QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: „ოცნებასაც“ „ნაციონალებივით“ სურს ჰყავდეს მოსამართლე-ზონდერები, რომლებიც ცუდად დაასრულებენ!“

მამუკა ნოზაძე: „ოცნებასაც“ „ნაციონალებივით“ სურს ჰყავდეს მოსამართლე-ზონდერები, რომლებიც ცუდად დაასრულებენ!“

2015-05-11 16:10:51

ქვეყანა, რომელიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ელოდება სამართლიანობის აღდგენის პროცესსა და თავისუფალი სასამართლო ინსტიტუტის შექმნას, დღეს ისევ უსამართლობის გზაზე დგას. ადვოკატები ამ დრომდე აპელირებენ იმ საკითხზე, რომ სასამართლო ინსტანციებში ისევ ძველი კადრებია თავმოყრილი და მათ მიერ გამოტანილი განაჩენები სამართლიანობის აღსრულებისგან შორს დგას. „ქრონიკა+“-ს ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება ადვოკატი მამუკა ნოზაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ სასამართლოში ძველი სახეების დაბრუნება, როგორც ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს, ისე საზოგადოების მხრიდან სამართლიან გზაზე ბრძოლას შეუშლის ხელს. რა კონკრეტული ფაქტები აქვს ადვოკატს და რატომ დაადგა ახალი ხელისუფლება ძველი ხელისუფლების გზას? მამუკა ნოზაძე: _ 26 აპრილს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა კენჭისყრა და დაამტკიცეს ახალი მოსამართლეები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანიები ახლები არიან. მათ სიას თუ გადახედავთ, დარწმუნდებით _ უმეტესობა არის ძველი კადრი და სასამართლო სისტემაში უკვე შესრულებული აქვს „გედის სიმღერა“. სასამართლო ხელისუფლება არ ცდილობს, გაკეთილშობილდეს და ჩამოყალიბდეს. სამართლებრივ სახელმწიფოში კი ყველაზე დიდი როლი უჭირავს სასამართლო ხელისუფლებას. მოსამართლის 48 ვაკანსია იყო და უკვე დანიშნეს 24 მოსამართლე. _ 48 ვაკანსია საიდან გაჩნდა, მოსამართლეები სამსახურებიდან დაითხოვეს? _ მოსამართლეების უმეტესობას 10-წლიანი ვადა გაუვიდა. მოგეხსენებათ, ასეთი ვადით იყვნენ ისინი სამსახურებში დანიშნული. ვაკანსიების გაჩენას, სამწუხაროდ, სხვა მიზეზი არ ჰქონია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში, დისციპლინური სამართალწარმოება არ მოქმედებს. ბოლო წლებში, ამ წესით, არც ერთი მოსამართლე არ დასჯილა. ცხადია, იმ გახმაურებულ ფაქტებს თუ არ ჩავთვლით, როცა სააკაშვილის პერიოდში უზენაესი სასამართლოდან გააძევეს ცნობილი მეამბოხე მოსამართლეები _ ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა და მურმან ისაევი. იმის შემდეგ დისციპლინური სამართალწარმოება გაჩერდა. მიზეზი იყო ის, რომ კუბლაშვილმა მოახდინა სასამართლო ხელისუფლების უზურპაცია და მოსამართლეებად დანიშნა ის ხალხი, რომლებიც მისი დავალებების აღმსრულებლები და მონები იყვნენ. აბა, რისთვის სჭირდებოდა დისციპლინური სამართალწარმოება კონსტანტინე კუბლაშვილს?! ის ბოლო იბრძოდა იმისათვის, რომ მოსამართლეები მუდმივად ყოფილიყვნენ გამწესებული სამოსამართლეო თანამდებობებზე და იმასაც განმარტავდა, რომ მოსამართლეს რა სახის დანაშაულიც არ უნდა ჩაედინა, უნდა ეპატიებინათ. კუბლაშვილის უშუალო ინიციატივით მოხდა სისხლის სამართლის კოდექსიდან იმ მუხლის ამოღება, სადაც მოსამართლის მიერ უკანონო განაჩენის, ან გადაწყვეტილების განზრახ გამოტანა დასჯადი იყო. სისხლის სამართლის დღევანდელ კოდექსში არის მუხლი _ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა ამით ჯერ არც ერთი მოსამართლე არ დასჯილა. მათ არც ახალი ხელისუფლება სჯით. არც იმ მოსამართლეებისთვის მოუთხოვიათ პასუხი, რომლებზედაც თავად `ქართული ოცნება~ აპელირებდა, რომ ჩადენილი ჰქონდათ დანაშაული, რადგან მათ უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ, მაგრამ მათმა უმეტესობამ კონკურსშიც არ მიიღო მონაწილეობა და ამ თანამდებობებზე კვლავ დაინიშნენ. 