QronikaPlus
გამგებლობიდან „პაჟარნიკობამდე“, ანუ რატომ ვერ ელევიან საქართველოში სააკაშვილის ჩინოვნიკებს?

გამგებლობიდან „პაჟარნიკობამდე“, ანუ რატომ ვერ ელევიან საქართველოში სააკაშვილის ჩინოვნიკებს?

2015-04-24 10:15:37

საქართველო სავსეა კომპანიებით, რომლებიც ატყავებენ მოსახლეობას და ისედაც ჯიბეგახვრეტილი ბიუჯეტიდან აცლიან უკანასკნელ თეთრებს. ამ კომპანიათა გარკვეული ნაწილის ჩამონათვალი უკვე შემოგთავაზეთ „ქრონიკა+“-ის ფურცლებზე. ამჯერად მსგავსი პროფილის კომპანიებიდან შევჩერდეთ ერთ-ერთზე: თბილისის სატრანსპორტო კომპანია _ ყოფილი შპს „თბილისის მეტროზე“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია, ხოლო რა სტრუქტურებითა და მექანიზმებით იმართება ეს უმსხვილესი ორგანიზაცია, ამის თაობაზე „ქრონიკა+“-ის მკითხველს „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის“ გენერალური დირექტორი, გიორგი რურუა ესაუბრება:   _ ვიდრე უშუალოდ ამ თემის განხილვაზე გადავალთ, მინდა ჩემი კომპანიის სახელით შალვა აბულაძის ისტორიასთან დაკავშირებით ვთქვა ორიოდე სიტყვა. ცხადია, არანაირი გამართლება არ აქვს ადამიანის მკვლელობას. ამ შემთხვევაში იმ პოლიციელებს ვგულისხმობ, რომლებიც შალვა აბულაძემ გამოასალმა სიცოცხლეს. ეს უმძიმესი და შემაძრწუნებელი შემთხვევაა. ქვეყანას დააკლდა ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე, გაუბედურდა ორი ოჯახი  და მთელ ქვეყანასაც დიდი ხნის მანძილზე დაღად დარჩება ეს ფაქტი. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, _ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ქართულ ბიზნესში არსებული განუკითხაობა და მგლური კანონები რომ არა. დიახ, არ ვამართლებ შალვა აბულაძის ქმედებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ იგი გახდა ამ ბიზნესში გაბატონებული მაფიის მსხვერპლი. _ ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ საკითხზე საუბარი და იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა აბულაძეს ამ უკიდურეს ნაბიჯამდე? _ მართლაც საინტერესოა და ამ საკითხთან დაკავშირებით სამომავლოდ უფრო დაწვრილებით ინფორმაციებს მოგაწვდით. რაც შეეხება თბილისის მეტროს, მოდით, გადავავლოთ თვალი კომპანიის მოკლე ისტორიას: თბილისის სატრანსპორტო კომპანია _ ყოფილი შპს „თბილისის მეტრო“ _ რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია, ოპერირებს 1966 წლიდან, როდესაც გაიხსნა მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი დიდუბე-რუსთაველის მიმართულებით. 2009 წელს, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური ავტობუსები და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება სამი ავტოპარკის სახით. 2012 წელს კომპანიის საქმიანობის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და მის აქტივებს დაემატა ახლად აშენებული რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა. მოკლედ, ერთ-ერთ უმსხვილეს დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც ათასობით ადამიანი არის დასაქმებული. ამასთანავე, ეს ის კომპანია გახლავთ, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის წარმატებით იყენებდა სხვადასხვა პარტია. მაგალითად, დღეს ხელისუფლებაში მყოფი მაღალი თანამდებობის პირები ერთ დროს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდნენ საზოგადოებრივი მომსახურების ტრანსპორტზე მაღალი ტარიფის შესახებ, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოიღო და პირობას დებდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებას ტარიფებს გაუიაფებდნენ. ამ დაპირებამ იმუშავა და სწორედ მგზავრობის ღირებულების შემცირების მაცდუნებელი პერსპექტივის გამო ბევრმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. თუმცა ტარიფის გაიაფების საკითხი ისევ მგზავრების ოცნებად დარჩა და მხოლოდ დაპირებაღა შეგვრჩა. საქმე ის არის, რომ ხელისუფლება კი შეიცვალა, მაგრამ ახლებსა და ძველებს ერთმანეთი გაუტკბათ, რასაც ვადასტურებთ რეალური ფაქტებით. ეს გახლავთ პირდაპირი დამადასტურებელი მტკიცებულებები მაღალ დონეზე მოგვარებული გარიგებებისა, რაც მიზნად ისახავს უზარმაზარი ფინანსური ნაკადების გაჩენას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბიზნესში. _ რას გულისხმობთ? _ ჯერ ვნახოთ, ორგანიზაციის თავკაცობა რა პერსონების მიერ იყო და არის დაკომპლექტებული ბოლო თვეების მანძილზე: კომპანიის გენერალური დირექტორი გახლავთ ალექსანდრე ჯაფარიძე; დირექტორი კონტროლის სფეროში არის თემურ ძიძიგური; სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია ნუგზარ ჩადუნელი; ხოლო ლაბორატიული ცენტრის უფროსი _ გიორგი ტალახაძე. _ ნუგზარ ჩადუნელი რომ ახსენეთ, ეს ის ჩადუნელია, გარდაბნის გამგებელი რომ იყო, თუ სხვა პიროვნებაა? _ სწორედაც ის გახლავთ, ვინც თქვენ გაგახსენდათ. ჩამოთვლილ გვარებს შორის მართლაც აღსანიშნავია ბატონი ჩადუნელი _ გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, თელასის ყოფილი ოდეერი, უშიშროების ოფიცერი და ამჟამად თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გახლავთ სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. პარალელურად თუ გადავხედავთ მეწარმეთა და  არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ინფორმაციას, ვკითხულობთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაფუძნდა 1997 წლის 24 ივლისს. 2010 წლის 28 იანვრიდან 2014 წლის 23 აპრილამდე ფიქსირდება ხელმძღვანელად ლევან კოპლატაძე. ამის შემდეგ უფლებამოსილების მქონე პირის გრაფაში დავით მჭედლიძე ჩნდება, ხოლო 2014 წლის 22 აგვისტოდან ალექსანდრე ჯაფარიძე ევლინება კომპანიას გენერალურ დირექტორად, თუმცა დავით მჭედლიძე კვლავ ინარჩუნებს პოზიციას კომპანიაში, სადაც მოგვიანებით ასევე ვხედავთ ძალზე საინტერესო ფიგურას _ ნუგზარ ჩადუნელს, რომელიც, როგორც ჩანს, მზითვად გადმოჰყვა დღევანდელ ხელისუფლებას. მოგეხსენებათ, ოქტომბრის არჩევნები რომ წააგეს, ბევრმა „ნაციონალმა“ სწორედ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შეაფარა თავი, სადაც მათ მაღალი ანაზღაურებაც შეინარჩუნეს და უზრუნველი ცხოვრებაც. ამან გააჩინა იმედი, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, როცა ახალი მერი კომპანიაში „ოცნების“ კადრებს მოიყვანდა, ამას უწყებიდან „ნაციონალების“ გაძევება მოჰყვებოდა, თუმცა არც ამ სურვილს ეწერა განხორციელება. ჩადუნელის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ „მეტროპოლიტენი“ და მთლიანად სატრანსპორტო კომპანია დღემდე „ნაცების“ ნავსაყუდელს წარმოადგენს. _ კი მაგრამ, რა გავლენები აქვთ ასეთი „ნაციონალებს“, რომ დღემდე იქ რჩებიან, ან ვისი ხელშეწყობით შევიდა ახალ გუნდში ნუგზარ ჩადუნელი? _ ამ კითხვის მოკლე პასუხი არის, _ თბილისის მერია. ზემოაღნიშნულის საფუძველზე თუ გავაგრძელებთ მსჯელობას, სწორედ თბილისის მერია ერევა უხეშად კერძო კომპანიის საშინაო საქმეებში. პრინციპში, მას ამის უფლება აქვს, რადგან 100%-ანი წილის მფლობელია, მაგრამ აქ საუბარია საკადრო პოლიტიკის გამჭვირვალობაზე, რომლის ხარისხიც კომპანიაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გასაგებია, როცა მერია ათავისუფლებს წინა გენერალურ დირექტორს, რადგან ეს