QronikaPlus
„ბათუმში მეჩეთი უნდა ავაშენოო! _ ვერ ააშენებ-მეთქი! ნახევარი წელი პატარა ბავშვივით არ მელაპარაკებოდა ივანიშვილი...“

„ბათუმში მეჩეთი უნდა ავაშენოო! _ ვერ ააშენებ-მეთქი! ნახევარი წელი პატარა ბავშვივით არ მელაპარაკებოდა ივანიშვილი...“

2015-02-19 12:47:16

წინა საუკუნიდან პოლიტიკაშია. მისი სახელი და გვარი აჭარის რეგიონისთვის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო „ტექნოლოგიებისთვის“, მისი ცნობილი „გამოგონება“ _ „წყევლა“ _ ამ საუკუნეშიც აქტუალურია. ამბობს, რომ პრინციპების ადამიანია. შეფასებებში კატეგორიულია და ზოგჯერ აუტანელიც... თუმცა მურმან დუმბაძის გარეშე, ალბათ, აჭარის რეგიონს ადგილზე სანახაობა, საკანონმდებლო ორგანოში კი ხმა დააკლდებოდა. ვიცე-სპიკერს თანაგუნდელები ხშირად მისი განცხადებების გამო არ ემადლიერებიან, თუმცა მის გარეშეც ლოკალურ რეგიონში პოლიტიკურ ამინდს მაინც ვერ ქმნიან. რას იხსენებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურად? რატომ არ სცემდა ხმას ბიძინა ივანიშვილი? ვინ არის ტვინნაღრძობი და ვინ უნდა იყოს სამზარეულოში სამინისტროს ნაცვლად? _ ეს და სხვა დეტალები საკმაოდ სკანდალურ ინტერვიუში: _ ბატონო მურმან, ბოლო დროს ყოფილი თანაგუნდელების მისამართით კრიტიკულ შეფასებებს არ იშურებთ. ეს ხომ არ არის წინასაარჩევნო კამპანიის არაოფიციალური ნაწილი? _ პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე არასოდეს მიფიქრია, რომ ბრიფინგით ან მოვლენის ჩემეული შეფასებით ამომრჩევლის გული მომეგო. ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. ამ შემთხვევაშიც ასეა. არ ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი და ამ პოზიციას ვაფიქსირებდი, ვარ და ვაფიქსირებ. მოვა დრო, საქართველოს პარლამენტის წევრი არ ვიქნები და მაინც დავაფიქსირებ. 1990 წლიდან მოყოლებული აქტიურად ვარ ჩაბმული პოლიტიკაში და არ ყოფილა არც ერთი არჩევნები, რომ ჩვენ ამ მიმართულებით საკუთარი ნაბიჯები არ გადაგვედგა. არ გამოვრიცხავ: მომავალი არჩევნები იქნება, უმაღლესი საბჭოს არჩევნები იქნება თუ ვადამდელი არჩევნები, აქტიური მონაწილეობა მივიღო. _ მედიასთან ერთ-ერთ ბოლო კომენტარში არჩილ ხაბაძეს მე-7 კლასელის ჭკუის კაცი უწოდეთ. თუ იცოდით, რომ ხაბაძე ვერ გაართმევდა თავს, რაღატომ დანიშნეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ? _ ექსკლუზიურად გეტყვით: მე ვიყავი პირველი ადამაინი, რომელმაც კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია ბიძინა ივანიშვილს, როცა ეს ადამიანი დაინიშნა აჭარის რეგიონის პირველ პირად. დეტალებსაც მოგიყვებით... გუნდურობა მავალდებულებდა, სხვანაირად მოვქცეულიყავი, ახლა გეტყვით, რაც მოხდა: ჩვენი კოალიციური გამარჯვება იყო ძალიან წარმატებული მონაპოვარი. გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პირველსავე დღეს დამირეკა. 