QronikaPlus
„როცა მესაზღვრე მშიერი და მწყურვალი გყავს, საზღვარიც სუსტი გექნება!“

„როცა მესაზღვრე მშიერი და მწყურვალი გყავს, საზღვარიც სუსტი გექნება!“

2015-05-01 08:52:45

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პირობას დებს, რომ დაისჯებიან ის პირები, რომლებიც პანკისელ ბავშვებს სირიაში წასასვლელად აქეზებენ. მისივე განმარტებით, შესაბამისი პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. თემა თავისი ქტუალობიდან გამომდინარე სენსიტიური და სარისკოა. რა ბერკეტი აქვს ჩვენს ქვეყანას, რა მიზნები ამოძრავებთ ქვეყნის გარეთ მყოფ პირებს და რას უნდა ელოდოს საქართველო გააქტიურებული ხალიფატისგან? ამ და სხვა დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი, ზაალ კასრელიშვილი: _ ჩვენ არც პოპულისტები ვართ და არც ისტერიული განცხადებები გვიკეთებია, ამიტომ არსებულ კითხვებზე ობიექტური და სამართლიანი პასუხები უნდა გავცეთ. არ ვიცით, ამ საკითხში სპეცსამსახურები რას აკეთებენ _ დახურულ სივრცეში ზემოქმედება რა ფორმით მოახდინეს ან, საერთოდ, თავიდანვე აკონტროლებდნენ თუ არა აღნიშნულ პროცესებს? მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ ისინი მუშაობენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სერიოზული მოძრაობებია დაწყებული იმ მიმართულებით, სადაც ახალგაზრდები მიდიან. ამდენად, პროცესის სრული ანატომია არავინ იცის, გარდა სპეცსამსახურებისა და იმ ადამიანებისა, რომლებსაც აქედან ახალგაზრდები გაჰყავთ. _ ვინ არიან ეს ე. წ. შუამავლები, ვინც ამ საომარ ხაზს უზრუნველყოფს? _ ისინი არა შუამავლები, არამედ პროცესის სრულუფლებიანი წევრები არიან. მათ „დავადჩიკები“, ანუ გადამბირებლები ჰქვიათ. არიან მოჯაჰედები, მებრძოლები, იგივე წინახაზი, ავანგარდი, სარდლობა და ასევე არიან ის „დავადჩიკები“, რომლებიც არ არიან მოჯაჰედები, მაგრამ როგორც გადამბირებლებს, ყველა ის თვისება აქვთ, რაც ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს: არიან განათლებულები, ენაწყლიანები და ადამიანებს გავლენის ქვეშ ადვილად აქცევენ. თუმცა „დავადჩიკების“ ერთი ნაწილი ყოფილი მოჯაჰედი, ვეტერანი და ავტორიტეტია. მთავარია, „დავადჩიკი“ მორალური ავტორიტეტი იყოს. სწორედ ეს ადამიანები „მრევლით“ ამარაგებენ ხალიფატს და არა მარტო მას. ხალიფატამდე ხომ ამ ტიპის სხვადასხვა ორგანიზაცია იყო, აგრესიული ისლამის მიმდევარი, რომელიც მერე პოლიტიკურ ისლამად გადაიქცა. ფინანსისტებიც, ძირითადად, ეს „დავადჩიკები“ არიან. მთავარი და მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ თავიდანვე არასწორი მიდგომა იყო, რომ თითქოს იქიდან კავკასიელები აფინანსებენ ამ პროცესს. ეს ტყუილია. ფინანსისტები და მომმარაგებლები ეთნიკური არაბები არიან. კავკასიელებს თანხას ხელში არ ჩაუგდებენ, ეს გამორიცხულია. 