რადიო „თავისუფლება“ წერს, რომ „რიგის სამიტმა შესაძლოა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას იმედი გაუცრუოს“. როგორც სტატიაში აღნიშნულია, აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი, რომელიც რიგის სამიტისთვის მომზადდა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ძალიან ცოტა კარგ ამბავს მოიცავს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას უკვე დაეგზავნა.
„ეს სამი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა, იმედოვნებდა, რომ რიგის სამიტზე ევროპა მათ მისწრაფებებს ერთ დღეს ბლოკში გაწევრიანების შესახებ აღიარებდა, თუმცა დოკუმენტში ძალიან მცირე მინიშნებაა იმისა, რომ ეს მოხდება“, _ წერს „თავისუფლება“.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა საშინაო დავალება შეასრულა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიას საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მოხსენება ჯერ არ გაუკეთებია, ბაქრაძის განმარტებით, ეს საკითხი ვერ იქნებოდა ასახული რიგის სამიტის დეკლარაციის პირველად პროექტში, რომელიც გავრცელდა. სახელმწიფო მინისტრი ადასტურებს, რომ საქართველომ, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სხვა ქვეყანამ, სამიტის ერთობლივი განცხადების პროექტი მიიღო.
„პირველადი პროექტი ყოველთვის ნედლი მასალაა, რომელიც შემდგომ მდიდრდება იმ პროგრესის აღნიშვნით, რომელსაც თითოეულმა სახელმწიფომ მიაღწია. მასში უნდა აისახოს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საქართველომ ბოლო პერიოდში განახორციელა და იქ იქნება აღნიშნული საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ“, _ აცხადებს ბაქრაძე.
მისივე თქმით, საქართველო, ევროკავშირის შეფასებით, ლიდერია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით და, შესაბამისად, აქვს მოლოდინი, რომ მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახება რიგის სამიტზე, თუმცა ვიზალიბერალიზაციის მიღება სამიტის ფორმატში არ ელის.
„რიგის სამიტი არ არის ის ფორმატი, რომელზეც საქართველო ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ელის, არამედ ელის პროგრესის აღიარებას. ამის შემდგომ იქნება პროცედურები ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოში და ა. შ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები, რომ 23 მაისს შეგვეძლება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, თუმცა რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება. გარდა ამისა, არის სხვა მოლოდინები, რომ ევროკავშირმა აღიაროს ამ სამი სახელმწიფოს _ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის _ ევროპული პერსპექტივა. ამას ჰყავს თავისი სკეპტიკოსები და გულმხურვალე მხარდამჭერებიც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს სახელმწიფოები, მიუხედავად იმისა, რა წნეხსაც განიცდიან, აგრძელებენ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც უნდა აისახოს რიგის სამიტზე“, _ ამბობს ბაქრაძე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება. მანამდე ორი თვით ადრე პოლონურ მედიაში გავრცელდა სამიტის დეკლარაციის პროექტი და აღინიშნა, რომ „ევროკავშირს თავისი აღმოსავლელი პარტნიორებისთვის რიგის სამიტზე არაფერი აქვს შესათავაზებელი“.
დეკლარაციის პროექტის ბოლო ვერსია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 6 სახელმწიფოს უკვე დაეგზავნა, „რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა. „თავისუფლების“ ცნობით, რიგის სამიტი, სავარაუდოდ, გააწბილებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, ვინაიდან სამიტის განცხადების პროექტში არ არის ნახსენები კონკრეტული ზომები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დადასტურებულია „თითოეული პარტნიორის სუვერენული უფლება“, აირჩიოს, რა ამბიცია და მიზნები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში.
„ქრონიკა+“ ამ თემაზე ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრება:
_ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ფაქტია, ქართულმა მხარემ აშკარად დააკლო მუშაობა ევროპის დედაქალაქებში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები სრულდება, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია ხდება და გარკვეული ნორმები არის შემოღებული (როგორც თვითონვე ამბობენ, ამის დაუნახაობა არ შეიძლება), ეს არასაკმარისია. საჭიროა აქტიური ლობირება ევროპის დედაქალაქებში, სერიოზული პოლიტიკური მუშაობა. ამაში დიდი ხანია, პროგრესს ვერ ვხედავ. ყველაფერი უკან მიდის, რაც შედეგში გამოიხატა კიდეც. ამიტომ ბუნებრივია, რიგაში სერიოზულს ვერაფერს მივიღებთ.
სამწუხარო კიდევ ის არის, რომ გააჩინეს მოლოდინი უვიზო რეჟიმის მოცემაზე, რაც აბსოლუტურად არარეალისტური მიდგომა იყო. ახლა, როცა ვიცით, რომ უვიზო რეჟიმი არ იქნება, ამას მოსახლეობაში ევროკავშირის, ზოგადად, დასავლეთის მიმართ იმედგაცრუება მოჰყვება.