2 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე ინტენსიური კონტაქტი გვქონდა. ბიძინა ივანიშვილმა დამავალა აჭარის მთავრობის ფორმირება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ჩემი შეხედულებისამებრ გადამეწყვიტა, არამედ, როგორც კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, მთავრობის ფორმირება მომეხდინა და განსაკუთრებით მისი საკადრო ნაწილის. აჭარის ავტონომიის მთავრობაში შედის 4 მინისტრი და ერთი თავმჯდომარე. ჩვენ `ჩრდილოვანი კაბინეტი~ გვქონდა მოფიქრებული და დავიწყეთ ინტენსიური მოლაპარაკებები. 4-ვე მინისტრის პოზიცია შევარჩიე მე და გაზიარდა კოალიციურად. სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატურაზე ალტერნატივა არ გვქონია _ ეს იყო ზაურ ფუტკარაძე; არ განხილულა სხვა კანდიდატურა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზეც და შევარჩიეთ ნუგზარ სურმანიძე; ყველა `ოცნებიდან~ რომ არ ყოფილიყო, ერთი სამინისტრო დავუთმეთ რესპუბლიკურ პარტიას და განათლების მინისტრად შევარჩიეთ გია თავამაიშვილის კანდიდატურა; ფინანსთა მინისტრის კანდიდატურაზე ბევრი ვიმსჯელეთ, რადგან უამრავი ალტერნატივა იყო, მაგრამ პირადად ჩემს გონებაში დაიბადა ასეთი აზრი, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტი ეჭვი იბადება. მედია და არასამთავრობო სექტორი ამ მიმართულებაზე მეტ აქცენტს აკეთებს. ეს პოსტი დაკავშირებულია ინვესტიციებთან და ფულთან. ამ ნაწილში ჩვენი კანდიდატურა რომ დაგვესვა, მეტი პასუხისმგებლობა იქნებოდა და გადავწყვიტეთ, რომ აგვერჩია ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ მიბმული იყო დედაქალაქზე და ბიძინა ივანიშვილზე... შევჩერდი `ქართუ ბანკის~ ბათუმის ფილიალის ხელძმღვანელის კანდიდატურაზე. მე მომივიდა აზრად, რომ მინისტრის პოზიციაზე არჩილ ხაბაძეს შევთავაზებდით, რადგან ბიძინას ვეტყოდი, რომ შენ ენდობი ბანკში _ ამხელა ფინანსურ ინსტიტუტში და ვენდოთ ამ პოზიციაზეც-მეთქი. ბატონი ბიძინა მას არ იცნობდა. ამხელა ბიზნესის მქონე ადამიანს იმდენი თანამშრომელი ჰყავს, ბუნებრივია, ყველას არ იცნობს. მეორე შეხვედრაზეც კი შემიყვანა ბატონმა ბიძინამ და მკითხა, _ რა გვარია? ხაბაძე თუ ხაბაზიო? არ ვმალავ, რომ არჩილ ხაბაძესთან ურთიერთობები მქონდა. ჩემი სტუდენტობის ახლო წრიდან იყო. უნივერსიტეტში ვასწავლიდი და იქიდან ვიცნობდი. მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა, არ ვმალავ, რომ არ განიხილებოდა. როგორც დამვალებელი _ ბიძინა ივანიშვილი და როგორც დავალებული _ მე, პრაქტიკულად, უალტერნატივოდ განიხილავდა ჩემს კანდიდატურას. _ ანუ მთავრობის თავმჯდომარედ უკონკურენტოდ იყავით თქვენ? _ როცა გადაწყვეტილება კოალიციურად უნდა მიგვეღო, ბატონმა ბიძინამ მთხოვა, _ მე შენ მჭირდები ხიდად რეგიონსა და საკანონმდებლო ორგანოს შორისო. წუთნახევარში მივიღე გადაწყვეტილება. _ იმდენი ხნის პოლიტიკური ცხოვრება და გამოცდილება გაქვს, რომ თუ შენ გახდები მთავრობის თავმჯდომარე, ბალანსი დაირღვევა, რადგან შენი მაკონტროლებელი არავინ არააო, _ ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია. _ მაშინ ვის ეკუთვნოდა არჩილ ხაბაძის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის ინიციატივა? _ მას შემდეგ, რაც მე ჩემი კანდიდატურა მოვხსენი, ამის მერე ინიციატივა აიღო „თავისუფალმა დამოკრატებმა“ და „რეპუბლიკელებმა“. დებატები გაიმართა, მე წინააღმდეგობა გავუწიე. ალტერნატივად შევთავაზე ჯემალ ფუტკარაძე, თუმცა, როცა ბოლო დღეს კოალიციური ექვსეული და ბატონი ბიძინა განიხილავდნენ, მხარდაჭერა მიიღო არჩილ ხაბაძემ. