ისლამური ხალიფატის სამიზნე ამჯერად ბავშვები აღმოჩნდნენ. გავრცელებული კადრები, სადაც „ISIS“-ის ტერორისტები პატარა გოგო-ბიჭებს სასტიკი მეთოდებით ხოცავენ, შემაძრწუნებელი აღმოჩნდა და საქართველოდან უამრავმა ოჯახმა გამოთქვა სურვილი, ამ დაუცველ პატარებს თავშესაფარი მისცეს. ამის პარალელურად საქართველოში ტარდება ხალიფატის მსხვერპლთა მხარდასაჭერი აქციები და ბუნებრივად ჩნდება კითხვა, _ ჩვენი ასეთი გულითადობა ხომ არ გამოიწვევს იგივე პროცესების საქართველოში პროვოცირებას და „ხალიფატის რაინდები“ ჩვენი შვილების თავზეც ხომ არ გალეწავენ სიკვდილის კალოს?! რას აკეთებს ასეთ დროს ქვეყნის უშიშროება და რამდენად არის დაცული საქართველო ამ საშინელებისგან?
გარკვეული მიზეზების გამო ამ საკითხებზე ინტერვიუ პოლიტოლოგთან და სამხედრო ექსპერტთან, ვახტანგ მაისაიასთან ტელეფონით ჩავწერე. რაღაც პერიოდის შემდეგ, ყოველ 10 წუთში, ჩვენი საუბარი გაუგებარი მიზეზებით წყდებოდა, წერილზე მუშაობის დაწყებისას კი აღმოვაჩინე, დიქტოფონში საუბრის ნაწილი გაუგებარი და გაურკვეველი ხმებით იყო გადაფარული. ჩემს ჟურნალისტურ პრაქტიკაში მსგავსი ფაქტები სხვა დროსაც ყოფილა და ვიცი, რომ ასეთ დროს, დიდი ალბათობით, ტელეფონს უსმენენ. ახლაც მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ჩემი და ვახტანგ მაისაიას ინტერვიუ ან მოისმინეს, ან ჩაიწერეს, ანდაც, უბრალოდ, ცდილობდნენ, ის არ შემდგარიყო. ვინ აკეთებდა ამას, ეს ინფორმაცია ჩემთვის მიუწვდომელია, თუმცა არსებობს უწყებები, რომელთაც ამის გაგება ერთ წამში შეუძლიათ და თუ უნდათ, გაარკვევენ კიდევაც. მინდა, კითხვით მივმართო პროკურატურას, პოლიციას, უშიშროებას, _ რა ხდება, კიდევ გვისმენთ? კიდევ გვწერთ და გვიკონტროლებთ თითოეულ ნაბიჯს?! აკი, გვიმტკიცებდით, ეს დრო სააკაშვილთან ერთად წავიდაო? თქვენი საქმე ჟურნალისტების ინტერვიუების მოსმენა კი არა, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა და მაინცდამაინც ისლამისტი უნდა დაგადგეთ თავზე, რომ გამოფხიზლდეთ და ის აკეთოთ, რაც მართლა თქვენი გასაკეთებელია?!
„ქრონიკა+“ვახტანგ მაისაიასთან ჩაწერილ ინტერვიუს გთავაზობთ:
_ ისლამური ხალიფატი რეალურად ბრძოლის დასკვნით ფაზაში გადავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის აპირებს დაიწყოს სისტემატური შეტევები, რათა დროულად მიაღწიოს საკუთარ მიზნებს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან მათთან ჩადიან მოხალისეები და ხდება ძალების მობილიზაცია. გაზაფხულია და ბრძოლის დრო დადგა. არ არის გამორიცხული, სისტემური შეტევებით აიღონ დამასკო და ამ მიმართულებითაც გაილაშქრონ.
_ მათ მიერ ჩადენილი გაუგონარი სისასტიკეები რისი ნიშანია?