90-იანი წლებიდან ამის გამოცდილება აქვთ, ჩრდილოეთ კავკასიაში თანხებს აგზავნიდნენ, რაც მიზნობრივად არ იხარჯებოდა. ახლა ეს თანხები უკვე მიზნობრივად იხარჯება. კონკრეტულ სახელსა და გვარს კონკრეტულ საქმიანობაში აძლევენ ამა და ამ რაოდენობის თანხას. ზოგადად, ეს სქემა მოქმედებს. _ ეს „დავადჩიკები“ თვითონ გადაადგილდებიან და უშუალოდ ხვდებიან გადასაბირებელ ადამიანებს, თუ აქ კიდევ სხვა რგოლი მოქმედებს? _ ისინი თვითონაც გადადგილდებიან და ადგილებზე ე. წ. უჯრედებიც აქვთ. გინდ მოჯაჰედი ჩამოსულა _ შეხვედრია თავის ელექტორატს და გინდ _ „დავადჩიკი“, ამის პრობლემა არ აქვთ. თუ კონკრეტულად კავკასიაზე მეკითხებით, მათ ეს გადაადგილების პროცესი დიდი ხანია, დაამთავრეს. უკვე შექმნილი აქვთ პირველადი ორგანიზაციები, დავარქვათ „უჯრედები“ და მუდმივ მოძრაობას აღარ საჭიროებენ. ახლა კონკრეტულ პირებთან ურთიერთობენ, თუმცა არც გადაადგილების პრობლემა ექმნებათ, რადგან არალეგალურად არაფერს აკეთებენ. ეს იმ ადამიანების გარდა, რომლებიც „შავ სიებში“ არიან შეყვანილი. _ რა ტიპის კონტროლი ხორციელდება ამ ადამიანებზე და ამისთვის რა რესურსი არსებობს? _ საერთაშორისო ანტიტერორისტული ზედამხედველობის კონტროლი არსებობს. რა ხარისხით მუშაობს, არ ვიცით და თუ ვინმე გეტყვით, რომ იცის, როგორ მუშაობენ სპეცსამსახურები, ეს სიმართლე არ იქნება. ვიცით, რომ არსებობს სია, რომელიც აბსოლუტურად ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებში დაფიქსირებულია. ამ კონკრეტულ სახელსა და გვარებს, შესაბამისი გარეგნობის ადამიანებს გადაადგილებაში ხელს უშლიან. მარტო ეს ვიცით, დანარჩენი შიგნით რა მექანიზმი მუშაობს, რა ხარისხით ჰყავთ ჩანერგილი აგენტურა და რა ფორმა-ინტენსიურობით იღებენ ინფორმაციებს, ჩვენთვის უცნობია. _ რა გზას გადიან, თუნდაც, პანკისიდან წასული ადამიანები? _ შემკრები პუნქტები თურქეთის ტერიტორიაზეა და მერე იქიდან სირიაში გადაჰყავთ, იმის მიხედვით, სად უნდა თვითონ, ვისთან მიდის, იქ მიჰყავთ. თუ კონკრეტულად არავისთან მიდის, რასაკვირველია, დისლოკაციის ადგილს თვითონ მიუჩენენ, მაგრამ თუ კონკრეტულ მისამართზე მიდის და ეს მისამართი წარმატებული, ავტორიტეტული და გავლენიანი პიროვნებაა, აუცილებლად მასთან მიიყვანენ. ძირითადად ეთნიკური ნიშნით არიან გაერთიანებულები. _ თუ გაქვთ მონაცემები, პანკისიდან და მთლიანად საქართველოდან, ამ გზით რამდენი ადამიანია წასული? _ მთლიანობაში, დაახლოებით, 170 კაცია _ ძირითადად, პანკისი, ქვემო ქართლი, აჭარა. _ რა შედეგები შეიძლება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ამ პროცესიდან? _ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ხალიფატის ხელმძღვანელობა. