აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს სამი ავტონომიიდან ერთადერთია, რომელიც ქვეყნის იურისდიქციის ქვეშაა. ავტონომიურ რესპუბლიკას 21-კაციანი ადგილობრივი პარლამენტი აქვს, რომელსაც უმაღლესი საბჭო ჰქვია. საბჭოს სახელფასო და მატერიალური ხარჯი, ყოველწლიურად, 5 მილიონ ლარზე მეტია. დეპუტატების ხელფასი ყოველთვიურად, საშუალოდ, 2000-დან 5000 ლარამდეა, პრემიებისა და დანამატების ჩათვლით. უმაღლეს საბჭოში დეპუტატების გარდა 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
აჭარას ასევე ჰყავს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის შესანახადაც რეგიონის ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. 4 მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე ქმნის აჭარის მთავრობას. თითოეულ მათგანს რამდენიმე მოადგილე და მრჩეველი ჰყავს. ჯამში, აჭარის მთავრობაში, მის დეპარტამენტებში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და აიპებში რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული.
აჭარაში იურისტებმა, პროფესორებმა, მოქალაქეებმა და „ოცნების“ წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, არის თუ არა საჭირო, აჭარას ჰქონდეს ავტონომია?
იურისტი რამინ პაპიძე მიიჩნევს, რომ აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი არ უნდა ჰქონდეს. ეს ისტორიული აუცილებლობით იყო განპირობებული, მაგრამ დღეს ეს აუცილებლობა აღარ არსებობს:
_ ავტონომიური რესპუბლიკის არსი გახლავთ ის, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იღებს საკანონმდებლო აქტებს. რეალურად, აჭარის წარმომადგენლობითი ორგანო ვერანაირ საკანონმდებლო აქტებს ვერ იღებს და, საბედნიეროდ, კარგია, რომ ეს ასეც არის. რეალურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქართულ სახელმწიფოში, შეიძლება ითქვას, „სიმსივნური წარმონაქმნი“. ქართულ სახელმწიფოში მეორე პატარა ქართული სახელმწიფოს წარმონაქმნის არსებობა არ არის მიზანშეწონილი. თუ ჩვენ _ აჭარლები _ ქართველები ვართ, ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ავტონომია. თუ აქ არის საუბარი რელიგიურ უმცირესობაზე, სტატისტიკური მდგომარეობა აჭარაში კარგად ვიცით, არ არის დღესდღეობით იმის ისტორიული აუცილებლობა, რომ აჭარას ჰქონდეს ავტონომია. უბედურება ის არის, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ ვერც ერთ პერიოდში მისია ვერ შეასრულა. მიმაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
_ აქვს თუ არა ავტონომიას ფუნქციები? თუ არ იქნება ავტონომია, რა სტატუსი უნდა ჰქოდეს მაშინ აჭარას?
_ რას ნიშნავს უფუნქციო და ფუნქციური? აჭარის ავტონომიას ყველა შემთხვევაში საკანონმდებლო აქტების მიღების უფლებაც რომ მივცეთ, ფაქტობრივად, ფედერალურ მოწყობაზე გადავდივართ. მე, საქართველოს მოქალაქე, არ ვეთანხმები ფედერალურ მოწყობას, რადგან ეს მართლა არის საფრთხე ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. შესაძლებელია, ამან გამოიწვიოს დაშლა. ჩვენ გვაქვს ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სადაც რელიგიურმა უმცირესობებმა შეიძლება მოითხოვონ იგივე ფედერალურ მოწყობაზე გადასვლა და ერთ დღეს შეიძლება გადაიზარდოს სხვა მოთხოვნებშიც. თუ ავტონომიას დავტოვებთ, მაშინ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში უფო მეტი მოტივაცია ექნებათ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებს, რომ მოითხოვონ ავტონომია. თუ საქართველოში ქართველებს აქვთ რელიგიური ნიშნით ავტონომია, რატომ არ შეიძლება ჰქონდეთ მათაც? ჩვენი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის მათთვის პოლიტიკურად მადის აღმძვრელი. აჭარას და აჭარლებს არავითარი ავტონომია არ სჭირდებათ.
_ თუმცა ავტონომიის შენარჩუნება ხდება ერთგვარ მაგალითად აფხაზებისა და ოსებისთვის, რომ ავტონომიურად შეიძლება იყვნენ ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში.
_ არც ერთ აფხაზსა და ოსს არ აინტერესებს, აჭარა იქნება თუ არა ავტონომია. ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია. ეს სჭირდებათ იმ გახრწნილ პოლიტიკოსებს, რომლებიც წლების მანძილზე იყვნენ ხელისუფლებაში. ვერც ერთი ცენტრალური ხელისუფლება ვერ უკარნახებს რეგიონის მოსახლეობას, იყოს თუ არა ავტონომია. ეს უნდა გადაწყვიტოს რეგიონის მოსახლეობამ პლებისციტით ან რეფერენდუმით.