_ ისინი პარალელურ რეჟიმში საინფორმაციო, პროპაგანდისტულ და იდეოლოგიურ ომსაც ახორციელებენ. ეს გახლავთ მეოთხე თაობის ომი. სასტიკ მეთოდებს ისლამური ხალიფატი იყენებს და ავრცელებს იმის გამო, რომ შექმნას შიშის სინდრომი. აგრესიული პოლიტიკით ასევე ის ცდილობს იმ ტერიტორიების გაწმენდას, რომელსაც თავისზე დაქვემდებარებულად მიიჩნევს. ისინი ადამიანებს სთავაზობენ რჯულის შეცვლას და ისლამის მიღებას, ანდაც გადასახადის გადახდას, რომელიც საკმაოდ მაღალია. ასეთი სისტემა მოქმედებდა არაბულ ხალიფატში VII-VIII საუკუნეებში. ადამიანები, რომლებიც მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, ანადგურებენ და სასტიკად უსწორდებიან. მურვან ყრუმაც ხომ უამრავი ქართველი დახოცა იმის გამო, რომ მათ რჯული არ შეიცვალეს და ხარკის გადახდაზეც უარი უთხრეს. ანუ ეს ადამიანები ისტორიას აბრუნებენ უკან. რაც ხდება, ეს არის იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ომის ნაწილი.
_ ბავშვების თავისკვეთა, თოკებით გამობმა, გალიაში გამომწყვდევა და აგურისფერი ფორმით სიკვდილისთვის მომზადება ხალიფატური ომის ერთ-ერთი სტრატეგიაა?
_ მათი იდეოლოგიით ისინი ბავშვებს კი არა, სჯიან ურჯულოებს. მათთვის განურჩეველია ქალი, ბავშვი და მოხუცი. „ISIS“-ის დოქტრინის მიხედვით, ისინი თანაბრად და განურჩევლად უსწორდებიან მოწინააღმდეგეს. ასე იქცეოდნენ მესამე რაიხის იდეოლოგებიც, რადგან ისინი არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას ასაკსა და სქესს. ახლაც მესამე რაიხის წესით ხდება ადამიანების გენოციდი.
_ ასეთ სისასტიკეს ქადაგებს რადიკალური ისლამი?
_ ესენი არ მოქმედებენ რელიგიური მრწამსით, მათთვის მთავარი სალაფიზმის დოქტრინა და იდეოლოგიაა, რომელიც ვითარდება ფანატიზმსა და მისტიკურ იდეაზე. ისინი ფიქრობენ, რომ მათ ახალი საფრთხე, კატასტროფა ემუქრებათ და, შესაბამისად, მტრები უნდა გაანადგურონ. მთავარია, შარიათის ნორმები აღსრულდეს, დანარჩენი, თუნდაც კლასიკური ისლამიზმის „ყურანიც“ კი, ნაკლებად მნიშვნელოვანია. სალაფიტების ე. წ. კონსტიტუცია მართალია „ყურანისა“ და მუჰამედის დოქტრინებიდან მომდინარეობს, მაგრამ „ყურანის“ გარკვეულ ნორმებსა და ტრადიციებს მაინც არ ცნობენ და როგორც ამბობენ, მხოლოდ სოციალური თანასწორობის პრინციპებს ეყრდობიან. მათი დოქტრინა ბოლშევიკური იდეოლოგიის ელემენტებსაც შეიცავს. როგორც ბოლშევიკებს ჰქონდათ ხელოვნური რელიგიური აღმსარებლობა, ასევე აქვთ სალაფიტებსაც. ბოლშევიკებმა უტოპიური ტიპის მისტიციზმის იდეა შექმნეს და ესენიც ავითარებენ ასეთივე მისტიციზმის ელემენტებს. მაგალითად, აცხადებენ, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს და ებრძოლონ საერთო მტერს, ანდაც დაელოდონ მესიას, რომელიც ჩამოვა, იქადაგებს და დაამყარებს სამოთხის მსგავს ცხოვრებას.
_ მათ მტრებში, ძირითადად, ქრისტიანები იგულისხმებიან?
_ ყველა ურჯულო. მათი მტერი შეიძლება იყოს მუსლიმანიც, რომელიც სალაფიტური აზრის მატარებელი არ არის. კლასიკური ისლამი 5 ძირითად დოქტრინაზე აღმოცენდა, სალაფიტებს კი საღვთო ომი აქვთ უმაღლეს დონეზე აყვანილი. ხალიფატის იდეა, ეს არის ისლამური იმპერიის შექმნა, სადაც მუსლიმანები იქნებიან დომინანტები. ისინი სწორედ ამისკენ მიისწრაფიან. სალაფიზმშიც არის რამდენიმე განშტოება, მათ შორის, ვაჰაბიზმი, რომელიც გავრცელებულია კავკასიის რეგიონში. მათ აქვთ იდეოლოგიური ნიშა, რომელიც კარგად შეფუთეს რელიგიურ ქურქში.
როგორც ცნობილია, ჯერ შარიათის კანონები შეიქმნა და მერე დაიწერა საღმრთო წიგნი „ყურანი“. შარიათის კანონებისთვის კი უცხო არ არის ხელების, თავისა და ორგანოების მოჭრა.
_ წინათ საქართველოშიც და თვით ევროპის ქვეყნებშიც იყო დასჯის ასეთი მეთოდები. მაგალითად, თვალების დათხრა, ხელის მოჭრა, ცხვირისა და ყურის მოჭრა, სიკვდილი, მაგრამ ეს იყო წინათ, ახლა მსოფლიო ცივილიზებულია და ძველი კანონებით და წესებით ცხოვრება რატომ უნდა უნდოდეთ?
_ დიახ, ისტორიულ წარსულს თუ გადავხედავთ, ჩვეულებრივ სასჯელად ითვლებოდა თვალების დათხრა, ენის ამოგლეჯა, ხელის მოჭრა, მაგრამ ახლა სხვა დროა, მსოფლიო ცივილიზებული სამყარო ჰუმანიზმისკენ მიისწრაფის. ისლამური ხალიფატი ცდილობს ძველ, ისტორიულ სამყაროში დააბრუნოს მსოფლიო. ეს არის სწორედ მისტიციზმი, მათი კავშირი კი არქაული ტიპის გაერთიანებაა, რომელიც საერთოდ მიუღებელია მსოფლიო საზოგადოებისთვის. სალაფიტებიც არქაულ ეპოქაში არიან დაბრუნებული და ამიტომ მიაჩნიათ, რომ ბავშვის მოკვლა არ არის მძიმე დანაშაული. შეიძლება ითქვას, ისინი ამით თვითდამკვიდრებასაც ახდენენ და ამბობენ, გამორჩეული ვართო. ნაციზმისა და ბოლშევიზმის ნაზავი ახდენს ამას. შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ხალიფატის მმართველი ორგანო, უმაღლესი შურა, მოწყობილია სსრკ-ს პოლიტბიუროს პრინციპზე. პოლიტბიურო 8-10 წევრისგან შედგებოდა და აქაც 8 უმაღლესი პოლიტიკური ფიგურა, ანუ მმართველი ჰყავთ. სსრკ-ში პოლიტბიუროს წევრები იყვნენ თავდაცვის მინისტრები, კომიტეტის თავმჯდომარეები. აქაც უმაღლესი შურას წარმომადგენლები არიან თავდაცვის მინისტრი და უმაღლესი რელიგიური პირები. საბჭოთა წყობაში პოლიტბიურის წევრობამდე ჯერ კანდიდატები უნდა გამხდარიყვნენ. ისლამურ ხალიფატს ეს წესიც გადაღებული აქვს და შურას წევრები ყოფილი კანდიდატები არიან. სხვა მსგავსებებზეც შეიძლება საუბარი, მაგრამ, მგონი, ამითაც გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე.
ასეთ სისასტიკეებს, ძირითადად, განსაკუთრებული ისლამური, შარიათული გვარდია ახორციელებს. რასისტულ გერმანიაში არსებობდა ესეს-ი, რომელიც საკუთარ თავზე იღებდა სასტიკ დანაშულებს, სსრ კავშირშიც იყო ასეთი რამ, _ შინსახკომის აპატრატი, შინაგანი ჯარი, ანუ ამითაც ჰგვანან ისინი ერთმანეთს. კლასიკური არმიის ტიპის ფორმირებები _ ბრიგადა, ბატალიონი _ ასეთ დანაშაულებებს არ სჩადის.
