დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გომარეთში მცხოვრები ფერმერები სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას აკრიტიკებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების მხრიდან სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის გამოცხადებული სხვადასხვა სახის პროგრამა, რომლებიც ფერმერების მხარდაჭერას გულისხმობს, სინამდვილეში მსხვილ კერძო კომპანიებზეა გათვლილი და მათ გამდიდრებას ემსახურება, კანონებსაც მათ არგებენ, რადგან ხელისუფლებაში მფარველები ჰყავთ.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება გიორგი ხიზანაშვილი _ ფერმერი:
_ დიდი გომარეთის მკვიდრები ვართ, მაღალმთიანი ზონაა და სოფელში, დაახლოებით, 800-900 ადამიანი ცხოვრობს. სანამ სოფლის მეურნეობაზე ვისაუბრებ, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ყოფილი `ნაციონალური რეჟიმის~ ჯანდაცვის მსხვერპლნი ვართ. 2011 წელს, როცა არ იყო საყოველთაო დაზღვევა, ჩვენი ოჯახის წევრი ავად გახდა და საავადმყოფოში თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოზით მოხვდა. მისი მკურნალობა 25 000 ლარი დაჯდა. ამის გამო ჩავვარდით მძიმე ფინანსურ კრიზისში, რადგან ეს თანხა ჩვენმა ოჯახმა გადაიხადა. ვინაიდან ეს თანხა არ გაგვაჩნდა, კომერციული ბანკებით ვისარგებლეთ და მათი მსხვერპლნიც გავხდით. ახლა სოფელში ვცხოვრობთ, საქონელი გვყავს და ფერმერულ მეურნეობას მივდევთ. იმედი გვქონდა, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით საქმიანობა შედეგს მოგვცემდა და პრობლემებს დავძლევდით, მაგრამ... ყველაფერს მოგიყვებით: ამჟამად 30 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გვყავს, აქედან 16 მეწველი საქონელია და რძეს ვაწარმოებთ. ვინაიდან ფერმერი ბაზარზე ვერ ხვდება, იძულებული ვართ, რძე მიმღებ პუნქტებს ჩავაბაროთ, რომლების რძეს თბილისში არსებულ გადამამუშავებელ კომბინატებს აწვდიან, კონკრეტულად კი „სანტეს“. ფერმერებს არ გვაქვს იმდენი დრო, საქონელსაც მოვუაროთ და თბილისში ბაზარზეც ვიაროთ, აქედან დედაქალაქამდე 120 კილომეტრია, გზები ძალიან ცუდია, რძე მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ იძულებული ვართ, `სანტეს~ ჩავაბაროთ.
_ რა არის თქვენი უკმაყოფილების მიზეზი?
_ ძალიან ცოტას გვიხდიან, 65 თეთრია ერთი ლიტრი რძე, ეს იმ დროს, როცა რძის წარმოება გაცილებით ძვირი გვიჯდება. ვისაც ბევრი საქონელი გვყავს, მუშებს ვქირაობთ, რადგან მარტონი ვერ ვუვლით, მწველავი გვჭირდება, მწყემსი, ზაფხულში თივის დამზადებაა საჭირო და ა. შ. ამიტომ შემოფარგლულები ვართ მხოლოდ რძის წარმოებით, რომელიც შემდგომ უნდა ჩავაბაროთ. ისინი ჩვენ რძის რეალურ ფასს არ გვიხდიან და ასე გვპასუხობენ: ჩვენ ვართ კერძო კომპანია და თუ გინდათ, ამ ფასში ვიყიდით, თუ არადა, სულ არ გვინდა თქვენი რძეო. მივმართეთ ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებს, მაგრამ არაფერი... თბილისში ვიღას მივმართოთ, აღარ ვიცით, ჩვენთვის ეს გზა გადაკეტილია... ინტერნეტში მოვიძიე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ტელეფონის ნომერი, დავრეკე, ავუხსენი მდგომარეობა, მიპასუხეს, _ ეს ჩვენი საქმე არ არის, სხვა ორგანოებს მიმართეთო. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვის მივაკითხოთ, არ ვიცით, ყველა გვეუბნება, კერძო ბიზნესში არ ვერევითო. ვუთხარი, მომეცით ტელეფონის ნომერი, ვის დაველაპარაკო-მეთქი?.. აგრარული კომიტეტი რომ არის პარლამენტში, იმათთან მინდოდა დაკავშირება, მაგრამ მითითებულ ტელეფონებზე არასოდეს არავინ პასუხობს, ან ყველას გათიშული აქვს. გიგლა აგულაშვილთან მინდოდა საუბარი, ახლა მინისტრი რომ გახდა.
