QronikaPlus
რომან გოცირიძე: „რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ეკონომიკას ჩამოშლის!“

რომან გოცირიძე: „რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ეკონომიკას ჩამოშლის!“

2015-02-19 12:50:52

რამდენიც არ უნდა გვიმტკიცოს ხელისუფლებამ რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, ასე არ არის. პოლიტიკური კრიზისიც სახეზეა და ეკონომიკური სექტორიც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ის არ არის, რასაც „ოცნება“ 2012-ში გვპირდებოდა. არ გვქონია ასეთი ოცნება და, მოგეხსენებათ, მოლოდინი როცა არ მართლდება, იქ სიტუაციის შეცვლაზე იწყება ხოლმე ლაპარაკი. მაგალითად, ქვეყანაში უკვე კარგა ხანია არსებობს აზრი, რომ კრიზისიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. პრინციპში, ეს აზრი სულაც არ არის ლოგიკას მოკლებული. როცა აღმასრულებელი სექტორი, ფაქტობრივად, უარს აცხადებს საკადრო ცვლილებებზე, ამ სექტორში ძირფესვიანი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ ახალ პარლამენტს თუ შეუძლია. ამასთან ერთად, ახალი პარლამენტი პოლიტიკურ სპექტრში არსებულ დაპირისპირებასაც, ასე თუ ისე, დააბალანსებდა. ერთი სიტყვით, არსებობს რამდენიმე ღირებული არგუმენტი, რომელთა წყალობითაც შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები მისწრება იქნებოდა ქვეყნისთვის... თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს და ამ შემთხვევაში უარყოფითი ფაქტორებიც ახლავს რიგგარეშე არჩევნებს. ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ ასეთი არჩევნები იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, არ შედგა და მას არჩევნებიდან არჩევნებამდე მშვიდად მისვლა არ შეუძლია. პოლიტიკურად აშკარად გაუმართლებელი იქნებოდა, თანაც არსებობს ეკონომიკური მხარეც: ერთხელ სააკაშვილს წამოსცდა, _ არჩევნები რომ ჩავატარო, მილიარდი დოლარი დაგვიჯდებაო. ანუ ეს გახლავთ მინიმალური ფასი, არჩევნების მოგებასა და ხელისუფლებაში მოსვლას რომ სჭირდება. ამას დავუმატოთ ის გარემოება, თუ რა წყაროებიდან მოხდება ამ ფულის ათვისება და დავსვათ კითხვა, _ მზად არის ჩვენი ეკონომიკა ასეთი ხარჯების გასაწევად?  პასუხი ცალსახაა _ აშკარად არ არის მზად! ეკონომიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დაუშვებელია. „ქრონიკა+“-სთან საუბარში ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბარი არის უპასუხისმგებლობა და ავანტიურიზმი, რასაც საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს: „რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემა ნელ-ნელა შემოაპარეს მედიას და მედიის საშუალებით _ საზოგადოებას. ამ თემაზე საუბრობენ პოლიტიკური მიზანშეწონილობის კონტექსტში, მაგრამ არავინ ამბობს, თუ რა ეკონომიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას. არადა, ამის ცოდნა აუცილებელია, რადგან შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე იყოს ქვეყნისთვის“. უფრო მეტი სიცხადისთვის „ქრონიკა+“-მა ბატონ რომან გოცირიძესთან ინტერვიუ ჩაწერა: _ ბატონო რომან, საკითხს ჩავუღრმავდეთ: მაინც, რა გავლენას მოახდენს რიგგარეშე არჩევნები ეკონომიკაზე? _ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას კატასტროფამდე მიიყვანს! საქმე ის არის, რომ ერთია, როცა ქვეყანამ იცის არჩევნების ზუსტი დრო _ პარტიები, ბიზნესი და მთლიანად საზოგადოება წინასწარ გეგმავს მოსალოდნელ აქტივობას და მეორეა, როცა მოულოდნელად აღმოჩნდები ახალი რეალობის წინაშე. მშვიდ ვითარებაში თამაშობ თუ ცაიტნოტში, ამას ცხოვრებაში კი არა, ჭადრაკშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. _ კი მაგრამ, ეს არჩევნები ჩატარდება გაისად. წელს რომ ჩატარდეს, ამას ეკონომიკისთვის რა მნიშვნელობა აქვს? _ ძალიან დიდი სხვაობაა. ჯერ ერთი, ირღვევა კონსტიტუციური პროცესი. მისი ჩატარების მიზანშეწონილობა