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მე მაშინ ვთქვი, _ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, არჩილ ხაბაძე გახდეს მთავრობის თავმჯდომარე, რადგან ეს კაცი არ არის პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოცდილი და ლიდერობას ვერ შეძლებს-მეთქი... მაგრამ რადგან კოალიცია იღებდა პასუხისმგებლობას, მეც დავთანხმდი. როცა უმაღლესი საბჭო ხაბაძეს ამტკიცებდა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, ჩემს თანაგუნდელებს და მეგობრებს ვუთხარი, რომ ხმა უნდა მიეცათ. _ ხაბაძის დანიშვნის შემდეგ რამდენ ხანში დაიძაბა თქვენ შორის ურთიერთობა? _ არ დაგიმალავთ, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ მთავრობის სახლი არ უნდა ყოფილიყო შიდა სამეზობლო საკითხი. როგორც კი ჭეიშვილი დაასახელა მთავრობის აპარატის უფროსად, წინააღმდეგობა გავუწიე. რეგიონი არ უნდა მართონ მეჯვარეებმა. ერთი ჯგუფი, ერთ ოთახში გაზრდილები და მეჯვარეები ვერ დააბალანსებენ ხელისუფლებას. ჩვენ სხვა კანდიდატურა შევთავაზეთ. ბუნებრივია, თავად მიიღო გადაწყვეტილება და დანიშნა ჭეიშვილი. _ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე თავად შეარჩია? _ კი თავად შეარჩია. ეკონომიკის მინისტრს დედა და ბავშვი გარდაეცვალა (მინისტრობიდან გადაყენების შემდეგ რამდენიმე თვეში თავართქილაძეს ავტოკატასტროფაში დაეღუპა შვილი და დედა, _ ავტ.), არჩილი არის გარდაცვლილი ბავშვის ნათლია. თავართქილაძე არანაკლები ფინანსისტი იყო, ვიდრე ხაბაძე. მათ შორის განხეთქილება მალევე დაიწყო, დაახლოებით თვენახევარში. აშკარად ჩანდა, რომ თავართქილაძე კვალიფიკაციით სჯობდა, ეს ვერ აიტანა და გააგდო. უკანონოდ გააგდო. მას განცხადება არ დაუწერია, ეს ტყუილია. მათ კი თქვეს, თითქოს თავისი ნებით წავიდაო. ახალი მინისტრის, ბალაძის შერჩევაში მონაწილეობა აღარ მიგვიღია. საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები ყველანი იყვნენ ჯგუფელები არჩილის სამეგობროდან: დემურ დიასამიძე _ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, წულაძე _ გარემოს დაცვა, შაშიკაძე _ საგზაო. _ რამდენიმე დღეა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაბაძემ წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. გაქვთ თუ არა ეს ინფორმაცია? _ ეს ინფორმაცია მომაწოდეს თქვენმა კოლეგებმა. ბოლო 5 დღის ამბავია. არ ვიცი, ჟურნალისტური ხრიკია, თუ რეალურ ინფორმაციას ეყრდნობით? ახალი მთავრობის პირობებში, როცა ბიზნესი განთავისუფლდა და უცხოელი ინვესტორების ინტერესი დიდია, რატომ შეჩერდა აღმშენებლობის პროცესი აჭარაში? შემიძლია მოგიტანოთ დოკუმენტური ინფორმაცია: მილიარდ 800 მილიონის საინვესტიციო წინადადება შემოვიდა და არც ერთი არ განხილულა. ბიზნესმენების უმეტეს ნაწილს არჩილ ხაბაძე არ შეხვედრია, რადგან, ვფიქრობ, ხაბაძეს დავალება ჰქონდა, ბიზნესის