QronikaPlus
მედიასაშუალებებით სუიციდის შემთხვევების გაშუქება უნდა შეიზღუდოს?!

მედიასაშუალებებით სუიციდის შემთხვევების გაშუქება უნდა შეიზღუდოს?!

2015-04-25 08:38:31

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის აზრით, მედიასაშუალებებით სუიციდის შემთხვევების გაშუქება უნდა შეიზღუდოს. ამ საკითხზე ხუნდაძე კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მრჩევლებს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი თემა მედიასაშუალებებით სუიციდისა და მკვლელობის ფაქტების გაშუქების საკითხები იყო. „მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების გაშუქების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ _ პირველი: სუიციდის შემთხვევები, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ქვეყანაში და მეორე: თავად ამ შემთხვევების მედიასაშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა. ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად შესაძლოა დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც. ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მიმართულებით, მაგრამ მედია, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქნელი ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებას“, _ აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კომიტეტთან არსებული მრჩეველთა საბჭოს სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებენ, რა ფორმით შეიძლება გაშუქდეს მსგავსი ფაქტები და მივიდეს მოსახლეობამდე, ან გაშუქდეს თუ არა საერთოდ? „ეს არ არის კრიმინალი, რომელიც შეიძლება შესაბამისი უწყებების არაკომპეტენტურობის გამო ხდებოდეს ქვეყანაში და ამაში ბრალი დავდოთ ვინმეს. ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური შემთხვევა, რომლისგანაც არ არის დაზღვეული არც ერთი ევროპული ქვეყანა. ჩვენ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიება, მათ შორის, მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების ფართომასშტაბიანი პროპაგანდის შეზღუდვა“, _ განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. „ქრონიკა+“ ამ საკითხზე განმარტებისთვის ფსიქოლოგებს დაუკავშირდა... ნონა ხიდეშელი _ „მამარდაშვილის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი: _ გასაგებია, რომ ნებისმიერი ნეგატიური ამბავი დამთრგუნველია, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენ ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ. ბოლოს და ბოლოს, მედიას თავისი ფუნქცია აქვს და მიმდინარე ფაქტები და მოვლენები უნდა გააშუქოს, მაგრამ აქ უფრო სხვა რამ მაინტერესებს: სუიციდის პრობლემა მის გაშუქება-არგაშუქებაშია? რას ნიშნავს განცხადება, რომ თვითმკვლელობის გაშუქებამ პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს? მგონია, რომ საკითხს არასერიოზულად ვუდგებით. აჯობებს, ჯერ გამოვიკვლიოთ და შემდეგ, შეძლებისდაგვარად აღმოვფხრათ თვითონ სუიციდის პრობლემა. ასეთ გაღატაკებულ ქვეყანაში დიდი შანსია, რომ მატერიალურმა მხარემ და, ზოგადად, ადამიანის არარეალიზებულობამ ის სულიერ აშლილობამდე და თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. ამაზე ვიფიქროთ და რეალურად, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ქვეყანაში სწორედ საარსებო პირობების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ. გეთანხმებით, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც არის სუიციდის შემთხვევები, თუნდაც შვეიცარიაში მაღალი პროცენტული მაჩვენებელია; ასევე გასაგებია, რომ ადამიანის ფსიქიკა ძალიან რთული სტრუქტურაა, მაგრამ ჩვენნაირ ქვეყანაში სახელმწიფო ამ გზით არ უნდა ებრძოდეს სუიციდს, რომ პრობლემა თითქოსდა მის გაშუქებაშია. რეალურად, ეს მაჩვენებელი არაფერს ცვლის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენთან სუიციდის პრობლემების წყარო სწორედ სიღატაკე და ქვეყნის გაუმართაობა, ადამიანების არარეალიზებულობაა. სჯობია, რომ ამისთვის შეიქმნას