ეკონომისტი ვაჟა ვერულიძე მიიჩნევს, რომ ავტონომიური რესპუბლიკა აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუმცა პრობლემა არა იურიდიულ სტატუსში, არამედ მის არაეფექტურობაშია:
_ მთავარი პრობლემა არ არის ტერიტორიული ერთეულის სტატუსი, არამედ მართვის პრობლემაა. ავტონომიის სტატუსი არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც უფრო მაღლა გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ მთავარი პრობლემა არის მართვის საკითხი, რამაც გააჩინა ეს აზრი, რომ არის თუ არა საჭირო ავტონომია? მართვის ეფექტიანობა გულისხმობს იმას, რომ ის ხარჯები, რაც გაიწევა მართვისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ არის შესაბამისობამი ბიუჯეტის დანახარჯთან. ეს არის სრულიად არაადეკვატური და შეუსაბამო. ჩვენ გვჭირდება მართვის ეფექტიანობის დახვეწა, რომ დადგეს შედეგი, თუ შედეგი არ დადგება, ეს ნიშნავს, რომ იმ მიმართულებით არის აბსოლუტურად არასათანადოდ შეფასებული არსებული სიტუაცია და არასათანადოდ არის გაწეული ხარჯები. სტატუსი რამდენჯერაც უნდა შეცვალონ, თუ მართვის ეფექტიანობა არ შეიცვლება, შედეგი იქნება ყოველთვის ერთი და იგივე. მე ვხედავ, რომ პრობლემა დგას არა ავტონომიის სტატუსის, არამედ მართვის ეფექტიანობის.
აღნიშნულ თემაზე საუბარს საფრთხედ მიიჩნევს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სვეტლანა კუდბა:
_ დღეს ამ თემის წამოჭრა სახიფათოა რეგიონისთვისაც და საქართველოსთვისაც. ავტონომიური რესპუბლიკა დღეს საჭიროა. მომავალში დრო გვიჩვენებს, დადგება თუ არა დღის წესრიგში ეს საკითხი, მაგრამ დღეს აუცილებელია. ჩვენ გარშემო უკრაინაში, სომხეთში არასტაბილური გარემოა. შესაძლოა, ამით ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის მტერმა...
შეგახსენებთ: სვეტლანა კუდბა 90-იან წლებში იმ აქციაში მონაწილეობდა, რომლის მოთხოვნაც იყო აჭარის ავტონომიის გაუქმება. იგი თანამოაზრეებთან ერთად ქალაქის ცენტრში დადგმულ კარვებში ათენებდა ღამეს და ითხოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შეცვლას.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის ექსპერტი როსტომ გუნთაიშვილი მიიჩნევს, რომ ავტონომიის სტატუსის გადახედვაზე საუბარი არ უნდა იყოს:
_ სახელმწიფოში არსებობს კონსტრუქციული და დესტრუქციული ცნობიერების ადამიანები. სწორედ ეს ორი საზოგადოება აბალანსებს ერთმანეთს, ანუ ხალხი ვის გაყვება _ დესტრუქციულად თუ კონსტრუქციულად მოაზროვნე ადამიანებს, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, 2012 წლის 1-ლ ოქომბერს კონსტრუქციულად მოაზროვნე საზოგადოებამ გაიმარჯვა. ვფიქრობ, ამ ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, რომ ქვეყანა განვითარდეს კონსტრუქციულად. სწორედ დესტრუქციული ძალები იწყებდნენ საუბარს სხვადასხვა სფეროში და, მათ შორის, ერთ-ერთი ელემენტი იყო „არ გვინდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა“, „რატომ უნდა განვსხვავდებოდეთ საქართველოს სხვა რეგიონებისგან?“ მართალი გითხრათ, ეს იმდენად უსუსურია, პასუხის გაცემაც არ ღირს. საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე საკმაოდ ბევრი სამსჯელო გვაქვს კიდევ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყველაფერს წერენ, ვის გაყვნენ, ვინ დაქორწინდა, ვინ როგორ, რა გააკეთა, მაგრამ არ არის საუბარი იმაზე, არის თუ არა ეფექტური საქართველოს დღევანდელი ტერიტორიული მოწყობა? შარშანწინ მიიღეს თვითმმართველობის კონცეფცია, იყო საკითხები, რაც ჩემთვის მისაღები გახლდათ, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ძალიან ბევრი საკითხი ქაოსურია, ბევრი საკითხი არ არის განხილული ოპტიმალურად.
_ რას ცვლის ავტონომიის სტატუსი აჭარის მოსახლეობისთვის?