_ ჩვენ ვამბობთ, რომ „ISIS „-ელების რიცხვი იზრდება და საინტერესოა, ასეთი სისასტიკით როგორ იზიდავენ ადამიანებს?
_ ბოლშევიკებს ხომ ჰქონდათ ორატორობის უნარი, ესენიც ასე არიან _ ხალხს ესაუბრებიან სოციალურ დაცულობაზე და უმტკიცებენ, რომ მათ მიერ ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში ყველა იქნება თანაბარი, არ იარსებებს მდიდარი და ღარიბი, იქნება უფასო ჯანდაცვა, მკურნალობა, განათლება და ა. შ. მათთან გაერთიანება ხდება ოჯახებითაც, თუმცა ისლამური ხალიფატი, ძირითადად, საძმოს ტიპის ორგანიზაციას წარმოადგენს.
ისინი არწმუნებენ ადამიანებს, რომ თუ ომში დაიღუპებიან, სამოთხეში გარანტირებული აქვთ ადგილი. მათი თქმით, სამოთხეში ჩამოდის მდინარე, რომელშიც როგორ გინდა, ისე ნებივრობ და გემსახურება 40 ულამაზესი ქალი. მიმზიდველი ცდუნებებია, რადგან მათთან მისული ადამიანების დიდი ნაწილი კარგი ცხოვრებით არ გამოირჩევა, ამიტომ ინტერესი უჩნდებათ, რომ ოდესმე კარგად იცხოვრონ. იმდენად მაღალ დონეზე აქვთ პროპაგანდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ვერც კი შენიშნა, რა დიდი ბომბი შემოგვიგდეს.
ბოლო დროს გარცელდა ორი თინეიჯერის ფოტო. ისინი სირიაში საქართველოდან წავიდნენ. მათი ფოტოების სოციალური ქსელით გავრცელებაც ისის-ის პროპაგანდისტული მანქანის სამუშაო ნაწილი იყო. ეს გახლდათ გამიზნული მესიჯი მათი მომხრეებისთვის _ აგერ ჩამოვიდნენ და უკვე საბრძოლო ფორმებშიც გამოვაწყვეთო. წასულ ბიჭებს ფოტოზე ცერა თითი აწეული აქვთ. ეს არის სალაფიტების მთავარი ნიშანი, რითაც ამბობენ, ჩვენი უფროსი და ბატონ-პატრონი არის მხოლოდ ალაჰიო.
_ არა მგონია, ხალიფატის იდეოლოგები მხოლოდ სოციალური ქსელებით მუშაობდნენ და ასე „იპყრობდნენ“ ადამიანის გულებს. გამორიცხავთ, რომ შეიძლება მათი იდეოლოგები ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან და პირადად უტარებენ ამ ახალგაზრდებს იდეოლოგიურ საუბრებს? თუ ეს ასეა, მაშინ ჩნდება კითხვა, სად არის და რას აკეთებენ საქართველოს უშიშროება და ანტიტერორისტული სამსახურები?
_ საქართველოდან წასული ორი ახალგაზრდის ფოტოს გასაჯაროებას ემთხვევა ბოსნიაში მომხდარი ფაქტი. იქიდანაც სამი ახალგაზრდა დემონსტრაციულად წავიდა სირიაში და, შესაბამისად, ბოსნიაში გააქტიურდნენ სალაფიტური დაჯგუფებებიც. საქართველოდან წასული ახალგაზრდების ფოტოს გავრცელებას კი მეორე დღესვე მოყვა კიბერშეტევა კახეთის საინფორმაციო საშუალებებზე.