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ასიათასიანი ლაშქარი ჩამწკრივდება და კავკასიისკენ დაიძრება და რომ მას ეთნიკურად კავკასიური წარმოშობის სარდლობა გამოუძღვება წინ. ამას არასერიოზულად მივიჩნევთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამხელა მანძილზე ფრონტალური კოლონის ასეთი ღია გადაადგილება ძალიან იოლი სამიზნე გახდება. თუ კავკასიელების ეთნიკურ და რელიგიურ სიჭრელეს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩრდილო კავკასიის მუსლიმანურ რეგიონში მათ სერიოზული დასაყრდენი აქვთ. აზერბაიჯანი მუსლიმანური სახელმწიფოა და ორი, ან სამი დაჯგუფება ჰყავთ სირიაში, ანუ ვაჰაბიზმი ამ ქვეყანაში უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებულია. თვითონ ქვეყნის შიგნით აზერბაიჯანის ხელმძღვანეობა შეიძლება პროცესს აკონტროლებს, მაგრამ ქვეყნის გარეთ მისი მოქალაქეები იბრძვიან და ჩვენი ქვემოქართლელი აზერბაიჯანელებიც ამ ეთნიკურ დაჯგუფებაში არიან გაერთიანებული. ამიტომ ძნელია გაიგო, რამდენია წასული საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობიდან სირიაში. ამას დავამატოთ აჭარა. საერთოდ, 500 ათასამდე მუსლიმანი ცხოვრობს საქართველოში და ეს საკმარისი რაოდენობა და ბაზაა იმისთვის, რომ ე. წ. უჯრედები აქაც ჰქონდეთ. ასე რომ, დასაყრდენიც აქვთ და მხარდამჭერებიც ჰყავთ. _ ჩრდილოეთ კავკასიაში სამომავლოდ ეს რა გართულებას მოიცავს? _ პრესითა და ტელევიზიით რომ არაფერს გვეუბნებიან, იმას არ ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ომი დამთავრდა. ჩრდილოეთ კავკასიაში ეროვნული ცნობიერების მებრძოლები, ანუ დამოუკიდებლობისთვის, რესპუბლიკების რუსეთისგან გამოყოფის მომხრეები იძულებით გაერთიანდნენ ვაჰაბიტებთან, იგივე სალაფიტებთან, რათა ერთობლივად აწარმოონ ბრძოლა ერთი მტრის წინააღმდეგ. ისინი ყველანი ჩრდილო კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკის ტყეებში არიან და პერმანენტულად ყველგან სხვადასხვა ფორმით ახორციელებენ თავდასხმებს. არა მარტო ტერაქტებს, პირდაპირ სამხედრო ოპერაციებსაც ატარებენ. _ თუნდაც პანკისში რა ნიადაგი არსებობს, რაც ახალგაზრდების ისლამურ სახელმწიფოში გადინებას იწვევს? _ უპირველესად, რელიგიური მოტივაცია არსებობს. მოგეხსენებათ, ადამიანი სულიერი არსებაა და მას აუცილებლად სჭირდება მორალური მოტივაცია გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში. ადამიანი რასაც აკეთებს, მომგებიანი უნდა იყოს ეკონომიკური თვალსაზრისით და ასევე მისაღები უნდა იყოს მორალური შეფასების კუთხით. ის, რაც ხდება, ვაჰაბიტების მიერ გაცხადებულია, როგორც საღვთო ომი. ჩვენ თვითონ დავფიქრდეთ და გადავხედოთ წინაპრების ისტორიას, მათ გმირობასა და საქმიანობას. უფლის ნების აღსრულებისთვის ვიბრძვით და თან ეკონომიკური შემოსავლები გვაქვსო, _ მგონი, საკმარისად ახსნილი მოტივაციაა ვაჰაბიტების მხრიდან. _ საერთო-სახელმწფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის რა პრობლემები გვაქვს? ისევ პანკისის რეალობაზე გავამახვილოთ ყურადღება... _ 90-იან წლებში ედუარდ შევარდნაძემ პანკისის ხეობის პრობლემები ირაკლი ალასანიას ჩააბარა. საუბედუროდ, ამ ხეობაში მიმდინარე პროცესები ალასანიას დონეზე გახდა გადასაწყვეტი. იმის ნაცვლად, რომ დაელაგებინა, ახალგაზრდა კაცმა იქაურობა ისე აურ-დაურია, რომ 2001 წელს დაგვბომბეს კიდეც. პარალელურად, ალასანიამ ძალიან სერიოზული და ავტორიტეტული საველე მეთაურები გადაიკიდა. მათ ეს არ დავიწყებიათ. მერე იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პანკისის ხეობის თემა დალუქა, მთლიანად ჩაკეტა. შიგნით რა სიბინძურე ტრიალებდა, არავინ იცოდა, რამდენიმე ადამიანის გარდა, მაგრამ შედეგი ისეთი დადგა, რა პროცესებიც მანამდე შიგნით მიდიოდა. 2012 წლის აგვისტოში ლაფანყურის სისხლიანი შეტაკება მოხდა. დღეს ჭრილობამ თავი იჩინა. დღევანდელი ხელისუფლება ვალდებული იყო, ლაფანყურის სისხლიანი ინციდენტი გამოეძიებინა და გაესაჯაროებინა. გამოძიებული არის, მაგრამ გასაჯაროებული _ არა. პრემიერ-მინისტრი ჩასული იყო და გარკვეული დაპირებები გასცა, რომელთაგან მხოლოდ ერთი შესრულდა, სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყო. უნდა მოხდეს კახეთის რეგიონის სამოქალაქო ინტეგრაცია ცენტრალური მასშტაბით. წარმატებული, წარჩინებული, გონებაგახსნილი ადამიანები, რომლებიც უკვე ინტეგრირებული არიან ქართულ საზოგადოებაში, სახელმწიფო მიაჩნიათ საარსებო სივრცედ და საკუთარ ქვეყნად, სხვადასხვა ფორმით ცენტრალურ ხელისუფლებაშიც უნდა წამოვიყვანოთ თანამდებობებზე. პლუს, აუცილებლად ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური გარემო უნდა გაჯანსაღდეს. ეს მოგონილი თემებით არ უნდა მოხდეს _ ადგილობრივი პოტენციალის გათვალისწინებით, მომგებიანი საწარმოების შექმნით. _ მთავრობას აქვს გამოხატული ნება, რომ ასეთი ნაბიჯები გადაიდგას? _ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროცესებს, ვაკონტროლებთ და ჩართული ვართ. ვნახოთ, ხელისუფლების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოდან ჩავიდნენ და დაპირებები გასცეს. მანამდე იქ პრემიერ-მინისტრი იყო აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და დაპირებები მათაც გაიღეს, მაგრამ ვიმეორებთ, რომ სპორტული ბაზის გარდა, ჯერჯერობით, არაფერი შესრულდა. ასევე არ გასაჯაროვდა ლაფანყურის ინციდენტის გამოძიების შედეგებიც. ახლა დავაკვირდებით პროცესს. მოკლე პერიოდში ვითარებას შეეტყობა, დაიწყებენ დანაპირების შესრულებას თუ არა. თუ არა, გავაქტიურდებით და შევუტევთ ხელისუფლებას, რომ დანაპირები შეასრულოს. აქ საუბარი უნდა იყოს არა მარტო პანკისზე, არამედ მაღალმთიან რეგიონებზე. საქართველოს მაღალმთიანი რაიონებისა და ხეობების მოსახლეობა ბუნებრივი მესაზღვრეები არიან ჩვენი სახელმწიფოსი. თუ ეს მესაზღვრე მშიერი, მწყურვალი და იდეოლოგიურად გაუმართავი გყავს, საზღვარიც ავტომატურად სუსტი გექნება.  

                                                                                       გელა მამულაშვილი

 

გაზიარება