_ ავტონომიური რესპუბლიკის არსებობის საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მოწყობით და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. არ მივესალმები, როდესაც რადიკალური დამოკიდებულებებია: აი, ჩვენ დღეს 20 მილიონი ლარით მეტი გვექნებოდა, რაღაც გარკვეული პროექტები რომ დაგვეფინანსებინა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აჭარის მთავრობა რომ არ ყოფილიყოო. მსჯელობა უნდა იყოს არა იმაზე, იყოს თუ არა ავტონომიური რესპუბლიკა, არამედ იმაზე, რამდენად ეფექტურია იგი. ის, რომ არაფეფექტურია, ფაქტია.
_ არის თუ არა ადეკვატური ის ხარჯი, რაც ბიუჯეტიდან იხარჯება იმ შრომისა, რასაც აჭარის ავტონომიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ეწევა?
_ თუ ხელისუფლება რაღაც გარკვეულ ანაზღაურებას ღებულობს, ხალხმა უნდა მოსთხოვოს ანგარიში, რამდენად ეფექტურია უკუგება.
_ რამდენად ავტონომიურია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა?
_ რა თქმა უნდა, არ არის. ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა. ეს სამი სიტყვა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა“ არ არის დამნაშავე იმის წინაშე, რომ არ არის ეფექტური მმართველობა.
ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე ქვეყნის ფედერალური მოწყობის მომხრეა:
_ მე, როგორც ფედერალისტი, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საჭიროა განვითარდეს რეგიონალიზმი. ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. როდესაც რეგიონები არის სუსტი, ეს ქვეყნისათვის დამანგრეველია. მთავარია, ჩვენ გამოვიყენოთ ავტონომია და აქ მცხოვრებმა ადამიანებმა უკეთ იგრძნონ თავი. ამ ეტაპისთვის ძალიან ცოტა უფლებამოსილება აქვს ავტონომიურ რესპუბლიკას, მაგრამ ე. წ. მენეჯერული გუნდი ვერ უმკლავდება საქმეს, ეს უფლებამოსილებები არ ხორციელდება და იქმნება აზრი, _ რა საჭიროა ავტონომიური რესპუბლიკა? თუკი ჩვენ გვეყოლება გაცილებით პროფესიონალური, კვალიფიციური გუნდი, ის მაინც განახორციელებს ამ მცირე უფლებამოსილებებს, რაც აქვს ავტონომიას. დღეს კი გვაქვს გარემო და ვხედავთ, რომ მოქმედი უმაღლესი საბჭო ნამდვილად უუნაროა.
_ თქვენ ამბობდით, რომ აჭარის ავტონომიის უფლებების გაზრდას ცენტრში უყურებენ, როგორც სეპარატიზმს. რას ხედავენ ამ მოთხოვნაში სეპარატისტულს?
_ ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, რომ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას პირველ რიგში ლოგიკურად წარმოუდგენია, რომ თითქოს ეს ავტონომია რაღაც პრობლემა იყო საქართველოსთვის, რაც არასწორია დღევანდელი მოცემულობისათვის. დღეს 2015 წელს შიში იმისა, რატომ არის ავტონომია და ამის გამო პრობლემა შეექმნება საქართველოსო, არ არსებობს. ის, რითაც რუსეთმა ისარგებლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ეს იყო ეთნიკური სხვაობა. ჩვენთან, აჭარაში, 90 პროცენტი არის ეთნიკურად ქართველი, ასე რომ, ავტონომიური რესპუბლიკა, რომ ვთქვათ, არის ანტიქართული, ან საქართველოს პრობლემას უქმნიდეს, გამორიცხულია.
_ არის თუ არა ავტონომია ავტონომიური?
_ ის სტერეოტიპი, რაც დაინერგა 90-იანი წლებიდან და დაგვირგვინდა 2004 წლის სტატუსით, დღემდე არსებობს და სულდგმულობს. ეს სტერეოტიპი განსაკუთრებით დედაქალაქში სულდგმულობს, რომ „ეი, მანდ ბათუმში ჭკუით ხართ თუ არა?“ რას ნიშნავს, ჭკუით ვართ თუ არა? მე ყოველთვის ვარ ჭკუით და უფრო მეტს ვფიქრობ ჩემს ქვეყანაზე, ვიდრე ადამიანი, რომელსაც ეს სტერეოტიპი თავში უდევს. ეს არის ქვეყნის განვითარების პრობლემა, განსაკუთრებით დედაქალაქში მცხოვრებლების. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ბათუმში მცხოვრებმა ქართველებმა ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ შედარებით უფრო უკეთეს პროექტებზე და საკითხებზე. ყოველთვის ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ ჩვენ უნდა შევხედოთ მათ და ვკითხოთ, რა გავაკეთოთ. ეს არის მახინჯი აზროვნება, რომელიც მოდის ჩვეულებრივი იმპერიალისტური ნარჩენებიდან მათ ტვინებში. ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს კახეთში, ან სვანეთში, იშვიათად ჩადიოდეს დედაქალაქში და თავის კუთხეში უფრო მეტს აკეთებდეს, ვიდრე ტვინგამორეცხილი ადამიანი თბილისში...(!!!)
