QronikaPlus
ვეტერანები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან!

ვეტერანები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან!

2015-05-09 07:56:33

„შიხიაშვილის უწყებაში „ნაცებს“ სძინავთ! განისაზღვროს ვაზიანის სტატუსი! ვეტერანთა კოლეგიალური წარმომადგენლობა აპროტესტებს სახელმწიფო პოლიტიკას ვეტერანთა მიმართ!“ _ ამ ლოზუნგებით გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვაზიანში, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, წლების მანძილზე ქვეყანაში ვეტერანთა არასწორი სოციალურ-სამართლებრივი პოლიტიკის მიმდინარეობის პროცესები და ვეტერანთა მძიმე სასიცოცხლო მდგომარეობა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მასობრივ აქციას თავდაცვის სამინისტროსთან და ვეტერანთა დეპარტამენტთან მოაწყობენ და ულტიმატუმის ენითაც დაელაპარაკებიან. ვაზიანში მოწყობილი აქციის ორგანიზატორი გახლდათ „საქართველოს მებრძოლ ვეტერანთა და ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამცველი წარმომადგენლობითი პალატა-კოლეგია“. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მიხეილ გერგაული _ ვაზიანის ტერიტორიული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის რწმუნებული საქართველოში: _ ვეტერანთა ათმა ორგანიზაციამ გავაფორმეთ მემორანდუმი, ვითხოვთ, რომ პრეზიდენტთან შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო. ვაზიანი არის მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის წევრი ორგანიზაცია, სადაც ყველა კონტინენტის ვეტერანთა ორგანიზაციებია გაერთიანებული. მათ თავიანთი თვალით ნახეს, რა ხდება ვაზიანში, დააყენეს საკითხი, რომ შენობები გადასცემოდა ორგანიზაციას, ან ადგილობრივ ორგანოს და არა მარტო ამას, სხვა კორპუსებსაც გააკეთებდნენ, შემდეგ კი ვეტერანებს შეასახლებდნენ. 3-4-ჯერ მივმართეთ სამთავრობო ორგანოებს, პლაგიატობენ, ვინ რას იბრალებს, ვერ გაიგებთ და ამ საქმეს ხელოვნურად აჩერებენ. ამ აქციამდე იმ ფაქტმა მიგვიყვანა, რომ ვეტერანებს ქოლგების ქვეშ სძინავთ. თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურში მოკალათებულები არიან ადამიანები, რომლებმაც არც იციან რამე და სხვასაც არ უჯერებენ, ზერელედ და უგულისყუროდ უდგებიან ვეტერანებისა და საერთოდ, ვაზიანის საცხოვრებლის ამბავს. მათი უგუნური ქმედებიდან გამომდინარე, ბრეჟნევის ხანაში მგონია თავი! ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ როგორმე დაგვეხმაროს საერთაშორისო ორგანიზაცია ამ საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში, იქნებ, ურჩიონ და რაღაცნაირად მაინც ჩართონ ეს ხალხი ვეტერანთა საქმეების მართვის პროცესში. ისე არა, დღეს რომ სხედან სკამებზე, იღებენ უზარმაზარ ხელფასებსა და პრემიებს! 10-მა კაცმა რომ არ აიღოს პრემია, ამ შენობას ეშველება. კი არ მშურს, უბრალოდ, უნდა შევხედოთ, როგორ ცხოვრობენ ვეტერანები!   