დღევანდელი ქართული სპეცსამსახურები არაფრით შეესაბამებიან არსებულ გამოწვევებს. ისინი ეფუძნებიან სააკაშვილისდროინდელი უშიშროების სისტემის სქემას, რომელიც აგებული იყო არაეფექტურ ქმედებებზე და დოქსოპულოების ტიპის სპეცსამსახურის თანამშრომლებზე. ახლაც იგივე ადამიანები არიან იქ და რა გასაკვირია, რომ ვერ ამჩნევდნენ საფრთხეებს, ვერ პოულობდნენ საფრთხის შემცველ ობიექტებს და ა. შ. ბევრ მათგანს იმის შესახებ, რაც გითხარით, წამოდგენაც არ აქვს და ისიც კი არ იცის, რა არის ისლამი. აბა, მითხარით, ასეთმა სპეცსამსხურმა როგორ უნდა ამოიცნოს ისლამური ხალიფატის წევრი, ან იდეოლოგი და როგორ უნდა ებრძოლოს ამ სასტიკ მანქანას? უბედურება ის არის, რომ არ მოხდა რეფორმირება სააკაშვილის დროინდელი იმ სტრუქტურებისა, რომლებმაც საშინელ დონემდე მიიყვანეს საქართველო. არადა, ეს არის ის სისტემა, რომელმაც 2008 წელს, ომის დროს, დაგვღუპა. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომელი სამხედრო ნაწილი სად იყო განლაგებული, რას აკეთებდა. სრული ინფორმაციული ქაოსი იყო შექმნილი. ამ სამსახურმა მხოლოდ შიდა რეპრესიებისთვის და შიშის გამყარებისთვის იმუშავა კარგად და ამ სტრუქტურის წარმომადგენლების დიდ ნაწილს სკამები შენარჩუნებული აქვს. აღარაფერს ვამბობ ლაფანყურის ოპერაციის ჩავარდნაზე, სადაც 17 კაციდან 10 გაექცათ. ასე რომ, ნუ გვიკვირს ასეთი შედეგები. არც ის უნდა მოგვეჩვენოს საოცრებად, უშიშროება რომ ვერ იგებდეს, ქვეყანაში არიან თუ არა ისლამური ხალიფატის შემოგზავნილი იდეოლოგები.
_„ ISIS „-ის საქართველოში შემოსვლას მხოლოდ პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გაქცევის ფაქტებით ამტკიცებთ?
_ მხოლოდ ამით არ ვამტკიცებ. კიბერშეტევა რომ განხორციელდა, ეს არის ფაქტი, თუმცა ამის განხორციელება ბაღდადიდან, ან ისლამური ხალიფატის რომელიმე ტერიტორიიდან რთული იქნებოდა. ჩემი აზრით, ეს განხორციელდა საქართველოდან. ორ თინეიჯერს ვიღაცამ ხომ გაუმზადა პასპორტები, ბილეთები და იზრუნა მათი ქვეყნიდან გაყვანაზე? არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ყალბი პასპორტებით გაიყვანეს ქვეყნიდან ჯერ სტამბულში და მერე გადაიყვანეს სირიაში. ეს ყველაფერი კი ჩვენს უშიშროებას არც შეუმჩნევია. დღემდე არ გაურკვევიათ, ვინ ჩაუტარა ინსტრუქტაჟი ამ ახალგაზრდებს, ან ვინ გაავრცელა მათი სურათები. უკვე იმასაც ვუშვებ, რომ რამდენიმე დღეში ფეისბუკზე ქართულენოვანი ჯიხადისტური საიტები გაჩნდება.
_ ამას ვარაუდით ამბობთ, თუ რამე ინფორმაცია გაქვთ?
_ ამ საფრთხეებზე სხვა პოლიტოლოგებიც ლაპარაკობენ, მაგრამ `შეაყარე კედელს ცერცვი~... თუმცა მხოლოდ პანკისი არ არის ცხელი წერტილი საქართველოში. ახლა ის, უბრალოდ, ჩანს, თორემ არ ვიცით, რა ხდება ამ კუთხით ქვემო ქართლში, აფხაზეთში, აჭარაში. არ არის გამორიცხული, რომ იქიდან უფრო მეტი ახალგაზრდა მიდიოდეს.
_ რა ღონისძიებას უნდა იღებდეს ხელისუფლება ასეთ დროს და არ იღებს? ანდაც საშველი არსებობს?