ადამიანი, კოპლატაძე, ასოცირდება „ნაციონალებთან“, კერძოდ, გიგი უგულავას გუნდთან, მაგრამ გაუგებარია, როცა პარალელურად მერიას კომპანიაში შეჰყავს ძველი ხელისუფლების ერთ-ერთი დასაყრდენი და ცენტრალური ფიგურა, ნუგზარ ჩადუნელი, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის უკანონოდ ჩამორთმევასთან და მის მიმართ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ ვინ უწყობს ხელს ამ ყველაფერს, ეს სულაც არ არის ძნელი გასარკვევი. თბილისის დღევანდელი მერი ყველასთვის კარგად ცნობილი ბიძინა ივანიშვილის რჩეული, დავით ნარმანია გახლავთ. პოლიტიკური თვალსაზრისით იგი საკმაოდ სუსტი ფიგურა გამოდგა: დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, რაც აშკარად თვალში საცემია. ოფიციალურად ის ნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელებს, მაგრამ ამას მხოლოდ სხვისი მითითებით ასრულებს. ასეთია მოცემულობა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მერიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები, მინიმუმ, შეთანხმებულია თვით ბიძინა ივანიშვილთან; ან სულაც სწორედ ივანიშვილის ინიციატივით არის გაცემული დირექტივა კონკრეტული დანიშვნებისა თუ ცვლილების შესახებ, რაც უფრო დამაჯერებელი ჩანს. _ თქვენ ფიქრობთ, რომ ადგილობრივი დონის ჩინოვნიკებიც კი ივანიშვილის ხელდასხმით ინიშნებიან? _ ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება სულაც არ იცოდეს, ვინ არის ნუგზარ ჩადუნელი, მაგრამ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ივანიშვილის გარშემო ტრიალებენ და თავიანთ ნება-სურვილს სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის საშუალებით ახორციელებენ. სამწუხაროა, რომ ივანიშვილი ამ ჯგუფებს ბრმად ენდობა და იშვიათად ახდენს მათ რევიზიას. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება ასე, რაც გია ხუხაშვილის მაგალითიდანაც კარგად ჩანს. ერთი სიტყვით, მოცემული ფაქტი, მასზე გამოთქმული გონივრული ეჭვებით, პრაქტიკულად, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ოლიგარქის თანამონაწილეობით ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უხეში და უკანონო ჩარევისა. იმისთვის, რომ კომპანიაში შეცვალო გენერალური დირექტორი, არსებობს სპეციალური პროცედურები და ორგანოები, რომლებიც დებენ ამა თუ იმ დასკვნას, დადებითს ან უარყოფითს, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს მიმართვა სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისადმი. აუდიტი და რევიზია სწორედ ამ კონტროლის ფორმებსა და პროცედურებს წარმოადგენს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში საქმე გვაქვს პოლიტიკურ, კლანურ, კორუფციულ, ნეპოტისტურ, ან კრიმინალურ განზრახვასთან, რის გამოც თავისუფლად ატოვებინებენ თანამდებობებს მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, მინისტრებსა თუ გენერალურ დირექტორებს, ყოველგვარი არგუმენტირებული დასკვნის გაკეთებისა და გაფორმებული დოკუმენტაციის გარეშე და ასევე ნიშნავენ თანამდებობებზე ახალ პირებს, მიუხედავად მათი საეჭვო წარსულისაც კი. აგერ, ბატონო, გადავხედოთ საჯარო ცნობებს და შეფასებებს, თუ რას ლაპარაკობენ ნუგზარ ჩადუნელზე. მაგალითად, ექსპერტი კავკასიის საკითხებში და გარდაბნის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა არეშიძე, იხსენებს, რომ როდესაც ის „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად წარადგინა, მას საარჩევნო შტაბი უკვე დაკომპლექტებული დახვდა ადგილზე. სულ 11 ზონა იყო, სართიჭალიდან კი სწორედ ნუგზარ ჩადუნელი გახლდათ წარმომადგენელი. არეშიძის თქმით, გარკვეულ ეტაპზე მისი და ჩადუნელის ურთიერთთანამშრომლობა შედგა კიდეც, რადგან მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩადუნელი ორმაგ თამაშს თამაშობდა. _ ორმაგ თამაშში რა იგულისხმება? _ მამუკა არეშიძის თქმით, როდესაც მან ჩადუნელის გადამოწმება გადაწყვიტა, გაირკვა, რომ „ჩადუნელი კვერცხებს ორივე ბუდეში დებდა“ და „წარმატებით“ თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან: „არჩევნები ყველა ქართულ სოფელში მოვიგეთ, სართიჭალის ერთი უბანი წავაგეთ. ადგილობრივები გვეუბნებოდნენ, რომ ამ კაცს არ უნდა ვნდობოდით, თუმცა ჩვენ ამის მიზეზი არ გვქონია. როდესაც გარდაბანში ჩავედი, შტაბი უკვე დაკომპლექტებული დამხვდა და არ მინდოდა, დისონანსი შემეტანა მის მუშაობაში. არჩევნების დასრულების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ის მუშაობდა თემურ ფეიქრიშვილთან და იმ გარემოცვასთან, რომელიც გარდაბანში ყოველთვის მყარად გრძნობდა თავს“, _ ეს არეშიძის სიტყვებია. აი, ასეთი კაცი გაუშვეს ჯერ რაიონის გამგებლად, შემდეგ კი როცა ეს პოსტი დატოვა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში შეიფარეს. ეს რატომ მოხდა, იცით? მთლიანობაში რომ შევხედოთ პროცესებს, ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების პირველ პირთა სახელები და გვარები შეიცვალა, დანარჩენი ისევ ისე დარჩა, როგორც ადრე იყო, მათ შორის ფინანსური დაჯგუფებებიც, რომლებიც დღეს ისევ ისე მართავენ და განაგებენ ფინანსურ ნაკადებს, როგორც მართავდნენ სააკაშვილის დროს და კიდევ უფრო ადრეც. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ჩადუნელისა და უშიშროების სხვა ყოფილი თანამშრომლები ახლაც მართავენ სიტუციას ქვემო ქართლში. პირადად მეც მქონდა ურთიერთობა წინა რეჟიმის მიერ დაჩაგრულ რამდენიმე დაზარალებულთან, რაზედაც არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთე, მაგრამ უშედეგოდ. არავის აწყობს ამ საკითხებში ჩაღრმავება, რადგან ეს სისტემის მოშლას გამოიწვევს. სისტემა კი თვითონვე შექმნეს და ბავშვობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ სამართლიანობის აღდგენის ეგიდით ესენი თავიანთ კეთილდღეობაზე იტყვიან უარს. ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ძალიან ცუდი სიტუაციაა ქვეყანაში, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო დამძიმდება. ფაქტობრივად, ერთი მხრივ არსებობს მოსახლეობის ჯიბე, მეორე მხრივ კი კერძო ინტერესები, რომელიც სახელმწიფოს სახელით და კერძო კომპანიის სახით ძვრება ამ ჯიბეში და ქმნის მართვის უმაღლესი ტიპის მონოპოლიას. სწორედ ასეთი სიტუაციაა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც თითქოს კი ეკუთვნის მერიას, მაგრამ კომპანიას თვითონ ჰყავს შიგნით პატარ-პატარა კომპანიები, რომლებიც უზარმაზარ ნაკადებს აკონტროლებენ. ამ მონოპოლიის უკან კი დგას ოლიგარქი ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომელიც სისტემას მართავს ჩადუნელისნაირი „გამოცდილი“ კადრებით. ამიტომ ვამბობ, რომ გამოუვალ სიტუაციაში ვიმყოფებით. ის ხალხი, ვინც ქვეყანაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნდა ზრუნავდეს, მხოლოდ პირადი მისწრაფებების განხორციელებით არის დაკავებული. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ მათ ხელს არავინ უშლის და როგორც წინა ხელისუფლების დროს მიმდინარეობდა სახელმწიფოებრიობის თანმიმდევრული ნგრევა, ახლაც ის პროცესებია.  

                                                                                                  დავით დევიძე

 

გაზიარება