_ რას ითხოვთ სახელმწიფოსგან, როგორ შეუძლიათ თქვენი პრობლემის მოგვარება?
_ ერთხელ გიგლა აგულაშვილი ტელევიზიით გამოვიდა, „ობიექტივზე“ იყო მიწვეული. „ობიექტივის“ მაყურებელი ვარ, „ქრონიკა+“-ისა და „ასავალ-დასავალის“ მკითხველი, სხვა ტელევიზია და გაზეთები არ მაინტერესებს, სიმართლეს მხოლოდ ესენი ლაპარაკობენ! აგულაშვილი ყვებოდა, სოფლის მეურნეობაში ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთო, ბოლოს იცით, რა თქვა? სოფლის მეურნეობის სპეციალისტები არ გვყავსო! მე და ჩემი მეუღლე ორივე სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები ვართ, უმაღლესი განათლებით, აგულაშვილი კიდევ ამბობს, სპეციალისტები არ გვყავსო! საკითხავი, იცით, რა არის? _ თვითონ გახლავთ სოფლის მეურნეობის სპეციალისტი? ან დღევანდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის სპეციალისტია? ის ხომ პოლიციელია, აგულაშვილი კიდევ პროკურორი?! ახლა აგიხსნით, სად არის პრობლემა და რატომ გვიხდის „სანტე“ ასეთ დაბალ ფასს?!! სახელმწიფოს თავისი ბერკეტები აქვს, რომ დარგი განავითაროს. ხომ გვეუბნებიან ჩვენ, არ ვერევით კერძო ბიზნესშიო, მაგრამ ამ დროს სხვა რამე ხდება. ვინაიდან „სანტე“ წარმატებით მუშაობს, სოფლის ფერმერებს რომ რძის ფული არ გადაუხადოს, რა ხდება _ ძირითადი მისი სამუშაო მასალა რძის ფხვნილია, რომელიც უცხოეთიდან შემოაქვს და არ იბეგრება, ე. ი. იმას გზა გახსნილი აქვს, რომ იმუშაოს იაფი პროდუქტით და ძვირად ყიდის. ამიტომ გვეუბნებიან ჩვენ, თქვენი რძე სულ არ გვინდაო. პატარა აქცია მოვაწყვეთ და `სანტემ~ ჩვენი რძე საერთოდ აღარ წაიღო, _ სულაც არ გვჭირდება, ჩუმად იყავით, ხმას ნუ იღებთო! ეს კი იმიტომ ხდება, რომ რძის ფხვნილზე მუშაობს, რომელიც არ იბეგრება. საგადასახადო კოდექსში წერია, რომ თუ წარმოებით რძე მიიღე და რძე გაყიდე, არ იბეგრება მოგების გადასახადით... მაგრამ ვინც ყველს აწარმოებს, ისინი იბეგრებიან! თავიანთ სასარგებლოდ მიღებული კანონები აქვთ, რადგან მფარველები სახელმწიფო ორგანოებში ჰყავთ. `სანტე~ რძის მიღებაში დღგ-ს იხდიდა, ადრე 100 000 ლარი იყო, ახლა 200 000-ია. რძის გადამამუშავებელი კომბინატები დღგ-ს გადასახადისგან გაათავისუფლეს, ასე იმიტომ მოხდა, რომ რძისთვის ფასი მოემატებინათ. ეს კანონი 2012 წელს მიიღეს, სააკაშვილი იყო ისევ პრეზიდენტი. მიუხედავად ამისა, ფასები არავინ მოგვიმატა. ხელისუფლებას შეგნებულად აქვს ბერკეტი გაკეთებული, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტი არ გავიდეს ბაზარზე, იმუშაოს `სანტემ~, მაგათნაირებმა და თავიანთი პროდუქცია აწარმოონ. კანონი არ მუშაობს იმიტომ, რომ ფული კეთდება! როგორც ბანკებისთვის არის საუკეთესო პირობები შექმნილი და ხალხისთვის არაფერია, ასეა აქაც! ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს. თუ სოფლის მეურნეობის აღორძინება უნდათ, განბაჟების თანხებიც უნდა დააწესონ, რომ ადგილობრივმა პროდუქციამ მიიღოს შემოსავალი.
