QronikaPlus
რატომ ეჭვიანობს ღარიბაშვილი კალაძეზე და ვინ მფარველობდა გია ბარამიძეს?!

რატომ ეჭვიანობს ღარიბაშვილი კალაძეზე და ვინ მფარველობდა გია ბარამიძეს?!

2015-05-01 08:33:29

ხელისუფლებაში ღია დაპირისპირება დაიწყო. ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მკაცრად გააკრიტიკა, _ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდაზე ინფორმაციას რატომ ასაჯაროებთ და მოსახლეობას გულს რატომ უხეთქავთო?! ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, რომელიც უცხოეთში იმყოფება, პრემიერს სოციალურ ქსელში უპასუხა. ღარიბაშვილის ახლო გარემოცვამ კი ხელისუფლებაში მოსვლიდან მხოლოდ ორი წლის თავზე აღმოაჩინა, რომ ენერგეტიკის მინისტრს „ნაციონალი“ მოადგილეები ჰყავდა. ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური გვერდის ადმინმა სოციალურ ქსელში იმავე დღეს დაიწყო საინფორმაციო კამპანია ვიცე-პრემიერ კალაძის წინააღმდეგ, გამოქვეყნებულ სტატუსს კი პირველი დამლაიქებელი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად პრემიერის მეუღლე ნუნუ თამაზაშვილი გამოუჩნდა. ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კახი კალაძეზე ეჭვიანობს, საფუძველს მოკლებული სულაც არ არის, ბოლო კვირის განმავლობაში კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ერთ თვეში ქვეყანა სამთავრობო ცვლილებების მოწმე გახდება და პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა მოუწევს, პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კი სწორედ ვიცე-პრემიერი კახი კალაძეა. პრემიერი ერთადერთი არ იყო, რომელმაც გასულ კვირას მედია სიტუაციის გამწვავებაში დაადანაშაულა, ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განცხადება გაავრცლა, ე. წ. ჟურნალისტები და, მათ შორის, მეც შორსმიმავალ ზრახვებში დაგვადანაშაულა, ჩვენ მიერ გამოქვეყნებული კონკრეტული ფაქტები შავი პიარის მცდელობად და ხელისუფლების დისკრედიტაციად მონათლა. ბატონი გაბუნია განსაკუთრებით შეუშფოთებია „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც კაზინო „აჭარის“ მფლობელისათვის ფულის მოთხოვნის ფაქტს ეხებოდა. ჯერ ერთი, პატივცემულ ადვოკატს დააგვიანდა _ მასალა, დაახლოებით, ორი თვის წინათ გამოქვეყნდა და მეორეც, აშკარად არასწორ მისამართზე ეძებს ფაქტებს _ ჩემს მასალაში მკაფიოდ იყო განმარტებული: საუბრის ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილს მიუტანეს მასთან დაახლოებულმა პირებმა და არა მე. ჩვენ მხოლოდ ფაქტის შესახებ შევიტყვეთ და ვამცნეთ ჩვენს მკითხველს. განცხადების გამოქვეყნებიდან ლამის ერთი კვირა გავიდა ამაოდ ველოდებით ან ჯანყარაშვილის სარჩელს, ან მის განცხადებას პროკურატურაში!!! მანამ, სანამ პრემიერის ცოლის მამიდაშვილი ჩვენთან სამართლებრივ დავას დაიწყებდეს, „ქრონიკა+“-მა დამატებით მოიპოვა ინფორმაცია შესაძლო კორუფციული გარიგებების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელშიც ისევ აქტიურად ფიგურირებს ზვიად ჯანყარაშვილი და მისი მეგობარი ირაკლი სამყურაშვილი. ირაკლი სამყურაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გია ბარამიძის ახლო მეგობარი გახლდათ, იმდენად ახლო მეგობარი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობისას, 2003-2004 წლებში, ბარამიძემ ის სამინისტროში შტაბის უფროსის მოადგილედ წაიყვანა, ხოლო თავდაცვის სამინისტროში გადასვლის შემდეგ, 2004-2005 წლებში, გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნა, 2006 წლიდან სამყურაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზეა, ის „ნაციონალური მოძრაობის“ სანდო კადრია. სწორედ ამ პერიოდიდან ირაკლი სამყურაშვილი ბიზნესის მფარველობასაც იწყებს. 2005 წელს მისი ახლო მეგობარი და მეზობელი, გიორგი წასიძე, შპს „მეგასპორტის“ დირექტორი ხდება. ამ დროისათვის, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიას ორი დამფუძნებელი ჰყავს: „მეგასპორტში“ 50-50-%-იან წილს ფლობენ ზვიად გარდაფხაძე და ნიკოლოზ გარაშვილი. „მეგასპორტი“ ტენდერების მოგებას იწყებს.   23.02.2012 SPA 120005960 გუდაურის განვითარების ფონდი. კატეგორია _ სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები. 20075 ლარი;   13.02.2012 SPA 120004666 გუდაურის განვითარების ფონდი. კატეგორია _ სპორტული საქონელი. 20595 ლარი;   03.05.2011 SPA 110011922 ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი. კატეგორია _ მოტოციკლეტები, ველოსიპედები. 21 150 ლარი;   18.03.2011 SPA 110007196 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კატეგორია _ სატრანსპორტო ხელსაწყოები. 