_ პირველ რიგში უნდა შეიქმნას ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგია. უნდა არსებობდეს კონტრტერორისტული ოპერაციების მართვის ცენტრი, სადაც შევლენ ის სტრუქტურები, რომლებიც იმუშავებენ ასეთი საფრთხეების ლოკალიზაციისთვის. კარგი იქნება, თუ პრემიერ-მინისტრის აპარატში შეიქმნება მრჩევლის თანამდებობა, რომელიც გაუწევს ერთიან კოორდინაციას ყველაფერს, ასევე უნდა შეიქმნას სტრატეგიული კვლევების ცენტრი, რომელიც გააანალიზებს პრევენციული ღონისძიებების შემუშავებას. სანამ მთავრობაში არ იქნება ასეთი ცენტრი, რომელიც ყველა ქვეყანაშია, საფრთხეებიც იარსებებს. სომხეთს სამი ანალიტიკური ცენტრი აქვს, აზერბაიჯანშიც ანალოგიური სიტუაციაა. ჩვენ კი ერთიც არ გვაქვს სამთავრობო დონეზე.
ასევე უნდა შემუშავდეს ანტიტერორიზმთან ბრძოლის საკანონმდებლო ბაზა. ჩამოიწეროს იმ ორგანიზაციებისა და გაერთიანებების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე არიან იდენტიფიცირებულნი და შესაბამისად გააქტიურდეს ჩვენი კონტაქტები დასავლეთის სტრუქტურებთან. თუ ეს არ მოხდება, საფრთხეები გაიზრდება. ფაქტია, რომ ისლამურმა ხალიფატმა კარზე მაგრად მოგვიკაკუნა. ჩრდილო კავკასიაში ისინი უკვე ღიად არიან დაფიქსირებული და იქ დაწყებული არის კიდევაც მასობრივი გადაბირებები ჩრდილოისლამისტური იატაკქვეშა დაჯგუფებების. ისლამურ ჯიჰადზე გამოყოფილია 59 მილიონი და ეს თანხა მუშაობს. თითო საველე მეთაურის გადმობირებაში 2 მილიონ დოლარამდე იხდიან.
_ „ISIS „-ის მსხვერპლი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანის კამპანიაშიც ხომ არ არის ჩადებული ჩვენთვის საწინააღმდეგო რამ? ეს ჩვენს საფრთხეებს კიდევ უფრო ხომ არ გაზრდის?
_ ქართველი ხალხის აღშფოთება ადეკვატური რეაქციაა ამ სასტიკ ტერორზე. თანაც ასეთ დღეში არიან ჩვენი, ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლები. ასევე საქართველოს ჰყავს ასირიელი წარმოშობის მოქალაქეებიც, თუმცა დევნილებს სირიიდან საქართველოში ჩამოსვლის სურვილი რამდენიმე მიზეზით არ ექნებათ. ფაქტობრივად, ისინი ისლამური ხალიფატის ანკლავში არიან მოქცეული და გაუჭირდებათ მოაღწიონ საქართველომდე. თურქეთიდან გადმოსვლას ვერ შეძლებენ, რადგან თურქეთის საზღვარს აკონტროლებენ ისლამური ხალიფატის წარმომადგენლები, მათი საქართველოში შემოსვლის უსაფრთხოების დერეფანი ირანის გავლით იქნება, მაგრამ ისინი ჯერ აზერბაიჯანში და სომხეთში მოხვდებიან. ასე რომ, მათთვის საქართველოში შემოღწევა რთულია, თუმცა თუ ჩამოვლენ, ვალდებულები ვართ, მივიღოთ მათი ნაკადი. საქართველომ ეს ვალდებულება აიღო კიდევაც ანტიხალიფატური კოალიციის ფარგლებში გასულ წელს და არ უნდა დაარღვიოს. რაც შეეხება იმას, გამოიწვევს თუ არა აგრესიას ეს ფაქტი, გეტყვით, რომ ისინი მაინც არიან ჩვენი მოწინააღმდეგენი და ერთი ნაბიჯით მეტად მოხდება ეს დაპირისპირება თუ ნაკლებად, პრინციპში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ნელი ვარდიაშვილი