განვითარება მომხდარიყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით. მისი 11 მრჩევლიდან ნახევარი დედაქალაქიდანაა. ვინმე ნაყეური არის მრჩეველი, რომელმაც რეგიონის შესახებ არაფერი იცის. ჩვენ ძალიან დაპირისპირებულები ვართ ხალხთან. ეს არის მთავრობის სუსტი მუშაობის შედეგი. _ უმაღლესი საბჭოც არ გამოირჩევა ამომრჩევლებთან აქტიური შეხვედრებით. მას რეგიონის მასშტაბით გაცილებით მეტი უფლება და საშუალება აქვს. _ უმაღლეს საბჭოში შემავალი ის ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობასთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ, ამ წლების მანძილზე აქტიური მოგერიების რეჟიმში ცხოვრობდნენ არა მარტო ჟურნალისტებისა და არასამთვრობო სექტორის მხრიდან, არამედ ამ მიზანმიმართულ ზეწოლას ახორციელებდა მთავრობა. _ მთავრობა ახორციელებდა ზეწოლას უმაღლეს საბჭოზე? პირიქით არ უნდა იყოს? _ კი, ასეა! მაგალითად: ჩვენსა და ბიძინას შორის ურთიერთობა დაიძაბა ძალიან მალე. ეს არ უკავშირდება აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს. ეს იყო სენსიტიური თემა, რომლის გამოც რესპუბლიკური პარტიიდან გამრიცხეს. _ ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით? _ მან მითხრა, რომ ბათუმში მეჩეთი უნდა ავაშენოო. მე ხმამაღლა ვუთხარი, _ ვერ ააშენებ-მეთქი! და ხელი დავარტყი მაგიდაზე. შეცდომა ეს იყო. 20 კაცი იჯდა: საგანელიძე, ქუცნაშვილი და სხვები. გვარებს გეუბნებით, რომ გადაამოწმოთ. ვუთხარი, _ ვერ ააშენებთ-მეთქი! ამის მერე ჩვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ნახევარი წელი პატარა ბავშვივით არ მელაპარაკებოდა. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ თურქეთში ჩასული და დაბრუნებული მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში მეჩეთის აშენებაზე არ უნდა საუბრობდეს. ხულოდან და შუახევიდან დაბარებულზე ისაუბროს, მაგრამ თურქეთიდან დაბარებულზე _ არა. ამის შემდეგ ჩემს მეგობარს და ხელვაჩაურის მაშინდელ გამგებელ ლევან ლორთქიფანიძეს იჭერენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ბიძინასთან საუბრის მერე ზუსტად ერთ კვირაში. ნახევარი წელი ატარებდნენ პროკურატურაში და ვერაფერი დაუმტკიცეს. ერთგვარად დისკრედიტაციის მცდელობა იყო იმ დეპუტაციის მისამართით, ვინც აქტიურობდა. _ უმაღლეს საბჭოსთან რა შუაშია ეს? _ მაგალითად, ავთანდილ ბერიძე ყიდულობს მანქანას და ამაზე ატყდა ამბავი. ბერიძე მანქანის ყიდვას აპირებდა სექტემბერში. როგორც კი მივიღე ეს ინფორმაცია, დავურეკე და ვუთხარი, _ არ გაბედოთ ახალი მანქანის ყიდვა-მეთქი. მანქანების რაოდენობა მეტია, ვიდრე საჭიროა და გაარემონტეთ და გამოიყენეთ ის მანქანები-მეთქი. მე მყავს ყველაზე ცუდი მანქანა, რაც კი მყოლია ცხოვრებაში, ყურები მტკივა, ისე ხმაურობს, მაგრამ მანქანა არ მიყიდია. ამის მერე, დეკემბერში, ბიუროს გადაწყვეტილებით, მაინც ჩუმად გამოაცხადეს ტენდერი მანქანაზე. ჟურნალისტებმა ატეხეს ალიაქოთი. გულში ვამბობ: „ხომ გითხარით, არ იყიდოთ-მეთქი“, მაგრამ გარეთ გუნდური პრინციპი მოქმედებს. ვურეკავ ბატონ ბიძინას და ვეუბნები, რომ ტენდერზე დააყენა და 80-ათასიან მანქანას ყიდულობს, მაგრამ მე დავავალე და ტენდერიდან მოხსნიან-მეთქი. ბატონი ბიძინა მეუბნება, _ 80-ათასიანს არ ყიდულობს, 83-ათასიანს ყიდულობსო. დეტალურად იცოდა ინფორმაცია. ამის მერე კახი კალაძე გამოდის და იქიდან იქნევს თითს, რომ პოლიტსაბჭოზე ვიბარებთ და ჩამოვაო. ეგრე სად არის?! არჩილ ხაბაძესაც რომ ეყიდა მანქანა, მაინც იგივე პოზიციას დავიჭერდი. მე ხომ გუნდურობას ვიცავ, შენც უნდა დაიცვა, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ მე ავთანდილ ბერიძეს დავიცავდი და ეს იყო ჩემ წინააღმდეგ მიმართული კამპანია. მე ვიცავ ინსტიტუციას და ვერტიკალში ვიცავ ხელისუფლების დაყოფას. კალაძემ 5 წუთში ბოდიში მოუხადა ავთანდილ ბერიძეს, ესეც არ იცით თქვენ. „რედისონში“ იყო, დაურეკა, მოიყვანა და ბოდიში მოუხადა, მე რომ ბიძინას ველაპარაკე, _ რას ნიშნავს თითის ქნევა, იმ თითს მივამტრევ-მეთქი! _ მას მერე. კალაძე ჩემთვის არ არის ავტორიტეტი, მაგრამ მაშინ ჩემ წინააღმდეგ აგორებული კამპანია იყო. მას მერე ალეკო ჩიტიშვილმა იყიდა მანქანა, რატომ აღარ გააშუქეს ჟურნალისტებმა?! რატომ აღარ დაუქნია თითი კალაძემ?! თითი აღარ აქვს?! ახლა ხმას ვერ იღებს?! კახი კალაძე პილიტიკაში ჩემთვის არ არის ავტორიტეტი. როცა სააკაშვილმა არჩევნები გააყალბა, კახი კალაძე იყო სააკაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი. ის ჩემთვის ავტორიტეტი ვერ იქნება. _ უმაღლესი საბჭოს საკითხს დავუბრუნდეთ... _ რატომ არ გინდათ, ხელისუფლებაზე ვისაუბროთ? არ მინდა დავიჯერო, რომ ჟურნალისტები მთავრობამ მოისყიდა. ავთანდილ ბერიძემ დაიხურა ქოლგა _ ამაზე წერდა ყველა. მეორე დღეს არჩილ ხაბაძემ რომ დაიხურა, რატომ არ დაწერეთ? ალეკო ჩიტიშვილმა მანქანა რომ იყიდა, რატომ არ დაწერეს ჟურნალისტებმა? იმიტომ, რომ ჩიტიშვილი პერსონა არ აღმოჩნდა? თემა არ იყო გაყიდვადი? გამყიდველი რომ აღმოჩნდა და ჩემი გუნდის წევრი აღარაა ჩიტიშვილი, იმიტომ? ავთანდილ ბერიძეს მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ნუ გეშინიათ, მაგისთვისაც მოვიცლი. _ ავთანდილ ბერიძესთან თქვენ წლებია,  მეგობრობთ. ბერიძის ყოფნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ თქვენი დამსახურებაა. რა ხდება თქვენსა და ბერიძეს შორის? _ მე არასოდეს მიღალატია პრინციპებისთვის. როცა საჯარო საქმიანობას ეწევი, აუცილებელი პრინციპია, რომ საჯარო საქმიანობა გახადო ნამდვილად საჯარო და კანონის ჩარჩოებში იმოქმედო. წლებია, მეგობრული და ოჯახური საკითხები გვაკავშირებს და დიდი სურვილი მაქვს, ასე გაგრძელდეს სამომავლოდაც, მაგრამ როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უარს ამბობს თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების განხორციელებაზე, იმის გამო, რომ შეინარჩუნოს სკამი და კომფორტულ პოზიციაში იყოს, ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკური პირი ვერ იქნება და ვერ იქნება სალიდერო პოზიციაზე. მაქსიმალურად შევეცდები, ასეთი ადამიანები ჩამოშორდნენ მაღალ თანამდებობებს. არ ვარ მომხრე, რომ ბერუჩაშვილი იყოს რაიმე მაღალი თანამდებობის პირი. ბერუჩაშვილი