QronikaPlus
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შსს-ს აქვს

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შსს-ს აქვს

2015-02-19 12:53:50

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამართა ანგარიშის პრეზენტაცია: „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2014“ და საჯარო ინფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო უწყების, ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები. IDFI-ის გუნდის მიერ 2014 წელს პროექტის განხორციელებისას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 5466 განცხადება 308 საჯარო დაწესებულებაში. აქედან ორგანიზაციამ მიიღო: სრულყოფილი პასუხი _ 3628 (66,4%); არასრულყოფილი პასუხი _ 356 (6,5%); უარი _ 85 (1,5%); უპასუხო ¬_ 1397 (25,6%). ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის თქმით, უარების 65% IDFI-მ შპს-ებისა (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) და ააიპებისგან (არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი) მიიღო. ამდენად, ამ კუთხით საჭიროა საკანონმდებლო რეფორმის გაუმჯობესება. გასულ წელს ყველაზე პრობლემური საკითხები, რომლებზეც ინფორმაციის მიღება რთული იყო, ეხებოდა ელექტრონულ მიმოწერას, მრჩეველების შესახებ საჯარო მონაცემებს, სამართლებრივ აქტებს პროაქტიური გამოქვეყნების შესახებ; IDFI-ს წინა ანგარიშში კი იკვეთებოდა, რომ ყველაზე რთულად მისაღები იყო ინფორმაცია პრემიებისა და დანამატების თაობაზე, წელს კი ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. IDFI-ს დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საწყის ეტაპზე (2012 წლის ოქტომბერი-2013 წლის სექტემბერი) სრულყოფილად გაცემული პასუხების 81%-იანი მაჩვენებელი მიმდინარე პროექტის ფარგლებში 66%-მდე შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 11%-დან 26%-მდე გაიზარდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულ ნიშნულს მიუახლოვდა. მისი თქმით, საკმაოდ მოულოდნელი, მაგრამ ძალიან მისასალმებელი ფაქტი იყო ის, რომ ეროვნული უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურებმა 100%-იანი გამჭვირვალობა აჩვენეს. პრეზენტაციაზე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც. დასახელდა საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურული უწყებები. IDFI-ის გაუმჭვირვალობის სერტიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისათვის გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის გადაეცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელმაც ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მეტად გააუმჯობესა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. 2012-2013 წლების მაჩვენებელთან (75%) შედარებით მიმდინარე პროექტში მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა 23%-ით და შეადგინა 98%. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კი დასახელდა, როგორც 2014 წელს ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება. სპეციალური ჯილდოები (სიგელები) „2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ მიიღეს შემდეგმა ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებებმა: _ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; _ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; _ აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ასევე IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი დადო (სულ 38 დაწესებულება). მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საჯარო სამსახურის ბიურო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სახალხო დამცველის აპარატი, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი, სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური და სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო, რომლებმაც 2012-2013 წლების მსგავსად კვლავ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირეს. 2014 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად საუკეთესო გამოქვეყნებისთვის IDFI-ის სიგელი გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტროს. დაწესებულების კატეგორიების მიხედვით, აგრეთვე, დასახელდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე არაანგარიშვალდებული უწყებები. მათ შორის არიან: _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; _ სსიპ შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური; _ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; _ წალკის გამგეობა; _ ხობის გამგეობა; _ თეთრი წყაროს საკრებულო; _ მარნეულის საკრებულო; _ მარტვილის საკრებულო; _ ქობულეთის საკრებულო; _ შუახევის საკრებულო; _ წალკის საკრებულო; _ ბოლნისის საკრებულო. ანგარიში „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში“ ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. „ქრონიკა+“ IDFI-ის ანგარიშის შედეგებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, საიდანაც მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის შემდეგი შინაარსის კომენტარი მოგვაწოდეს. არჩილ თალაკვაძე: „ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო კომენტარი გვაქვს. კრიტიკა არის ჩვენი საუკეთესო მეგობარი, თუმცა ის შეფასებები, რომელიც IDFI-მ გამოაქვეყნა, ძალიან შორს დგას ობიექტური რეალობისგან! ამიტომ ჩვენ ამ პრიზს არ მივიღებთ და უკან ვუბრუნებთ ორგანიზაციას წარწერით, თუ რა გაკეთდა საჯაროობის კუთხით 2014 წელს. მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს: 15 ათას 90 საჯარო მოთხოვნიდან 14 ათას 63 არის სრულად და ამომწურავად დაკმაყოფილებული. ამას გარდა, ჩვენ პროაქტიურად ვაქვეყნებდით იმ ინფორმაციას, რაც საზოგადოებას ისედაც აინტერესებს და ეს ხდებოდა ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე. 65 ათასზე მეტჯერ მხოლოდ მასმედიის საშუალებით გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული პოზიტიური, თუ ნეგატიური ამბები და ჩვენ ყოველდღიური თანამშრომლობა გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამ ფონზე, საზოგადოებას, ალბათ, არ გაუჭირდება, თავად გამოიტანოს დასკვნები, ვართ თუ არა ჩვენ გახსნილები და საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია“.     თვის მხრივ, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ ყველაზე ღია დაწესებულებად დასახელებას უწყებაში გამოეხმაურნენ. „საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის კუთხით პრობაციის ეროვნული სააგენტო IDFI-ის მიერ საჯარო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ღია დაწესებულებად დასახელდა და სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. კვლევის ავტორთა შეფასებით, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ყველა შეკითხვას სრულყოფილად უპასუხა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა. IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის განცხადებით, ასევე, პროგრესია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების კუთხითაც. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს IDFI-მა პრობაციის ეროვნული სააგენტო საჯარო დაწესებულებებს შორის, ინფორმაციის გამჭვირვალობის კუთხით, ყველაზე პროგრესირებად დაწესებულებად დაასახელა“, _ აცხადებენ პრობაციის სამსახურში. „ქრონიკა+“-მა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოსაც მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად დაასახელა. თეა პერტაია _ სამინისტროს მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი: _ მოხარულები ვართ, რომ IDFI-ის მონაცემებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ორმა სსიპ-მა, _ პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა, _ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით 100%-იანი შედეგი აჩვენა. სისტემის ღიაობა, ასევე, აღიარა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ _ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო „წლის ყველაზე კომუნიკაბელურ სამინისტროდ“ დაასახელა და შესაბამისი სიგელით დააჯილოდოვა. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ის გახლავთ საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტს IDFI-თან აქვს სასამართლო პროცესი, რომელიც არ დასრულებულა. ეს სასამართლო დავა შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ადმინისტრაციას და საუბარი ამ საკითხზე მართებული იქნება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით 2014 წელს კანონით გათვალისწინებულ ვადებში დაკმაყოფილდა სამინისტროში შემოსული თითქმის ყველა განცხადება, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციისა, რომლის გაცემაც უწყებას ეკრძალება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულ ხარვეზებს ჰქონდა ადგილი, თუმცა სისტემის ინსტიტუციური რეფორმა სწორედ იმისთვის ხორციელდება, რომ მსგავსი პრობლემები აღმოიფხვრას. მინისტრისა და მისი გუნდის ხედვაა, რომ სისტემის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, კანონის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და ეს უკვე თვალსაჩინოცაა. რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია მინისტრთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, როგორც სისტემის გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის გარანტი.   გელა მამულაშვილი      

გაზიარება