QronikaPlus
რა თაღლითობაშია გარეული ლაშა ჩხენკელი?!

რა თაღლითობაშია გარეული ლაშა ჩხენკელი?!

2015-05-08 10:05:33

  ამჯერად, ჭავჭავაძის 5ა _ ადგილი, სადაც კახიძეების ოჯახი 3100 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობდა. ტრაგიკული ისტორია, რომლის გამოც ოჯახის უფროსი იძულებული გახდა, საკუთარი შვილი სახლიდან გაეგდო, ჩხენკელების უმცროს ძმას, ლაშას უკავშირდება. ჩხენკელებმა კახიძის მძიმე ავადმყოფობით ისარგებლეს და ის აფერა ჩაატარეს, რომლის დეტალებს „ქრონიკა+“-ს ჯუმბერ კახიძე უმხელს: _ ჭავჭავაძის 5ა-ში მქონდა 3125 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მანდ უნდა აშენებულიყო მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. პროექტი და მშენებლობის ნებართვა დამტკიცებული იყო. იმ პერიოდში (ეს იყო 2007 წელი) გადატანილი მქონდა ინსულტი, ვიწექი საავადმყოფოში და ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, ჩვენი შვილის, მალხაზ კახიძის მეშვეობით, მოეძებნა ინვესტორი, რომელიც მშენებლობას დაიწყებდა. ჩემმა შვილმა ნახა მისი ნათელმირონი და მეგობარი, ლაშა ჩხენკელი, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა თბილისის საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილედ. ლაშა ჩხენკელმა დააკავშირა ჩემს შვილს მშენებელი გიორგი გოგიბერიძე, შპს „იბერიის“ მფლობელი, რომელიც იმ პერიოდში რესტორან „თაღლაურას“ თავზე აშენებდა დიდ საცხოვრებელ კორპუსს. გოგიბერიძე მშენებლობის დასრულების სანაცვლოდ ითხოვდა აშენებული ფართის 60%-ს, ხოლო 40%-ს გადასცემდა ლალი კახიძეს. _ დავაზუსტოთ, ბატონო ჯუმბერ, ლაშა ჩხენკელის დიდი გავლენები ახსენეთ, გულისხმობდით თუ არა ამ გავლენებში მისი ძმების ფაქტორს, რომლებიც იმჟამინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იყვნენ? _ არა მხოლოდ მისი ძმები, მისი მეგობარი და ნათელმირონი იყო იმჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი, გიორგი ბარამიძე, რომელმაც იგი დანიშნა თბილისის საგადასახადოს პირველ მოადგილედ. მისი ძმები მუშაობდნენ გარკვეულ თანამდებობებზე, აკაკი ჩხენკელი იყო პროკურატურაში, მფარველობდნენ ერთმანეთს. იმ პერიოდში რომან ჩხენკელი ახალი წამოსული იყო თავდაცვის სამინისტროდან, სადაც ის მუშაობდა დეპარტამენტის თავმჯდომარედ მშნებლობების დარგში. გიორგი ბარამიძის მინისტრობის დროს მან გაანიავა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონება. როდესაც თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ოქრუაშვილი მივიდა, მას დაჭერილი ჰყავდა რომან ჩხენკელი, ბარამიძემ გამოაშვებინა და ამის შემდეგ მასსა დაბარამიძეს შორის მოხდა დიდი ჩხუბი, ოქრუაშვილი ხელითაც შეეხო მას. შერიგების სცენა, მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა მოაწყო. ჩვენ როგორც ვიცოდით, გოგიბერიძეს, „იბერია სიტის“ დირექტორს, საკუთარი სახსრებით უნდა აეშენებინა საცხოვრებელი სახლი. როგორც შემდგომში გაირკვა, მას საკუთარი თანხა არ ჰქონდა და ამის შემდეგ იწყება ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც ჩხენკელების თაღლითური სქემის ნაწილია. 2007 წლის ნოემბერს მათ დაუფუძნებიათ შპს „ლიბერტი სიტი“, რომლის დირექტორად ლაშა ჩხენკელის რეკომენდაციით დაუნიშნავს ზურაბ დანელია. თემურ გოგიბერიძეს 50% ჰქონდა ამ კომპანიაში წილი. 2007 წლის 1-ლ დეკემბერს ლალი კახიძესა და შპს „ლიბერტი სიტის“ შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება ნოტარიუს ოთარ ზოიძესთან. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მაგრამ არ დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. ამის შემდეგ, 2007 წლის 6 დეკემბერს, ლაშა ჩხენკელმა ჩემი მეუღლე წაიყვანა „საქართველოს ბანკში“ იმ მოტივით, რომ საჭირო იყო საბანკო გარანტიის დოკუმენტებზე ხელის მოწერა. ჩემს მეუღლეს აზრადაც არ მოუვიდოდა, თუ მას მიწას ჩაადებინებდნენ „საქართველოს ბანკში“. დადგება დრო და გამოძიება ყველაფერს გაარკვევს! 6 დეკემბერს ლალიმ მოაწერა ხელი დოკუმენტებს ისე, რომ არც კი იცოდა, რაზე აწერდა ხელს. არც უფიქრია, რამეს თუ მოატყუებდნენ, რადგან მანამდე ნოტარიუსმა ოთარ ზოიძემ განუმარტა, რომ აღნაგობის ხელშეკრულების თანახმად, მიწა რჩებოდა მის საკუთრებაში და მას ვერავინ შეეხებოდა. 2007 წლის ისევ 6 დეკემბერს ლალი ხელს აწერს რაღაც დოკუმენტს და ფორმდება „ლიბერტი სიტისთვის“ ქონების გადაცემა, რასაც მოყვა მილიონ ასი ათასი დოლარის სესხი „საქართველოს ბანკიდან“. ამის შემდეგ ეს კომპანია ეტაპობრივად თანხას ურიცხავს შპს „იბერია სიტის“, თითქოსდა ჩვენს მიწაზე საცხოვებელი სახლის მშენებლობისთვის. თანხის ნაწილი მოხმარდა კიდევ ერთ ახალ კომპანიას. ამ ამბის დეტალები სწორედ კომპანიის დირექტორმა, ზურაბ დანელიამ მომიყვა. ის ასევე აცხადებს, რომ ლაშა ჩხენკელი ძალით, მუქარით მაკეთებინებდა ყველაფერსო. _ ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდა ააწყვეს? _ არა მხოლოდ ფინანსური პირამიდა, არამედ თაღლითური სქემაც, რომლის მეშვეობითაც საკუთარი ქონების გარეშე დაგვტოვეს. ოთხი თვის შემდეგ, 2008 წლის აპრილს, შპს „ლიკას“ ხელმძღვანელისთვის, ლიკა კახიანისთვის (ამას იგი აღიარებს) დაურეკავს გოგიბერიძეს და უთქვამს, სასწრაფოდ გვჭირდება თანხა, რომ „ვიპ პალასი“ ვიყიდოთო. კახიანმა რამდენიმე დღეში იშოვა 800 000 დოლარამდე. ამის შემდეგ ლაშა ჩხენკელს „თიბისი ბანკიდანაც“ გამოუტანია სესხი. იყიდეს ყიფშიძის 2-ში „ვიპ პალასი“ 600 კვ.მ., იპოთეკით კი დამატებით დატვირთეს არა მათ მიერ შეძენილი ქონება, არამედ ჩემი მიწის ნაკვეთი, ჭავჭავაძის 5ა-ში. ამის შესახებ არც ლალიმ იცოდა არაფერი. მშენებლობა დაიწყეს არა ჩემთან, არამედ ყიფშიძის ორში. წილები განაწილდა შემდეგნაირად: 34% გაიფორმა ლაშა ჩხენკელმა, 33% მისცეს გოგიბერიძეს და 33% _ ზურაბ დანელიას, რომელიც იქაც გააფორმეს დირექტორად. დანელიამ მოგვიანებით ყველაფერი აღიარა, _ მაშინ ვერ გაგიმხელდი ვერაფერს, ლაშა ჩხენკელი დაუნდობლად გამისწორდებოდაო. 2008 წელს ჩხენკელმა გოგიბერიძეს წაართვა 33% და საკუთარ თავზე გაიფორმა. ზურაბ დანელიას დარჩა მისი წილი, მაგრამ მამამისის ბინა ბანკში ჩაადებინა და დღესაც გამოუხსნელი აქვს. ამ სიტუაციაში აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა! 2009 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნონა ზარქუამ, მისი გადაწყვეტილებით, „იბერია სიტს“ ყველაფერი დაუყადაღა. იმ მომენტში ვერ დავაყადაღეთ „ვიპ პალასი“, რაღაც დოკუმენტები გვაკლდა. სწორედ ამ დროს გამოვიდა ჩემთან კავშირზე ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, _ მე დაგიცავო. ამ კაცმა ცალკე სისხლი გამიშრო. ყავლაშვილმა მოჰკიდა საქმეს ხელი. თურმე, ადეიშვილის კურსელი ყოფილა, ჩხატარაშვილი ჩართო, ეს ჩართო, ის ჩართო. აქ მიდის საუბარი უკვე რაზე: რეკავს საგამოძიებო ნაწილის უფროსი, კახა მაჭავარიანი, _ ყადაღები რომ დაადეთ კომპანიას და მის ქონებას, სახელმწიფოს სჭირდება ახლა ეს და სასწრაფოდ მოხსენით, უახლოეს ხანში დაიწყება მუშაობაო. ჩვენც არ გვინდოდა აურზაური, არავის დაჭერა. ამ თხოვნის მერე გიორგი ყავლაშვილმა დარეკა პროკურატურაში, შეხვდა ჩხატარაშვილს, მობრუნდა უკან და მითხრა, _ მე გარანტია ვიქნები ყველაფერში, ყადაღა უნდა მოხსნათო. მოსამართლეზე ცალკე ზეწოლები ხორციელდება, პროკურატურა იყო დაინტერესებული, _ როგორ გაბედეთ და ყადაღა დაადეთ ამ ქონებასო?! თურმე, რა ხდება: ეს ის პერიოდია, როცა სამების ტაძარი შენდება. მისი არქიტექტორის შვილს, რომელსაც აქ ბინა ჰქონია, ვერ უფორმებენ ბინას ჩემი ყადაღის მოხსნის გარეშე. ამის შემდეგ გოგიბერიძე დაიჭირეს და ორი მილიონი მიატანინეს. ბოლოს ხელახლა, გასული წლის ივლისში, მორიგი თაღლითობისთვის დაიჭირეს. _ ბატონო ჯიმშერ, როგორ გაგრძელდა თქვენი საქმე? _ ყადაღა მომახსნევინეს და საქმე თაროზე შემოდეს. ღმერთმა იცოდეს, არც ახლა მინდა ვინმეს დაჭერა, მაგრამ ჩხენკელები უნდა გამწარდნენ, ავადმყოფ კაცს როგორ მომექცნენ?! იქით ბანკი ითხოვს სესხის დაბრუნებას, ან მიწის ნაკვეთის წაღებით იმუქრება, ცალკე იპოთეკარები! რა დღეში ჩაგვყარეს, წარმოდგენაც კი ძნელია. ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე, 2012 წლის 5 ნოემბერს, არჩილ კბილაშვილის სახელზე შევიტანეთ განცხადება, მივწერეთ თეა წულუკიანს, ჩვენი განცხადება გადასცეს ქალაქ თბილისის პროკურატურას, რომელმაც იგი დააწერა ვაკე-საბურთალოს პროკურატურას. გამომძიებელი იყო ახალგაზრდა გოგო, ანზორ ბარაბაძის შვილი. სოფო ბარაბაძემ უცებ მოჰკიდა საქმეს ხელი და 2013 წლის 29 იანვარს ლალი კახიძის კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სოფო ბარაბაძემ დაკითხა ლალი კახიძე, ზურაბ დანელია, ლიკა კახიანი. ყველამ მისცა ჩვენებები ლაშა ჩხენკელის წინააღმდეგ. ამის მერე საქმეში უკვე ერთვება ფინანსური პოლიცია. იქ არის ერთი ავთო კვერნაძე. გამოქანდნენ, მივარდნენ ნაცვლიშვილს, _ გადმოგვაწერე ეს საქმეო. წაიღეს და დღესაც შემოდებულია თაროზე. ფინანსურ პოლიციაში გააერთიანეს „იბერია სიტის“ საქმესთან, რომელთანაც ჩვენ კავშირი არ გვქონდა. ამის შემდეგ აღარც ჩხენკელი მინახავს, ჩვენი შვილიც გავაგდეთ სახლიდან, იმიტომ რომ ის ჩვენი ღირსი აღარ იყო. განცხადებას განცხადებაზე ვწერ ეკა ბესელიას, უჩა ნანუაშვილს, „საიას“ _ უშედეგოდ. ზურა დანელია, ეკა კახიანი და გოგიბერიძე დააკავეს „იბერია სიტის“ საქმეზე. აქ არის ვიღაც გიორგი გაგნიძე, ფინანსური პოლიციის ზედამხედველი პროკურორი. ვეუბნები, რომ დაკითხოს ლაშა ჩხენკელი. თურმე, ვინ დაკითხავს?! _ ესენი მთავრობაში არიან უკვე. წელიწადნახევრის მერე მივიღეთ პასუხი, _ თქვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია, ჩხენკელი დაიკითხებაო. მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი, წელიწადი გავიდა, დაკითხვაზეც კი არავინ ეძახის. ახალი დეპარტამენტი რომ შეიქმნა, გავაგზავნეთ იქაც განცხადება, მაგრამ დემეტრე გრიგალაშვილმა _ გამომძიებელმა, რომელსაც ჩვენი განცხადება დაეწერა, გვითხრა, _ საქმე ფინანსური პოლიციიდან ჩვენთან არ გადმოსულა, ამიტომ ვერაფერს ვაკეთებთო. მიუხედავად იმისა, რომ ძმები ჩხენკელები ხელისუფლებიდან წავიდნენ, მათი გავლენა, ჯერ კიდევ, დიდია.

                                                                                                            ელისო კილაძე

 

გაზიარება