ემზარ ქვარიანი _ „მებრძოლ-პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე: _ ჩემი აქ მოსვლით ამ ადამიანებს თანადგომა გამოვუცხადე. ვეტერანთა დეპარტამენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფქვილისა და ზეთის დონეზე დაიყვანა ამ ადამიანების მდგომარეობა. მერე რა, რომ თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის ეს ბინები, ხალხი ხომ ცხოვრობს?! ამიტომ ვეტერანთა დეპარტამენტი ვალდებულია, მიხედოს! შუამდგომლობით მიმართოს მთავრობას, რომ ამ ხალხს ეს ბინები მისცეს საკუთრებაში კანონის შესაბამისად! რა ზეთი, რა ფქვილი?! მასხრად აგდებაა, რომ ამაზე ატარებენ ხალხს, ძლივს ავედი მესამე სართულზე, ისეთი მდგომარეობაა ბინაში! ნოდარ ცოტნიაშვილი _ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა, ვეტერანთა და ომის მონაწილეთა უფლებების საერთაშორისო კავშირის _ „მიზანი 2005“-ის თავმჯდომარე: _ თვალებგაფართოებული ვიყურები, თურმე ვეტერანთა ოჯახები რა მდგომარეობაში არიან! მოდის შიხიაშვილი და მოაქვს ერთჯერადი დახმარება, ეს კუჭს გაუძღობს მათ? დაჰპირებია, სააღდგომოდ კიდევ მოგიტანთო, მაგრამ გააცურა, ეს მისი ჩვევაა! პიარს აკეთებს სათავისოდ! ადამიანმა, რომელმაც დაიწყო „მრეწველებიდან“, მერე „მემარჯვენეები“, „ნაციონალები“, „ოცნება“, ეს გამოადგება ქვეყანას? არ გამოადგება! ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარი ჯიბისთვის იბრძვის! ამ ხალხს კიდევ პატრონი სჭირდება! ხალხი ამბობს, არ ვიცით ვისია ეს შენობაო. დეპარტამენტი არის მთავრობის, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება პრემიერს, ამიტომ მთავრობამ უნდა გააკეთოს ის, რაც სჭირდებათ ვეტერანებს. პრემიერი უნდა მოიყვანო და აჩვენო, სად ცხოვრობს ეს ხალხი! ასე არ შეიძლება ამათი მიგდება! 21-ე საუკუნეში შიხიაშვილისნაირი დახმარების ფორმა არ არის მიღებული, მიუტანო რაღაც და მათხოვარივით გადაუგდო! უნდა მისცე სამუშაო და საკუთარ თავსა და ოჯახს თვითონ მიხედავს, ერთჯერადად გადაგდებული ულუფა საშინელებაა! თუ ასე ეპყრობიან ვეტერანებს მსოფლიოში, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე! მემორანდუმზე ხელმომწერი ორგანიზაციების გარდა, აქციას ვეტერანთა სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. ტრისტან წითელაშვილი _ გენერალი: _ როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით მოვიდა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები და დაპირებები იყო ვეტერანებთან მიმართებით. მადლობას ვეუბნებით ბიძინა ივანიშვილს იმ კონტექსტში, რომ მოახერხა და ჩამოამხო სააკაშვილის რეჟიმი, მაგრამ ასე არ შეიძლება! ნახეთ, ეს ადამიანები რა მდგომარეობაში არიან? ვეტერანი არის საქართველოს სიმბოლო, მომავალი ოფიცრისა და ჯარისკაცის სახე, ისინი რომ ხედავენ ვეტერანის ასეთ მდგომარეობას, ბრძოლისუნარიანობას კარგავენ! ამ ყველაფერს ვაპროტესტებთ. დღეს ვეტერანთა სამსახურმა აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები და მარტო ლოზუნგებით ლაპარაკი და სიტყვიერი დაპირებები არ არის საკმარისი! ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამ ადამიანებს დაეხმარონ და არა პრემიები იწერონ, ჯიპების ყიდვაში ხარჯონ ფულები და კურორტებზე სიარული არ მოიკლონ მეუღლეებთან ერთად! ამ ადამიანებს მიაქციონ ყურადღება, არანაირი საცხოვრებელი პირობები რომ არ გააჩნიათ! ამას ვაპროტესტებთ! ბინები დაუკანონებელია, ასევე არ გააჩნიათ არანაირი საბუთი, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა ეს კორპუსი. ამის გამო წინა მინისტრთან ულტიმატუმი წავუყენე და საპროტესტო აქციებს ვაწყობდით, მაგრამ ახლა სხვა მინისტრი დაინიშნა. იგივეს ვეტყვით ახალ მინისტრსაც, ქალბატონ ხიდაშელს. ხიდაშელის მინისტრობა კიდევ სხვა თემაა, მაგრამ რას იზამ?! _ სხვა გზა არ არის! უნდა დაუკანონონ ეს ბინები არა მარტო ვაზიანის