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი, ასლან ლორთქიფანიძე, მიიჩნევს, რომ საკმაოდ დიდი ხარჯები გაიწევა ბიუჯეტიდან არაეფექტური ხელისუფლების შესანახად:
_ რეგიონული თვითმმართველობები სჭირდება საქართველოს ყველა რეგიონს, გარდა აფხაზეთისა, რომელსაც უფრო მაღალი ავტონომიური სტატუსი უნდა ჰქონდეს, მას უნდა ჰქონდეს უფრო პოლიტიკური ავტონომია. აჭარის ავტონომიის დღევანდელი სტატუსი არ არის ეფექტიანი და იგი უნდა შეიცვალოს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ უნდა წავიდეთ ორდონიანი თვითმმართველობის გზით, მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების დონეზე, ოღონდ მოვაშოროთ პოლიტიკური ნიშა. ჩვენ გვქონდეს სამეურნეო სახით თვითმმართველი ერთეულები, თანაბარი სტატუსის, მათ შორის, იმერეთშიც, გურიაშიც, აჭარაშიც. სამინისტროები შეიცვალოს სამსახურებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად იყოს რეგიონის საკრებულო, რომელიც დაკომპლექტდება რეგიონის მუნიციპალიტეტის არჩეული საკრებულოს წევრებისგან მოსახლეობის პროპორციულად. მაგალითად, ქედა ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტია და იყოს 2 მანდატით, ქობულეთი ყველაზე დიდია და იყოს 6-ით, ბათუმი კიდევ უფრო მეტით, მოსახლეობის პროპორციულად დაკომპლექტდეს მეორე დონის წარმომადგენლობით ორგანოში. რეგიონის პირველი პირი, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი უშუალოდ რეგიონის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, ან არაპირდაპირი გზით რეგიონის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა. როდესაც ამ თემას უფრო დავხვეწთ, გამორიცხული არ არის, მივმართოთ შარშან შექმნილ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წინადადებით, რომ რახან იგეგმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის ცვლილება და ზოგადად კონსტიტუციის ცვლილება, ეს ჩვენი მოსაზრებები გაითვალისწინონ.
_ რა ხარჯებზეა საუბარი და იქნება თუ არა ხარჯობრივად სხვაობა დღევანდელ ავტონომიასა და თქვენს შემოთავაზებულ ორდონიან თვითმმართველობას შორის?
_ ჩვენ ყოველწლიურად 5 მილიონ ლარს ვხარჯავთ აჭარის უმაღლესი საბჭოს შესანახად, 20 მილიონ ლარზე მეტს აღმასრულებელი ხელისუფლების შესანახად. სხვადასხვა ხარჯით ეს, დაახლოებით, 35 მილიონ ლარზეც ადის, რაც გახლავთ საკმაოდ ძვირადღირებული სერვისი და ბუნებრივია, ამ სერვისის შესატყვის მომსახურებას აჭარის მოსახლეობა ვერ იღებს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს „თავკომბალა“ უნდა მოვიშოროთ და უნდა გვქონდეს უფრო ეფექტური, მოქნილი და მცირე აპარატის მატარებელი, მცირე ხარჯიანი და მეტი სარგებლის მომტანი მეორე დონის თვითმმართველობა.
2001 წელს აჭარის ახალი კონსტიტუციით პირველად ჩატარდა აჭარის საპარლამენტო არჩევნები. აჭარაში ორპალატიანი პარლამენტი იყო. პირველი პალატა გახლდათ რესპუბლიკური საბჭო, ხოლო მეორე _ სენატი. რესპუბლიკურ საბჭოს ხელმძღვანელობდა ალექსანდრე გობრონიძე, რომელიც 2004 წელს სესიაზე მოულოდნელად გარდაიცვალა, სენატს კი ხელმძღვანელობდა ანთაზ ქიქავა. სენატი შედგებოდა 6 სენატორისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ აჭარის ექვს მუნიციპალიტეტს. ქობულეთს, ხელვაჩაურს, ხულოს, ქედას, შუახევსა და ბათუმს ჰყავდა სენატორები. გაერთიანებული სესიის მოწვევის უფლება ჰქონდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ანუ ასლან აბაშიძეს. აღნიშნული კონსტიტუციით აჭარა სუვერენული სახელმწიფო იყო საქართველოს სახელმწიფოში.
იმედა მურვანიძე