19500 ლარი;   19.12.2012 SPA 120027995 გუდაურის განვითარების ფონდი. კატეგორია _ სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები. 19850 ლარი;   24.09.2012 SPA 120023870 შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. კატეგორია _ სპორტული საქონელი და აღჭურვილობა. 1370 ლარი;   21.06.2012 SPA 120016873 დაცული ტერიტორიების სააგენტო. კატეგორია _ სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები. 5000 ლარი;   23.03.2012 SPA 120008927 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. კატეგორია _ მოტოციკლეტები, ველოსიპედები. 131400 ლარი;   19.03.2012 SPA 120008352 გუდაურის განვითარების ფონდი, კატეგორია _ სპორტული საქონელი. 4600 ლარი;   სწორედ ამ პერიოდში გიორგი წასიძეს თაღლითობის ბრალდებით იჭერენ და თავისუფლების სანაცვლოდ 700 000 ლარის ოდენობის გირაოს იხდის (ამ სკანდალური საქმის დეტალებზე ჩემი კოლეგა გელა მამულაშვილი „ქრონიკა+“-ის ამავე ნომერში  დეტალურად მოგიყვებათ). გიორგი წასიძეს სწორედ ირაკლი სამყურაშვილი უგვარებს საქმეს და გირაოს ოდენობა პირადად თანხმდება მთავარი პროკურორის მოადგილე დავით ჩხატარაშვილთან. არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მერე, 2012 წლის 24 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „მეგასპორტში“ ცვლილებებია. ორივე დამფუძნებელი მიდის და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ერთპიროვნულად ხდება გიორგი წასიძე. ამავე დროს, ის ასევე ერთპიროვნულად ფლობს შპს „სპორტლაინის“ 100%-იან წილს, რომელიც 2012 წლის 6 იანვარსაა რეგისტრირებული. შინაგან საქმეთა მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ გენერალური ინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი ხდება, ეს უკანასკნელი კი მოადგილედ სწორედ იმ ირაკლი სამყურაშვილს ნიშნავს, რომელიც გია ბარამიძის მარჯვენა ხელი და დასაყრდენია. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სამყურაშვილმა გია ბარამიძეს ამაგი ნამდვილად დაუფასა, სწორედ ის იყო გია ბარამიძის ხელშეუხებლობის გარანტი, ირაკლი სამყურაშვილმა მოახერხა ის, რომ გია ბარამიძე აფრასიძეების საქმეზე პროკურატურას ამ დრომდე არ დაუკითხავს, ისევე როგორც მოახერხა ბარამიძის ოჯახის ბიზნესინტერესების ლობირებაც, _ უყვება „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო. მას შემდეგ, რაც ზვიად ჯანყარაშვილი გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტიდან გადააყენეს, მან საკუთარი თანამდებობა „ოცნებაში“ პორტირებულ ყოფილ „ნაციონალს“ გადააბარა, რომელიც, სხვათა შორის, სპორტის დეპარტამენტში მუშაობისას ასევე აქტიურად ლობირებდა ე. წ. სპორტსმენ ზონდერთა ჯგუფს. ამ თანამდებობაზე სამყურაშვილმა 2014 წლის დეკემბრამდე იმუშავა და თანამდებობა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ დატოვა. ირაკლი სამყურაშვილთან ერთად „ოცნებაში“ გადაპორტირდა მისი მეგობარი, გიორგი წასიძეც. სამყურაშვილის ლობირებით, ამჯერად, მან რამდენიმე ტენდერი მოიგო, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. კონკრეტულად:   16.02.2015 SPA 150004735 თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა. კატეგორია _ სპორტული ინვენტარი და აღჭურვილობა. 12500 ლარი;   12.11.2014 SPA 140025811 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტი. კატეგორია _ ავეჯი. 23550 ლარი;   27.05.2014 SPA 140012967 ახმეტის მუნიციპალიტეტი. კატეგორია _ სპორტული საქონელი და აღჭურვილობა. 11 599 ლარი;   23.04.2014 SPA 140010031 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. კატეგორია _ სპორტული საქონელი და აღჭურვილობა. 12 999 ლარი. ყველაზე დიდი „კუში“ „სპორტლაინმა“ თბილისის მერიაში მიიღო, როცა ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 3,5 მილიონი ლარი გადასცეს (ამ დეტალებზე „ქრონიკა+“-ის დღევანდელ ნომერში ასევე ჩემი კოლეგა გელა მამულაშვილი მოგიყვებათ). პრემიერის ცოლის ნათესავებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული კადრების პოლიტიკურ-ფინანსური კოჰაბიტაციის თემებზე „ქრონიკა+“ აგრძელებს მუშაობას. იმედია, გამოქვეყნებული ფაქტები დიმიტრი გაბუნიას მაღალ ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ამ და ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ სხვა თემებზე ინტერვიუზე შევხვდეთ ბ-ნ ზვიად ჯანყარაშვილს.  

                                                                                             ელისო კილაძე

 

გაზიარება