48 ადგილი იყო და 24 მოსამართლე უკვე დაინიშნა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების ნაკლებობაა. ისინი ვერ აუდიან საქმეების განხილვას და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა შეიქმნება, როცა 24 ადგილი არის თავისუფალი?! _ ამბობთ ძველი მოსამართლეები კონკურსზე არ გაატარესო და რა ნიშნით გადაარჩია ისინი საბჭომ? ხომ უნდა არსებობდეს ნორმა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ასეთ დროს უნდა იხელმძღვანელოს? _ ყოფილ მოსამართლეებს არანაირი გამოცდა არ სჭირდებათ, რადგან მათ გამოცდა, თავის დროზე, უკვე ჩააბარეს. ის პირები კი, რომლებიც წინათ მოსამართლეებად არ მუშაობდნენ,  კანონმდებლობის მიხედვით აბარებენ გამოცდას, რომელიც ორ ეტაპად იმართება. მერე მონაწილეობენ კონკურსში და ირიცხებიან იუსტიციის სკოლაში, სადაც წელიწადნახევარი სწავლობენ. ამის მერე მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. ამჯერად, უკვე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უტარდებათ გასაუბრება. ფაქტობრივად, იქ წყდება, ამ პროცედურაგავლილებიდან ვინ უნდა გამწესდეს მოსამართლედ. ეს გასაუბრება ჩატარდა კონსტანტინე კუბლაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში, თუმცა კენჭისყრა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დროს მოაწყვეს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეთიკურობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, ნინო გვენეტაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან ის არ მონაწილეობდა გასაუბრებაში. ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობამ, სადაც უმრავლესობა არის კუბლაშვილის კლანის წევრი, მოახერხა და 24 ადამიანიდან უმრავლესობა ისევ ძველი მოსამართლეები დანიშნა. ისინი მოიაზრებიან მათი „ბანდის“ წევრებად და, შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ მიმართ იყვნენ და არიან ლოიალურად განწყობილნი. ახლა სათითაოდ განგიმარტავთ, ვინ დანიშნეს კვლავ მოსამართლეებად და რა გაუკეთებიათ მათ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ დაინიშნა მანანა ჩოხელი, რომელიც მანამდეც ამ სასამართლოს მოსამართლე იყო. ის სისტემაში კომუნიტების დროიდან მუშაობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი მოსამართლეა. ვფიქრობ, მან იმიტომ დაიმკვიდრდა ადგილი სამსახურში, რომ არის კარგი შემსრულებელი, არ გამოირჩევა ინიციატივებით, სამართალშემოქმედებით და მოსამართლის აუცილებელი დადებითი უნარ-ჩვევებით. ის არ არის მოსამართლე, რომელიც სამართლიან სასამართლოს სჭირდება და გამოადგება _ საქმეებზე გააკეთებს შესაბამის ანალიზს და სამართლებრივ გარემოებებსა თუ ფაქტებს მისცემს ადეკვატურ შეფასებას. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებასაც ურჩევნია, რომ ჰყავდეს ისეთი რუტინული მოსამართლეები, რომლებიც „კოპი ფეისტით“ გადაიტანენ გადაწყვეტილებას. მის „შემოქმედებაში“ ბევრი ასეთი საქმეა, როცა მანანა ჩოხელს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების კოპირება აქვს გაკეთებული. არ აქვს დამოუკიდებლად შეფასებული დაცვის მხარის არგუმენტები და მის მიერ განხილულ საქმეს უამრავი კითხვის ნიშანი უზის. _ იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რას აკეთებდა უკანონოდ მანანა ჩოხელი? _ როცა პატიმარი გარდაიცვლება სახელმწიფოს მიერ ძალადობის გამოყენების დროს, ან ციხეში არაადეკვატური მკურნალობის შედეგად, ხშირად იქ გამოკვეთილია სახელმწიფოს დანაშაულებრივი როლი. მანანა ჩოხელმა ვერ გაიგო, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ხელშეუვალი უზენაესი უფლება და ასეთ დროს მოსამართლემ უნდა გაატაროს პრევენციული ღონისძიებებიც, ანუ სახელმწიფო და მისი მოხელეები დააჯარიმოს სერიოზული თანხით, რომელსაც ეს ადამიანები შემდგომი მკურნალობისთვის გამოიყენებენ. ჩოხელი მათ მხოლოდ 3-4 ათას ლარს აკუთვნებდა და ეს მაშინ, როცა თავად მისი ერთი თვის ხელფასი ამ თანხას აღემატება. მოსამართლეს, რომელიც დიდ შრომას სულაც არ ეწევა, მთელი აპარატი ეხმარება საქმეში და მაინც „კოპი ფეისტით“ გამოაქვს გადაწყვეტილებები, მისი შრომითი ანაზღაურება უფრო მეტია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე, ან სულაც უკანონოდ უფლებების შეზღუდვა. ამავე დროს, ჩოხელი ხშირად არ დადის პროცესებზე და ამბობენ, რომ არის ბიულეტენზე. ვინც მოსამართლეობას ვერ უძღვება, ამ სისტემიდან უნდა წავიდეს, რადგან საქმეების უსაფუძვლო გაჭიანურებით მოქალაქეებს ზიანი ადგებათ. _ ახლად დანიშნული მოსამართლეები კიდევ 10 წელი იქნებიან ამ პოსტებზე? _ კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა და მოსამართლეები სამი წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ, თუმცა ამის მერე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თუ ჩათვალა, რომ ამ პერიოდში მათ გაამართლეს, აქვთ უფლება, საპენსიო ასაკამდე მოსამართლეებად იმუშაონ. ჩოხელმა რადგან მოახერხა და ყველა ხელისუფლების დროს შეინარჩუნა მოსამართლის სკამი, ალბათ სამ წელსაც გადალახავს და სამუდამო მოსამართლის სტატუსს მიიღებს. თბილისის სააპელაციო, სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლედ დაინიშნა გოდერძი გიორგიშვილი. „ნაცმოძრაობის“ დროს თითებზე ჩამოსათვლელი კარგი მოსამართლეები იყვნენ, რასაც გიორგიშვილზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ის თავდაპირველად საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე იყო, სადაც დანაშაული ჩაიდინა ადვოკატების მიმართ _ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ორ ადვოკატს მიუსაჯა პატიმრობა. ამ საქმეებზე ევროპულ სასამართლოში განხილვა უკვე დასრულებულია და შესაბამისი დასკვნაც დაიწერა. ამ მოსამართლემ შეასრულა ზურაბ ადეიშვილის პირდაპირი მითითება, არ გაწირა თავისი თანამდებობა და არ გამოიტანა სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება. ამ პიროვნებების ხელში შეუძლებელია სამართლიან სასამართლოზე არათუ ვისაუბროთ, არამედ ვიოცნებოთ კიდეც! იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თამარ მეშველიანიც კვლავ დანიშნა მოსამართლედ. ამ პიროვნების მთელი სანათესავო დღეს სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებს. მისი ახლობლები არიან მოსამართლეები: ძმები ბუგიანაშვილები და ირინა ტყეშელაშვილი. აქედან ისიც ჩანს, რომ იუსტიციის საბჭოში მოქმედებს ნათესავურ-კლანური პრინციპი. ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალციხის სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა შალვა მჭედლიშვილი. ბოლოს ის მუშაობდა გურჯაანის სასამართლოში და გამოჰქონდა უკანონო გადაწყვეტილებები. ამ მოსამართლის მიმართ ბევრი პრეტენზია დაგროვდა წლების განმავლობაში, `ნაცმოძრაობა~ შალვა მჭედლიშვილს, გარდამავალი დროშასავით, რაიონიდან რაიონში დაატარებდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ საბჭოს კიდევ ერთხელ არ მიეცა შანსი. იტყვის საზოგადოება, აბა, რას იზამს, ჩვენთვის სამართლიანობა არ აღმდგარაო, როცა ხედავს, რომ იგივე პროკურორები, მოსამართლეები ინიშნებიან თანამდებობებზე, ან დღემდე ინარჩუნებენ სავარძლებს? ასეთი ადამიანები დანიშნეს ისევ მოსამართლეებად და არ დანიშნეს მარინა ბოკუჩავას მსგავსები, რომლებიც ამ სისტემაში სამართლიანობით იყვნენ გამორჩეულები. ყოფილი მოსამართლე მარიკა ბოკუჩავა ამ კონკურსში მონაწილეობდა. იგი ადრე მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა, არ ურიგდებოდა პროკურატურის უკანონობებს და სააკაშვილის პერიოდში გამამართლებელ განაჩენებს აყენებდა. ერთ-ერთი ასეთი განაჩენის გამოტანის წინ პროკურატურამ პირდაპირ შეუთვალა, რომ თუ ასეთ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, მის შვილს არ გაახარებდნენ. მისი პროტესტი იყო ის, რომ განცხადება დაეწერა და დაეტოვებინა მოსამართლის სკამი. 9 წელზე მეტია, ელოდება ეს ადამიანი საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებას, მაგრამ კუბლაშვილ-ადეიშვილის საბჭომ ის უარით გამოისტუმრა. _ მიზეზად რა დაუსახელეს? _ იუსტიციის საბჭო კენჭისყრით წყვეტს ამ საკითხს და, ცხადია, მიზეზსაც არავის ეუბნება. საქართველოში არაფერი იმალება _ არც ცუდი და არც კარგი. ამიტომ ყველამ ვიცით, ვინ ვისი დახმარებით ინიშნება, ვის რა ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს, არის თუ არა ობიექტური და ა. შ. ამ კონკურსში ასევე მონაწილეობდა მანანა ნიკაშაძე, რომელიც მუშაობდა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში და გამოირჩეოდა სამართლიანობით, მაგრამ არც ის დანიშნეს. სწორედ ასეთი ავტორიტეტის მქონე ადამიანების სასამართლო სისტემაში მოსვლა გახდება გარანტი იმისა, რომ ყველას უფლება, კანონიერი მოთხოვნა და სამართლიანობა დაცული იქნება, მაგრამ ამ დანიშვნებით მტკიცდება, რომ ეს არც ამ ხელისუფლებას უნდა. სამაგიეროდ, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში დანიშნეს ივანე ღლონტი, რომელიც მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ. ამ ადამიანმა მანანა ჩოხელივით ვერ გაიგო ის, რომ ავადმყოფი პატიმარი, რომელიც იმყოფება მკურნალობის ქვეშ, ან ითხოვს მკურნალობას, განეკუთვნება სოციალურად დაუცველის კატეგორიას და არ შეიძლება, რომ მას ბაჟის გადახდა მოსთხოვონ. ეს ელემენტარულიც კი არ იცოდნენ და ყველა საქმეზე ასეთ პატიმრებს ბაჟის გადახდას სთხოვდნენ. დენის ყვარელაშვილს, უშანგი ქოიავას, ნიკოლოზ მჭედლიშვილს, ნიკოლოზ მირზაშვილს სთხოვდნენ ფულს, რათა მათი მკურნალობის საქმე განეხილათ. სანამ სტრასბურგში არ გავასაჩივრე ეს ფაქტები და სახელმწიფო არ დადგა დილემის წინაშე, ეს მდგომარეობა იქამდე არ გამოსწორდა. ამ  მოსამართლეებმა ასობით ადამიანს უარი უთხრეს საქმის განხილვაზე, რის გამოც მათი ჯანმრთელობა გაუარესდა, ან ლეტალურად დამთავრდა. კვლავ მოსამართლედ დანიშნული ქეთინო ლუაშვილი 30 წელი სასამართლო სისტემაში მუშაობს. რომან ხორავა მცხეთის სასამართლოს მოსამართლე იყო და სულაც არ გამორჩეოდა სამართლიანობით და ობიექტურობით. იგი დაკვეთებს ასრულებდა შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმების დროს, თუმცა ეს არ აღმოჩნდა ხელშემშლელი ფაქტორი, რომ ის კვლავ დაენიშნათ მოსამართლედ აბაშის მუნიციპალიტეტში. ხაშურშიც