_ ხელისუფლებამ იაფ სესხებზე სახელმწიფო პროგრამა შეიმუშავა, არ გიცდიათ სარგებლობა?
_ ბიზნეს-გეგმა გავაკეთე, მოვიწვიე ბანკის კრედიტ-ოფიცერი და ჩემი ქონება გავაცანი. ორ ჰა-ზე დასათესი კარტოფილი მქონდა, მიწები მაქვს და იაფი კრედიტის აღება ვითხოვე. ჩაიწერა ყველაფერი, მერე მითხრა, _ თანხა რომ მოგცეთ, იპოთეკით უნდა დავტვირთოთ თქვენი ბინა და ეს ბინა თბილისში უნდა გქონდეთ, ისე სესხს ვერ მოგცემთო. ბანკშიც ვუთხარი, _ ხალხნო, თუ თბილისში ბინა მექნება, რა მინდა სოფელში, არ მირჩევნია, ლილოში ვიყიდო-გავყიდო და ფული მოვიგო, იაფი სესხი სოფლის მეურნეობაში მჭირდება-მეთქი. ახლა გეტყვით, კომერციული ბანკები ვის აძლევენ ამ იაფ სესხებს: ვისაც ქალაქში აქვს ბინა, ან კიდევ მამალი `ნაციონალები~ რომ იყვნენ და დიდი რაოდენობით მიწები ჩაიგდეს ხელში, იმათ! დაახლოებით 100 000-ის ღირებულების მიწა უნდა გქონდეს, რომ იმის მესამედი სესხი მიიღო. სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ვითომ სოფლის მეურნეობა უნდა ააღორძინონ, დამოკიდებულია ვიღაც ბანკის ოფიცერზე, რომელიც გთხოვს თბილისში ბინას, რომ იპოთეკით დატვირთოს. საქონელი არ შეიძლება, რომ ფული მიიღოო. ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის სესხები გაიცა თბილისში ბინების მეპატრონეებისთვის. ვინც ეს სესხი აიღო, ზოგმა ბინა გაირემონტა, ზოგმა განვადებით კიდევ იყიდა ბინა. ერთი ადამიანი ვიცი, სახელმწიფო მოატყუა, _ 2000 სული ცხვარი მყავს და კიდევ მინდა, 500 სული ვიყიდოო, თბილისში აქვს ბინა, ჩადო ამ კაცმა ეს ბინა, ცხვარი, რა თქმა უნდა, არ უყიდია, გაყიდვის პრობლემაა და რომელი მეცხვარე იყიდის კიდევ ცხვარს, რომელსაც 2000 სული ჰყავს? წავიდა ეს კაცი, კიდევ ერთი ბინა იყიდა, გააქირავა და კრედიტის ნახევარი უკვე ქირით აქვს გადახდილი. რა თქმა უნდა, ეს ფული სოფლის მეურნეობაში არ ჩადებულა! აგროკრედიტები გლეხებამდე და ფერმერებამდე არ მიდის! სოფლის მეურნე კაცს კრედიტი არ მომცეს, თბილისში ბინა მომთხოვეს! აი, ასეთია დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება! ჩვენს სოფელში მხოლოდ მოხუცები შემორჩნენ, სოფელი იცლება, ჩვენი შვილები აქ აღარ დარჩებიან, თუნდაც იმიტომ, რომ მიწებს არ გვაძლევენ, მხოლოდ და მხოლოდ, უცხოელებზე ყიდიან, აუქციონზე გააქვთ და იქ ჩვენ ვის მოვუგოთ?! მაგალითად, დმანისში შემოსულები არიან კარალიოვების ოჯახი, აზერბაიჯანის გენპროკურორის ოჯახის შტოა, ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე იყიდეს 700 ჰექტარი მიწა, შემოსულია ასევე სხვა დიდი ფირმა, ჩვენთან კიდევ არის თავისუფალი მიწები. ქონების მართვის განყოფილება აუქციონზე ყიდის, მაგრამ ჩვენ მაგათ კონკურენციას როგორ გავუწევთ?! ყველა საარსებო წყარო ჩაკეტილი გვაქვს, აღარ ვიცით, სად გავიქცეთ! ამ ხელისუფლების იმედი გვქონდა, მაგრამ სოფელი დაივიწყეს, ამათ მხოლოდ აინტერესებთ თავიანთი ხელფასები და რაც მთავარია, პრემიები! ყველას მისამართით ვსვამ კითხვას, _ პრემიას რისთვის იღებენ, რას აკეთებენ ამისთანას? ხალხის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა ამათ არ აინტერესებთ, მარტო ის აინტერესებთ, ყოველი თვის ბოლოს პრემიები როგორ მიიღონ!
