგა, გვახსოვს ყველას. ასე რომ, ჩვენ ვიმუშავებთ როგორც წარსულზე, ასევე აწმყოზე, რადგან დანაშაულები არ არის გამოძიებული. შეიძლება მკაფიოდ ითქვას, თითქმის არ მახსენდება რომელიმე საქმე ბოლომდე მიყვანილი. ამას შეიძლება ობიექტური მიზეზებიც ჰქონდეს, მაგრამ სუბიექტურიც ბევრი აქვს, მოქალაქეები კვლავ უფლებააყრილები არიან. შევეცდებით, ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ. _ რა სახის იქნება სამუშაო პროცესი, როგორ დაეხმარებით ამ ადამიანებს? _ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ მიმართულებად ავირჩიერთ საქართველოსთვის სრულიად ახალი ინიციატივა. ეს გახლავთ ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთა მუზეუმის შექმნა. რეპრესიები საქართველოს ნამდვილად არ აკლდა, გავიხსენოთ თუნდაც სააკაშვილის მმართველობის 9-წლიანი პერიოდი, შევარდნაძის პერიოდშიც საკმაოდ იყო ძალადობრივი და, მათ შორის, მძიმე შედეგით დასრულებული დანაშაული, კომუნისტური პარტიის ამბავი ხომ ყველას კარგად მოეხსენება. ჯერჯერობით, ასეთი დანაშაული ხელისუფლების მხრიდან აწმყოში ნაკლებად გვხვდება, თუმცა ის, რომ წარსული არ დავივიწყოთ, ის, რომ დანაშაული იყოს გამოძიებული და დამნაშავენი იყვნენ დასჯილნი, უნდა გახდეს საწინდარი, რომ აწმყოშიც იგივე არ მივიღოთ. ამიტომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, სამართლებრივი სახელმწიფოსაკენ რომ დაიძრას ვითარება, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი, რომლისკენაც შემდეგი გზით მივდივართ: ამ მუზეუმს თავიდან ვირტუალური სახე ექნება და ინტერნეტში განთავსდება, ხოლო შემდეგ ინტერნეტში განთავსებული მასალების ნაწილი ფიზიკურად გადავა რეალურ მუზეუმში და თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ შენობაში განთავსდება. _ რა კრიტერიუმებით შეარჩევთ მუზეუმში განსათავსებელ საქმეებს და რომელ კატეგორიას მიანიჭებთ პრიორიტეტს? _ თითოეული საქმე, რომელიც განთავსდება ინტერნეტმუზეუმში და შემდგომ რეალურ სივრცეში, უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ და მკაცრი კრიტერიუმებით შერჩეული, სრულფასოვანი მტკიცებულებებით, არავის უნდა მიეცეს კამათის უფლება, რომ ესა თუ ის ადამიანი იყო  ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი. სამართლებრივი თვალსაზრისით გამართულნი უნდა ვიყოთ. არ მგონია, ასეთი საქმეები შემოგვაკლდეს, მაგრამ ამ საკითხებს მაინც დეტალურად მივუდგებით. საქმეებს დავყოფთ ორ კატეგორიად: აღიარებულ ამა თუ იმ უფლებადარღვევად პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე. შეიძლება ითქვას, საქართველოს მთლიანი მოსახლეობა უფლებადარღვეულია, მაგრამ, პირველ რიგში, მაინც ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ დანაშაულებებზე, როგორიც არის სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, უკანონო, განსაკუთრებით, პოლიტიკური დაპატიმრება, დევნა პოლიტიკური ნიშნით, მათ შორის, საკუთრების უფლება; ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებების ხელყოფა და სხვა დარღვევები. თუ ვიზუალური თვალსაზირისით თვალსაჩინოება იქნება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი იყოს სხვა ხასიათის დანაშულის ამსახველი მასალაც. რაც შეეხება პროცედურას, საქმეების შერჩევა მოხდება ორი მიმართულებით: პირველი _ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მტკიცებულებები უნდა იყოს მყარი, ამისთვის საქმეებს ვყოფთ ორ კატეგორიად, ერთი მხრივ, ეს არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიური ანგარიშები ადამიანის უფლებების სფეროში, რომლებიც სადავო არავისთვის უნდა იყოს. ავარჩიეთ ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებში შეტანილ საქმეებს დამატებითი იურიდიული კვლევა არ სჭირდება და მხოლოდ ვიზუალური მასალის შეკრების გზით განვათავსებთ მუზეუმში. ჩვენ მიერ შერჩეული ორანიზაციებია: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და მათი ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ; სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო; „ამნესტი ინტერნეიშენალი“; „Human Rights Watch „- ყველაზე მსხვილი გაერთიანება ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების. შესაძლებელია, მომავალში რამდენიმე ორგანიზაცია კიდევ დაემატოს, მაგალითად, ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ამ ორგანიზაციების მიერ მოკვლეული მასალები დამატებით მოკვლევას არ საჭიროებს, ერთადერთი შეიძლება ვიზუალური მასალით შეივსოს, რომელიც ამ ანგარიშებშია შეტანილი. უკვე დავიწყეთ მასალების დამუშავება. ვებმუზეუმი, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში შეიქმნება, რომელიც პარალელურ რეჟიმში შეივსება ამგვარად შესწავლილი და გაანალიზებული მასალებით; ხოლო ინფორმაციის მიღების მეორე წყარო იმ მასალებისა, რომლებსაც ჩვენ შევიტანთ ამ მუზეუმში, გახლავთ თავად მოქალაქეებთან ურთიერთობა. მიღების პროცესს ამ კვირიდან ვიწყებთ. დარწმუნებული ვართ, ასეთი ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე საერთაშორისო ანგარიშებში მოხვედრილი ადამიანებისა. ბუნებრივია, რომ გარკვეული მიზეზების გამო ბევრი მათგანი ვერ ახმაურებდა  უფლებადარღვევების ფაქტებს, მით უმეტეს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მასალებს მივიღებთ უშუალოდ მოქალაქეებიდან, ვისაც საკუთარი თავი მიაჩნია ხელისუფლების მიერ ჩადენილი ქმედების მსხვერპლად, გავუწევთ კონსულტაციებს მასალების სრულფასოვნების თვალსაზრისით, შემდეგ მოხდება მიღებული მასალის სრული იურიდიული ანალიზი, დაიდება სათანადო დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, ან უარყოფს, ან არასრულფასოვნად მიიჩნევს კონკრეტულ საქმეს. მხოლოდ ის საქმეები დაიდება ჩვენს მუზეუმში და მხოლოდ ის საქმეები იქნება აღიარებული, რომლებშიც შევა საკმარისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებადარღვევას. რაც შეეხება ფიზიკურ მუზეუმს, იგი მიმდინარე წლის განმავლობაში გაიხსნება. ვიმეორებ: უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანია, დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი და ის არ განმეორდეს!   თამარ ბატიაშვილი    

გაზიარება