ვეტერანებს, არამედ სხვა ადგილებზე მცხოვრებ ვეტერანებსაც, რომლებსაც არანაირი დოკუმენტები არ აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს წინ ჩავუტარებთ სერიოზულ აქციას! „ქრონიკა+“-ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საუბარში ვაზიანელებიც ერევიან და გვთხოვენ, მათი პრობლემები ფართოდ გავაშუქოთ. ერთ-ერთი ქალბატონი ვინაობას არ გვიმხელს და გვიყვება, თუ როგორ შემოუთვალა ირაკლი შიხიაშვილმა, მადლობის წერილი დაეწერათ და ვეტერანთა დეპარტამენტში გაეგზავნათ. მას შემდეგ, რაც ამ კორპუსში მცხოვრებმა ხალხმა სურვილი არ შეუსრულა, მათი გულის მოსაგებად საკვები პროდუქტები საჩუქრად პირადად ჩაუტანა. მოიგო თუ არა შიხიაშვილმა ვაზიანელ ვეტერანთა ოჯახების გულები, ამას პირადად გვიყვებიან: ლია ხიზამბარელი: _ შიხიაშვილი დაგვპირდა, გარდაბანში არის სახლები, ამ კორპუსებიდან გაგიყვანთ და იქ შეგასახლებთო, დაგასაქმებთ ქალებსაც და კაცებსაცო. რაღაც პროდუქტები კი ჩამოგვიტანა, მაგრამ ცოდოები ვართ, დილას ჭექა-ქუხილი რომ ატყდა, ბავშვები გადაირივნენ. წყალი ჩვენი სახსრებით შემოვიყვანეთ, 60-60 ლარი გვაქვს დახმარება, სახურავი ჩვენ არ გაგვაჩნია და კანალიზაცია, ზაფხულში აქ ვერ დაჯდები! ასე როგორ შეიძლება?! ნონა მარტიაშვილი: _ მე გახლავართ ყოფილი ვეტერან-გვარდიელთა კავშირის თავმჯდომარის, დავით მარტიაშვილის და, რომელიც ამჟამად უკრაინაში და იბრძვის და რომელსაც სამშობლომ ამაგი არ დაუფასა, უკრაინამ კი თავდადებისთვის მედალი მისცა. მას სამშობლოში არასოდეს არაფერი მოუთხოვია, მაგრამ აქ ახლა ჩემი ძმის საყოფაცხოვრებო პირობებზე და მის წარმოსაჩენად არ ვლაპარაკობ. მართალია, ახლა ამ შენობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ვეტერანები გაფანტულები არიან მთელი ვაზიანის დასახლებაში, გვაქვს საშინელი საყოფაცხოვრებო პირობები, არავინ არაფერს გვიკანონებს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, იმდენი ძაღლია მომრავლებული, დილა-საღამო შეუძლებელია გარეთ გამოსვლა, 112-ს რომ ვურეკავთ, გვეუბნებიან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართეთო. როცა მუნიციპალიტეტს მივმართავთ, არავინ იცის, რა ადმინისტრაციული ტერიტორია ვართ: დაბა, სოფელი, ქალაქის ტიპის დასახლება თუ რა?.. 20 წელია, აქ ვცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ მესმის, რომ დაკანონება იქნება. ახალ მთავრობას და ყველა არჩევნებს იმედის თვალით შევყურებთ, მაგრამ სტატუსი რომ არ გვაქვს, არავის ვაინტერესებთ! აგერ, ამ ქალბატონის საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, წელიწადნახევარი კარავში იცხოვრა, ახლაც იგივე მდგომარეობაშია, ყოველ ღამე ნაღმზე სძინავთ, როდის დაინგრევა კორპუსი, არავინ იცის! 12 კორპუსია ამისთანა, დადებულია საბუთები, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს, ეკონომიკის სამინისტრო აბარებს გარდაბნის მუნიციპალიტეტს, ესენი თავდაცვის სამინისტროს და ასე ტრიალებს წრეზე, სამკუთხედი არ შეიკრა, რომ ვიღაც ჩაუდგეს სათავეში! ჰოსპიტალიც ხომ იცით, რა მდგომარეობაშია? თუ 2008 წლის ომის მონაწილეებს ეკუთვნის შეღავათები, რატომ არ ეკუთვნის აფხაზეთის ომის მონაწილეებს?! დანაშული იყო აფხაზეთის ომი? თუ დანაშაული ოყო, მოვძებნოთ დამნაშავე, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ერთხელ და სამუდამოდ ჰააგაში იქნება, სტრასბურგში თუ სხვაგან... დამნაშავეც არ ცხოვრობს დღეს საქართველოში ასეთ პირობებში, როგორც ჩვენ, ციხეში უკეთესი პირობებია... მარიამ ცუცქირიძე: _ მარჩენალდაკარგული ვარ. ჩემი ქმარი აფხაზეთის ომის ვეტერანი გახლდათ. როცა ომიდან ჩამოვიდა, ისე იყო განადგურებული, საცხოვრებელი ბინა გავყიდეთ, რომ გადარჩენილიყო. ვეღარ გადავიხადეთ ბინის ქირა და აქ გადმოვედით. 