QronikaPlus
რა დგას 23 აპრილის ანტიდასავლური აქციის ორგანიზების უკან?

რა დგას 23 აპრილის ანტიდასავლური აქციის ორგანიზების უკან?

2015-04-26 08:56:05

ჯერ გოგი თოფაძემ და მისმა „მრეწველებმა“ დაიწყეს, _ ნატოში და ევროპაში რა გვინდა, ჩვენი ხსნის ერთადერთი საშუალება რუსეთი და ევრაზიული კავშირიაო. ახლა კიდევ პარლამენტარებს არასამთავრობოებიც აჰყვნენ და ევროპასთან ურთიერთობის გადახედვის აუცილებლობაზე გააჩაღეს საუბარი. არასამთავრობო სექტორის გარკვეულმა სეგმენტმა დააანონსა კიდეც, რომ 23 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაიმართება საპროტესტო აქცია ქვეყნის საგარეო ორიენტირის შეცვლისა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიული არჩევანი _ საქართველო“, რომლის ხელმძღვანელი, არჩილ ჭყოიძე, რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს, რადგან, მისი აზრით, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს. საინტერესოა, საიდან დაასკვნა ჭყოიძემ, რომ ხალხი საქართველოში ნეიტრალიტეტზე ოცნებობს, ან ასეც რომ იყოს, რა შუაშია „ევრაზიული კავშირი“ და რაღა ნეიტრალიტეტი გამოდის? ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ გავცემთ. ჯერ არასამთავრობოების მიერ ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებას გავეცნოთ: „ვითხოვთ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი, რადგან მიგვაჩნია, რომ 2008 წლის პლებისციტი იყო გაყალბებული და არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველ ხალხს არ სურს ნატო და ევროკავშირი. მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მისაღებია ფინეთის მოდელი _ ნეიტრალიტეტი. ეს ქვეყანა არაა გაწევრიანებული არც ერთ კავშირში და არც ერთ სამხედრო ბლოკში. მას კარგი ურთიერთობები აქვს დასავლეთთანაც და რუსეთთანაც. ხაზს ვუსვამ: ჩვენი აქცია არ არის პრორუსული, ჩვენ გვსურს ნეიტრალიტეტი“, _ ეს განცხადება ჭყოიძეს ეკუთვნის. „ეროვნული გვარდიის საკოორდინაციო საბჭოს“ თანათავმჯდომარე ლევან ხაჭაპურიძე კი აცხადებს, რომ ნეიტრალიტეტის იდეა საქართველოსთვის ერთადერთი და შეუცვლელია: „ჩვენი ქვეყნის პატრონი ჩვენ თავად უნდა ვიყოთ. მოვრჩეთ სხვის იმედად ყოფნას. ჯერ ჩვენ გავხდეთ უკეთესი და მერე ყველაფერი კარგად იქნება“. სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილიც  მხარს უჭერს 23 აპრილის აქციას და უერთდება იმ მოთხოვნებს, რაც ამ საპროტესტო ღონისძიებაზე გაჟღერდება. წითელაშვილის თქმით „იარაღის ჟღარუნმა საქართველო უკან წაიყვანა. სამხედროები და ვეტერანები მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტის საკითხის დაყენება. მოვუწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღონ 23 აპრილის აქციაში, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება“. ერთი სიტყვით, წილი ნაყარია და გადაწყვეტილება მიღებული: პირველად ბოლო წლების მანძილზე ოფიციალურად გაიმართება ანტიდასავლური აქცია. ცუდია ეს თუ კარგი? მოდით, ამ კითხვას ვუპასუხოთ. ექსპერტთა ერთი ნაწილი ამ აქციაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მიიჩნევენ, რომ ჭყოიძე-წითელაშვილი-ხაჭაპურიძის ტრიო საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ იმდენ ხალხს ვერ მოუყრის თავს, რომ განგაშის ატეხვად ღირდეს. ამ ექსპერტთა აზრით, „ნაციონალების“ გადამეტებულმა პიარმა გამოიწვია ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ,  „ნაციონალებმა“ ნატოსთან გააიგივეს თავი, ნატო იყო მათი კერპი, დროშა და იდეოლოგიური ბაზისი. ამიტომ ბევრ ადამიანში ნატო რაღაც იდეოლოგიად აღიქმება. ამიტომ ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს იდეოლოგია, რადგან „ნაცებმა“ მოახვიეს ქართველ ხალხს თავს, კარგს არაფერს მოგვიტანს. თანაც საკითხის ამ კუთხით დაყენება იმიტომაც არის მომგებიანი, რომ ანტიდასავლური პოლიტიკის ნიშა საქართველოში დღეს თავისუფალია. ესენი კი ცდილობენ არსებული  სიცარიელის შევსებას და თავის დამკვიდრებას. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ტრისტან წითელაშვილზე სერიოზული ტონით საუბარს ყველა სამხედრო ექსპერტი ერიდება. ამ კაცმა თავისი ოდიოზური განცხადებებით ბევრჯერ დაამტკიცა, რომ აშკარად რუსული ინტერესების მატარებელია და დღეს საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბარი მის მიერ, ექსპერტების აზრით, უბრალოდ, ვირეშმაკობაა. ყოველ შემთხვევაში, ასეთ აზრს აყალიბებს „ქრონიკა+“-თან საუბრისას ჩვენი რესპონდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობა „იბერიის“ ხელმძღვანელი, ვაჟა წიკლაური: _ მაპატიეთ, მაგრამ მე სწორედ ვირეშმაკობად მოვნათლავდი იმ ადამიანების ქმედებას, რომლებიც 23 აპრილს ორგანიზებას უკეთებენ თბილისში ანტიდასავლურ აქციას. აგიხსნით, რას ვგულისხმობ: ეს ადამიანები საუბრობენ, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას რომელიმე ბლოკში, თუ კავშირში გაერთიანებაზე და უნდა აირჩიოს ნეიტრალიტეტის გზა. მიაქციეთ ყურადღება, რომ ძირითადად იგულისხმება უარის თქმა ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებაზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ხალხი უწევს ორგანიზებას ამ ყველაფერს, შეიძლება, ერთი შეხედვით, ვიფიქროთ, რომ საგანგაშო არაფერია, რადგან აქციაზე მათ ნაკლები მხარდამჭერი ეყოლებათ, მაგრამ არავინ იცის, უკვე ხვალ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს. _ ნეიტრალიტეტის იდეა ყოველთვის არსებობდა და პერიოდულად რომელიმე პოლიტიკური ლიდერი  წამოისროდა ხოლმე. დღეს რა მოხდა განსაკუთრებული? _ ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტის იდეა მხოლოდ შენიღბვისა და რაღაცის დამალვის საშუალებაა. მართალია, ნეიტრალიტეტს, როგორც ქვეყნის საგარეო ურთიერთობის ფორმას, ჩვენში გარკვეული რაოდენობის მომხრეები ჰყავს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ამ იდეის განხორციელება შეუძლებელია. აგიხსნით: ნეიტრალიტეტის მომხრეები ქვეყნის ამ ფორმაზე როცა საუბრობენ, პირველ რიგში მოჰყავთ შვეიცარიის მაგალითი. მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყანას იმიტომ არ ესხმიან თავს, რადგან არსებობს საერთაშორისო დონეზე დადებული ხელშეკრულება შვეიცარიის ნეიტრალიტეტისა და  თავდაუსხმელობის შესახებ. ეს მართლაც ასეა, მაგრამ მოდით, ვიკითხოთ, თუ რატომ არის, რომ შევეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო სტრუქტურა ჰყავს? დიახ, სამხედრო საფრთხის შემთხვევაში შვეიცარიას სამ დღეში შეუძლია ფეხზე დააყენოს ასობით ათასი კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცი და ეს მექანიზმი შვეიცარიული საათის სიზუსტით აქვს აწყობილი. ალბათ, ვინმე იკითხავს, რად უნდა შვეიცარიას ასეთი ძლიერი არმიაო? რად და სწორედ ეს არმიაა მისი ხელშეუხებლობის გარანტი. ისტორიას თუ გადავხედავთ, სწორედ ამ ფაქტორის გამო ვერ გაბედა მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა, თავს დასხმოდა ამ ქვეყანას. სამაგიეროდ, ჰიტლერს არაფერმა შეუშალა ხელი სხვა ნეიტრალური ქვეყნები _ დანია და ნორვეგია _ რამდენიმე საათში ჩაეყლაპა. _ გასაგებია, ჩვენ არ გვაქვს ის სამხედრო პოტენციალი, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტი უზრუნველვყოთ. _ რა თქმა უნდა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ნეიტრალიტეტის გულწრფელ მომხრეებს ეს გაუთვითცნობიერებული აქვთ. თუმცა მე გითხარით, რომ ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტის თემა მხოლოდ კომუფლაჟია _ შენიღბვის ფორმა. 