დახმარების  სახელმწიფო პროგრამები და, ზოგადად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. არ მგონია, გაშუქება-არგაშუქებამ ამ მხრივ რამე შეცვალოს, მოუმატოს, ან მოაკლოს მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები. ეს იგივეა, რომ ქვეყანაში ავტოავარიები არ გააშუქოთ და დავუმალოთ მოსახლეობას. ესეც ძალიან ცუდი საყურებელია, მაგრამ ასეთი ამბები ხდება და მას ვერ მივჩქმალავთ. _ დღევანდელი მთავრობა რამდენად პასუხობს აღნიშნულ გამოწვევებს? _ მიმაჩნია, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ამ პრობლემებს სათანადოდ ვერ პასუხობდა, რასაც კონკრეტული ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება ჰქვია, რასაკვირველია, ყველა ხელისუფლებას თავისი პლუსები და მინუსები ჰქონდა, რაღაცას აკეთებდნენ და უსაქმურად არავინ იჯდა, მაგრამ რომ გითხრათ, ახალმა ხელისუფლებამ, წინასთან შედარებით, რამე შეცვალაო, ეს სიმართლე არ იქნება. პირიქით, ვხედავთ, რომ ფასების არანორმალური ზრდაა, საბანკო სფეროში ანალოგიური პრობლემაა და რასაც ამ მიმართულებით მთავრობა აკეთებს, მხოლოდ მინიმუმია იმ გამოწვევებთან შედარებით, რის წინაშეც ჩვენი მოსახლეობა დგას. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველამ კარგად ვიცით, რაც ხდება ჩვენ ირგვლივ _ სიდუხჭირე, ნევროზული ფონი, ტრაგიზმით აღსავსე სახეებით რომ დადის ხალხი, მკვლელობა-თვითმკვლელობები. არ ვიცი, რატომ ვერ ხერხდება ამ პატარა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშეწყობა?! ფაქტია, რომ ბოლო 20 წელიწადი ერთ ადგილს ვტკეპნით და საშველი არ ჩანს. ამ ფონზე, რიგითი ადამიანის ცხოვრებაში სასიკეთოდ ბევრი არაფერი იცვლება. მანანა სოლოღაშვილი _ ფსიქოლოგი:  _ ვერ გეტყვით, ფაქტების დამალვა რამდენად სწორი ნაბიჯი იქნება, მაგრამ რას ნიშნავს პროპაგანდა? სუიციდის ფაქტები ყოველთვის ხდებოდა და ხდება, ამას გამოაქვეყნებ თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს ჩაიდინოს, არ მგონია, ის ამას კითხულობდეს ან უსმენდეს. გაშუქებას დიდი გავლენის მოხდენა არ უნდა შეეძლოს. ფსიქოლოგიის გადასახედიდან რომ ვიმსჯელოთ, თუ მიმბაძველობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ადამიანი თუ ასე დაინტერესდება, ყოველთვის მიუწვდება ხელი მსგავს ინფორმაციაზე. ზოგადად, სიმართლის, გახსნილობის მომხრე ვარ და არაფერი მიჩქმალული და დამალული არ უნდა იყოს. რაც შეეხება ზედმეტ გავრცელებას, არ მახსენდება, რომ ეს პროცესი ასე მასობრივად შუქდებოდეს, რაღაც აგიტაცია და აჟიტირება მიმდინარეობდეს ამ თემებით. რამდენიმე შემთხვევა იყო და ჩვეულებივად გაშუქდა. სუიციდის მატება არა ჟურნალისტების გახშირებული განხილვების, არამედ არსებული სოციალური მდგომარეობის ბრალია. ზოგადად, ქვეყანაში სოციალური ფონი ძალიან დამძიმებულია და აგრესიულობა მომატებულია. სუიციდიც ხომ აგრესიის ერთ-ერთი გამოვლინებაა, მე-სი მე-ს მიმართ, ანუ აგრესიის შიგნით მიმართული უკიდურესი ფორმაა. ამიტომ ეს ზოგადი ფონის ბრალია და არანაირად არ მიმაჩნია, რომ ფართო ჟურნალისტური გაშუქების _ რაღაც ეს მედიის ფუნქციის შეზღუდვადაც მიმაჩნია. არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მთავრობის პასუხზე გეტყვით, რომ ზოგადად ეს პოლიტიკის ანალიზის სფეროა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ნაბიჯებს. კერძოდ, ფსიქოლოგის დახმარება მიიღეს ყოფილმა პატიმრებმა, პრობაციონერებმა, ამის სპეციალური პროგრამები არის უფრო რისკჯგუფებისთვის, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ადამიანს სჭირდება. ადამიანს, პირველ რიგში, სოციალური რეაბილიტაცია სჭირდება, ანუ სოციუმში თავისი ადგილის პოვნა, იყოს დასაქმებული, საზოგადოებისთვის საჭირო იყოს, რაღაცას ქმნიდეს, მატერიალურს ან სულიერს. ქვეყანაში სწორედ ამის ნაკლებობაა. მცდელობებს, რაღაც ნაბიჯებს ვხედავ, მაგრამ ეს არასაკმარისია.  

                                                                                             გელა მამულაშვილი

 

გაზიარება