6 თვის გადმოსულები ვიყავით, რომ ახალაიამ და ადეიშვილმა ყალბი მოწმეების მეშვეობით დაიჭირეს. პოლიტპატიმარი იყო. როცა 2013-ში გამოუშვეს პატიმრები, ჩემი ქმარი კი არ გაათავისუფლეს, ითანამშრომლე ჩვენთან, თორემ არაფერი გეშველებაო, ამიტომ მომიკლეს ციხეში. პროკურატურაში განცხადება შევიტანე. ვინ არ იცის, ეკა ბესელიამ, საწყალ ვაზაგაშვილსაც კი მივმართე, ყველამ იცის ეს საქმე, არც ერთი ინსტანცია და ორგანიზაცია არ დამრჩენია, რომ არ მიმეკითხა. ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი რომ მიმდინარეობდა, ხომ იხვეწებოდნენ, მოწმეები გვინდაო, მე არავინ გამომიყვანა, პროკურორმა არც კი მიმიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალებთან“ არიან გარიგებულები და მაგათთან რად მინდა ლაპარაკი?! არ ვჩერდები, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე! მეორე გაჭირვებაც მადგას: ახლა რომ წვიმები იყო, 200 ლიტრამდე წყალი ჩავაქციე ტუალეტში, თავზე მაწვიმს და მათოვს, არავინ მაქცევს ყურადღებას, 22 ლარს მაძლევენ მხოლოდ ჩემი ქმრისას. შიხიაშვილმა გაუწია დახმარება, აქ პროდუქტები მოუტანა ხალხს, ჩემთვის ის პროდუქტებიც არ მოუტანია! ეს არის თვალში ნაცრის შეყრა. არ მაინტერესებს ის პროდუქტი, მაგრამ ხომ უნდათ ვეტერანებს რაღაცნაირად დახმარება? ამოპანღურებული ვარ, არ ვიცი, რა გზას დავადგე?! ჩემი ქმარი სანამ ცოცხალი იყო, სოციალური დახმარება მქონდა, მოკვდა თუ არა, წლისთავი გადავუხადე და მომიხსნეს, თურმე გავმდიდრებულვარ! კარზე ცელოფანი მაქვს ჩამოფარებული, კარ-ფანჯრები არ მაქვს, მარტოხელა ქალი ვარ, რა გავაკეთო? არავის იმედი არ მაქვს, შევაწრიალე ქვეყანა, მაგრამ რა?!. იმის საშუალებაც კი არ გამაჩნია, რომ ვიარო... რით ვიარსებო, არავინ კითხულობს ამას. თუ შევედი „ოცნებაში“, რატომ შევედი, რატომ ფეხები არ გამიხმა, სანამ არჩევნები იქნებოდა! ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, დაგიკანონებთო, პირადად შევხვდი გარდაბანში რომ მოვიდა, _ თქვენ 3000 ხმას კარგავთ-მეთქი, _ მოვალ და დაგიკანონებთო. ვინ დააკანონა?! მიწა გარდაბნისაა და ეს კორპუსი თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. თავდაცვამ უარი თქვა, ეკონომიკის სამინისტრომ უარი, ქონების მართვამაც უარი, მივწერე თავდაცვას, მისამართი მაინც მოგვეცით, სად წავიდეთ-მეთქი, შეჭრილები ხართო. არა ვართ შეჭრილები! თუკი ჩინელებს ასახლებენ, აქაურ მცხოვრებლებს მედლები უნდა ჩამოგვკიდონ, რომ ქართველები ვსახლდებით, უნდა გვეხვეწებოდნენ, რომ აქ ფეხი მოიკიდეთ და გამრავლდითო! ხომ დაგვპირდა ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის აღდგენას? სამართლიანობის ძებნაში, უსამართლობაში გაჭყლეტილი ხალხი ვართ. რამდენჯერ მივედი და დილიდან საღამომდე ველოდე. არ მოვიდა სამსახურში შიხიაშვილი. რად გვინდა ასეთი კაცი? მოვიდეს ისეთი კაცი, რომელსაც გული შესტკივა ვატერანებზე!  

                                                                                      თამარ ბატიაშვილი

       

გაზიარება