23 აპრილის აქციის ორგანიზატორები ვერც მალავენ, რომ მთავარი მიზანი რუსეთისკენ შემობრუნებაა. ეს მოსკოვთან დიპლომატიური კავშირების აღდგენის მოთხოვნაშიც ჩანს. ამას დაუმატეთ ორგანიზატორთა ვინაობაც და დავასკვნით, რომ 23-ში, ფაქტობრივად, დასავლურ ღირებულებებზე უარის თქმას და ევრაზიულ კავშირში შესვლას გვთავაზობენ. ამ მოთხოვნის მხარდამჭერთა მოტივაცია ასეთია: რა მოგვიტანა ნატომ და ევროკავშირმა? ამ კითხვას დღეს არცთუ იშვიათად გაიგონებთ. რა მოგვიტანა და სწორედ ნატოსა და დასავლეთის დამსახურებაა, რომ პუტინმა თავიდან ბოლომდე არ გადაგვიარა და დღეს რუსეთის პროვინცია არ ვართ. ეს ცოტაა ვინმეს აზრით? ან ევრაზიული კავშირისგან რას ელიან? ვინმეს შეუძლია ახსნას, რა კავშირზეა საუბარი და საერთოდ, არსებობს თუ არა ეს კავშირი? ამას ვერავინ იტყვის. ამიტომ თავი დავანებოთ ცეცხლთან თამაშს და ისე არ მოხდეს, რომ მართლა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე დავრჩეთ. _ ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ არცთუ ისე საგანგაშოდ არის საქმე. _ ეს ექსპერტები ასე მშვიდად აქციის ორგანიზატორთა ვინაობის გამო არიან, მაგრამ გაცილებით უფრო სერიოზულად არის საქმე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დღეს საქართველოში ანტიდასავლური გამოსვლების გაძლიერება „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. რამდენადაც არ უნდა გვეზიზღებოდეს ეს მოძრაობა, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ: უნიათო ხელისუფლების პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ ორგანიზებულ ძალად ჩამოყალიბდა. ამ თვისებას ისინი წარმატებით გამოიყენებენ 23 აპრილს. ჩვენი მოძრაობის ინფორმაციით, აქციას „ნაციონალების“ ფარული მხარდამჭერები შეუერთდებიან, რადგან მასობრივი დემონსტრაცია გამოვიდეს. ამით „ნაციონალური მოძრაობა“ მესიჯს გაუგზავნის დასავლეთს, რომ საქართველოში პროდასავლურ ორიენტაციას საფრთხე ემუქრება და ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად დროული ზომების მიღებაა საჭირო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფაქტობრივად, ისინი ხელისუფლებაში თავიანთ დაბრუნებას სთავაზობენ ამერიკასა და ევროპას. რა გამოუვათ, სხვა საქმეა, მაგრამ რაციონალური გათვლა ნამდვილად არის. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვინმე გაბედავდა ასეთი აქციის მოწყობას? _ ბატონო ვაჟა, დღეს აქტუალურია ახლო აღმოსავლეთის თემა. ასირიელი ბავშვების შემოყვანის საკითხზე და, ზოგადად, ლტოლვილების მიღებაზე უკვე სერიოზულად საუბრობენ. _ ქართველებს გვგონია, რომ სამყაროს ჭიპი ვართ და მსოფლიოში თუ რამე ხდება, ყველგან ჩვენ უნდა ჩავყოთ ცხვირი. კარგი, ბატონო, გვეგონოს, რომ ასეა, მაგრამ ცხვირის ჩაყოფას ცხვირის წატეხვაც მოსდევს ხოლმე. რა ლტოლვილები უნდა მივიღოთ, იქნებ არგუმენტირებულად ახსნას ვინმემ? ჯერ ერთი, ამ ლტოლვილებს საქართველოს გაგონებაც არ უნდათ და ევროპისკენ მიიწევენ. მეორეც, ლტოლვილების მიღება ნიშნავს მათ რჩენას და ყველანაირი პირობებით უზრუნველყოფას. გვაქვს ჩვენ ამის საშუალება, როცა არათუ ჩვენივე ლტოლვილებს ვერ ვინახავთ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა _ ლტოლვილებიც და არალტოლვილებიც _ სიდუხჭირეში ცხოვრობს? ანდა იცის ვინმემ საშინელი სტატისტიკის შესახებ, რომ საქართველოში რვაათასამდე ბავშვი შიმშილობს და ყოველწლიურად ამ მიზეზით სამასამდე ბავშვი იღუპება? მოკლედ, ჩვენს პრობლემებს მივხედოთ. ის ფოტოები, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, უბრალოდ, სისულელეა. ახლო აღმოსავლეთში დღეს არანაირი ანტიქრისტიანული ომი არ მიმდინარეობს. ტერორისტები იქ კლავენ ყველას: ქრისტიანსაც, შიიტ მუსლიმსაც, ებრაელსაც და ცეცხლთაყვანისმცემელსაც. სხვათა შორის, ამერიკის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, კარგად