_ მცდელობის დაკლება ქართული მხრიდან რით არის გამოწვეული?
_ სერიოზული პრობლემები გვაქვს, მათ შორის, კომპეტენციისა და კოორდინაციის თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, ეს, მგონი, უპირველესი მიზეზია. გვყავს პროფესიონალები იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვა უწყებებშიც, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პროცესს მართვა და სწორი მიმართულებით წაყვანა აკლია. საგარეო უწყების თანამშრომლები საქართველოს პოლიტიკურ ლობირებას ვერ გაუწევენ ბერლინში, პარიზსა თუ სხვა დედაქალაქებში. ამას თანამშრომლობის განვითარება და ინტერესების დაცვა ცოტა სხვა დონეზე სჭირდება.
_ მედიაში უკვე გამოქვეყნებული სამიტის დეკლარაციის პროექტი როგორ გამოიყურება?
_ სამწუხაროდ, ჩვენთან მიმართებით ძალიან თავშეკავებული და ზომიერი დოკუმენტია. საერთოდ არ არის ნახსენები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, რაც ძალიან სამწუხარო და მიუღებელი ამბავია. უკრაინის კონტექსტშიც კი არ ვართ ნახსენები.
_ ეს რაზე მიანიშნებს?
_ იმაზე, რომ ამ მხრივ მუშაობა შევამცირეთ. არ ხდება ამ თემის წინ წამოწევა მაღალ დონეზე. როცა ამას შენ თვითონ არ აკეთებ, ევროპელებს საკუთარი თავის ტკივილიც ბევრი აქვთ და თუ თავს დაავიწყებ, ისინი ძალიან მარტივად დაგივიწყებენ. ფიქრობენ, თუ საქართველოს არ სჭირდება დახმარება, კი ბატონო, ნუ უნდა, ჩვენ ისედაც ბევრი საკუთარი საქმე და პრობლემა გვაქვსო.
ასე რომ, ამ სიტუაციას მუდმივი მუშაობა სჭირდება. ამ ვითარებაში რამის მიღწევა ძალიან რთულია და მისი დაკარგვა მეტად ადვილია.
_ რა ეტაპზე არის მოსალოდნელი ვიზალიბერალიზაციის განხორციელება და ევროპული პერსპექტივის აღიარება?
_ ძალიან რთული სათქმელია. თუ ასე გაგრძელდა და მუშაობა არ გამოსწორდა, ჩვენ ამისთვის კიდევ დიდხანს ლოდინი დაგვჭირდება. ვიზალიბერალიზაციას დიდი მუშაობა უნდა და აქ უამრავი პრობლემაა. უმთავრესი ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა და სიღარიბეა. ბუნებრივია, ევროპაში ყველა ხვდება, რომ ვიზალიბერალიზაცია და უვიზო რეჟიმი საქართველოდან ევროპაში მიგრაციას მოასწავებს. ეს არც ჩვენ გვაწყობს, რადგან აქედან ყველა ევროპაში გაიქცევა. ეს არის, ალბათ, ყველაზე სერიოზული პრობლემა აღნიშნულ გზაზე.
ასევე, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ ამ პროცესს სჭირდება ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობის მოწმობების დანერგვა. სანამ მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ბიოპასპორტების შიგნით ეშმაკები ბუდობენ, ამან შეიძლება, ცოტა არ იყოს, გაგვირთულოს საქმე.
_ სოციალური მდგომარეობა ახსენეთ, რამდენად არის ქვეყანაში კრიზისი, სოციალურსაც ვგულისხმობ და პოლიტიკურსაც?..
_ ევროკავშირს უფრო ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, არსებული სიღარიბის დონე ადარდებს. საქმე უვიზო რეჟიმს როცა ეხება, უპირველესად, ამ მდგომარეობას ითვალისწინებენ. პოლიტიკურზე რა გითხრათ, ევროპაშიც არის მსგავსი პრობლემები, მთავრობის შეცვლა ჩვეულებრივი ამბავია. ბელგიაში იყო პერიოდი, როცა მთავრობა არ ჰყავდათ, მაგრამ ინსტიტუტები მუშაობდა. ეს მათ სტრუქტურებს ვერ დაარღვევს, ჩამოყალიბებული ძლიერ სახელმწიფოებია, კარგი ეკონომიკით.
ჩვენთან ნებისმიერი პოლიტიკური არასტაბილურობა, ბუნებრივია, ძალიან ცუდად აისახება ეკონომიკაზე, ლარზე და ა. შ. ეს ჩვენი ძალიან ცუდი მოცემულობაა.
გელა მამულაშვილი