ცალსახად იქნება განსაზღვრული დღევანდელი უმრავლესობის ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ მომგებიან პოზიციაში მაინც უმრავლესობა რჩება. ეს გამოიწვევს კონფრონტაციას სხვა პოლიტიკურ ძალებთან მიმართებით. ამის გარდა, სამართლებლივად არჩევნების დანიშვნა არის ურთულესი პროცესი და იგი უნდა მოხდეს გამოგონილი საბაბების მოშველიებით. კონფრონტაციაში ავტომატურად ერთვება არა მარტო საპარლამენტო უმცირესობა და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არამედ პრეზიდენტიც, ვინაიდან მისი როლი დიდი იქნება ასეთ ვითარებაში. აუცილებლად დაფიქსირდება საგარეო უარყოფითი რეაქცია, თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების სუსტ საგარეო პოზიციებს და ოპოზიციის საკმაო ბერკეტებს ევროსაბჭოში თუ სხვა სტრუქტურებში. მთელი ეს პროცესი მედიაში წარმოჩნდება, როგორც ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა სამართლებრივი მანიპულაციებით. _ ეს ყველაფერი პოლიტიკური ასპექტებია, მე ეკონომიკურ მხარეზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება. _ კი ბატონო, პოლიტიკური დისბალანსი დიდი ხნით შეაჩერებს როგორც საგარეო, ასევე შიგა ინვესტირებას. არ დაგავიწყდეთ ის გარემოებაც, რომ ქვეყანამ სავალუტო კრიზისში შეაბიჯა. ლარის სწრაფი დევალვაცია, დაახლოებით, 15%-ით, აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკაში იმ უარყოფით ცვლილებებს, რაც ძალიან კარგად არის ცნობილი თეორიაში და დადასტურებულია პრაქტიკით. ნუ შევიქმნით ილუზიებს, რომ ვითომდა საგანგაშო არაფერი ხდება. ფაქტია, რომ ამან უკვე ბევრი ადამიანი და ფირმა დააზარალა და მომავალში იგი აუცილებლად აისახება ფასებზე, დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. შეხედეთ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს. უკვე პირველად 2008 წლის შემდეგ გაჩნდა ყველაზე მოთხოვნად უბნებში წარწერები კომერციულ ფართებზე, რომ ეს ფართები ქირავდება. კომერციულ ცენტრებში იკეტება სავაჭრო ობიექტები. ასევე, ნათელია, რომ ქვეყანაში თავი იჩინა იმ შეცდომებმა, რაც მთავრობამ დაუშვა თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში და რომლის შედეგია ექსპორტის შემცირება უკვე ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში, ასევე ტურისტების ზრდის შეჩერება და ინვესტიციების შეფერხება, ისევე როგორც სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდოს დამაბალანსებელი სხვა ფაქტორების გაუარესება. მაგალითად, სარკინიგზო გადაზიდვების შემცირება და, შესაბამისად, შემოსავლების კლება ამ სფეროდან. თუ გავითვალისწინებთ ბიუჯეტის ტრადიციულად არათანაბარ შესრულებას, რომლის დიდი ნაწილი მოდის წლის ბოლო კვარტალზე, წინა პერიოდში წარმოქმნილი ჩამორჩენების გამო არსებობს ლარის უკვე მესამედ დევალვაციის საკმაო რისკი, ანუ ისედაც არსებობს ბევრი უარყოფითი ფაქტორი, ხოლო არჩევნები ამას კიდევ უფრო დაამძიმებს. ცალკე საკითხია საარჩევნო კამპანიის პროცესში ბიზნესაქტიურობის კლება, ბიზნესზე ზეწოლა პარტიების მხრიდან საარჩევნო ფულის მოზიდვის კუთხით, მოლოდინის რეჟიმის ფორმირება და ახალი საქმის წამოწყების, ან არსებულის გაფართოებისაგან თავის შეკავება. ამას დაემატება ის კონფრონტაციული ფონი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობასთან იქნება დაკავშირებული. ერთი სიტყვით, ყოველივე ამან შეიძლება ჩამოშალოს ეკონომიკა. უცხოელი ინვესტორების მოლოდინი შეიძლება ხანგრძლივად გაიწელოს _ არა ერთი და ორი წელიწადი. თანაც არავინ იცის, რამდენად სამართლიანად ჩატარდება არჩევნები და აღიარებს თუ არა მის შედეგებს დამარცხებული მხარე. პირველ რიგში, ეს იმის გამო მოხდება, რომ იგი ჩატარდა კონსტიტუციური ვადების დარღვევით. არ შეიძლება ასეთი რისკები არ გაითვალისწინოს და მსგავს ავანტიურაზე წავიდეს ხელისუფლება. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თავისთავად, უკვე ეს ფაქტია ცუდი სიგნალი ბიზნესისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. ასე რომ, ვისაც ეს იდეა აწუხებს ვურჩევ, რომ ნუ ეთამაშებიან ცეცხლს. მათი ცოდნა ეკონომიკის შესახებ რომ საკმაოდ დაბალია, ეს ისედაც კარგად ჩანს. კიდევ ერთხელ ნუ დაგვარწმუნებენ ამაში და ნუ ჩააყენებენ ქვეყანას რისკის ქვეშ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. _ ე. ი. რიგგარეშე არჩევნები ზედმეტ ტვირთად დააწვება არა მარტო ქვეყნის ბიუჯეტს, არამედ მთლიანად ბიზნესს, რადგან ბიზნესიდან ამოიღებენ ფულს? _ დიახ, ეს ხომ მიღებული პრაქტიკაა: ერთ სფეროში ამოღებული ფული მეორეში იხარჯება. შეიძლება ეს არ იყოს განსაკუთრებული პრობლემა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მწარმოებლური ნაწილიდან ფული ნაკლებად პროდუქტიულ ნაწილში გადადის, მაგალითად საწვავში, რომელიც იმპორტირებულია და ძალიან ბევრი იხარჯება გადასაადგილებლად, ქაღალდში, ბილბორდებში და ასე შემდეგ. მედიაბიზნესს უწყობს ხელს რეკლამის განთავსების გზით. მოკლედ, პლუსებიც აქვს და მინუსებიც.                                                                                                                                                                                                 ერთი სიტყვით, საუბარია ათეულობით მილიონ ლარზე, ამას დამატებული ბიუჯეტიდან გაწეული რამდენიმე მილიონიანი ხარჯები საარჩევნო კომისიებისათვის. ადრე თუ გვიან ამ ხარჯების გაწევა მაინც მოგვიწევს, მაგრამ ახლა არის ყველაზე მძიმე და არასასურველი პერიოდი, როგორც საშინაო, ისე საგარეო თვალსაზრისით. _ მაგრამ არსებობს არგუმენტები, რომლის მიხედვითაც პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა არ შეესაბამება იმ განწყობილებას, რაც  საზოგადოებაშია _ რომ ზოგიერთი პარტია არ უნდა იყოს პარლამენტში, რომ ეს ადგილობრივმა არჩევნებმაც აჩვენა, ზოგი კი ზედმეტად მრავალრიცხოვნად არის წარმოდგენილი და ასე შემდეგ.  _ აბსოლუტურად არასწორი არგუმენტებია და ეს არ არის რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი. ასე ყოველთვის ხდება და რაღაც პერიოდის შემდეგ ყოველთვის იცვლება ამომრჩევლის აზრი. კონკრეტული ვადა იმიტომ არსებობს, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობის პერიოდი და გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს იმდენი დრო, რომ შეძლოს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, ერთი ციკლი უნდა ჩაამთავროს. რეფორმატორულმა და პასუხისმგებლურმა არაპოპულისტმა ძალებმა შეიძლება მალევე დაკარგონ მასების მხარდაჭერა, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ციკლის შეწყვეტის საფუძველი.                                                                                                                                                                                        ამ რეალობას კარგად უხდება პრუსიის მეფის, ფრიდრიხ მეორის ცნობილი გამოთქმა: `თუ თქვენ მოგწონთ სხვისი მიწა, მიითვისეთ იგი. სამართლებრივი მხარე ნუ დაგაფიქრებთ, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან იურისტები, რომლებიც გაამართლებენ ამ მიტაცებას~. მოკლედ, გამართლება ადვილია და გამმართლებლებიც მოიძებნებიან, მაგრამ ასეთი პრაქტიკის გამოყენება მოცემულ რეალობაში ძალიან ცუდი იქნება, რადგან როგორც არ უნდა გავამართლოთ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა, იმ შედეგის გამართლება, რომელიც პრაქტიკულად  დაგვიდგება, ნამდვილად აღარ იქნება ადვილი. ისედაც არ არის დიდი დრო დარჩენილი არჩევნებამდე და მომავალი გართულებები, როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა ამ ვადებამდე მივაღწიოთ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და არც დიდ ეკონომიკურ დანაკარგებს დაუკავშირდება.   დავით დევიძე  

გაზიარება