ჩვენს სოფელში 600-მდე აგრობარათი დარიგდა. დაახლოებით 200-მა ოჯახმა, რომლებიც, ფაქტობრივად, სოფელში ცხოვრობენ, ბარათები ვერ მიიღო. სიაში ვერ მოხვდნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები. მაგალითად, ჟუჟუნა მჭედლიძე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანია და ვინაიდან მას მიწა ჰექტარი და 26 მეასედი აქვს, აგრობარათი ვერ მიიღო. ასევეა ჯემალ ხიზანაშვილი, კიდევ დავასახელო?.. ჩვენი სოფელი მაღალმთიანი ზონაა და თითქმის ყველა ღარიბულად ცხოვრობს, რეალურმა მკვიდრმა ვერ მიიღო ეს ბარათი. ჯერ ერთი, ჩვენ ხომ არ გვითხოვია, ბარათები მოეცათ, ზღვარს რომ ადგენდნენ, სად იყვნენ, არც ერთ რეალურ მცხოვრებს არ აქვს ამხელა მიწები. ვეკითხები სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვიღაც ლილოს ბაზრობაზე რომ დგას, ან „კაფელჩიკი“ რომ არის თბილისში და მიწა არ აინტერესებს, იმათი ბარათები სად წავიდა?! ეს ხომ შავ ბაზარზე მოხვდა, ეს ხომ ფაქტია და ამას ვერ გავექცევით! სოფლის გლეხზე უნდა გაეცათ ერთი ბარათი და არა მიწაზე! თუ არიგებ, შე კაი კაცო, ყველას დაურიგე, თორემ ჩვენ კი არ მოგვითხოვია! სოფლის მეურნეობაში ეს ბარათი რამეს კი არ ნიშნავს, მაგ ბარათით მიწის მოხვნა ზღვაში კი არა, ოკეანეში წვეთია! თბილისიდან დმანისისკენ გზაზე რომ გამოიაროთ, გზებზე ნახავთ ჩამომწკრივებული ტრაქტორების უამრავ პარკს, აგულაშვილივით და დანელიასავით გეგონება, სოფლის მეურნეობა აყვავდაო. ჯერ ერთი, ამ ტრაქტორების მომსახურება ძალიან ძვირია, მინდვრის შესაწამლად ტრაქტორი მჭირდებოდა, ერთი კვირა უნდა იარო, ჩახვიდე დმანისში, მერე ამოხვიდე, ამათ სთხოვო, ტრაქტორი მოგცენ და ამასობაში შეწამვლა გვიანდება. დღეს გავიგე, აქედან ტრაქტორების პარკი გაჰყავთ, თუ არ გჭირდებათ, რად გინდათო?.. აი, ეს არის გლეხებისთვის ხელშეწყობის პირობები!
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის სოფელ დიდი გომარეთის რწმუნებულს, ჯემალ ბერუაშვილს დაუკავშირდა:
_ ჩვენთან ფუნქციონირებს „სანტეს“ მიმღები პუნქტი, რომელიც რძეს თავის ფასს ადებს, არც ის აინტერესებს, გლეხს რა უჯდება ამ რძის წარმოება და არც ის, „სანტეს“ ქარხანა როგორ ყიდის ბაზარზე ამ პროდუქციას. ბაზარში თუ 2,70 ლარი ღირს ერთი ლიტრი რძე, რატომ უნდა იბარებდეს „სანტე“ 65 თეთრად?! ამხელა სხვაობა შეიძლება? თუ იმას ლაპარაკობენ, რომ ბაზარზე რეალიზაცია არ ხდება, მაშინ რატომ არ წევენ თავიანთ ფასს?! ჩვენს კისერზე გადადის ყველაფერი, ფასთა ცვალებადობა იქნება თუ რა, თვითონ არაფერში ზარალობენ, პირიქით... ზაფხულის პერიოდში რეალიზაცია, რა თქმა უნდა, ნაკლებია და სხვადასხვა სოფელში მორიგეობით იღებენ რძეს. რძე რომ ჭარბი იყოს, მაშინ იძულებული იქნებიან, ფასი დააგდონ ბაზარზე, ამიტომ თავიანთი ბაზრის დაცვისთვის გლეხს აზარალებენ, თვითონ არ ზარალობენ და ამიტომ ადგენენ გრაფიკს. რატომ? მიაქვთ, წაიღონ მთლიანად და თვითონ მოუარონ, თუ გვემსახურებიან, მოგვემსახურონ! თუ როგორც უნდათ, ისე უნდა მოგვექცნენ, ეს სხვა საკითხია! გასული წელს „სანტეს“ დირექტორთან მქონდა ტელეფონით საუბარი, ნაცნობ-მეგობრების დახმარებით ძლივს გავედი კონტაქტზე და პირდაპირ მითხრა, თურმე, მე ვახდენ კერძო ბიზნესზე ზეწოლას და სასამართლოში მიპირებდა ჩივილს. ცხარე კამათის შემდეგ, ბოლოს, მითხრა, თუ გინდათ, ჩააბარეთ, თუ გინდათ, ნუ ჩააბარებთო. უბრალოდ, მოვითხოვე, საიდან იღებთ ფასს, როგორ ხდება ფასწარმოქმნა, ხომ უნდა ვიცოდე, ჩემს რძეს ფასს რომ ადებთ, საიდან იღებთ, უბრალო ადამიანური ფაქტორია, სხვა თუ არაფერი. იქნებ, მე თანახმა ვარ, 65 თეთრად კი არა, 50-ად ჩავაბარო, ხომ უნდა გამარკვიოს?! რომ მეუბნება _ მე ასე მინდაო, ეს შეურაცხმყოფელია, ელემენტარული პატივისცემა ხომ უნდა იყოს, ამდენი წელია, ურთიერთვთანამშრომლობთ და ასეთი მოპყრობა არ შეიძლება, მაგრამ, რატომღაც, ასე გვექცევიან! ამ პრობლემების შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრთანაც გვაქვს მიწერილი, პრემიერ-მინისტრთანაც და პირდაპირ მივუთითეთ, რომ დასალევი წყალი, რომელიც იყიდება მაღაზიაში, უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რძე. იმას ხომ არაფერი უნდა, უბრალოდ, ბოთლი უნდა მიუდგა და ჩამოასხა, ჩვენ ამხელა შრომას ვდებთ და ეს უფრო იაფია. ვის მივწეროთ? 250 კაცის მიერ ხელმოწერილი განცხადება მაქვს გაგზავნილი ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრებთან, პრემიერ-მინისტრთან, პროკურატურაშიც კი შევიტანეთ, ყველას ვაცნობეთ ჩვენი ტკივილის შესახებ, მაგრამ ყველა მხრიდან ასეთი პასუხია, რომ ეს კერძო ბიზნესია და ჩვენ ვერ ვერევით მაგ საქმეშიო. ძალიან უბრალოდ შეიძლება დარეგულირდეს, როდესაც რძის ფხვნილი შემოაქვს მწარმოებელს, რატომ არ იბეგრება? დაბეგვრა თუნდაც მინიმალური უნდა იყოს. გასაგებია, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია, შევდივართ მდგომარეობაში, მაგრამ რაღაც ხომ უნდა იყოს, რაც დაიცავს გლეხის წარმოებულ პროდუქციას?! მხოლოდ იმიტომ უნდათ ჩვენთან კონტაქტში ყოფნა, რომ კოლოფს მიაწერონ _ ნატურალური რძე. აგვისტოდან ახალი რეგულაციები შემოდის, არ ვიცი, როგორ იმუშავებს, ყოველ შემთხევვაში, დღეს ასეთი მდგომარეობა გვაქვს. დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი პრობლემებით. იქნებ, თქვენს გაზეთში მაინც წაიკითხონ და მოგვაქციონ ყურადღება!
„ქრონიკა+“ ასევე ცდილობდა კომენტარი მოეპოვებინა შესაბამისი სამინისტროებიდან, ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც კი მივწერეთ, მაგრამ ადამიანი ვერ აღმოვაჩინეთ, რომელიც ამ საკითხზე კომპეტენტურ პასუხს გაგვცემდა. „კერძო ბიზნესში ჩვენ ვერ ჩავერევით!“ _ ეს არის ჩვენს შეკითხვაზე გაცემული პასუხი, თუმცა ვერც იმაზე გვიპასუხეს, - ვინ უნდა დაიცვას ფერმერების უფლებები?!
თამარ ბატიაშვილი