აგვიხსნა კიდეც და მოგეხსენებათ, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. ნორლანდმა გასაგებად გვითხრა, რომ ნამდვილად შესანიშნავია ქართველი ოჯახების მიერ მხარდაჭერის გამოვლინება მაშინ, როცა ადამიანები ასეთ დრამატულ პერიოდსა და ტრაგედიას განიცდიან მათ ცხოვრებაში, მაგრამ აქვე განმარტა, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენების გამო არა მხოლოდ ასირიელებს აქვთ ტრაგედია, არამედ სხვა რელიგიის ადამიანებსაც. „იმედი მაქვს, რომ ასირიელ ლტოლვილებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში ჰპოვონ თავშესაფარი, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ ამ ადამიანებს აქვთ დღეს ტრაგედია, არამედ სხვა რელიგიისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანები გახდნენ მსხვერპლი იმ დიდი უბედურებისა, რომელიც სირიაში, ერაყსა თუ სხვაგან ტრიალებს დღეს“. ერთი სიტყვით, ახლო აღმოსავლეთში დღეს მიმდინარეობს ურთულესი პროცესები და ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. უბრალოდ, სასაცილოები ნუ გამოვჩნდებით. _ ამბობენ, რომ რაც დღეს იქ ხდება, რუსეთის პოზიციებს აძლიერებს. _ გარკვეულწილად, ასეა. ჯერ ერთი, მთელმა დასავლეთმა ყურადღება უკრაინის პროცესებიდან სწორედ სირიის მიმართულებით გადაიტანა, რაც რუსეთს, გარკვეულწილად, კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს. მეორეც _ ახლო აღმოსავლეთის  მიმართულებით ხდება ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა გადინება, ესეც მომგებიანია რუსეთისთვის. ამიტომაც არის, რომ რამდენიმე დღის წინათ აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ევროკავშირს ურჩია, ძალაში დატოვოს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები, ვიდრე მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად არ შესრულდება. ობამას თქმით, ევროკავშირის მომავალ სამიტზე გაერთიანების წევრები რუსეთს გააგებინებენ, რომ სანქციები არ შესუსტდება, ვიდრე მინსკის შეთანხმების ძირითადი პირობები არ შესრულდება. მეტიც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის სანქციის გადახედვის საკითხი, შესაძლოა, აპრილის სესიის დღის წესრიგიდან მოიხსნას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განხილვა 2016 წლის იანვრამდე გადაიწევს. _ ანუ დასავლეთი მაინც შეუვალია რუსეთის მიმართ და უკან დახევას არავინ აპირებს? _ ცხადია, დასავლეთი არასოდეს დაიხევს უკან. უბრალოდ, ახლო აღმოსავლეთს მართლაც დიდი ყურადღება მიაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ვინმემ დაივიწყა. ამ ფონზე სასაცილოც კია საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის გაჩაღება. სინამდვილეში სასაცილოდ ნაკლებად არის საქმე. ვინმეს უფიქრია იმაზე, თუ რა მოხდება, როცა ახლო აღმოსავლეთში წასული მებრძოლები უკან დაბრუნდებიან? თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს საკუთარი ძალებით, დასავლეთის დახმარების გარეშე, შეუძლია მათგან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება, ძალიან გულუბრყვილო ყოფილა. ამ ფაქტორის გამოყენებაც რუსეთს შეუძლია თავის სასარგებლოდ. „ბოევიკების“ მის ტერიტორიაზე შედინებას რომ ხელი შეუშალოს, მან შეიძლება მთელი რეგიონის კონტროლი მოითხოვოს, ანუ თავისი შეიარაღებული ძალები პირდაპირ თურქეთის საზღვრამდე მისწიოს. საჭიროა ახსნა, რომ ეს საქართველოს ჩაყლაპვას გულისხმობს? ამიტომაც ვამბობ: ერთი ადგილი დავაყენოთ და ცეცხლს ნუ ვეთამაშებით! ანტიდასავლური გამოსვლები კი არა, სწორედ ანტირუსული და ანტიევრაზიული გამოსვლები უნდა იყოს ყოველდღიურად ქვეყანაში.  

                                                                                                       დავით დევიძე

 

გაზიარება