ძველი კადრი, ფარეიშვილი დანიშნეს, რომელიც შევარდნაძის დროსაც მოსამართლე იყო, თუმცა მისი სამართლიანობისა და ობიექტრურობის თაობაზე საზოგადოებას არაფერი სმენია. მოკლედ, 24 ახალდანიშნული მოსამართლიდან 5 თუ იქნება ნორმალური კადრი. მაგალითად, ზოია კვარაცხელიას მოსამართლეობა არის სამართლიანობის ზეიმი. ასევე სასიხარულოა მაია სულხანიშვილისა და კიდევ რამდენიმეს დანიშვნა, მაგრამ 5 ადამიანი 24 კანდიდატში, ბუნებრივია, ამინდს ვერ შექმნის. აღმოჩნდა, რომ ამ ხელისუფლებასაც უნდა ჰყავდეს ისეთი მოსამართლე-ზონდერები, როგორიც ყველას სჭირდებოდა. ასე თუ გაგრძელდა, ქაოსი, რომელიც სასამართლო სისტემაშია შექმნილი, გაძლიერდება და ცუდად დასრულდება. სამოქალაქო საქმეებს დიდი თავის ჭყლეტა არ სჭირდება, თუმცა ერთი წლის მანძილზე იხილავენ ეს მოსამართლეები. მათი დისციპლინა ნულის ტოლია, რადგან სამართალწარმოება მათზე არ მოქმედებს. ასეთი ინდულგენცია ჰქონდათ კუბლაშვილისგან მიღებული და რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. პროცესზე მოსულს ხშირად გეუბნებიან, მოსამართლე ავად არის, ლექციის წასაკითხად წავიდა, ან სულაც ტრენინგზეაო. ამ მიზეზებით პროცესები იდება და იდება. ცხადია, არ შეიძლება, ტრენინგები და ლექციები ხალხის წვალებისა და ფულის უაზროდ ფანტვის ხარჯზე დაიგეგმოს. ზოგი სასამართლოზე რაიონიდან სპეციალურად ჩამოდის და მოსამართლის აქეთ-იქით სეირნობამ ის არ უნდა დააზარალოს. _ უზენაესი სასამართლოს ახალარჩეული თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, ხალხს შეჰპირდა, რომ სამართლიან სასამართლოს დაამკვიდრებს. თუ იუსტიციის საბჭოს წევრები, როგორც თქვენ ამბობთ, კუბლაშვილის `ბანდიდან~ არიან, გვენეტაძეც ვერაფერს მოახერხებს?.. _ ნინო გვენეტაძე ახლახან დაინიშნა ამ პოსტზე. ჩვენ ვიცით მისი ხედვები, პროგრამა, თუ როგორ აპირებს სასამართლო სისტემის გამოსწორებას. მან ერთ-ერთ ფორმად დაასახელა სამოსამართლეო დისციპლინისა და სამართალწარმოების ამოქმედება. აღნიშნა, რომ არ შეიძლება ამდენი დარღვევის ფონზე, ერთ მოსამართლეზეც კი არ იყოს დაწყებული დისციპლინური დევნა. ამიტომ 24-საათიან რეჟიმში უნდა დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით, რათა დროულად ამოქმედდეს სადისციპლინო სამართალწარმოება და ის მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოებას უდიერად და არაეთიკურად ექცევიან, შესაბამისად დაისაჯონ. როცა დამკვიდრდება ტენდენცია და კანონდარღვევისთვის მოსამართლეები დაისჯებიან, განთავისუფლდებიან თანამდებობებიდან, ეს იქნება პრევენციული ღონისძიება და იგივეს სხვა ვეღარ გაბედავს. ნინო გვენეტაძემ სწრაფად უნდა დაიწყოს ეს მოქმედებები და მოსამართლეებმაც უნდა იგრძნონ, რომ მათთვის ყველაზე მთავარი უნდა იყოს კანონი და არა რომელიმე მაღალჩინოსნის ბრძანება. ის არ უნდა იყოს თავდაჯერებული, რომ რადგან მოსამართლეა, პასუხი არაფერზე არ მოეთხოვება. ამას მარტო ქალბატონი ნინო, რა თქმა უნდა, ვერ განახორციელებს, თუ გვერდით არ ეყოლება ძლიერი გუნდი, რომელიც მხარში ამოუდგება. ახლა პიროვნულად დაგისახელებთ, ვინ არიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მათ ძველი ხელისუფლების მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. სხვათა შორის, „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა ახალი საბჭოს არჩევა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მის მიერ შემუშავებული კანონის გატანა. ლევან მურუსიძე მხოლოდ იმიტომ დაინიშნა უზენაეს სასამართლოში, რომ სულხან მოლაშვილის მიმართ გამოეტანა უკანონი განაჩენი. მოგეხსენებათ, სახელმწიფომ თავადვე აღიარა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომ მოლაშვილის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი. ამის მერე მურუსიძე გახდა იუსტიციის საბჭოს არათუ რიგითი წევრი, არამედ მდივანი. ცხადია, ეს ადამიანი ხმას მისცემდა იმ კანდიდატებს, რომლებიც „ნაცმოძრაობისადმი“ ლოიალურად არიან განწყობილნი. საბჭოში ასევე არის თამარ ალანია. ის იყო ადეიშვილის კადრი, რომელიც დაინიშნა სასამართლოში. იგი სხვა მოსამართლეებისგან აგრესიულობითაც გამოირჩეოდა და სისხლის სამართლის პალატაში ბევრი უკანონო განაჩენიც გამოჰქონდა. ეს ადამიანი არის ყოფილი ხელისუფლების მეხოტბე და ღვიძლი შვილი, ახლა კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. შოთა გეწაძე სასამართლოში მდივნად მუშაობდა და სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. „ნაციონალების“ დროს ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნა. მან განიხილა ბიძინა ივანიშვილის საქმე და უარი უთხრა მოქალაქეობაზე. ყველამ კარგად იცის, სასამართლო ვის დაკვეთას ასრულებდა. ისიც ფაქტია, რომ გეწაძემ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღო და ყველაფერი სააკაშვილ-ადეიშვილის ნაკარნახევი იყო. ამ საბჭოს წევრი პაატა სილაგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაინიშნა სასამართლოში, შემდგომ კი, ყოველგვარი უპირატესობის მიუხედავად, უზენაეს სასამართლოში მოხვდა. ის არის კუბლაშვილის დაჯგუფების წარმომადგენელი და მისი იდეების განმახორციელებელი ისევე, როგორც გიორგი შავლიაშვილი. ეს პიროვნება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და წინა 9-წლიანი რეჟიმის განმახორციელებელ-აღმასრულებელი იყო. რაც დაავალეს, ყველაფერი რომ გააკეთა, მერე წაიყვანეს უზენაეს სასამართლოში. ახალმა ხელისუფლებამ მიიღო კანონპროექტი და ახლა პარლამენტსაც აქვს უფლება, იუსტიციის საბჭოში რამდენიმე წევრი დანიშნოს. სწორედ ამ ფორმით არის იქ დანიშნული ვახტანგ თორდია, რომელიც, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ძველი კადრია. ის იყო აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე მაშინ, როცა აფხაზეთის ტერიტორია უკვე წართმეული გვქონდა და რომელ სასამართლოზე იყო საუბარი, გაუგებარია. გარდა ამისა, ამ პიროვნების მიმართ საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს. ეს არაფრით გამორჩეული ადამიანი დასვა, რატომღაც, პარლამენტმა იუსტიციის მთავარ საბჭოში. ასევე პარლამენტის მიერ არის დანიშნული გოჩა მამულაშვილიც. იგი უნივერსიტეტში ასწავლიდა, თუმცა არავის უნახავს, 9-წლიანი რეჟიმის დროს ამ პიროვნებას რამე აქტიური პოზიცია გამოეხატა. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი იქ ზის პარლამენტის ლობირებით და ახლობლების დახმარებით. ანუ ამ საბჭოში კვლავ `ნაციონალური სიო~ დაჰქრის და ირგვლივ არ ახარებს სამართალსა თუ სამართლიანობას. ახალმა ხელისუფლებამაც ცხადია, კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს, მაგრამ შეგუებულია. მათ ჰგონიათ, რომ მუდმივად ისხდებიან ამ პოსტებზე და ქვეყანაში დამკვიდრებული უსამართლობის მსახვრალი ხელი მათ არასდროს შეეხება. ეს რომ ასე არ არის, ისინი აუცილებლად მიხვდებიან, მაგრამ მათთვისაც და ქვეყნისთვისაც გვიანი იქნება.  

                                                                                                    ნელი ვარდიაშვილი

გაზიარება