უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ბარაკ ობამა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე განცხადებას გააკეთებს. არავინ იცის დანამდვილებით, რა იქნება პასუხი: „დიახ“, თუ „არა“? მაგრამ ექსპერტების უმრავლესობა, რომლებიც განხილვის დაწყების დღიდან არიან ჩართულნი პროცესებში, უფრო დადებითი პასუხისკენ იხრებიან.
ამის საფუძვლად ის მოჰყავთ, რომ ბარაკ ობამას, უნდა თუ არა ეს, მოუწევს მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება. პირველი ფაქტორი _ კონგრესის მხრიდან, გარკვეულწილად, ზეწოლაცაა.
რასაკვირველია, აშშ-ის პირველი პირი მსგავსი ზეწოლისგან დაცულია კანონით და აქედან გამომდინარე, ეს ფორმულირება პირობითია, მაგრამ მაინც ამ სიტყვის _ ზეწოლის გამოყენება მოგვიწევს, რადგან ობამას მიერ წარდგენილი კანდიდატურები, ვთქვათ, პენტაგონისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უროსებად სწორედ იმ პირობით დაამტკიცა კონგრესმა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დადებითად გადაწყდებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ბოლო განცხადებაც, რომელიც მან ლონდონში გააკეთა, სწორედ იარაღის მიწოდების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინს ამყარებს. ამასთან, პენტაგონის შეფად ეშტონ კარტერის დანიშვნა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის გადაცემის მხურვალე მხარდამჭერი იყო, თავისთავად იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც გარიგება შედგა.
დაბოლოს, რაც შეეხება ზეწოლას, ყველასთვის კარგად ცნობილმა ჯონ მაკკეინმა 23 თებერვალს ჯერ გაუგონარი სიმკაცრის განცხადება გააკეთა, სადაც საქართველოც ახსენა:
უკრაინელები საკუთარ მიწაზე ამერიკულ ჩექმას არ ითხოვენ. ისინი ითხოვენ იარაღს, რომ დაიცვან საკუთარი თავი. მათ ანადგურებენ და მათი შეიარაღება ნამსხვრევებად იქცევა. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ტანკებია და უკრაინელებს არ აქვთ იარაღი, რომ მათ შეებრძოლონ.
იქ საუკეთესო რუსული სპეციალური ძალებია მობილიზებული და ისინი გააგრძელებენ ამ აგრესიას მანამ, სანამ გაუვათ. ვლადიმირ პუტინს სურს, რომ უკრაინა არ იყოს ევროპის ნაწილი და ის ამაში წარმატებას აღწევს. ის უშველებელ ზეწოლას ახდენს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მოლდოვაზე და განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას.
ეს მართლაც ბნელი თავია ჩვენი ალიანსის ისტორიაში. ეს ისტორიის სამარცხვინო მონაკვეთია. მე მრცხვენია საკუთარი ქვეყნის. მე მრცხვენია საკუთარი პრეზიდენტის. მე მრცხვენია საკუთარი თავის, რადგან არ გავაკეთე მეტი ამ ხალხის დასაცავად და ეს მართლაც გულსატკენია!“
აი, მისი სიტყვები. დამეთანხმებით, თვით მკაცრი განცხადებებით კარგად ცნობილი ჯონ მაკკეინისთვისაც კი ძალიან ხმამაღალი ტონია...
ამხელა შესავალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ უკრაინისა და მასთან მიბმული საქართველოს საკითხი უფრო ფართო, გლობალურ ჭრილში განვიხილოთ და ამას დავამატოთ ის კულუარული ინფორმაცია, რომელიც, როგორც ყოველთვის, „ქრონიკა+“-ს კიევიდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უახლოესი გარემოცვიდან აქვს.
არ ვიცი, დააკვირდით თუ არა, მაგრამ თუ ამას თუნდაც ახლა გააკეთებთ, შეამჩნევთ, რომ რაც უფრო მძაფრდება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი, მით უფრო მკვეთრი ხდება თავად მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამასთან, სააკაშვილი უცხოურ მედიასთან უფრო გულახდილად, მინიშნებებით საუბრობს, მაგრამ ქართული მედიით გამოჩენის შემთხვევაში, მაინც ცდილობს, ძალიან რადიკალური არ იყოს. მაგალითად, თუ ერთ-ერთ ევროპულ გამოცემასთან მიხეილ სააკაშვილი იმაზე საუბრობდა, რომ რუსი ოლიგარქისა და „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის ხელისუფლება თავისი ნებით არ წავა და „ივანიშვილი გაცოფებულია, რადგან ზურგსუკან ჩემს სუნთქვას გრძნობს“, უკვე „რუსთავი 2“-ზე ამბობდა, რომ „ოცნება“ არჩევნებით უნდა შეიცვალოს.
ბოლოს და ბოლოს, რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი? აპირებს თუ არა საერთოდ რამეს? და თუ აპირებს, მისი მომხრეების მხარდაჭერის გარდა, ვისი დახმარების იმედი აქვს?