უნდა იყოს მეოჯახე. _ ანუ ბერუჩაშვილივით მოიქცა ავთანდილ ბერიძე? _ რა თქმა უნდა. როცა ბრიფინგი ბრიფინგზე იმართება ჩემთან შეუთანხმებლად, ის ხომ არის ლიდერი და გუნდის უფროსი? როგორ იმართება ბრიფინგები მის გარეშე? როგორც ლიდერმა ან უნდა გაიზიაროს ეს პოზიცია, ან უნდა შეაწყვეტინოს ბრიფინგები, მაგრამ მიკროფონს მიღმა ავთანდილ ბერიძე აბსოლუტურად იზიარებდა ალეკო ჩიტიშვილისა და მედეა ვასაძის პოზიციებს. იმ ერთ კვირაში რა მოხდა, როცა პარტიიდან გამრიცხეს და კონტაქტი შეწყდა, არ ვიცი, მაგრამ სხვა პოზიციებიდან დაიწყეს საუბარი. _ როგორც თქვენ თქვით, სხვადასხვა პოზიციიდან გვესმის ამ ადამიანების განცხადებები. მათ სკამების შენარჩუნების გამო გადაწყვიტეს, რომ აღარ აწყობდათ მურმან დუმბაძის თანაგუნდელობა? _ არა მგონია, რომ ავთანდილ ბერიძის პოზიციების შეცვლა ბოროტებით იყოს განპირობებული, თითქოს მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო დაზარალდება ხელისუფლებასთან ურჩობით. პირიქით მგონია, რომ საჯაროობა და კონკურენცია სახელმწიფოს უფრო სასარგებლო შედეგს მოუტანს. პოზიციის შეცვლა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. _ არის საუბარი, რომ თქვენ იმ ორგანიზაციას, რომელიც „რესპუბლიკელებიდან“ წამოსვლის შემდეგ შექმენით, პოლიტიკური პარტიის სტატუსს მისცემთ. ქმნით თუ არა ახალ პარტიას? _ არაფერია გამორიცხული. დამფუძნებლები ფიქრობენ ამაზე. ჩვენი თანამოაზრეები არიან. თუ ბერიძე გაიზიარებს ჩვენს პოზიციებს, დარჩება ორგანიზაციაში, თუ არადა _ გავა. _ ვადამდელ არჩევნებს თუ ელოდებით? _ ვადამდელ არჩევნებზე არის სუბარი ექსპერტებშიც, არასამთავრობო სექტორშიც, მთავრობაშიც, მაგრამ ტექნიკური და კონსტიტუციური გზით ამას გართულება ახლავს. საქართველოს პარლამენტი რომ დაშალო, ან მთავრობა უნდა დაშალო, ან ბიუჯეტი არ უნდა მიიღო, რაც რთულია და არა მგონია, მოხდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკადრო საკითხების გამო უმაღლესი საბჭო დაიშალოს. ერთადერთი ვარიანტია, პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს, მაგრამ ამ შემთხვევაში უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება. ავთანდილ ბერიძე იქნება თავმჯდომარე თუ იქს იგრეკაშვილი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს საკადრო საკითხია და ამის გამო კონსტიტუციურად დათხოვა ვერ მოხდება. _ სად ხედავთ საკუთარ თავს მას მერე, რაც პარლამენტში თქვენს მანდატს ვადა გაუვა? _ საიდანაც უფრო მეტ სარგებელს ნახავს ქვეყანა. საერთოდ, ჩემი სტიქიაა მოქალაქეებთან ერთად ყოფნა. 2012 წლის მერე ძალიან მძიმე ვითარებაში ვიყავი. როგორც კი წამოვედი პარტიიდან, განვთავისუფლდი. საგანელიძე როგორც კი დაინიშნა პარტიის ხელმძღვანელად ვუთხარი, რომ შენ ჩემი ლიდერი ვერ იქნები-მეთქი. კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ ამპლუაში, წარმომადგენლობით ორგანოში და თავისუფლებაში. 2016 წელსაც დაგვჭირდება მარჯვენა და მარცხენა ხელის შეხსენება მოქალაქეებისთვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ.   იმედა მურვანიძე  

გაზიარება