გადავხედოთ მის ბოლოდროინდელ აქტივობებს და დავრწმუნდებით, რომ სააკაშვილი რაღაცას აშკარად აპირებს. კიევში მისი გარემოცვისგან მიღებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცებასაც გულისხმობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძალიან აქტიურად ცდილობს, რაც შეიძლება ხშირად იტრიალოს უკრაინული და საერთაშორისო არხების ეკრანებზე, ჩანდეს პრესაში და, რაც მთავარია, ყოველდღე ცდილობს, ფიზიკურადაც კარგ ფორმაში იყოს: დარბის და ვარჯიშობს.
„უახლოეს გარემოცვასაც იგივეს უკიჟინებს _ ივარჯიშეთ, ფორმაში იყავით, მალე საქართველოში წასვლა მოგვიწევს და იქ ღონიერები უნდა ჩავიდეთო. დარბის ქუჩაში და, რასაკვირველია, კიეველი ტაქსისტებით დაწყებული და უბრალო სექსმუშაკით დამთავრებული, ყველა სცნობს...“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს კიევიდან სანდო წყარომ.
ამავე წყაროს თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან ჩასულ პირებსაც ღებულობს, რომელთა შორის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი პირები, ბიზნესმენები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან:
„საქართველოდან მიშასთან შესახვედრად ჩამოსულთა რიცხვი ბევრად გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ რიგიც კი დადგა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი ლარის გაუფასურებამ, ბევრი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ რჩევა იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოს, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება მსგავსი კრიზისიდან თავის დასაღწევად. მიშაც არ იზარებს და ყველას ხვდება და ელაპარაკება, გიჟური გრაფიკი აქვს...“
რას ურჩევს სააკაშვილი ბიზნესმენებს და არა მარტო მათ? როგორც ირკვევა _ აქტივების მოშორებას. მისი პროგნოზით, რომელიც, ცხადია, ეკონომისტი მეგობრების პოზიციასთან უნდა იყოს შეჯერებული, წლის ბოლომდე სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, როგორც ლარის გაუფასურების, ასევე ინვესტიციების კუთხით, ხალხის მღელვარებაც უფრო მოიმატებს და არასტაბილური სიტუაციის მოლოდინი გაჩნდება, რაც ხალხს ქუჩაში გამოსვლებისკენ უბიძგებს.
„არავითარი მაიდანი ჩვენგან არ იქნება, ეს ხელისუფლება თავად ზრუნავს მაიდნის ორგანიზებისთვის და თავისივე მომხრეებისგან მიიღებს მას“, _ ამბობს თურმე მიშა და ბიზნესმენებს კულუარულად ურჩევს, აქტივები მოიშორონ, რადგან: „მერე ყველაფერი გაუფასურდება და ამის ამოქაჩვას კარგა ხანი დასჭირდება“.
სააკაშვილს ეჭვიც არ ეპარება, რომ საქართველოში დაბრუნდება და ადრინდელისგან განსხვავებით, ახლა უკვე კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს: წლის ბოლომდე თქვენთან ვიქნებიო, ქართველებს უთვლის, ამასთან, აკონკრეტებს, რომ წლის ბოლოს ხელისუფლებაში კი არ ბრუნდება, საქართველოში გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაერთვება.
სააკაშვილი იმასაც მიანიშნებს, რომ ამ გეგმას აშშ-მ მწვანე აუნთო, რადგან უკრაინის მაგალითმა ყველას კარგად დაანახვა, რა ინტერესი აქვს რუსეთს და ყველა დაარწმუნა, რომ საქართველოში ხელისუფლება 2012 წელს სწორედ საგარეო ვექტორის შემოსაბრუნებლად შეიცვალა...
მოკლედ, თუ სააკაშვილის მინიშნებებს დაეჯერება, საქართველოში კიდევ ერთი რევოლუციაა მოსალოდნელი, ისევე, როგორც ეს უკრაინაში მოხდა: ბოლო 10 წელიწადში მეორედ... რა დაერქმევა ამ რევოლუციას, ჯერ არაა გარკვეული, მაგრამ ერთი რამ კი ნათელია _ ამჯერად ის სწორედ „ოცნების“ ყოფილმა მხარდამჭერებმა უნდა წამოიწყონ და „ნაციონალები“ მასში მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვებიან... ეს კი იმისთვისაა გათვლილი, რომ ასე „გაბაზრდეს“ _ ხალხმა აირჩია და ხალხმავე უთხრა უარიო... თუმცა, როგორც გავიგეთ, აშშ ჯერ კიდევ ყოყმანობს, ვის დაუჭიროს მხარი, თუკი ეს რევოლუცია მართლაც დაიწყო: ისევ სააკაშვილის გუნდს, თუ ამჯერად ფსონი ალასანიას გუნდზე დადოს? განიხილება შერწყმის ვარიანტებიც, თუმცა ეს ყველაფერი მაინც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ ვინ გამოვა საბოლოოდ გამარჯვებული რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებიდან: უკრაინა და დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიო, სადაც საქართველოც მოიაზრება, თუ მხოლოდ რუსეთი?..
დოროთე გითოლენდია